ლევილი, საფრანგეთი, 1930-იანი წლების შუა პერიოდი. ზაფხულის ერთ კვირა დღეს, შატოში ტრადიციულ შეკრებაზე, სტუმრებს პარიზიდან და ლევილის სხვა დასახლებებიდან ელოდებიან. ლობიო დიდი ქვაბით უკვე დადგმულია, ეზოში ხილს კრეფენ, ზოგი ხის ჩრდილში სუფრას აწყობს. დიდი მაგიდა თანდათან ივსება: ღომი, სულგუნი, საცივი, მჭადი, ფხალეულობა, ტყემალი, ჯონჯოლი... ხმაურში ვიღაც ქართულ სიმღერასაც წამოიწყებს. იქვე სადღეგრძელოც ისმის: „გაისად ამ დროს – საქართველოში!". 

ეს ფრაზა და უფროსებისგან გადმოდებული აბსტრაქტული ოცნებით სავსე განწყობა, 86 წლის ნუცა თაყაიშვილი-გორდელაძეს ბავშვობიდან ახსოვს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის ქვრივი, მარო გოგიაშვილი, ნუცას ბებიის და იყო. თვითონაც ლევილის მამულის მახლობლად გაიზარდა. 5-6 წლის იყო, როცა ლევილის პირველი წვეულებები იმართებოდა, ნუცაც, თანატოლებთან ერთად, იქვე, ბაღში თამაშობდა და ეს ორმხრივი დინება – ლევილში მოწყობა-დაფუძნებითა და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებით – მისი ბავშვობის ნაწილად იქცა.

„ეს ლევილის სკოლაა, აი, ეს ვარ მე. ჩინური ცეკვის გაკვეთილი გვქონდა სპეციალური დადგმისთვის და იმიტომ ვართ ასე ჩაცმულები”, – ნუცა თაყაიშვილი-გორდელაძის პარიზის სახლში ძველ ფოტოებს ვათვალიერებთ. ემიგრაციული მთავრობის შთამომავლებიდან, ნუცა დღეს უკვე ერთადერთია, ვისაც პირველი ემიგრაციის წევრები ახსოვს. ლევილში მან თხუთმეტი წელი გაატარა. შარშან, მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ოფიციალურ დოკუმენტს ნუცამაც მოაწერა ხელი.

„ამის განხორციელებაში გავლიე სული. მართალია, დიდხანს გაიწელა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ყველაფერი დალაგდა და ამოვისუნთქე“, – ამბობს ნუცა თაყაიშვილი-გორდელაძე.

 

>>> 

1921 წელს საქართველოდან ემიგრირებულ მთავრობის წევრებს პარიზში ოფიციალური წარმომადგენელი არ დახვედრიათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ უკვე კერძო პირებად მიიჩნევდნენ. ნუცას ბებია უყვებოდა, როგორ აფრთხილებდა ოჯახს ნოე რამიშვილი: პარიზი დაათვალიერეთ, ყველაფერი ნახეთ, სამ თვეში უკან ვბრუნდებითო. მათ კი, ვინც საქართველოში ცოლ-შვილი დატოვა, კარგა ხანს ჩემოდნებიც არ ამოულაგებიათო. მოლოდინმა არ გაამართლა. მალე მიხვდნენ, რომ საქართველოში სწრაფად ვერ დაბრუნდებოდნენ, იქ კი, მუდმივი საცხოვრებელი სჭირდებოდათ:

„არავინ არავითარ ინტერესს არ იჩენდა, გარდა სოციალისტებისა. არც ერთ სხვა პარტიას თანაგრძნობის რეზოლუციაც კი არ გამოუტანია. არც ერთ მთავრობაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს დაპყრობას და მოსპობას შთაბეჭდილება არ მოუხდენია. აშკარა იყო ჩვენთვის, რომ ევროპის საზოგადოება დაღალულია, სხვისი სატკივარი არ სტკივა… და ცდილობს, იყოს თავისთვის წყნარად, უდარდელად“, – წერს ნოე ჟორდანია წიგნში „ჩემი წარსული“.

