1921 წელს გერმანელმა თეორეტიკოსმა ვალტერ ბენიამინმა პირველმა თქვა, რომ კაპიტალიზმი არათუ წააგავს რელიგიებს, არამედ თავადაა რელიგია: „კაპიტალიზმი თავისი არსით იმავე საზრუნავის და საშფოთველის დაკმაყოფილებას ემსახურება, რომლებზეც ერთ დროს, ეგრეთ წოდებული რელიგიები იძლეოდნენ პასუხს“. ეს რელიგია, ბენიამინის აზრით, მთლიანად კულტისგან შედგება, რომელსაც არანაირი თეოლოგია და დოგმატიკა არ გააჩნია. ამ კულტის მსახურება უწყვეტი და ტოტალურია. თუკი რელიგიები ცოდვა-ბრალეულობისგან გამოსყიდვას ემსახურებოდნენ, კაპიტალიზმის, როგორც რელიგიის, ისტორიული სიახლე, რაც შეიძლება მეტი ვალის აღება, ჭარბი საქონლის შეძენა და მოხმარებაა. კაპიტალიზმის ღმერთი არც ტრანსცენდენტულია და არც მკვდარი, – ის ადამიანების ცხოვრებაშია ჩართული და საქონელბრუნვაში, მოხმარებაში, დაგროვებასა და დავალიანებაში აჩენს თავის სახეს. ფულის კუპიურებს და სამომხმარებლო ნივთებს კაპიტალიზმში იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც რელიგიაში რელიკვიებს. არსობრივი პრინციპი, რის საფუძველზეც კაპიტალიზმის რელიგიად განხილვაა შესაძლებელი, მისი ის ფუნქციაა, რომელიც აქამდე მხოლოდ რელიგიების პრეროგატივა იყო. 

ბენიამინამდე სამი ათეული წლით ადრე, გერმანელმა ფილოსოფოსმა და სოციოლოგმა გეორგ ზიმელმა თქვა, რომ კაპიტალიზმის მთავარი ნიშანი ფულია, რომელიც ღმერთის ადგილს იკავებს: „ისე, როგორც ღმერთი სარწმუნოებაში, ასევეა ფული კონკრეტულ ფორმაში უზენაესი აბსტრაქცია, რომელთანაც პრაქტიკული გონება ამაღლებულია“. ანუ ფული, რომელიც თავისი არსით საშუალებაა, უმაღლეს მიზნად გადაიქცა და მისი წმინდად პრაქტიკული მნიშვნელობა გადაიფარა. 

ზიმელიც და ბენიამინიც კაპიტალიზმში პროფანულის რელიგიურად გარდასახვაზე საუბრობენ. თუმცა, ზიმელი რელიგიური ანალოგიებით შემოიფარგლება, ბენიამინი კი კაპიტალიზმს „რელიგიურ გამოვლინებად“ მიიჩნევს, რომლის უმთავრესი მახასიათებელი არაგამოსყიდვადი დავალიანებაა (გერმანული სიტყვა Schuld, რომელსაც ბენიამინი იყენებს, ვალთან ერთად საკუთარ თავში „დანაშაულს“ და „ცოდვასაც“ მოიცავს.): „კაპიტალიზმი, სავარაუდოდ, პირველი შემთხვევაა არა გამომსყიდველი, არამედ ვალით დამამძიმებელი კულტისა, რომელიც რელიგიური სისტემის მამოძრავებელ ძალად იქცევა. უშველებელი დანაშაულის (ვალის) ცნობიერება გამოსყიდვას გამორიცხავს და ეჭიდება კულტს, რათა მასში თავისი ცოდვა-ბრალი სხვებსაც გაუნაწილოს და ის უნივერსალური გახადოს...“ ამდენად, გამოუსყიდელი ვალი კაპიტალიზმის რელიგიური ეთოსის ფუნდამენტია.

