26 სექტემბრამდე თბილისში, გალერეა ERTI-ში დარო სულაკაურის ფოტო ექსპოზიცია ქართველი ქალების, გაბედულ, ხშირად კი შეუმჩნეველ ყოფას ასახავს.

ცხრამეტივე ფოტო ცალკეული მომენტებია, ყველა გამოსახულება სხვადასხვა თემას შლის და ნაადრევი ქორწინების, თუ რთული სამუშაო პირობების შესახებ ჭიათურაში ადამიანების ცხოვრების ეპიზოდებს აჩვენებს.

დარო სულაკაურის თხრობაში ღია სივრცეები რჩება, სადაც ვერ იპოვნით გაცვეთილ, საჯაროდ ცნობილ პოზიციებსა თუ შეფასებებს. ეს სწორედ ისაა, რაც გამოარჩევს დარო სულაკაურს და მის გამოფენას. 

სულაკაურის გამოფენის კურატორია უტა გროსენიკი. მას 90-იანების ბერლინის სახელოვნებო სივრცეში მდიდარი კურატორული გამოცდილება აქვს. 2000-ში გროსენიკი ფოტოგრაფიისა და თანამედროვე ხელოვნების მიმართულების წიგნების რედაქტორად მუშაობდა Taschen საგამომცემლო სახლში. მისი რედაქტორობით გამოცემული Art at the Turn of the Millennium, Women Artists და Art Now მსოფლიო ბესტსელერებია.

უტა გროსენიკი: როდესაც მე და დარო მის პროექტებს ვათვალიერებდით, აშკარა იყო, რომ ყველაზე ძლიერი ფოტონამუშევრები სწორედ ქალებს ეხებოდა. ჩვენი განზრახვა არ იყო მხოლოდ ქალების ჩვენება, აქამდე შერჩევის გზამ მიგვიყვანა. მე არ ვარ კურატორი, ვისაც მხოლოდ ქალების შექმნილი ხელოვნება აინტერესებს, თუმცა მუდამ ვამხნევებ ხელოვან ქალებს მათ საქმიანობაში. მიუხედავად იმისა რომ ხელოვნების აკადემიებში დღესაც მეტი ქალი სწავლობს, გლობალური ხელოვნების სივრცეში და მით უმეტეს ბაზარზე ისევ კაცი დომინირებს.

ნინა მდივანი: რა იყო თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი და ემოციური რეაქცია, რაც მაყურებელში შენიშნეთ, გაუწიეთ, ამ გამოფენაზე?

უტა გროსენიკი: ამ შემთხვევაში ეს თვითონ დარო იყო, რადგან აღმოჩნდა, რომ მას არასდროს უნახავს საკუთარი პრინტები ასეთ დიდ ფორმატში. მე დავინახე რომ თავად არ მოელოდა იმ გრძნობებს, რაც საკუთარი ფოტოების წინაშე დგომამ გამოიწვია.

ნ.მ: ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს სად ხედავთ თანამედროვე გლობალურ კონტექსტში? აქვს თუ არა ქართულ ფოტოგრაფიას უნივერსალური მნიშვნელობა, თუ ის უფრო ლოკალურია თავისი მიმართულებით, თემებით, მიდგომებით?

უ.გ: ქართულ ხელოვნებას - და ფოტოგრაფიას როგორც მის განუყოფელ ნაწილს - რა თქმა უნდა, აქვს უნივერსალური რაკურსი. უახლოეს მომავალში ჩვენ აუცილებლად ვნახავთ მის საერთაშორისო აღიარებას.

 

 

ნ.მ: რომელია თქვენი რჩეული ფოტო ამ გამოფენიდან?

უ.გ: მე ყველა ფოტონამუშევარი მომწონს, თუმცა ჩემთან ყველაზე ახლოსაა ოთხი ქალის სურათი, რომელიც ოთხ სხვადასხვა თაობას გვაჩვენებს. ნამდვილად განსაცვიფრებელია, როგორ აერთიანებს ვიზუალური ღერძი ამ ოთხ ადამიანს რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იყურება, და ამით ხაზს უსვამს მათი დროის სხვადასხვა პროექციას. აღსანიშნავია, რომ ხელოვანი მუშაობს იმ განათებასთან, რომელიც იმ მომენტში გააჩნია, შტატივისა და ყოველგვარი სხვა დამხმარე საშუალების გარეშე. ის რეაგირებს ინსტიქტურად და ძალიან სწრაფად.

გროსენიკის მიერ გამორჩეული სურათი სწორედ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ყველაზე მეტად მოქმედებს მაყურებელზე სულაკაურის გამოსახულებებში. სიმართლე, სიმარტივე, პირდაპირობა, და ამავე დროს, უნივერსალურობა.