ჟორდანიას და მის მთავრობას საქართველოში არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ნაციონალისტური, მემარჯვენე ფრონტიდან. მათ მოღალატეებს ეძახდნენ, მარქსიზმის და სოციალიზმის იდეებში გაცვალა სამშობლოო, წერდნენ.

საბჭოთა ოკუპაციისას, საქართველოს მთავრობა ერთადერთი იყო, ვინც წითელ არმიას იარაღით შეებრძოლა და თვეზე მეტი ცდილობდა პოზიციების დაცვას. თუმცა, მალე მიხვდნენ, რომ დამარცხება გარდაუვალი იყო. ამიტომ, ქვეყნისთვის სტატუსკვოს შესანარჩუნებლად და კოლაბორაციონიზმის თავიდან ასარიდებლად, მთავრობამ ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც პირველი რესპუბლიკის პერიოდს იკვლევს, ამბობს:

„ომი წავაგეთ. ბოლო ფრონტი არის გურიის საზღვარზე, მთავრობა, არმია, რესპუბლიკის ნაშთი ბათუმშია. ამის ფონზე, ბოლო დამფუძნებელი სხდომის კრება მთავრობას ავალებს საზღვარგარეთ წასვლას, რომ შენარჩუნდეს იურიდიული დამოუკიდებლობა და იქიდან ეცადონ რაიმეს შეცვლას. ასე გადარჩა ქვეყნის სტატუსი – კაპიტულაციაზე ხელი არავის მოუწერია. და სწორედ ეს გახდა საუკუნის შემდეგ, იმის საფუძველი, რომ ისევ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაგვეგრძელებინა არსებობა“.

 

საფრანგეთში ჩასული ემიგრანტები შესაფერის საცხოვრებელ ადგილს წელიწადზე მეტხანს ეძებდნენ. 1922 წლის გაზაფხულზე, პარიზიდან ოცდაათ კილომეტრში, დაბა ლევილში ძველ შატოს მიაგნეს, ივნისის ბოლოს კი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრების, ბენია ჩხიკვიშვილისა და ნიკოლოზ ჯაყელის სახელზე, 130 ათას ფრანკად მამული ოფიციალურად შეიძინეს. ბენია ჩხიკვიშვილი 1924 წლის აჯანყებისას დახვრიტეს. მთავრობის წევრებმა საზოგადოება „ქართული კერა“ დააარსეს, რომელიც 1927 წლიდან ლევილის მამულის იურიდიულ მფლობელად გამოცხადდა. მართალია, შატო სახელმწიფოს თანხებით იყო შეძენილი, მაგრამ დოკუმენტებში, როგორც კერძო საკუთრება, ისე გაფორმდა, რომ საბჭოთა კავშირს თავისი გავლენის ქვეშ მყოფი რესპუბლიკის ქონებაზე პრეტენზია არ გამოეთქვა. 1928 წლის ანდერძში ვკითხულობთ:

„ჩვენ ქვემოთ ამისა ხელის მომწერნი: ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ნოე რამიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ევგენი გეგეჭკორი, სამსონ ფირცხალავა და კონსტანტინე კანდელაკი – ვაძლევთ ამ ხელწერილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას იმაში, რომ:

...1. მამული, მდებარე, სოფელ ლევილში, საფრანგეთში, სენის და უაზის დეპარტამენტში და ცნობილი სახელწოდებით „ლევილის შატო“, რომელიც შეძენილია საჯარო ვაჭრობაზე 10 თებერვალს, 1927 წ. საზოგადოების „ქართული კერის“ მიერ... ნაყიდი არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფულით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკუთრებას შეადგენს: სახელდობრ, მიწა ზომით დაახლოებით ხუთი ჰექტარი, სადგომი სახლი, სამეურნეო შენობები, ავეჯი, ინვენტარი და სხვა ყოველივე, რაც აღნიშნულ მამულში იმყოფება...

2. ყოველგვარი შემოსავალი აღნიშნული მამულიდან და ყოველგვარი განკარგულება მამულის შესახებ ეკუთვნის სავსებით საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას და ჩვენ ვალდებულნი ვართ დავემორჩილნოთ ყოველივე მის განკარგულებას მამულის შესახებ.

