– მოვიფიქრეთ სახელი.

– აღარ იტყვი?

– ოღონდ უნდა დამიჯეროთ, რომ ზუსტად ესაა, რაც გვჭირდება.

– თქვი.

– ხორუმი.

– რატომ?

– გამარჯვების ცეკვაა.

– მაგრამ მარტო კაცები რომ ცეკვავენ?..

– და რატომ უნდა ცეკვავდნენ მარტო კაცები? ავდგეთ და ჩვენ ვიცეკვოთ, ყველამ...

– მივითვისოთ.

– ისე, მეც მიფიქრია მაგაზე.

– იყოს ხორუმი.

– იყოს ხორუმი.

– როგორ დავწეროთ?

– Horoom...

– Horoom... ეგაა.

ყველაფერი ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა სახლში.

სხვადასხვა სკოლაში დავდიოდით, სხვადასხვა ეზოსა და ბაღში დავრბოდით – სხვადასხვა სათამაშოთი, სახელმძღვანელოთი, კლასგარეშე საკითხავით... მერე ნელ-ნელა მივხვდით, რომ ჩვენს თავს რაღაც ხდება, თუმცა, ამის შესახებ არსად წერია, არსად გვასწავლიან. სხვებს არ ვგავართ: არის რაღაც, რაც განგვასხვავებს მათგან, ვისზეც ჩვენს წიგნებში გვიყვებიან, ფილმებში გვაჩვენებენ; მათგან, ვის მიბაძვასაც გვთხოვენ, ვისაც ტელეეკრანებზე ვუყურებთ.

არადა, თითქოს არაფერი ისეთი. დიდი ამბავი, თუ იმ ტანსაცმლის ჩაცმა გვინდა, რომელიც აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე დევს. თუმცა, მას თავისი პატრონი ჰყავს და სახელიც შესაბამისი ჰქვია: „გოგოსი“. „ბიჭის“. განა ისეთი რა მოხდა, თუ თანატოლი შეგვიყვარდა, ყოველდღე რომ გვხვდება სახლისკენ გზად. მაგრამ მასაც სახელი ჰქვია: „გოგო“. „ბიჭი“. წესები კი მკაცრადაა გაწერილი. ასე გასწავლეს: ბიჭი გოგოს ტანსაცმელს ვერ ჩაიცვამ. გოგოს მარტო ბიჭები უნდა გიყვარდეს. და თუ ეს ასე არ ხდება, წადი. ან დაიმალე. ან გამოსწორდი. ან აიტანე – დაცინვა, ჩაგვრა, სირცხვილი, მარტოობა.

მოგვიანებით მეტის ატანაც გვიწევს.

მოგვიანებით აღმოვაჩენთ, რომ ჩვენთვის სულ სხვა სახელები არსებობს – გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ქალი, ტრანსგენდერი კაცი. აქა-იქ ერთმანეთს მივაგნებთ და განდობილად, ერთმანეთის იმედზე, ერთმანეთის შემყურედ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ისე, რომ სხვები არ გავაბრაზოთ. დედას გული არ ვატკინოთ, მამა წყობიდან არ გამოვიყვანოთ, მეგობარი არ შევაშინოთ, ქუჩაში გამვლელი არ გავაღიზიანოთ... რით? იმით, რომ სხვანაირად გვიყვარს. სხვანაირად გამოვიყურებით. სხვა ფერის თმა გვაქვს. სხვა რამ გვაცვია.

და მერე ვიღლებით – ომს ვაცხადებთ.

ამ დაღლას ცოტა გვიან ქვიარ აქტივიზმს დავარქმევთ და უკან დასახევ გზებსაც მოვიჭრით.

გაგრძელება

2016 წელია.

