შინიდან გადის. სახლში პური უნდა მიიტანოს. 29 მაისია, ორშაბათი. 2017 წელი. პურს ყიდულობს, მაგრამ შინ ვერ ბრუნდება. უცნობები თავს ესხმიან და მანქანაში სვამენ. თუ არ ცდება, „ოპელში“. მერე გაიხსენებს – ზოგს პოლიციის უნიფორმა ეცვა. ქართულად ლაპარაკობენ. თავზე ტომარას აცმევენ. წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ ხელებს უკრავენ და ურტყამენ. მანქანა ადგილს სწყდება. საგარეჯოში ჩერდებიან, მანქანას ცვლიან. აფგანს ტომარას ხსნიან და თვალებს წებოვანი ლენტით უხვევენ. სავარაუდოდ, ლაგოდეხში ისევ ჩერდებიან, აქ ქართულ ლაპარაკს აზერბაიჯანული ცვლის. აფგანს ესმის, რომ სულ სადღაც რეკავენ, რაღაცას აზუსტებენ. წებოვანი ლენტიდან არაფერი ჩანს, თვალსაც ვერ ახამხამებს. მაგრამ ლაპარაკით ადვილად ხვდება, რომ საზღვარს უახლოვდებიან. ვიღაც აზერბაიჯანულად მის ვინაობას კითხულობს. პასუხობენ, რომ ეს აფგან მუხთარლია. მაინც ამოწმებენ. ნამდვილად ისაა, აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი. პასპორტს არავინ სთხოვს. თან არც აქვს. სახლში დატოვა, ლეილასთან. საზღვარს იძულებით კვეთს. მოგვიანებით ადვოკატს ეტყვის, რომ ჯიბეში ფული ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება მალევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფგან მუხთარლი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს – ჯიბეში 10 000 ევრო ედო. 

> > >

ეს ყველაფერი ლეილა მუსტაფაევამ ადვოკატისგან იცის. ლეილა აფგანის ცოლია. თავადაც გამომძიებელი ჟურნალისტი. ის, აფგანი და მათი გოგონა ნურაი ბაქოდან თბილისში 2015 წელს გადმოიხვეწნენ. ბოლო გამოძიება, რომელზეც აფგანი და ლეილა ერთად მუშაობდნენ და რომელიც თითქმის დასრულებულია, ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებს შეეხება. ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. აფგანი წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ ნახა. ერთხელაც წითელი ჯვარი შეუშვეს. პირობებს თითქოს არა უშავს – ლეილამ ასე იცის. ეს იყო საშინელი, საშინელი კვირები, – ამბობს ლეილა, – საშინელებაა, როცა კაცი უცებ სახლიდან ქრება. 4 წლის ნურაი კი, რომელსაც ქართული ესმის, დედასთან მიდის და ტელევიზორში ნანახს უამბობს, რომ მამას თავზე რაღაც ჩამოაცვეს. ლეილა გოგონას ეუბნება, რომ ეს ხუმრობა იყო. პოლიცია ხუმრობდა. 

> > >

იმ დღეს, 29 მაისს, საღამოს, აფგან მუხთარლიმ საეჭვოდ აღარ უპასუხა ტელეფონს. ლეილამ კიდევ დარეკა. კიდევ. მობილური ტელეფონი გამორთულია. გამორთულია. ლეილამ აფგანის მეგობარს, დაშგინ აღალარლის დაურეკა. ბოლო საათების ამბავი არც მან იცოდა. მერე ბევრი აღარ უფიქრია – პოლიციაში წავიდა. უკვე დარწმუნებული იყო, რომ აფგანი მოიტაცეს. ხელში ტრანსპარანტით ქუჩაში გავიდა და თქვა: „თავისუფლება აფგან მუხთარლის“. აფგანის პასპორტი დაიჭირა და ბევრჯერ იკითხა: როგორ გადაკვეთა ადამიანმა უპასპორტოდ ერთი ქვეყნის საზღვარი და შევიდა მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე? როგორ, თუ არა საქართველოს მთავრობის ჩარევით? აფგანის გაქრობიდან პირველი ათი დღე დაღლა არ უგრძვნია – ქვასავით გავხდიო, – ამბობს, სხვა ლეილად იქცა, რომელიც მართავდა პრესკონფერენციებს, აძლევდა ინტერვიუებს. სულ ლაპარაკობდა აფგანის საქმეზე. დღემდე ასეა. 