3. არც ჩვენ პირადათ და არც ჩვენს მემკვიდრეებს უფლება არა გვაქვს ვისარგებლოთ აღნიშნულ მამულით ან იმის შემოსავლით“.

 

თავდაპირველად, ლევილის შატოში 50-მდე ქართველი ცხოვრობდა. ძირითადად მთავრობის წევრები ოჯახებით და ნათესავებით. ბავშვები იქვე, ლევილის ფრანგულენოვან სკოლაში დადიოდნენ. ნუცა თაყაიშვილი-გორდელაძეს კარგად ახსოვს, როგორ ასწავლიდა მათ ქართულ წერას და ისტორიას პუბლიცისტი სამსონ ფირცხალავა.

„ეკლესიაშიც ვგალობდით. პარიზში 1929 წელს დააარსეს პატარა სამლოცველო და იქ ვიკრიბებოდით ხოლმე. ძალიან სასაცილო იყო, რომ ვიხსენებ ახლა, თვითონ სოციალისტებიც, რომლებიც დიდი მორწმუნეები არ იყვნენ, ისინიც კი გალობდნენ“, – მიყვება ნუცა.

 

>>> 

თუ გზა თავისუფალია, პარიზიდან ლევილში ჩასვლას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება. ჩემი მეგზური საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკა სირაძე-დელონეა. ვიდრე შატომდე მივალთ, დაბა ლევილის სასაფლაოს გავდივართ. იქ საფრანგეთში გახიზნული ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები და მათი შთამომავლები განისვენებენ. იქაა ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, ევგენი გეგეჭკორის და სხვების საფლავებიც.

სასაფლაოდან რამდენიმე ასეულ მეტრში უკვე საქართველოს კუთვნილ მამულსაც   ვუახლოვდებით. რიკულებიანი ჭიშკრიდან კარგად მოჩანს დიდი მწვანე სივრცე, მაღალი ხეები და მიწაზე სქელ ფენად დაყრილი ყვითელი ფოთლები. ეზოში არავინაა. იქაურობის მისტიკურ სიმშვიდეს მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა და ფოთლების შრიალი არღვევს.

ამჟამად ლევილის შატოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, ე.წ. შეფარებულები. ქართული ემიგრაციის შთამომავლებიდან და წარმომადგენლებიდან დღეს იქ აღარავინაა. მამულში, მთავრობის წევრების ოჯახების გარდა, ყოველთვის ცხოვრობდნენ ქართველები, რომელთაც სხვაგან წასასვლელი არსად ჰქონდათ. დღეს ხუთნი დარჩნენ. მათ შატოში ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე შეუძლიათ, თუმცა, ქონების შთამომავლობაზე გადაცემას, ცხადია, ვერ შეძლებენ.

თუ ჭიშკრის გადაღმა პატარა ფრანგული დასახლება თავისი მდორე და წყნარი ცხოვრებით ცხოვრობს, ჭიშკრის გადმოღმა სულ სხვა დროა. აქ ისტორიის ათვლის წერტილად 1922 წელს მიიჩნევენ, თავად ისტორიას საკუთარი კულტურის მრავალშრიან ნოსტალგიასა და მომავლის აბსტრაქტულ იმედებზე აგებენ.

დასახლების პირველივე დღეებიდან, აქ ემიგრანტების შეკრებები არ წყდებოდა. შატოს პირველ სართულზე დღემდე შემორჩენილ სათათბირო დარბაზში გამუდმებით კამათობდნენ, ბრძოლის გეგმებს და სტრატეგიებს განიხილავდნენ, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების იმედი ნელ-ნელა ეწურებოდათ.

ომის პერიოდში ემიგრანტების ნაციონალისტურად განწყობილი მცირე ნაწილი საქართველოს გათავისუფლების ერთადერთ შანსს ნაცისტური გერმანიის გამარჯვებაში ხედავდა, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო სოციალ-დემოკრატი მთავრობისთვის. განხეთქილება სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. 40-იან წლებში სრულიად გაწყდა კავშირი საქართველოსთანაც და ემიგრანტები სასოწარკვეთამ შეიპყრო.

