2016 წლის 23 სექტემბერი, საფრანგეთი, ლევილი - 25 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ პარიზიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქში ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს მოეწერა ხელი: ლევილის მამული საქართველოს საკუთრებაში გადმოვიდა. თითქმის საუკუნის წინ, ამ ადგილს საქართველოდან ემიგრირებულმა კანონიერმა მთავრობამ შეაფარა თავი. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნოე  ჟორდანია და მისი თანამებრძოლები იძულებულები გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და ემიგრაციაში წასულიყვნენ. მათ ლევილში რამდენიმე ჰექტარი მიწა და შატო  შეიძინეს და ოჯახებთან ერთად იქვე დასახლდნენ. მიუხედავად აქ გატარებული წლებისა, ყველა მათგანმა იცოდა, რომ ეს მამული საქართველოს საკუთრება იყო და ოდესმე კანონიერ მფლობელს აუცილებლად გადაეცემოდა. ნოე  ჟორდანია ამის შესახებ თავის ანდერძშიც წერს:

ლევილის მამული ნაყიდია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულით და წარმოადგენს საქართველოს სრულ საკუთრებას, გამომდინარე აქედან , არც ჩვენ და არც ჩვენს შთამომავლობას, არავითარი იურიდიული უფლება არა გვაქვს, მისი დასაკუთრების რაიმე პრეტენზია გვქონდეს... მამული უნდა გადაეცეს მის ნადვილ პატრონს საქართველოს, როდესაც ის გახდება სრულიად დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა“.

დღეს ლევილში ჟორდანიას და მისი მთავრობის წევრების შთამომავლები ცხოვრობენ და მამულის გადმოცემის დოკუმენტს ფრანგული მხრიდან სწორედ მათ მოაწერეს ხელი. საქართელოს კი დიასპორის სამინისტრო და მინისტრი, გელა დუმბაძე წარმოადგენდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს მოვლენა, რა ვალდებულებებით გადაეცა საქართველოს მამული და  რისი გაკეთება იგეგმება იქ, ამ თემაზე საფრანგეთში საქართველოს ელჩს, ეკა  სირაძე-დელონეს ვესაუბრეთ.


როდიდან
დაიწყო ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაზე მუშაობა და როგორ მოვიდა აქამდე ეს პროცესი?

ამ თემაზე საუბარი  1991 წლიდან, საქრათველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო. თუმცა თავიდან ეს მხოლოდ მამულის მფლობელი ოჯახების წარმომადგენლების ინდივიდუალური ინიციატივები იყო და ორგანიზებული სახე არ ჰქონდა. როგორც დღეს ეს ადამიანები იხსენებენ, ოფიციალურ დონეზე საკითხის განხილვა პირველად 1998 წელს მოხდა, როდესაც ისინი საფრანგეთში საქართველოს ელჩს გოჩა ჩოგოვაძეს შეხვდნენ.  2004 წელს ლევილში პრეზიდენტი სააკაშვილი ჩავიდა და განაცხადა, რომ ეს მამული აუცილებლად დაუბრუნდებოდა საქართელოს. თუმცა, გარდამტეხი თარიღი მაინც 2011 წელი იყო, როდესაც უკვე მემორანდუმს მოეწერა ხელი და შეიქმნა პარიტეტული კომისია. იმ პერიოდიდან მოყოლებული მუშაობდა ეს კომისია, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა. ყველა ვცდილობდით, რაც შეიძლება მალე მიგვეყვანა საქმე ბოლომდე, საბოლოოდ კი პროცესი 2016 წლის სექტემბერში დასრულდა.

რა სტატუსით ფლობდნენ  აქამდე ეს ადამიანები მამულს და რა შეიცვლება მათთვის?

ემიგრაციაში წასულმა მთავრობის წევრებმა ლევილის მამული იურიდიულად, როგორც კერძო საკუთრება, ისე გააფორმეს, რაც ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, რადგან როდესაც საბჭოთა კავშირმა პრეტენზია გამოთქვა საქართველოს პირველი  რესპუბლიკის ქონებაზე, ლევილში ისინი ვერ შევიდნენ.  თუმცა,  მფლობელებმა და მათმა შთამომავლობამ  იცოდნენ, რომ მამული მათი საკუთრება არ იყო და ამის დეკლარირებას მუდმივად აკეთებდნენ კიდეც.

შეძენისას ლევილის მამული შვიდ  მთავრობის წევრზე გაფორმდა, ორმა მათგანმა მალევე  დათმო  წილი, შესაბამისად მამულის მფლობელები დარჩნენ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, სამსონ ფირცხალავა და ევგენი გეგეჭკორი. ახლა ჩვენ სწორედ ამ ადამიანების შთამომავლებთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას.