> > >

პირველად აფგანთან აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან მაშინ მივიდნენ, როცა „მეიდან ტვ“-ზე მისი ჟურნალისტური გამოძიების ციკლის პირველი სტატია გამოქვეყნდა – აფგანი აზერბაიჯანის არმიის საკვებით და ტანსაცმლით მომარაგების სქემას იკვლევდა. გამოიძია, რომ ტენდერებს ძირითადად იგებდნენ ალიევის ოჯახთან დაახლოებული ხალხის, მათი მეგობრების კუთვნილი კომპანიები.

აფგანს და ლეილას საკუთარი ბინა არ ჰქონდათ – პირველი შეთავაზებაც ეს იყო – ბაქოში სახლს დაჰპირდნენ, თუ გამოძიებას შეწყვეტდა. აფგანმა უარი თქვა და პირველ სტატიას სხვა სტატიებიც მოჰყვა. მოსყიდვის სტრატეგია მუქარით შეიცვალა: ზაქათალაში მცხოვრებ მისი ოჯახის წევრებს დაემუქრნენ.

მამამისს გულის შეტევა დაემართა და ორ თვეში გარდაიცვალა. აფგანი წერას და გამოქვეყნებას აგრძელებდა. რვა თვის განმავლობაში ფიზიკურად იცავდა გამომძიებელ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას, რომელსაც თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ასევე ემუქრებოდნენ. ნელ-ნელა ბაქოში აღარ დარჩა მედია, სადაც ჟურნალისტები კრიტიკული მასალების გამოქვეყნებას შეძლებდნენ. 2014 წლის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების და ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა პროსამთავრობო კურსი აირჩია.

საქართველოში წამოსვლის მერე აფგან მუხთარლი ილჰამ ალიევის ქალიშვილების და, ზოგადად, ალიევის ოჯახის კუთვნილი ბიზნესით დაინტერესდა. იკვლევდა თემას, თუ როგორ იყენებდა ალიევის ოჯახი უცხოელი ბიზნესმენების სახელებს საკუთარი ქონების დასაფარად. ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს „მეიდან ტივი“–ზე აქვეყნებდა. თავის ერთ-ერთ სტატიაში მუხთარლი ასეთ ქონებად თბილისში, ალიევის სახელობის სკვერის ახლოს მდებარე სასტუმროს, „ტიფლის პალასს“ ასახელებს. სტატიაში ასევე წერს ბათუმში მდებარე სასტუმრო კომპლექს „გაზელში“ ალიევის ოჯახის ინტერესზე და იმაზეც, თუ როგორ გადაეცა კონკრეტული მიწის ნაკვეთი მის ახალ მფლობელს სიმბოლურ ერთ ლარად... აფგანი თავის გამოძიებაში „ფაშა ბანკის“ მფლობელების სქემასაც აღწერს და წერს, რომ ამ ბანკის აქციების 60 პროცენტის მფლობელი აზერბაიჯანის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას ბიძაა, 30 პროცენტი ალიევის ქალიშვილს, არზუ ალიევას ეკუთვნის, დანარჩენი 10 პროცენტი კი – ალიევის სიმამრს. ეს გამოძიებები აზერბაიჯანულ ენაზე იწერებოდა, თუმცა, მათი ნაწილი ინგლისურადაც ვრცელდებოდა. აფგანის კრიტიკული სტატიები ხშირად იბეჭდებოდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ვებსაიტზეც.

> > >

გაზახის რაიონში, სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ დაშ სალახლიში მცხოვრები 15 წლის ლეილა მუსტაფაევა ვერასოდეს წარმოიდგენდა, წინ რა ბრძოლა ელოდა. მოსწონდა ექთანი ბებიის საქმე. ამბობდა, ქირურგი ვიქნებიო. ბავშვობიდან ომი ახსოვს. ახსოვს, როგორ იბომბებოდა მათი სოფელი, ჰაერში ვერცხლისფერი ტყვიები დაფრინავდა... ინგლისურის მასწავლებელი გახდა. ერთხელ ადგილობრივ გაზეთ „მუსავატის“ რედაქციაში გაჰყვა მამამისს – ვიღაც ჩინოვნიკზე საჩივლელად მიაკითხეს ჟურნალისტებს. მაშინ გადაწყვიტა, ჟურნალისტობა უნდოდა. ერთთვიანი სტაჟირების მერე სამსახურში მიიღეს. აფგანსაც იქ შეხვდა. 2012 წელს უკვე ერთად იყვნენ. ლეილა უფრო მომთმენი იყო. თევზაობა უყვარდა. აფგანს ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლება ერთ ადგილას იჯდე და ელოდო თევზს, რომელიც ოდესმე გამოჩნდება. სამაგიეროდ, არასდროს ამბობდა უარს ცურვაზე – ზაფხულობით ზღვაზე დადიოდნენ. მერე გოგონაც ეყოლათ. ის დრო იყო, ლეილამ GIPA-ში საბუთები შეიტანა. ჟურნალისტიკის უფრო საფუძვლიანად სწავლა სურდა. 2015 წლის იანვარში თბილისში სასწავლებლად უნდა წამოსულიყო. თუმცა, თბილისში წამოსვლა აფგანმა დაასწრო, გაიგო, დაპატიმრებას უპირებდნენ და ბაქო უფრო მალე დატოვა, ვიდრე გეგმავდნენ.