ბენიამინის შთაგონება იყო გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი, რომელმაც პირველმა სცადა რელიგიური ეთოსის კაპიტალიზმთან დაკავშირება. ვებერის თეორიის თანახმად, რომელიც თავის ეპოქალურ ნაშრომში – „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ – ჩამოაყალიბა, „თანამედროვე კაპიტალიზმის სული“ პროტესტანტულ ეთიკას ეფუძნება, რომელიც, თავის მხრივ, მარტინ ლუთერის რეფორმაციასა და ჟან კალვინის არასასულიერო, საერო (innenweltlich) ასკეტიზმზე დგას. ლუთერის თანახმად, ადამიანის „ცხონება“ არა მის განსაკუთრებულ ხელობაზე ან სოციალურ მიკუთვნებულობაზეა დამოკიდებული, არამედ მიწიერი ვალდებულებების შესრულებაზე. ასე, ნებისმიერი ხელობა თუ პროფესია, სადაც ადამიანი ბოლომდე იხარჯება, ღვთის ნების აღსრულებად უნდა მივიჩნიოთ, იქნება ეს სასულიერო თუ საერო პროფესია. ასეთი ტრანსფორმაცია, ვებერის აზრით, ახალ სამუშაო და სააზროვნო ეთოსს აყალიბებს, რომელიც კაპიტალისტურ ურთიერთობებში აისახება. აქვე ვებერი ხაზს უსვამს პროტესტანტულ აღზრდას, რომელიც უფრო ტექნიკური შინაარსისაა და პროფესიის დაუფლებისკენაა მიზანმიმართული, განსხვავებით კათოლიკურისგან, რომელიც უმეტესად საერთო-ჰუმანისტურ პრინციპებს ემსახურება. ვებერის აზრით, ამითაა განპირობებული კათოლიკური სარწმუნოების ადამიანთა ნაკლები მონაწილეობა დასაქმების სფეროში. პროტესტანტული ეთოსი რაციონალურია და იდეალურად ერგება, ერთი მხრივ, დაბანდების პრინციპებს, რაც ინდუსტრიას ავითარებს; მეორე მხრივ, პროტესტანტული რაციონალიზმი კაპიტალიზმის სულთანაა ჰარმონიაში და კლიენტურის მიზიდვასა და მოგებაზეა ორიენტირებული. 

ვებერის მიხედვით, კაპიტალიზმი თავისი კლასიკური ფორმით დასავლეთის პროტესტანტულ ქვეყნებში არსებობს და საზოგადოების მენტალურ წყობას, მის ზნე-ჩვეულებებს და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს განაპირობებს. განსხვავებით ბენიამინისგან, ვებერი კაპიტალიზმს რელიგიად არ განიხილავს. ვებერის მიხედვით, კაპიტალიზმი სეკულარიზებული პროტესტანტიზმია. ბენიამინთან კი კაპიტალიზმი, მისი „ეთოსიც“ მთლიანად რელიგიური შინაარსისაა, თუმცა ამ რელიგიურობის უკან საკრალურობა, მისი ტრანსცენდენტულობა გამქრალია. 

თანამედროვე იტალიელი ფილოსოფოსი ჯორჯო აგამბენი სეკულარიზაციას და პროფანაციას განასხვავებს. სეკულარიზაცია ზეციურის გამიწიერებას ნიშნავს, როდესაც ღვთაებრივი ძალაუფლება მიწიერ, სუვერენულ ხელისუფლებად იქცევა, მაგრამ თავად ძალაუფლების საკრალურობა მხოლოდ განიდევნება და თავის არსებობას მიწიერ ფორმებში აგრძელებს. პროფანაცია კი ანეიტრალებს ყველაფერს, რასაც ეხება. პროფანული კარგავს თავის აურას და სამომხმარებლო საგნად ჩამოქვეითდება. აგამბენი წერს, რომ, რომაული სამართლის მიხედვით, საკრალური, ანუ წმინდაა ის, რაც ნაკურთხია და, შესაბამისად, სამომხმარებლო დანიშნულება ჩამორთმეული. ნაკურთხი საგანი, რომელიც ღვთაების მფლობელობაში გადადის, აღარ მონაწილეობს ადამიანთა ყოფა-ცხოვრებაში, აღარაა სამომხმარებლო ნივთი. პროფანული კი საკრალურობადაკარგულს ნიშნავს, რაც საგანს სამომხმარებლო დანიშნულებას უბრუნებს და საქონლად აქცევს. 