ზამთარი კი მორჩა, მაგრამ სიცივე ჯერ მაინც ბოლომდე არ გვახსნევინებს ფანჯრებს – სიგარეტისგან გაკვამლულ ოთახში ვსხედვართ და ხმამაღლა ვლაპარაკობთ: რა ვქნათ ახლა. რა ვქნათ იმისთვის, რომ ერთმანეთი ვიპოვოთ, ერთმანეთის გვესმოდეს, ერთმანეთს ვენდოთ და არ გვეშინოდეს – კიდევ ერთხელ არ ჩამოგვენგრეს თავზე ის, რასაც აწი ავაშენებთ. კრიზისია. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თითქმის ყველა ჩვენგანს გვაქვს მოვლილი – ზოგს თანამშრომლის, ზოგსაც მეგობრის, აქტივისტის ამპლუაში, რიგრიგობით მიუყვებიან ჯანდაბისკენ გზას. ვდგავართ და ვეჭიდავებით. ამასობაში, ადამიანები დაიქსაქსნენ, ჩაიკეტნენ, ზოგი გაბრაზდა, ზოგმა გული აიყარა, ზოგიც – აირია. „არაფერს აქვს აზრი“. 17 მაისი მოდის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. ყოველ წელს გვდევნიან, საცემად, მოსაკლავად დაგვდევენ, ყოველ წელს გვატყუებს სახელმწიფო და ხელს არ ანძრევს ჩვენს დასაცავად. ადამიანებად არავინ გვთვლის. ცოტანი ვართ, ვინც არ ვიღლებით. ცოტანი ვართ, ვისაც ერთმანეთის გვჯერა. ვსხედვართ და ვფიქრობთ: რა ვქნათ ახლა. როგორ გადავრჩეთ, როგორ გადავარჩინოთ ჩვენიანები, როგორ გავბევრდეთ და გადავირჩინოთ თავები.

 

მოძრაობა

მოდი, დავიკიდოთ ყველაფერი და ახალი მოძრაობა წამოვიწყოთ!

ვთანხმდებით. ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვესმის, რა არის ამ ყველაფერში ყველაზე მეტად მომხიბვლელი – სიახლე, მოძრაობის იდეა თუ ყველაფრის დავიწყება, რაც აქამდე იყო. აქტივიზმის იმ ფორმების უკან მოტოვება, რომლებიც გვასწავლეს, რომლებზეც გვითხრეს, რომ სწორია. შევძლებთ? შევძლებთ. ახლა უნდა დავიჯეროთ.

ახლა რა იქნება?

 

ბასიანი

დაუჯერებელია. ბასიანი მზადაა, კარი გაგვიღოს. ახლა ბასიანის გუნდს უნდა შევხვდეთ. ვინ წარმოიდგენდა: თურმე კიდევ არსებობენ სამყაროში ვიღაცები, ვინც შენზე ფიქრობს. ბასიანი კლუბია, იქ ხშირად დავდივართ, ვცეკვავთ, მოვდივართ – ცოტათი იმაზე უფრო მეგობრები, ვიდრე ვიყავით, დაახლოებულები, უკეთესები, ცოტათი იმაზე უფრო ბედნიერები, ხან მოწყენილებიც, სევდიანებიც, მაგრამ თავისუფლები – ვიდრე მისვლამდე; მივდივართ და საცეკვაო მოედანზე ხალხში ვირევით – ყველანი ერთნი ვხდებით, აქ შეგვიძლია, ვიყოთ მარტო, და ათას ადამიანთან გავაზიაროთ ჩვენი მარტოობა. ან ვიყოთ ბევრნი და რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მეტად ვიგრძნოთ ჩვენი მნიშვნელობა – თითოეულმა ცალ-ცალკე. ახლა კიდევ ბასიანი ამბობს, რომ მზადაა, ახალი მოძრაობისთვის შეკრების ადგილი დაგვითმოს. მზადაა, იმ დიდ საცეკვაო მოედანზე, რომელიც ყველაზე კარგად გვმალავს, გვაჩენს, გვათავისუფლებს – მხოლოდ ჩვენ შეგვიშვას. ჩვენ, აქტივისტები, ქვიარ ადამიანები, ჩვენ, ვისაც ქუჩიდან გვდევნიან, სახლებში არ დაგვედგომება, სამსახურები დავკარგეთ, ღამით შეშინებულები დავდივართ, სიძულვილი დაგვყვება უკან და გასაქანს არ გვაძლევს.