თავისი ხედვით სულაკაური სცდება სოციალური პრობლემების ფარგლებს, თუმცა სწორედ ეს საკითხებია მისი მთავარი ფოკუსი.

დარო სულაკაური: მე არ ვარ ფემინისტი ფოტოგრაფი, რომელსაც მხოლოდ ქალების როლი და იდენტობა აწუხებს. მე თანმიმდევრულად ვიღებ ქართველი ქალების ისტორიებს, რადგან ისინი რთული ცხოვრებით ცხოვრობენ და უწევთ უზომოდ დიდი დაბრკოლებების გადალახვა.

ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ფემინიზმზე და ამასობაში იკარგება ინდივიდუალური ისტორიები. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ამ კონკრეტული გამოფენისთვის კარგი იქნებოდა ცალკეულ ისტორიებზე აქცენტის გაკეთება.

ერთი სოციალური საკითხი რომელიც განსაკუთრებით მაღელვებს და რომლის გაშუქებაზეც წლების განმავლობაში ვმუშაობდი არის ნაადრევი ქორწინება. ამ გამოფენის რამდენიმე ფოტო სწორედ ამ საკითხს ეხება. დღეს ზოგიერთ ოჯახს ესმის, რომ ეს წეს-ჩვეულება არქაული და ძალადობრივია, მაგრამ სდუმან, ან პატარძლის ასაკს იტყუებიან. ამიტომ ვერ ვიტყვით რომ ასეთი ქორწინებების რიცხვი კლებულობს. ამ გოგონებისთვის არ არსებობს არანაირი განათლება. ისინი გამოყავთ სკოლებიდან და მთელი ცხოვრება ძალაუნებურად სხვაზე არიან დამოკიდებულები, რადგან ალბათ სამუშაოს ვერ იპოვიან. ნაადრევი ქორწინება საქართველოში არ ატარებს ისეთ მძიმე ფორმას, როგორც შუა აღმოსავლეთში, სადაც მიღებულია დიდი განსხვავება ასაკში. შემხვედრია ისეთი წყვილებიც, რომლებიც ბედნიერები არიან. საქართველოში ნაადრევი ქორწინება გაცილებით მეტად ირეკლავს ტრადიციებსა და სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას, ვიდრე კულტურულ ნორმებსა და მოლოდინებს. როდესაც დედაც და ბებიაც ნაადრევად გაათხოვეს, ცხადია რომ განათლების არ მქონე დედისთვის თავისი შვილის ასეთი ქორწინებაც არ იქნება მოულოდნელი და ჩარჩოებს გადაცდენილი მოვლენა. ეს გოგონები კარგავენ ბავშვობას და განათლების შანსს. მოსწონთ თავიანთი ლამაზი საქორწინო კაბები და ვერ ხედავენ ამ ნაბიჯების შეუქცევადობას.

დ.ს.: ყველაზე მეტად რაც მიტეხავს გულს არის ის ფაქტი, თუ როგორ შედის ეს ახალგაზრდა გოგონა ახალ ოჯახში და ხდება დიასახლისი მაშინ, როდესაც მას აქვს რეალური პოტენციალი, რომ რაიმე სხვა გააკეთოს ცხოვრებაში. ჩემთვის ეს არის ქალების და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევა.

ამ გამოფენიდან ჩემთვის გამორჩეული სურათია “ნანა”, სწორედ ის გოგოა ვისთანაც პირდაპირი ჩართვა მქონდა სკაიპში გამოფენის გახსნის დღეს, 26 ივნისს. პირდაპირი ზარის განხორციელების იდეა გამიჩნდა, როცა ვმუშაობდი

“Photoville” ფესტივალზე ნიუ იორკში. მაშინ ჩემი რესპონდენტი ზრდასული იყო. ცხრა წლის ნანას რვა დედ-მამიშვილი ჰყავს. ამ სურათში ტრადიციული ეროვნული კოსტუმი აცვია, რადგან მოწოდებით არის ფოლკლორის მოცეკვავე. მისი დედა არის გალიდან, აფხაზეთიდან.

ნანა ცხოვრობს სოფელ ხურჭაში. 2017 წლის 7 მარტამდე სოფელი ხურჭა იყო ერთ-ერთი მთავარი საკონტროლო პუნქტი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ კონტროლირებად და საქართველოს ტერიტორიებს შორის. ამის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დახურა ეს პუნქტი და ამან გამოიწვია ამ სოფლის იზოლაცია.