აგამბენის აზრით, კაპიტალიზმის, როგორც რელიგიის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მასში პროფანაცია შეუძლებელი ხდება, რადგან სამომხმარებლო საზოგადოებაში საქონელი აღარაა მოხმარებადი – საგნები ფეტიშურ ობიექტად იქცევა.

კაპიტალიზმში რელიგიური ელემენტის არსებობა პირველად კარლ მარქსმა აღნიშნა, რომელმაც ამ თემას „კაპიტალის“ პირველ ტომში საგანგებო ქვეთავიც მიუძღვნა. ესაა „სასაქონლო ფეტიშიზმი“, რომელიც, მარქსის თანახმად, საქონლისთვის, ფულისთვის და, საბოლოო ჯამში, კაპიტალისთვის ერთგვარი ზებუნებრივი თვისებების მიწერას გულისხმობს: „ხის ფორმა იცვლება, როდესაც მისგან მაგიდას ვაკეთებთ. მიუხედავად ამისა, მაგიდა მაინც ხედ რჩება, ანუ ჩვეულებრივ გრძნობად ნივთად, მაგრამ საქონლის როლში გამოსვლისთანავე იგი იქცევა ნივთად, რომელიც გრძნობადიცაა და ზეგრძნობადიც“. 

უკვე თავად ტერმინი ფეტიშიზმი, რომელიც რელიგიათმცოდნეობაში გაჩნდა ანიმისტური რწმენა-წარმოდგენების აღსანიშნავად, საგნებისთვის მაგიური თვისებების მინიჭებას გულისხმობს. ფეტიშად ქცეულ საგანზე მისი მფლობელი დამოკიდებული ხდება. როგორც მარქსის კომენტატორები აღნიშნავენ, ტერმინით „ფეტიშიზმი“ მას კაპიტალიზმის სამყაროში არარაციონალურ საწყისებზე ხაზის გასმა სურდა. როგორც ღმერთი გამოიგონა ადამიანმა, ხოლო მერე მისი არსებობა თავადვე ირწმუნა და საკუთარი ცხოვრება მას დაუქვემდებარა, ასევე ანიჭებენ ადამიანები გაცვლის საგნად ქცეულ საკუთარ ნაწარმს ზეგრძნობით თვისებებს და ამგვარად მის ფასეულობას განსაზღვრავენ. 

მარქსმა ფაქტობრივად იწინასწარმეტყველა და პირველად აღწერა „სასაქონლო ფეტიშიზმი“, ის ახალი რელიგია, რასაც კაპიტალიზმი ეწოდა. ლიტურგიულ-რიტუალური ხერხემალი, რომლის მეშვეობითაც ამ რელიგიის კულტმსახურება პრაქტიკულად ხორციელდება, მომხმარებლობა, ანუ კონსუმიზმია. 

პროდუქტების შეძენა და დაგროვება არა იმდენად საჭიროებას ან პრაქტიკული გამოყენების მიზანს ემსახურება, რამდენადაც თავად შეძენა-გაცვლის პროცესში ფეტიშიზმის ზეგრძნობითი მუხტი იბადება და მომხმარებლობას რელიგიურობის აურით მოსავს. მხოლოდ მომხმარებელს, რომელიც თავის საარსებო გარემოს ფეტიშებით ავსებს, შეუძლია, თავი ღმერთთან ახლოს იგრძნოს. საბოლოო ჯამში, ყველა სამომხმარებლო საგანი ამ „სტატუსის სიმბოლოა“. 

