პირველად ტელეფონი რო მიყიდეს, მაშინ ჯერ არ იყო ფეისბუკობანა და ჰაი და პაი. ყველას ვურეკავდი. მეზობლის მაგივრად ერთხელ ვიღაც ბიჭთან მოვხვდი. მომწერა რა საყვარელი ხმა გაქვსო. შევხვდეთო. გოგო არ ვარ-მეთქი, რო ვუთხარი, მატყუებო - არ დამიჯერა. მერე ლარი ჩამირიცხა, მერე კიდე ორი ლარი. მეც მეტი რა მინდოდა. საათობით ვეჭორავებოდი. თურმე ჩემთან უბანში, თონეში მუშაობდა.

ბოლოს ავდექი და გამოვეწყვე, მეზობლის სარეცხის თოკიდან მოვიპარე ლიფი და ღამის 11 საათზე შევხვდი. ვერ მიხვდა ტრანსი რო ვიყავი. ვნახე ერთხელ, ორჯერ, მერე სულ გავთამამდი. მეზობლის თოკიდან ასე, რამდენიმე საათით გაქრებოდა ხოლმე ლიფი. უკანა გზაზე ვაბრუნებდი უკან.
მერე იმ ბიჭმა გაიგო ყველაფერი.

მახოვს, მე და დედა ერთხელ ლილოში წავედით. დახლებზე სარკე რო უკიდიათ, კლიენტებისთვის, იქ ჩავიხედე, თმა გავისწორე. და ვიღაცამ მომაძახა: გოგონა, სარკე რად გინდა, ისედაც ლამაზი ხარო. ჩვენ გარდა იქ არავინ იყო. დედაჩემი ეგრევე მომიბრუნდა, შენ გითხრა ესო? არ ვიცი-მეთქი. ბიჭი შეწუხდა, რა იყო ქალბატონო, კომპლიმენტი ვუთხარი, შეურაცხყოფა ხომ არ მომიყენებიაო. გოგონა არ არის, ეს ბიჭიაო, ლამის იყვირა დედამ. ყველამ ჩვენ გამოგვხედა. კინაღამ მოვკვდი მაშინ.

დედაჩემს მალე სამუშაოდ მოუწია წასვლა. რამდენიმე თვე მე, ჩემი ძმა და მამაჩემი ვიყავით. მერე მეც წავედი. გლდანის ბავშვთა სახლში. ოცამდე ბავშვთან ერთად ვცხოვრობდი. მაგრა ვერთობოდით. მასწავლებლებიც კარგები იყვნენ. 16 წლის რო გავხდი მალე ნიკაც გავიცანი. ჩემი პირველი შეყვარებული. ჩემი ვაფშე პირველი სიყვარული.
რო მიმაცილა და შენობაზე წარწერა წაიკითხა, ნამდვილად აქ ცხოვრობო, მკითხა. კი-მეთქი. მაგრა მეკიდა, არაფრის დამალვას არ ვაპირებდი.
მერე მალე შემატყო, იქ აღარ მინდოდა გაჩერება და ბინა მაქირავებინა. დიდი კაცივით მივლიდა. თვითონ 21 წლის იყო მაშინ. მე უკვე წებო-ცემენტის ქარხანაში ვმუშაობდი.

ნიკას ცოლი ყავდა და ერთი წლის შვილი, ანა. სულ მეხვეწებოდა ანას გამოვიყვან და გაგაცნობ, იცი რა საყვარელი ბავშვიაო. მართლა პატივს მცემდა.
წელიწადნახევარი ვიყავით ერთად. არ ვიცი როგორ მოხდა ასე, მაგრამ სექსი არასდროს გვქონია, არც კი გვიზასავია. არავის სჯერა ამას რო ვყვები.
ერთხელ ძალიან მაწყენინა. ჩემ თავს ვუთხარი აღარასდროს ვნახავ-მეთქი. ასჯერ დამირეკა. მწერდა, სალო, გეხვეწები, ერთი წუთი მაინც დამელაპარაკეო. ცოცხალი თავით არ ვიღებდი ყურმილს.

რამდენიმე დღეში კიდევ მომწერა, სულ ერთი წამით გამოდი და მერე როგორც შენ გადაწყვეტ, ყველაფერი ისე იქნებაო. გარეთ მელოდებოდა. ჩავჯექი მანქანაში და ხმას არ ვიღებ. არც კი ვუყურებ. და უცბად უკნიდან იღებს უზარმაზარ, აი, მთელი მაგიდისხელა თაიგულს. ეგრევე შევურიგდი.

იმ ზამთარს ძალიან ავად გავხდი. მაღალი სიცხეები მქონდა. სულ ჩემთან იყო. თავისი ხელით მიმზადებდა პიურეს, ბროწეულის წვენს მასმევდა, მადა რო გამხსნოდა. ფანტასტიური დღეები იყო.
არ ვიცი რატომ დავშორდით. უმიზეზოდ.

ერთ დღესაც ვურეკავ და მეუბნება რო სხვაგან მოვხვდი. ვიფიქრე ცოლთან ერთად არის-მეთქი და გავუთიშე - უკაცრავად, სხვაგან მოვხვდი-თქო. მერე ისეთ დროს დავრეკე, როცა სამსახურში უნდა ყოფილიყო. რაღაცნაირად მითხრა, დამარცვლით, სხვაგან ხვდებით, თან უკვე მეორედო. აღარაფერი მიკითხავს. აი, ეგრე დავშორდით.

იქიდან ერთი კვირა არ მახსოვს არაფერი. ამ დროს, ვისაც გინდა კითხე, სულ არ ვარ ეგეთი ტრაგიკული ტიპი. არასდროს ვიციკლები, მაგრამ მაშინ რაღაც დამემართა. საყრდენი დავკარგე.
ის ტიპიც არ ვარ რო ვიღაცას ვეხვეწო. ან რა უნდა ვეხვეწო. რატო მშორდები-თქო ხო არ ვკითხავდი? რა მნიშვნელობა ქონდა. აღარ უნდოდა ჩემთან. წარმოიდგინე. ცა დამემხო თავზე. კი არ ვქვითინებდი და ვტიროდი, თავისით მოდიოდა ცრემლები. რო მახსენდება შოკში ვარ. არ მჯერა ესე რო განვიცადე. მთელი სამი თვე მარტო ამ ისტორიას ვყვებოდი, სულ ამაზე ვლაპარაკობდი. ყველას ვეკითხებოდი, რატო დამშორდა, შენ რას ფიქრობ-მეთქი?

ზუსტად ერთი წლის მერე, ქუჩაში შემხვდა შემთხვევით. მანქანით ჩამიარა და დარეკა. ნომერი არც მე მქონდა შეცვლილი და არც იმას. მანქანაც ვიცანი. მეგობრები მივდიოდით კანაპეში, მარჯანიშვილზე, ყავის დასალევად.
როგორი შეცვლილი ხარო, ჩამოწეული ფანჯრიდან მითხრა. მე უკვე ვტრანსობდი. თვითონ ისევ ისეთი იყო.
გოგოები მელოდებოდნენ იქვე. დავუქნიე ხელი, მე წავედი-მეთქი. მერე გამოვაღე მანქანის კარი და ჩავჯექი.