იმიტომ, რომ ჩვენ ეს გვჭირდება.

დაუჯერებელია.

 

პირველი ღამე

ვემზადებით. ვღელავთ. ვმუშაობთ. ვინმე არ გამოგვრჩეს – მოწვეულების სიიდან. ვინმე არ გაგვეპაროს – მოწვეულების სიაში. უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას. ათასამდე ადამიანი აპირებს მოსვლას. ათასამდე ადამიანმა თავი დაცულად უნდა ვიგრძნოთ, შიში უნდა დავივიწყოთ, დევნა კარს მიღმა დავტოვოთ, ერთმანეთი დავინახოთ, ერთმანეთს შევეხოთ, ერთად ვიცეკვოთ – ახალი სამყარო შევქმნათ, ისეთი, როგორსაც ვეძებთ, როგორზეც აქამდე ხელი არ მიგვიწვდება, როგორიც, შეიძლება, ამ დრომდე მარტო ჩვენს ფიქრებსა და წარმოდგენებში არსებობდა. ახლა ეს ყველაფერი რეალური უნდა გახდეს.

„რას იცვამ?“

„არაფერს!“

ვიცინით.

ჯერ კიდევ არ გვჯერა, რომ მალე აქ მართლაც არაფერი გვეცმევა, არაფერი დაგვფარავს, არაფერს დავემალებით, არაფერი შეგვაკავებს.

კარი იღება.

დაცვა მოსაწვევებს ამოწმებს.

„მობრძანდით, ქალბატონო“, – ზემოთ ვიხედები. შემოსასვლელში მარია დგას, ტრანსგენდერი ქალი. გვერდით მეგობრის სუნთქვა მესმის – შვების ამოსუნთქვა. მას ალბათ – ჩემი.

აწი ყველაფერი კარგად იქნება.

„ამ დროს მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“, – მეუბნება მეგობარი.

მოდიან და მადლობას გვიხდიან. მივდივართ და მადლობას ვუხდით – ყველა, ერთმანეთს. ვეფერებით. ვიცინით. ვეხვევით. ვცეკვავთ. ვბრჭყვიალებთ. საცეკვაო მოედანი სავსეა. გარეთ კიბეებიც სავსეა. ლაქლაქით რომ გულს ვიჯერებთ, შიგნით შევდივართ, ცეკვისგან დაქანცულები კი გარეთ ვლაპარაკობთ და ასე. დაუსრულებლად.

თურმე როგორ გვჭირდებოდა ერთმანეთთან ყოფნა. ერთად დგომა – სადმე. ერთად ცეკვა – ასე, თავდავიწყებით, უშიშრად, ფიქრის გარეშე – იმ სამყაროზე ფიქრის, რომელიც ყოველდღე ძალადობს და გვჩაგრავს, რომელიც გასაქანს არ გვაძლევს. ეს საცეკვაო მოედანი, თავისი კედლებითა და ჭერით, გაცილებით უფრო ფართოა, აქ ბევრად უფრო მეტია სივრცე და უსასრულოდ დიდია ადგილი იმ სიყვარულისთვის, რომელიც ავირჩიეთ, იმ ემოციისთვის, რომელიც აქამდე ვაგროვეთ, საკუთარი თავის ისეთი გამოხატვისთვის, რომლის გამოც მზად ვართ, ყველაფერი დავთმოთ.

ეს ჰორუმია.

ჰორუმი შედგა.

აწი ვეღარაფერი შეგვაჩერებს.

HOROOM – ეს არის პირველი მასშტაბური ქვიარ-ფართების სერია საქართველოში, კლუბში Bassiani, რომლის ფარგლებშიც რეგულარულად დაუკრავენ მსოფლიოში ცნობილი ქვიარ არტისტები.

– ამ სიტყვებს აწი ყოველთვე გავიმეორებთ, ყოველთვე ასე შევატყობინებთ ერთმანეთს იმ დიდი ზეიმის, სიახლოვის, თავისუფლებისა და თავდადების მოახლოებას, რომელიც ბასიანის კედლებში გველოდება.