>>> 

ლევილის მამული დაახლოებით ოთხ ჰექტარზეა გაშენებული. ბაღის ცენტრში ქვით და აგურით ნაშენები, ღია თამბაქოსფერი ორსართულიანი შენობა დგას მანსარდით. სახურავი რუხი კრამიტითაა დაფარული, საიდანაც სხვენის ფანჯრები და საკვამურები მოჩანს. მთავარი შენობის გარშემო, ერთმანეთის მიყოლებით პატარა, ერთსართულიანი სახლებია ჩამწკრივებული. ცენტრალურ შენობასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამფეროვანი დროშაა აღმართული.

ძალიან მალე ლევილში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და ეს ადგილი ახალ ფუნქციურ დატვირთვას შეიძენს. მუზეუმთან, ბიბლიოთეკასა და არქივთან ერთად, აქ მეცნიერებისა და ხელოვნების ქართული აკადემიის დაარსებაც იგეგმება, სადაც ქართველი ხელოვანები და მკვლევრები ჩავლენ თავიანთ პროექტებზე სამუშაოდ.

აკადემია ერთდროულად 10-12 რეზიდენტს მიიღებს და მათ ექვსიდან ცხრა თვემდე უმასპინძლებს.

მთავარი შენობის პირველ სართულზე დემოკრატიული რესპუბლიკის და ქართული ემიგრაციის მუზეუმები მოეწყობა. იქვე იქნება ბიბლიოთეკა და არქივი. მთავარი შენობის უკან პატარა ნაგებობების ნაწილში ატელიეები განთავსდება, სადაც ხელოვანები იმუშავებენ.

კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის ერთ-ერთი ინსპირაცია იტალიაში არსებული ვილა მედიჩის აკადემია იყო, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ფრანგული აკადემიაა ევროპაში.

„მე და კულტურის მინისტრი სპეციალურად ჩავედით რომში და გავეცანით, როგორ მუშაობს აკადემია, – ამბობს ეკა სირაძე-დელონე, – ვფიქრობთ, მსგავსი პრაქტიკა ლევილშიც შეიძლება, დაინერგოს. ეს ადგილი, თავისი მდებარეობით, განლაგებით და სხვა დეტალებით, ამ ტიპის დაწესებულებისთვის იდეალურია“.

მამულის გადაცემის აქტს, მთავრობასთან ერთად, ემიგრანტების შთამომავლებიც აწერენ ხელს. ერთ-ერთი თამარ ჩხენკელია. ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, შემდეგ კი საფრანგეთში საქართველოს ელჩის, აკაკი ჩხენკელის შვილიშვილია და, ნუცა თაყაიშვილი-გორდელაძის მსგავსად, პარიზში მარტო ცხოვრობს.

81 წლის თამარ ჩხენკელი ძველი დიპლომატია. ლევილში არასდროს უცხოვრია და არც ქართული იცის, მაგრამ იქაურობა მისთვისაც მძაფრ სენტიმენტებს იწვევს. „ლევილის აღდგენის ამბავი ძალიან მომწონს: ახალგაზრდები ჩამოვლენ, შეისწავლიან წარსულს და თან, რაღაც ახალსაც შექმნიან. ეს ნამდვილად დაუბრუნებს სიცოცხლეს ამ ადგილს“, – ამბობს თამარ ჩხენკელი.

შატოს, ბაღის და კონკრეტულად აკადემიის მოწყობის პრეპროგრამირება ვერსალის არქიტექტურული სკოლის პროფესორს, არქიტექტორ რიშარ საბატიეს ეკუთვნის. „იშვიათია პარიზის რეგიონში ადგილი, სადაც, ერთი მხრივ, დამუშავებული მიწა და მცენარეებია, მეორე მხრივ კი, შენარჩუნებულია ველური ბუნება, – ამბობს საბატიე, – თანაც, ბაღში დღემდე მოქმედებს მე-16 საუკუნის საირიგაციო სისტემა, რასაც ვეღარსად ნახავთ“.