რამდენადაც ყველაფერი, რაც იქმნება და იწარმოება, გაცვლადი და შეძენადია, საქონლის ფორმასა და სტატუსს იძენს. სამომხმარებლო ურთიერთობებში ნივთებთან ერთად ადამიანის სხეულიც და ინტელექტიც იგივდება საქონელთან. ინტელექტუალი ისევე ყიდის საკუთარ ინტელექტს, როგორც მუშა საკუთარი კუნთების ძალას, ან მეძავი თავის სხეულს. მაგრამ ეს ერთი შეხედვით გათანაბრება მხოლოდ მოჩვენებითია, რამდენადაც ინტელექტუალურ პროდუქტს ფულადის გარდა, სიმბოლური ეკვივალენტიც ემატება, რაც მის სამომხმარებლო ფასს ამაღლებს, მეორე მხრივ, მის მწარმოებელს არამატერიალური, „სიმბოლური კაპიტალის“ ფორმით უბრუნდება. თუმცა სიმბოლური კაპიტალიც ინტელექტის ისეთივე გასაქონლებით იქმნება, ისეთივე ინდუსტრიული პროდუქტია, როგორიც საკვები, ავტომობილი, სახლი, გართობისა თუ დასვენების საშუალებები. ყველა სამომხმარებლო პროდუქტი იმ „ყალბი ცნობიერების“ წარმოებას ემსახურება, რომლის მიხედვითაც ყველაფერი გაცვლადი და მოხმარებადია. ეს ცნობიერება აქცევს კონსუმიზმს ყოვლისმომცველ, ტოტალურ სისტემად.

ტერმინ „კონსუმიზმის“ დამკვიდრება და ფართოდ გავრცელება იტალიელ რეჟისორს, მწერალს და თეორეტიკოსს პიერ პაოლო პაზოლინის უკავშირდება, რომელიც ამ მოვლენას ახალ ტოტალიტარიზმად განიხილავდა. პაზოლინის აზრით, კონსუმიზმი მთელ სამყაროსაა მოდებული, ყველგან ცხოვრების ფორმათა მრავალფეროვნებას ანადგურებს და ერთგვაროვან უსახობად გარდაქმნის. თავისუფლება, რომელსაც კონსუმიზმი მასკულტურის მეშვეობით ადამიანებს ჰპირდება, სინამდვილეში მომხმარებლობის უფლება და ვალდებულებაა, რომელიც მომხმარებლად ქცეულ ინდივიდს თავისუფლებად ეჩვენება. ამ „თავისუფლების“ საფასურად ინდივიდი თავის ინდივიდუალობას, ერთჯერადობასა და განუმეორებლობას კარგავს და გარეგნულადაც და ცხოვრების წესითაც იმ მანეკენებს ემსგავსება, რომელსაც მას კულტურის ინდუსტრია უმზადებს.  

კონსუმიზმის ფსიქოლოგიური სტრუქტურის გასაგებად ფრანგი ანთროპოლოგის რენე ჟირარის (1923-2015) „მიმეტური სურვილის“ თეორია შეიძლება გამოდგეს. ძირითადად მითოლოგიური და ლიტერატურული ტექსტების ანალიზის საფუძველზე, ჟირარი ასკვნის, რომ ადამიანს საკუთარი სურვილები საერთოდ არ გააჩნია და ის მხოლოდ სხვის სურვილებს ბაძავს, რაც ამ სხვასთან კონკურენციის საფუძველიც ხდება: „როდესაც ჩემი ძმის სურვილს ვიმიტირებ, მე მსურს ის, რაც მას სურს. ჩვენ ხელს ვუშლით ერთმანეთს ჩვენი საერთო სურვილის დაკმაყოფილებაში. რაც უფრო მეტად იზრდება წინააღმდეგობა, მით უფრო მეტად ძლიერდება სურვილი. (...) სურვილი მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მისი შესრულება დაბრკოლებულია“. თუ ამ მოდელს კონსუმიზმის კონტექსტში გადავიტანთ, ან სულაც მასში კაპიტალიზმის ფუნდამენტურ პრინციპს დავინახავთ, ხილვადი გახდება ის უხილავი მექანიზმი, რომელიც მომხმარებელს, როგორც კონსუმიზმის სუბიექტს, ყოველგვარ ინდივიდუალობას აცლის და ანონიმურ, სხვების სურვილებზე დამოკიდებულ არსებად აქცევს. კონსუმისტურ ციებ-ცხელებაში გაბმულობით ადამიანი ღმერთის სიახლოვეს განიცდის.  