 

პირველი გამოცდა

გაიგეს – როგორღაც ამბავი მიუვიდათ. ამბავი, რომ სადღაც ისევ ვართ, ერთად ვართ და კარგად ყოფნისთვის ნებართვა არ აგვიღია. დაირაზმნენ. როგორც ყოველთვის – გაურკვეველი მიზნით: თვითონაც რომ არ იციან, რის წინააღმდეგ, რატომ. ერთი სიტყვით, იქ მოვალთ ჩვენ და სეირს გიჩვენებთო.

დაგვცხა.

დილით, მოვალთო და ღამით ჰორუმია.

ამხელა პასუხისმგებლობა, ამდენი ადამიანის უსაფრთხოება ჩვენს კისერზეა. კი ვამხნევებთ ერთმანეთს – „ვერ მოგვჭამენ“ – მაგრამ არ ჭრის. ბევრჯერ მოუჭამიათ. ბევრისთვის. ბევრი ჩვენგანისთვის. ვერ გავრისკავთ. აბა, რა ვქნათ? პანიკას არ ავყვეთ. პანიკა არ დავთესოთ. როგორია.

და უცებ ხდება სასწაული: სანამ ჩვენ აქეთ დაცვას ვაფრთხილებთ, იქით პოლიციას ველაპარაკებით, ჰორუმი წელში იმართება: „რამდენი იქნებიან? ასი? ორასი? ჩვენ ხომ მეტნი ვართ? ერთად დავდგეთ, მივიდეთ!“ ჰორუმი ფეხზე დგება: „იქაურობას არავის დავუთმობთ, თითსაც ვერავის დააკარებენ, იქ არა ვართ?“ ჯერ ვშეშდებით, მერე ვტირით, მერე გვიხარია, მერე ვაცნობიერებთ, რომ ეს ამბავი მართლა ხდება, ჩვენ არ გამოგვიგონებია, ჩვენი ილუზიის ნაწილი არაა ის, რასაც ერთმანეთს შევპირდით, ახლა ყველაფერი ჩვენ თვალწინაა – ხელის ერთ გაწვდენაზე: ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ერთად ვამარცხებთ სიძულვილს, ერთმანეთს ვამხნევებთ და ერთმანეთის შემხედვარეს აღარაფრის გვეშინია.

 

ჰორუმი ერთი წლისაა

დაუღალავად ვშრომობთ. სამუშაო ყოველთვე მატულობს და ჩვენც უფრო და უფრო მეტად მობილიზებულები, გაწაფულები, შეჩვეულები, თუმცა კი ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე ველოდებით თვიდან თვემდე ჰორუმის მორიგ ღამეს. არავის უთქვამს, რომ იოლი იქნებოდა.

„კარში ვინ დგება?“

„ქვემოთ რამდენი ვრჩებით?“

„დიჯეის დახვედრა არ დაგავიწყდეთ!“

„სისტემასთან ზის ვინმე?“

„ტელეფონზე ყურადღებით იყავი“.

„სასმელი მაინც ამომიტანე შეჩემა!“

ერთი წლის თავზე საიუბილეო ჰორუმს ვგეგმავთ და თვალწინ ჩაგვირბის, როგორ შევცვალეთ ერთმანეთის ცნობიერება - ტრენინგების და ტერმინების გარეშე, როგორ გავაძლიერეთ ერთმანეთი - დაძალებისა და დამუნათების გარეშე; ეს მოძრაობაა - შეუჩერებელი, წინ მიმავალი და მზარდი, ეს თავისუფლებაა - რომლის შესახებაც უკვე ერთმანეთს გავანდეთ, რომლის არსებობაც გამოვცადეთ და აწი ვეღარაფერი გვაიძულებს, რომ დავთმოთ.

აწი ვეღარავინ ვერაფერს გვაიძულებს.

 

*ფოტოები დადგმული და გადაღებულია სპეციალურად ინდიგოსთვის