> > >

„დაველოდოთ გამოძიებას“, – თქვა საქართველოს ხელისუფლებამ აფგანის საქმეზე. ლეილას კი საქართველოს მოქალაქეობა შესთავაზა. წამიც არ უყოყმანია. 2016 წელს საქართველოს მთავრობისგან მიღებული უარიც ამოტივტივდა – საქართველოში ბინადრობის უფლებაზე. უარის მიზეზი – სახელმწიფო ინტერესი. უთხრეს, რომ „სახიფათო საქმიანობით“ იყო დაკავებული. ქვეყნის უსაფრთხოება, დიდი პოლიტიკა, ორი ქვეყნის ინტერესი... იმ წელს საელჩოსგან სწორედ ამ ბინადრობის უფლების უქონლობის გამო, ვერც გერმანიის ვიზები მიიღეს – ლეილა იქ 6-თვიანი სასწავლო პროგრამით იყო მიწვეული. მოკლედ, ლეილასთვის ასე გამოჩნდა – მოქალაქეობის შეთავაზებით ხელისუფლება აფგანის გატაცებით შელახული იმიჯის აღდგენას ცდილობდა. დათანხმება კი დიდი ხნით გაჩუმებას ნიშნავდა – უსაფრთხოების გარანტიის საპირწონედ. ლეილას ეს არ სურდა. არც ადრე უფიქრიათ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა და აზერბაიჯანის მოქალაქეობის დათმობა. „მაშინ რა აზრი ექნებოდა ბრძოლას აზერბაიჯანისთვის?“

> > >

ალბათ, 8 წელს მაინც მისცემენ. ან მეტს, – ვარაუდობს. ამბობს, რომ მზადაა, იმიტომ, რომ სასოწარკვეთას მოულოდნელად დიდი ენერგიაც მოჰყვა. „სახლის ლეილა“ ქუჩაში გამოვიდა. რაც სწავლას მორჩა და ნურაიც გაჩნდა, უმეტეს დროს სახლში ატარებდა, სახლიდან მუშაობდა. გარეთ, თავის გოგოსთან ერთად, პარკში, სათამაშო მოედანზე თუ გავიდოდა. ახლა კი, აქტივისტია. თბილისში ლეილას დათვლით, ოპოზიციურად განწყობილი აზერბაიჯანელი აქტივისტების, ჟურნალისტების და უფლებების დამცველების 15 ოჯახი რჩება. ყველა ფრთხილობს. ქუჩაში სიარულისას გარშემო იყურებიან. ხომ არავინ უთვალთვალებთ? 