ბენიამინი თავის ფრაგმენტში წერს: „ღმერთი არაა მკვდარი, ის ადამიანთა ბედისწერაშია ჩართული“. ბენიამინის მიხედვით, ღმერთი პოვნადია იმ ულევ და გამოუსყიდველ ვალში, რომელშიც ადამიანს დამვალიანებელი კაპიტალიზმის რელიგია ხლართავს. ეს ღვთაებრივი დავალიანება განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას, მის ბედისწერას და, როგორც ყველა ღვთაებას, მასაც დამრეგულირებლის ფუნქცია აქვს. იგი არც ტრანსცენდენტულია და არც უბრალოდ ადამიანების მიერ შეთხზულ-გამოგონილი, როგორც ეს მარქსთანაა. კაპიტალიზმის ღმერთი იმანენტურია და სწორედ თავისი იმანენტურობით აღწევს ტოტალურობას. ესაა კაპიტალიზმის ყველაზე ბუნდოვანი და ირაციონალური ასპექტი, რომელზეც ამომწურავი პასუხი ყველაზე რაციონალისტ ავტორებსაც არ მოეპოვებათ.  

ეს ღვთაებრივი ძალა უკვე მე-18 საუკუნეში შოტლანდიელმა პოლიტეკონომმა და მორალის თეორეტიკოსმა ადამ სმითმა შეამჩნია და მისი სახელდება სცადა. ესაა  „უხილავი ხელი“. ამ მეტაფორას სმითი მთელ თავის შემოქმედებაში სულ სამჯერ იყენებს. პირველად ერთ ადრეულ სტატიაში, რომელიც ასტრონომიის ისტორიას ეხება, სმითი საუბრობს „იუპიტერის უხილავ ხელზე“, როგორც ბუნებაში მოქმედ პრინციპზე, რომელიც ზებუნებრივი ძალის ჩაურევლად მოქმედებს. თავის პირველ ფუნდამენტურ ნაშრომში – „მორალურ გრძნობათა თეორია“ – სმითი ლაპარაკობს იმანენტურ ძალაზე, რომელიც, მიუხედავად მდიდარ მიწისმფლობელთა სიხარბისა და გაუმაძღრობისა, შესაძლებელს ხდის იმას, რომ შექმნილი პროდუქცია ღარიბ მუშახელზეც გადანაწილდეს, რამდენადაც რამხელა მუცელიც არ უნდა ჰქონდეს მდიდარს, მასში იმაზე მეტი საკვები არ ჩაეტევა, რამდენიც გლეხისაში: „მიუხედავად თავისი გაუმაძღრობისა და ეგოიზმისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ (მიწისმფლობელებს – გ.მ.) მხოლოდ საკუთარი სარგებელი აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი ფუყე და უძღები სურვილების დაკმაყოფილებას ესწრაფვიან და ამისათვის ათასობით ადამიანის შრომას იყენებენ, მაინც უწევთ უკანასკნელ ღატაკთან იმ შრომის ნაყოფის გაყოფა, რომელიც მათივე ბრძანებით იქმნება. სავარაუდოდ, რომელიღაც უხილავი ხელი აიძულებთ მათ, მონაწილეობა მიიღონ სიცოცხლისათვის აუცილებელი პროდუქტების ისეთ განაწილებაში, როგორიც ისეთ შემთხვევაში იქნებოდა, მიწა ყველა ადამიანზე თანაბრად რომ ყოფილიყო განაწილებული“.