საბატიემ ლევილში ბაღების ცნობილი ფრანგი დიზაინერი და ბოტანიკოსი ჟილ კლემანიც მიიწვია. კლემანის იდეაა, ჩამოყალიბდეს ე.წ. ლევილის პროტოკოლი, რომელსაც „მცენარეების დიალოგი“ დაერქმევა. მისი რჩევით, ბაღში თანამედროვე, ახალი ტიპის მეურნეობის და რეკრეაციული ზონის შექმნაც შეიძლება, რომელიც მეცნიერებას, ხელოვნებას და ეკოლოგიას გააერთიანებს და ევროპის უახლეს ტენდენციებს აუწყობს ფეხს. „ჟილ კლემანი გვთავაზობს, რომ ლევილის პარკი დაკვირვების ადგილად იქცეს, სადაც შეისწავლიან, როგორ ხარობენ ეს მცენარეები. აქ ხომ ქიმიური არასდროს არაფერი გამოუყენებიათ და საინტერესოა, როგორ მოვიდა ეს ყველაფერი დღემდე“.

დოკუმენტის კიდევ ერთ ხელმომწერს, ტიერი ბერიშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევხვდი, როდესაც ლევილის და ქართული ემიგრაციის თემაზე ლექციას კითხულობდა. ის სამსონ ფირცხალავას ოჯახის წარმომადგენელია. ამჟამად ტიერი ბერიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს, მაგრამ თბილისს ძალიან ხშირად სტუმრობს. ის ფრანგულ-ქართული კულტურის ასოციაციას ხელმძღვანელობს და 2015 წელს მამის პირადი არქივი და ბიბლიოთეკის ნაწილი უნივერსიტეტში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელ ცენტრს გადასცა.

ტიერი ცნობილი სოციალ-დემოკრატის, მამია ბერიშვილის შვილია. მამია უმცროსი თაობის ემიგრანტი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილა, 1943 წელს კი, ნოე ჟორდანიას მისი დახსნა და საფრანგეთში გადაყვანა მოუხერხებია, რის შემდეგაც ისევ ფაშიზმის წინააღმდეგ განაგრძო ბრძოლა, ამჯერად საფრანგეთის არმიაში. ბერიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო ემიგრანტების შთამომავლებისგან, ვინც 1991 წელს მამულის საქართველოსთვის გადაცემის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი: „მამაჩემისთვის ლევილი მაგნიტივით იყო. იქაურობას პოლიტიკური აქტივობის ცენტრად მიიჩნევდა და მეც ასე ჩამებეჭდა მეხსიერებაში. სკოლის ყველა ეტაპი ლევილში გავიარე, სულ იმ ბაღში ვთამაშობდი“, – იხსენებს ტიერი ბერიშვილი. მას მემარცხენე და მემარჯვენე ემიგრანტების პოლიტიკური დებატებიც ახსოვს ბუნდოვნად. „ლევილში ნაციონალისტები იშვიათად მოდიოდნენ ხოლმე, იქაურობას მენშევიკების გველის ბუდეს ეძახდნენ“.

 

ლევილის მამულის რეკონსტრუქცია უკვე ამ წელს უნდა დაიწყოს. დიდი ცვლილებების მოლოდინში მყოფ ისტორიულ შატოს, პრაქტიკულად, ბოლო წუთებში მივუსწარი. მალე აქ ისტორიის აჩრდილებს და მედიტაციურ სიმშვიდეს სარემონტო სამუშაოები, მოგვიანებით კი, შემოქმედებითი აურზაური და დამთვალიერებლების ქაოტური მიმოსვლა ჩაანაცვლებს. ვინ იცის, მომავალ ხელოვანებსა და მკვლევრებს შორის არაერთი ჩვენგანიც აღმოჩნდეს – საკვლევი საქართველოს ისტორიაზე ჯერ კიდევ ბევრია. განსაკუთრებით კი, პირველი რესპუბლიკის პერიოდზე, რომელიც ქვეყნის მთელი ოცსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, თავისი პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების გახსნილობითა და მსოფლიოს მოწინავე ტენდენციებთან თანხვედრით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და რატომღაც, დღემდე შეუფასებელია.