უნდა აღინიშნოს, რომ მფლობელთა პარალელურად, მამულს მუდმივად ჰქონდა სოციალური დანიშნულებაც, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იქ ცხოვრობდნენ ქართველები რომელთაც სხვაგან არსად ჰქონდათ წასასვლელი ე.წ. „შეფარებულნი“. დღეს ამ მამულში  მხოლოდ ხუთი შეფარებულიღა დარჩა აღნიშნული სტატუსით.  სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ დღევანდელი „შეფარებულები“ დარჩებიან და გააგრძელებენ ცხოვრებას ლევილის მამულში სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა, ცხადია მათ არ შეეძლებათ ქონების შთამომავლობაზე გადაცემა.

უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, რამხელა ტერიროტიაზეა საუბარი და რას მოიცავს ეს მამული?

ეს არის 4 ჰექტარი მიწა, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, ულამაზესი ბაღით. ძირითადი შენობა დაახლოებით 800 კვადრატული მეტრია, თუმცა ბაღის ორივე მხარეს განთავსებულია მომცრო ზომის შენობებიც. შატოში ქართველების დასახლებამდე ამ ადგილს თავისი საინტერესო ისტორია ჰქონდა: ის ეკუთვნოდა ერთ-ერთ თავადს, ფრანსუა ოლივიეს, რომელმაც შატო სავარაუდოდ მე-15  საუკუნეში ააშენა, ხოლო მოგვიანებით აქ ცხოვრობდა ბერნარ-ჟერმან დე ლასეპედი, მე-18 - მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი, ნაპოლეონის კანცლერი, რომელმაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა ღირსების ორდენი  და მისი მინიჭების დეტალები ნაპოლეონისთვის. ლასეპედმა ლევილის მამულში  გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები და იქვე გადრაიცვალა. ამიტომ, სოფლის მაცხოვრებლებისთვის ლევილის შატო და ბაღი ყოველთვის გამორჩეული მნიშვნელობის იყო და არის.


როგორც
აღნიშნეთ, საქართველომ გარკვეული ვალდებულებები აიღო მამულის გადმოცემის სანაცვლოდ. კონკრეტულად რაზეა საუბარი?

ეს ვალდებულებები მოიცავს იმ მოთხოვნათა ერთობლიობას, რომელიც მამულის ამჟამინდელმა მფლობელებმა და პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებმა წამოაყენეს. ესენია, მაგალითად: პირველი რესპუბლიკის  მუზეუმის გაკეთება შატოს ტერიტორიაზე,  ბიბლიოთეკის და სამკითხველოს ორგანიზება, საკონფერენციო დარბაზის მოწყობა და ა.შ. . როგორც უკვე აღვნიშნე,  განისაზღვრა, რომ ლევილს მომავალშიც ექნება სოციალური დანიშნულება და მამულში მცხოვრები „შეფარებულები“ მომავალშიც გააგრძელებენ აქ ცხოვრებას.

ყველაზე საინტერესო და ინოვაციური  ამ ვალდებულებებში, ჩემი აზრით, არის ქართული აკადემიის გაკეთების იდეა.

ეს უკანასკნელი საელჩოს დიდი ძალისხმევითა და მონდომებით განხორციელდა, რადგან ვფიქრობთ, რომ  ლევილი ამ ტიპის დაწესებულებისთვის იდეალური ადგილია. აკადემიაში იგულისხმება ხელოვანთა და ისტორიის მკვლევართათვის რეზიდენციის მოწყობა. მსგავსი აკადემია ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს სხვადასხვა ქვეყნებში, პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის კი ეს იქნება პირველი ასეთი ტიპის დაწესებულება, რომელიც სახელწიფო დონეზე აიყვანს კულტურასა და ისტორიის კვლევის მნიშვნელობას. პროექტებს სპეციალური კომისია შეარჩევს და რეზიდენტების ლევილის ქართულ აკადემიაში ცხოვრებას და პროექტებზე მუშაობას სახელმწიფო დააფინანსებს.

როგორი იქნება  შერჩევის პროცესი და რამდენად იქნება უზრუნველყოფილი კომისის დამოუკიდებლობა გარკვეული ზეგავლენებისგან?