დ.ს.: არ მომეწონა ჩემი და ნანას საუბარი სკაიპში. ერთ მომენტში გადავწყვიტე გამეთიშა კიდეც ეს ზარი, რადგან ნანა აფორიაქებული იყო ზოგიერთი მისთვის გაუგებარი კითხვით.

საბოლოო ჯამში, ნანა ნასიამოვნები დარჩა, მაგრამ მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს მისთვის პოზიტიური გამოცდილება იქნებოდა. ეს იყო ზარი განსხვავებული რეალობიდან და ბევრი რამ მისთვის ახალი და უცხო იყო.

გამოფენისთვის, გალერეა ERTI-ში, მე ავარჩიე სურათები ვიზუალური სიძლიერისა და მოთხრობილი ისტორიების მიხედვით. ასევე მინდოდა ამერჩია ყველა ის თემა რომლებზეც მიმუშავია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია “შავი ოქრო,” ქალაქ ჭიათურაში მომუშავე მაღაროელებსა და საბაგიროს კონდუქტორების ცხოვრებაზე. სტატია გამოქვეყნდა 2017 წლის ივნისში, National Geographic-ში. ჭიათურა განლაგებულია კავკასიაში ყველაზე დიდი მანგანუმის საბადოს ირგვლივ. 2016 წლისთვის ჭიათურაში იყო 3000 მაღარო რომელიც მუშაობდა 7 მაღაროსა და 8 საბადოზე. მაცხოვრებლების უმრავლესობა იქ მუშაობს და 700 ლარს იღებს გასამრჯელოდ თვეში. ამ ქალაქში, რომელიც კომუნისტური წარსულის გადმონაშთს წარმოადგენს, ფუნქციონირებს 1954 წელს აგებული საბაგირო, რომელსაც დღესაც ოპარატორი ქალები მართავენ.

დ.ს.: ჭიათურა ჩაფლულია მანგანუმში. ის ყველგანაა, ყველა კედელსა და ზედაპირზე, მთელი ქალაქში. სულ დრო მჭირდება ხოლმე, რომ შევეგუო ამ ჰაერს. უამრავ სხვა პრობლემას შორის იქ საშინელი ჯანმრთელობის მაჩვენებლებია, არანაირი დაცვითი მექანიზმი მუშებისთვის, სუსტი ვენტილაცია, მაღაროები განლაგებულია მუშების სახლების ქვეშ და კონტროლებადი აფეთქებების დროსაც კი, მუშები ფაქტობრივად საკუთარ საცხოვრებლებს აზიანებენ. ამჟამად ჭიათურაში მისვლა თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ ადგილის გაშუქებას გარკვეული ტაბუ ადევს. Georgian National Geographic-მა არ გამოაქვეყვნა ჩემი ფოტორეპორტაჟი ამ თემაზე სანამ იგი არ გამოიცა ამერიკაში. ეს სპეციფიკა ეხება არა მხოლოდ მაღაროების თემას, არამედ სხვა საკამათო საკითხებსაც, რომლებიც საზოგადოებაში არ განიხილება, მაგრამ ჩემი გამოცემების შემდეგ სოციალური დაინტერესება იზრდება, შესაბამისად მჯერა, რომ ეს მნიშველოვანი ნაწილია იმ საქმისა, რომელსაც მე ვაკეთებ.

ცნობადობა იწყებს დიალოგს, რაც ცვლილებებს ხდის შესაძლებელს. ფოტოგრაფია ძლიერი და პირდაპირი ფორმატია, ძალიან უხდება საქართველოს, სადაც ბევრი თემა პრიალა ტურისტული ფასადების ფარდულის ქვეშ იმალება. ასე მგონია, რომ ჩემი ფოტოები და ინდივიდუალური ისტორიები რეგიონების ცხოვრების შესახებ სხვა რეალობას წარმოაჩენს, რაც ფართო სოციალურ განხილვას უწყობს ხელს. ბავშვობიდან ვიზრდები მოგზაურობებში და დღესაც ბევრს ვსწავლობ ჩემი რესპონდენტებისაგან, მათ ჩემზე დიდი ამაგი აქვთ. ასევე ვეთანხმები მაგნუმის სააგენტოს ფოტოგრაფ გეორგ პინხასოვის კარტიე-ბრესონის გახმაურებული ‘გადამაწყვეტი მომენტის’ ახსნას. პინხასოვის თქმით, რაც გაგიკეთებია შენს ცხოვრებაში, ის, როგორი ბავშვობაც გქონდა, რა წიგნიც წაგიკითხავს, სადაც ყოფილხარ, ეს ყველაფერი შენზე გავლენას ახდენს და ერთმანეთს ერწყმის წამის მეასედებში, როდესაც შენ კამერის ღილაკს ხელს აჭერ.