> > >

ტურალის და ზერიფეს ჰოსტელი, რუსთაველზე, თითქმის ცარიელია. სტუმრებს შიშით ვეღარ იღებენ – ნარკოტიკი რომ ჩაუდონ? ან ფარული კამერა დაუმონტაჟონ? არც თავიანთ ორი წლის გოგონას ტოვებენ აქ ძველებურად. ტურალ ქურბანლიც ჟურნალისტია. ეს ჰოსტელი კი, მისი და მისი მეუღლის, ზერიფე ქულიევას მცირე ბიზნესია. მალე სამი წელი გახდება, რაც თბილისში ცხოვრობენ და ახლა პირველად დაიწყეს ფიქრი წასვლაზე. ზერიფე ჰოსტელის ფოიეში, ჭრელ ფარდაგზე ზის და კომპიუტერის ეკრანს ჩაჰყურებს – აფგანის გატაცების შემდეგ მუდმივად ინფორმაციას ამოწმებენ – ვინ რა დაწერა, ვინ გამოეხმაურა. აინტერესებთ, რა ხდება ბაქოში. რა მოხდება თბილისში. აფგანის გატაცება თითქოს რაღაც მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივივით იყო – თუ ეს გაუბედეს აფგანს, სხვებს რას უზამენ? ზერიფეც, ლეილას მსგავსად, პასუხებს ეძებს. მერე ინტერნეტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ეინულა ფატულაევის სტატიას პოულობს, რომელიც აფგანის გატაცებამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა აზერბაიჯანულ პრესაში და ალბათ, მერამდენედ კითხულობს ციტატებს. „ხედავთ, რას წერს? ყველას სახელს, ვინც აქ ვიყავით და ვართ. წერს, რომ ეს „რევოლუციის ჰოსტელია“, რომ ჩვენ ფულს ვიღებთ, რომ თბილისი რევოლუციონერების თავშეყრის ადგილად იქცა. ეს ის ეინულაა, რომელიც დაპატიმრებამდე ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდა. ახლა კი, მისი პროპაგანდისტია“, – ამბობს ტურალი. ეინულა ფატულაევს თავის დროზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ალიევის „სინდისის პატიმარი“ უწოდა. როცა დააპატიმრეს, 2007 წელს, ის გაზეთ „რეალურ აზერბაიჯანს“ რედაქტორობდა და აზერბაიჯანში ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ჟურნალისტად ითვლებოდა. 8,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – ტერორიზმის მუქარის, გადასახადების დამალვისა და ეროვნებათაშორისო შუღლის გაღვივების ბრალდებით. 2009 წელს ფატულაევს კიდევ ერთ დანაშაულში დასდეს ბრალი – ციხეში ნარკოტიკის შენახვაში. ფატულაევმა ციხეში ოთხი წელი გაატარა, რის მერეც პრეზიდენტ ალიევის შეწყალებულთა სიაში მოხვდა. მაშინ ფატულაევმა თქვა, რომ, თუ აზერბაიჯანის მთავრობა მის სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ბაქოში დარჩებოდა და თავის საქმიანობას გააგრძელებდა...

ეინულას ამბავს ტურალი და ზერიფეც იხსენებენ და ისევ მის სტატიას ჩაჰყურებენ, რომლებიც აღარ არის ალიევის რეჟიმის საწინააღმდეგო. პირიქით: „ხედავთ? ყველა ახსენა. ყველა, ვინც დღეს ალიევის რეჟიმს ეწინააღმდეგება. ფარმან ჯეირანოვი, კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, რომელიც თითქოს აქ მყოფ აზერბაიჯანელებს ფინანსურად ეხმარებოდა და რომელიც ცოტა ხნის წინ დააპატიმრეს თბილისში; ბლოგერი და ჟურნალისტები, გუნელ მოვლუდი და ჰაჯი ჰაჯიევი, რომლებიც უკვე დიდი ხანია ევროპაში წავიდნენ; აფგანი და ლეილა. ახსენებს ემინ ჰუსეინოვს, რომელიც თბილისში არც ყოფილა. ხედავთ მათ ფოტოებს? და ჩვენ. თითქოს რაღაც შავი სიაა, და ამ სიიდან ადამიანები ქრებიან“, – ამბობს ზერიფეც.

> > >

ტურალის დევნაც ალიევის ოჯახზე დაწერილი სტატიების სერიის შემდეგ დაიწყო. 2015 წელს, ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე წერდა – გაფლანგულ ფულზე. კორუფციაზე, იმაზე, თუ როგორ იღებდნენ „მკვდარი სულები“ სოლიდურ ხელფასებს საქმეში, რომელსაც რეალურად არ აკეთებდნენ.

მაშინვე ტურალის ოჯახს მიაკითხეს, იყო პოლიციაში დაბარებები, მუქარა. ამ დროს ტურალი და ზერიფე უკვე თბილისში იყვნენ და ჰოსტელის ბიზნესს აწყობდნენ, თუმცა ტურალის სტატიების და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატუსების შემდეგ, დევნა ისევ გაგრძელდა – ბაქოში ზერიფეს სილამაზის სალონი დაახურინეს – ანტისანიტარიაში დაადანაშაულეს. ზერიფემ ჯარიმა არ გადაიხადა. ცილისწამებაში ფულს არ გადავიხდიდიო. სალონი დაკეტა. სულ ეფიქრება, ხომ შეიძლებოდა, ეს საქმე, რასაც დღეს თბილისში აკეთებს, თავის ქალაქში ეკეთებინა. და კიდევ, ვის გამოც ბაქო შეიძლება მოენატროს, ბაქოში აღარ არიან. ყველა წავიდა. თბილისი – შეხვედრების ადგილად იქცა. მაინც რამდენი აზერბაიჯანელი გამოექცა ალიევის რეჟიმს? ბევრნი, – ამბობენ ტურალი და ზერიფე ერთხმად, მაგრამ უმრავლესობა ერთი ან ორი კვირით გაჩერდა და მერე ევროპაში წავიდა.

