ბოლო დროს მიჩნდება განცდა, რომ ჩვენთან ყველაფერი დაგვიანებულია. თითქოს ყველა პოზიცია და აზრი მედიასა და სოციალურ სივრცეში, არის გვიანი, შესაბამისად – უუნარო, თუნდაც როგორც ეს წერილი. ყველაფერი, რაც გვესმის და რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ რეაქციაა, რომელიც არაფერს ცვლის. რეაქციამ ამოწურა თავი.

კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის 2018 წლის 9 მარტის განცხადებიდან „აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის“ შესახებ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელ განცხადებაში მხოლოდ ამ დიალოგის შესაძლებლობა მესმოდა, თუმცა ვხვდებოდი, რომ ცალკე აღებული ეს სიტყვებიც დაგვიანებულია. პრემიერ-მინისტრის ეს მიმართვაც რეაქციაა. არასწორი ადრესატით, არასწორ დროს და არასწორი ფორმით ნათქვამი, ჰაერში ტყუილად ნასროლი და დაკარგული სიტყვებით, რომელიც არაფერს შეცვლის. მხოლოდ წარმოშობს რეაქციას მათში, ვისაც გაყინული კონფლიქტები „სტკივა“ და პარალელურად მხარს უჭერს შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმულ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟს. ასეთი ფსევდოგამარჯვებების და გაშვებული შესაძლებლობების ქვეყნად ვიქეცით. პირდაპირ დიალოგზე ლაპარაკი აფხაზებთან დროული 2003 წლის მერე უფრო იქნებოდა, მანამდე, სანამ „ფსოუს წყლის“ დალევას შემოგვთავაზებდნენ და ნოსტალგიანარევი მილიტარისტული პროპაგანდითა და მომავალი „გამარჯვების“ ხიბლით მოგვწამლავდნენ.

მაგრამ, ისედაც, როგორ უნდა აწარმოო პირდაპირი დიალოგი ხალხთან, რომელსაც კონფლიქტის მხარედ არც აღიქვამ? რომელიც მხოლოდ რუსეთის მიერ მართული და საკუთარი აზრის არმქონე გგონია? ეს წერილი არ უარყოფს რუსეთის როლს და ინტერესს კონფლიქტში, მეტიც, მისი მთავარი ინსპირაცია სოხუმელი მხატვრის ანდრო ვეკუას გამოფენაა მოსკოვში. ეს გამოფენა და რეაქციები ამ მოვლენაზე, ჩემთვის უახლესი ისტორიის ერთგვარი მოდელია, მატრიცა – როგორ ვუყუროთ და შევაფასოთ მოვლენები „სწორად“.

ეს გამოფენა შეფასების არსებულ მოდელში მხოლოდ იმიტომ ვერ ჩაჯდება, რომ ის არ არის რეაქცია, არამედ სუბიექტური მეხსიერებაა, პირადი განცდების მხატვრულ ფორმაში გადატანაა. ზუსტად ამიტომ, „დელფინი შადრევანში“ შეიძლება გამოიფინოს მოსკოვში – სადაც ძალადობის და ბოროტების დიდი კონცენტრაციაა, და ეს არ იყოს საკუთარი თავის ღალატი. „დელფინი შადრევანში“ შეიძლება ერთგვარ მრუდე სარკედ წარმოვიდგინოთ, სადაც რუსეთი პირისპირ რჩება ხელოვანის მოგონებებთან ბავშვობის სახლზე, დანგრეულ კაფეებსა და შენობებთან, დამსხვრეულ ოცნებებსა და მეხსიერების ნაგლეჯებთან, რომლის განადგურებასა და ნგრევაში თვითონვე აქვს წვლილი.

ანდრო ვეკუას გამოფენა მოსკოვში არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ქართულ-რუსული პოლიტიკური დაპირისპირებისა და რეაქციის კონტექსტში, ეს ალბათ უფრო შემდგარი, დამოუკიდებელი ხელოვანის სუბიექტური გამოცდილების კვლევაა იმ სივრცეში, რომელიც მისივე ბიოგრაფიისა და წარსულის ნაწილია. ჩემთვის ის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ განცხადებებთან, ახალ მსხვერპლთან, დიალოგის არარსებობასა და შეუძლებლობასთან ერთად, კონფლიქტის გეოგრაფიის და მასშტაბის უფრო ფართო და დიდი სურათია, რომელიც ამ საკითხზე შექმნილი სქემის დაძლევის საშუალებას იძლევა, მსჯელობის პერსონალურ და ახალ სივრცეს ქმნის, უფრო მკვეთრს, ვიდრე პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც სამწუხაროდ არაფერს არ მიემართება.