მიკერძოება და ნეპოტიზმი რომ გამოვრიცხოთ, თავიდანვე შევთანხმდით, რომ პროექტების შესარჩევ კომისიაში საფრანგეთის კულუტრის სამინისტროც მიიღებს მონაწილეობას. მოწვეული იქნებიან კონკრეტული დარგის სპეციალიტები, იმის მიხედვით, თუ რა მიმართულების წარმომადგენლები იქნებიან კონკურსანტები. ყველანაირად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ კარგი პროექტების დაფინანსება და კონკურსანტების ობიექტურად შერჩევა მოხდეს, როგორც განვითარებულ, დემოკრატიულ, ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყენას შეეფერება.

სად და როგორ გაკეთდება რეზიდენცია, რამდენი ადამიანის მიღება შეძლებს ერთდრეოულად და რა ვადით ჩამოვლენ მონაწილეები? ამ საკითხებზე თუ შეთანხმდით უკვე?

დიახ, სრულად მაქვს წარმოდგენილი, როგორი უნდა აიყოს ეს რეზიდენცია. მე და კულტურის მინისტრი „ვილა მედიჩიშიც“  ვიყავით ჩასულები იტალიაში -  ეს არის  ყველაზე ცნობილი ფრანგული აკადემია რომში. გავეცანით, როგორ მუშაობს ის და ვფიქრობ, მსგავსი პრაქტიკა ლევილშიც შეიძლება დაინერგოს.

რეზიდენცია მოეწყობა ძირითად შენობაში, მიმდებარე ტეროტორიაზე გაკეთდება ატელიეები ხელოვანებისთვის. ვფიქრობთ, 10-12 პროექტს დაიტევს ერთდროულად ეს შენობა. ვადაზეც გვქონდა საუბარი და ალბათ ყველაზე ოპტიმალური  6-დან 9 თვემდეა.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ საქართველოში კრიტიკული  მოსაზრებებიც გაჩნდა, რომ ეს რეალურად დიდი ვერაფერი მიღწევაა და ამ ფორმით მამულის სახელმწიფოსთვის გადაცემა მხოლოდ ბიუროკრატიას გაზრდის. ზოგი ფიქრობს, რომ კერძო ფონდები უნდა შექმნილიყო და ისე განეკარგათ ამ მამულის ბედი, თქვენი არგუმენტები როგორია?

როგორც ჩემთვის ცნობილია, ფონდის შექმნა ისედაც იგეგმება, სადაც კერძო პირებს და ორგანიზაციებს შეეძლებათ თანხის ჩარიცხვა და მთავრობაც ცდილობს, მაქსიმლურად  მოიძიოს ბიუჯეტს მიღმა ალტერნატიული დაფინანსებაც. მაგრამ პასუხისმგებლობა აუცილებლად სახელწმიფომ უნდა აიღოს, რადგან ლევილი ახლა უკვე არის სახელმწიფოს საკუთრება. პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს შატოს რეაბილიტაცია, მისი მიმდებარე შენობების შეკეთება, აღჭურვა და შესაბამისი ინვენტარით მომარაგება. ამ ეტაპის შემდეგ კი, უკვე ფუნქციონირების ნაწილზე უნდა გადავიდეთ - აკადემიისა და კულტურული ცენტრის მოწყობაზე და ა.შ. დღეს, აპრიორი იმის თქმა, რომ არაფერი არ იქნება და რა აზრი აქვს, მგონი არაკონსტუქციული და არასწორი მსჯელობაა. საინტერესოა, რატომ არ იქნება ხალხისთვის, ახალგაზრდებისთვის ეს ადგილი, თუ მაგალითად მასში მოეწყობა „ვილა მედიჩის“ ტიპის ქართული აკადემია?

მგონია, რომ საქართველომ ორიენტირი ახალგაზრდებზე და მათთვის მეტი შესაძლებლობების მიცემაზე უნდა აიღოს. მკვლევარებს, ხელოვანებს, მწერლებს უნდა მივცეთ მაქსიმალური გასაქანი. ამაში ინვესტიციის ჩადება არ უნდა დაგვენანოს, რადგან ეს გათვლილი ინვესტიციაა, რომელიც აუცილებლად დაგიბრუნდება უკან. ასეთი ტიპის რეზიდენციები დღეს მხოლოდ ევროპულ, დემორკატიულ ქვეყნებს აქვთ და კარგი იქნება, თუ ჩვენც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ევროპის ღირსეული ნაწილი ვართ.  უფრო მასშტაბურად თუ შევხედავთ პროექტს, ის კონფლიქტის რეგულაციის თვალსაზრისითაც შეიძლება იყოს საინტერესო და მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა მიეცეს. მაგალითად, მარტივად შეიძლება აფხაზი ან ოსი ხელოვანებისა და ისტორიკოსების პროექტებიც შეირჩეს და ისინიც ჩამოვიდნენ აქ.