ბოლო დროის ყველაზე მძლავრი სოციალური პროტესტები იმ ადამიანებს უკავშირდება, რომლებიც მძიმე სამუშაო პირობებში, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად, ეკონომიკური სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფები დღემდე შრომობენ: ტყიბულის შახტებში, კაზრეთის ოქროს და სპილენძის საბადოებში, ჭიათურის მაღაროებში, თუ ზვარეში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე. მართალია, პროტესტის მასშტაბურობამ თუ დამსაქმებელთა ძალისხმევამ მათი ყოველდღიური სამუშაო გარემო დიდად ვერ შეცვალა, მაგრამ სამაგიეროდ მოხდა არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ: ადამიანის უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში შრომის საკითხი სოციალურ პრობლემად დადგა; და მას უფლებრივი განზომილება დაუბრუნდა. 

შრომითი ექსპლუატაცია ყველგან რომ შეიძლება არსებობდეს, ეს განსაკუთრებულად ცხადი ბოლო მოვლენებმა გახადა. წინააღმდეგობის კერები სრულიად სპონტანურად და თან თანმიმდევრულად გაჩნდა როგორც მძიმე მრეწველობაში, ისე – მომსახურების სფეროებში. აზოტის ქარხნიდან უკანონოდ გათავისუფლებული 350 დასაქმებული, სუპერმარკეტ „ფრესკოს“ და „ბიბლუსი გალერის“ მოლარე-კონსულტანტები – პროტესტმა რამდენიმე სხვადასხვა სფეროში თითქმის თანადროულად იფეთქა.

ამ სამუშაო სივრცეებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს, თუმცა საერთოა ის სქემები და მექანიზმები, რომლებსაც დამსაქმებლები დასაქმებულების ბოლომდე გამოსაწურად, მათ დასასჯელად და მათ შორის დისციპლინის დასამყარებლად იყენებენ. საერთო მანკიერი თვისებაა ისიც, რომ ეს კომპანიები თავიანთი ფინანსური დანაკლისების ასანაზღაურებლად, დასაქმებულთა ისედაც მცირე შემოსავალს, დროდადრო, სრულიად უკანონოდ და თვითნებურად ითვისებენ. ცხადია, შემოსავლის დაქვითვა სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება და ეს ბრალის დადგენის გარეშე დასჯას ნიშნავს.

ამ დრომდე ჩაგვრას მხოლოდ ერთი პერსპექტივით აღწერდნენ, აღწერის ექსკლუზიური პრივილეგია კი ისევ ჩაგვრის შემქმნელებს ჰქონდათ. ადამიანთა მძიმე სამუშაო პირობებს ისინი „ბიზნესის განვითარებისთვის კარგ გარემოდ“ და „სწრაფი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობად“ ახასიათებდნენ. ბოლოდროინდელმა პროტესტმა კი ძალაუფლების სწორედ ამ ცენტრებთან შექმნა დაპირისპირება. ვინც ამ პროტესტში ჩაერთო, ფაქტობრივად ხმამაღლა განაცხადა, რომ აღარ ვართ თანახმა, ჩვენი ყოველდღიურობა ძალაუფლების ცენტრების პოზიციიდან დავინახოთ. აღარ ვართ თანახმა, ჩაგვრის და ექსპლუატაციის გარდაუვალობა ვაღიაროთ.

ჩვენ წინაშე თვისობრივად სრულიად განსხვავებული წინააღმდეგობა იბადება. მას ჩვენი სოლიდარობა, ჩაგვრის სტრუქტურების გააზრება და თანმიმდევრული ბრძოლის სტრატეგიების დასახვა სჭირდება. ამ პროცესში კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა ისმოდეს იმ ადამიანების ხმა, რომლებიც ყოველდღე უშუალოდ გრძნობენ სოციალური უსამართლობის შედეგებს. მათი გააქტიურებით, ეს პროცესი შეუქცევადი ხდება. ყველაფერი სისტემის შეულამაზებელი აღწერით და სწორი სახელების დარქმევით იწყება. „შრომითი ექსპლუატაცია“, „სოციალური უსამართლობა“ – ამ ცნებების გააზრებას და შესაბამისი მოვლენების ასე სახელდებას, ექსპლუატაციის ჯერაც აღმოუჩენელი სივრცეების გამოვლენა თავისთავად მოჰყვება.