მესამეჯერ „უხილავი ხელი“ სმითის ყველაზე ცნობილ ნაშრომში – „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ ჩნდება. აქ იგი ფაქტობრივად აგრძელებს იმავე აზრს, რაც მორალთან მიმართებით ჰქონდა, მხოლოდ კონტექსტი ეთიკის სფეროდან ეკონომიკურშია გადატანილი, მიუხედავად იმისა, რომ სმითი აქაც მორალისტად რჩება. მისი აზრით, ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის უკეთესია შეიზღუდოს იმპორტი და მთელი ინვესტიცია ქვეყნის შიგნითვე განხორციელდეს, რაც ადგილობრივი პროდუქტის ფასს აწევს და საყოველთაო სიმდიდრეს შექმნის: „ყოველი ადამიანი ცდილობს, ისეთნაირად აამოქმედოს საკუთარი კაპიტალი, რომ მაქსიმალური მოგება ნახოს. ჩვეულებრივ ადამიანი საზოგადოებრივ ინტერესებზე ზემოქმედებას არ განიზრახავს, არც კი იცის, რამდენად ზემოქმედებს იგი სხვებზე. ადამიანი მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისა და სარგებლისაკენ მიისწრაფვის. საკუთარი ინტერესების დაცვით კი, უფრო მეტად უწყობს ხელს საზოგადოების აყვავებას, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ამას შეგნებულად ცდილობს“.

მიუხედავად იმისა, რომ სმითის ეს მეტაფორა, არცთუ იშვიათად, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, თავისუფალი ბაზრის მთავარ სიმბოლოდ იქცა („ბაზრის უხილავი ხელი“, „ბაზარი დაარეგულირებს“), „უხილავი ხელი“, უპირველეს ყოვლისა, სეკულარული, ღვთაებრივი ძალის აღმნიშვნელია. ესაა მიწაზე ჩამოსული, მაგრამ არა განკაცებული, არამედ კვლავინდებურად უხილავი ღვთაება, რომელიც საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ურთიერთობებს განსაზღვრავს. ერთი საუკუნის შემდეგ გოეთე თავის „ფაუსტში“ მეფისტოფელს ასე განასაზღვრებინებს საკუთარ თავს: „ნაწილი იმ ძალისა, რომელსაც ყოველთვის ბოროტება სურს, მაგრამ ყოველთვის სიკეთეს სჩადის“. სმითის კონტექსტში ასეთი არსება თავად ადამიანია, რომლის მამოძრავებელი მუდამ ბოროტი ზრახვა, სიხარბე და ეგოიზმია, მაგრამ „უხილავი ხელი“ მის ბოროტ სწრაფვებს მიმართულებას უცვლის და შექმნილ სიკეთეს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. ღარიბის სურვილი მდიდრის სურვილებს უთანაბრდება. ამით მასში ისეთივე სიხარბე და ეგოიზმი იღვიძებს, როგორიც მისი მიბაძვის საგანშია. დაუოკებელი წყურვილისა და უძღებობის საუკეთესო სიმბოლო ბერძნული მითოლოგიის ერთი ტრაგიკული გმირი – მეფე მიდასია. იგი დიონისეს ერთი სურვილის ასრულებას სთხოვს: რასაც შევეხები, ყველაფერი ოქროდ იქცესო. ღმერთმაც აუსრულა სურვილი და ამის შემდეგ, მიდასს არც ჭამა შეუძლია და არც წყურვილის დაოკება.  

ეპილოგი

ძველი აღთქმის უხილავმა ღმერთმა სეკულარიზაცია განიცადა და ბაზრის უხილავ ხელად იქცა. როდესაც ეს უხილავი ხელი მიწაზე დაეშვა და დამრეგულირებლის შარავანდედი დაკარგა, ადამიანის ხელი ხილული გახდა – დღეს ის ბაზართან დგას და უხილავი ღმერთის სახელით წყალობას ითხოვს.

 

ავტორი :
  • გიორგი მაისურაძე