> > >

ახლა რა მოხდება? ხმამაღლა ფიქრობენ ტურალი და ზერიფე. აფგანის გატაცებით მიაღწიეს რაც სურდათ – შიში გააჩინეს, რადგან აფგანი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი იყო და შეიძლება ცოტა ხანს სხვებს ხელი არ ახლონ. მაგრამ რამდენია ეს ცოტა ხანი? სამი თვე? ოთხი? ის ვარიანტი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, აღარ არსებობს. არც ზერიფეს სჯერა. არც ტურალს – აფგანის ამბავმა გააჩინა ეს მოლოდინი – უარესის.

დროდადრო მათი ჰოსტელის წინ უცხო მანქანა ჩერდება და დგას. დგას. შუა რუსთაველზე. იქ დგომას არც არავინ უშლის. რატომ დგახართ, ეკითხებიან. უბრალოდ, ვდგავართ, პასუხობენ.

> > >

არც ტურალს და არც ზერიფეს აღარ უნდათ თბილისში ცხოვრება. თუ არაფერს დაწერ, თუ ხმას ვერ ამოიღებ, ეგ არ არის ცხოვრება. ფსევდონიმს ამოფარებული ცხოვრება ცხოვრება არ არის. საბუთების შეგროვების დრო დადგა. კიდევ ერთხელ გადახვეწის. სადმე, სადაც მომავალია.

> > >

აი, გუნელ მოვლუდი უკვე წავიდა. ჟურნალისტი, ბლოგერი, პოეტი. მანაც რამდენიმე წელი იცხოვრა თბილისში. „მენატრება თუ არა ჩემი ქვეყანა? ყველა ამას მეკითხება, – წერს ის თავის ბლოგპოსტში, რომელიც „მეიდან ტვ“-ზე გამოაქვეყნა, – არა, მე მეშინია აზერბაიჯანის. იქაური სურათები ჩრდილოეთ კორეას მაგონებს“.

მაგრამ გუნელი იმასაც წერს, რომ ვერასოდეს მოსწყდება თავის ქვეყანას. თავისი ქვეყნის სურნელს, ხმებს, ფერებს. მის მაცივარში სულ დევს სამი სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ვაზის ფოთლები – ტოლმისთვის, გამხმარი პიტნა და ზაფრანა... ჩაის კი ბეგქონდარას არომატი აქვს. ხოლო როცა იქ, ნორვეგიაში ოჯახისთვის სადილს ამზადებს და სანელებლებს უმატებს, ფიქრობს ხოლმე, რომ ეს აზერბაიჯანი დაამატა იმ დღის კერძს. მაგრამ არ ენატრება და არ დარდობს. იმიტომ, რომ როდესაც გონებაში ბაქოს ქუჩებში გადაინაცლებს ხოლმე, იქ ვეღარ ხვდება თავის მეგობრებს. იქ აღარც სეიმურ ბაიჯანია, არც ალი აკბარი, არც ელვინ მირზოევი, არც ემინ ასლანი, არც ნურლანა, არც ხალისა. აღარავინ თავისიანი. გუნელი წერს, რომ თითქოს მთელი ქალაქი სადღაც წავიდა თავისი შენობებით, ხეებით, ხალხით. რომ ამ უცხო ქალაქში, რომელსაც ის აღარ ეკუთვნის, ქვის ღობეები მომრავლდა. ზღვა – ჩაკეტილია. და არც აზერბაიჯანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელზეც ძველ აზერბაიჯანულ სიმღერებში მღეროდნენ.

P.S. მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების შემდეგ, თითქმის ერთი თვის თავზე, ლეილა მას პირველად ელაპარაკა ტელეფონით. „ყველაფერი კარგად იქნება, – მითხრა აფგანმა, – აფგანი მხნედაა“, – ამბობს ლეილა.