სულ გადაიღე-მეთქი, სარკიდან ვანიშნე. 

დარწმუნებული ხარო, რაღაცნაირმა დაბნეულმა მკითხა. მკლავებამდე მწვდებოდა თმა მაშინ. ნიკაპი მიკანკალებდა, მარა მიდი-მეთქი, თავი დავუქნიე. იმანაც აიღო და პირდაპირ შუიდან დაიწყო, კეფამდე ჩავიდა ეგრევე.

თავი შუაზე მქონდა გადაპარსული, გაჩერდი-თქო რო დავუძახე. გული რო ამოვარდნაზე გაქ. დაიბნა კაცი, სცადა ყველანაირად, წამოიღო თმა აქედან, ასე, გვერდიდან გადამიფარა, მარა აღარ მიჩერდებოდა. ორი თითის დადება შიშველი კანი მაინც მიჩანდა თავზე. ცოტა ხანს ვიჯექი ჩუმად. მარტო იმას ვფიქრობდი, ოღონდ ახლა გონება არ დავკარგო-მეთქი. რა აზრი აქვს, ბარემ დაამთავრე-თქო, ბოლოს ვუთხარი.

საპარსის ღმუილზე უფრო დამეხვა თავბრუ, ძლივს შევიმაგრე თავი. სარკეში აღარ შემიხედავს. იატაკზე ერთ წერტილს მივაშტერდი, ცვიოდა ჩემი თმა აქეთ-იქით, ნაფლეთებივით. ესე მეგონა ვკვდებოდი.

მთელი ღამე ვაგროვე ტანსაცმელი და მაკიაჟის რაღაცეები, პარკებში ვტენიდი და თან ვბღაოდი. იმდენი მქონია, სავსე იყო კარადა  კაბებით და ზედებით. ბიჭის დავიტოვე, დანარჩენი სულ გადავყარე.

მეორე დღესვე დეიდაჩემთან წავედი მარტვილში.

მიყრუებული სოფელია, ინტერნეტიც არ არი, ტელევიზორი აქვთ და მობილური. ჩემი ტელეფონი თბილისში დავტოვე, არავისთან კონტაქტი რო არ მქონოდა. პროსტა, სამი ჯგუფელი გავაფრთხილე წინასწარ, აღარ მოვალ-მეთქი. ოთხასი კურსელიდან მარტო მაგათთან ვმეგობრობდი. ისე ვიარე უნივერსიტეტში სამი წელი, სხვები არც მომსალმებიან.

ტანსაცმელს ვიცვლიდი სულ, დილა-საღამოს. ერთადერთი ცოტა ტუში მესვა ლექციებზე, ხანდახან ტონალურიც. კაბით არასდროს მივსულვარ. რესტორანში ჩემ ცვლაზე ბიჭივით მეცვა. მარტო ღამე გადმოვიღებდი ხოლმე კაბებს. ამოვიდა ყელში ეს სპექტაკლები.

დეიდაჩემია ეგეთი მარტო, თუ რამე მჭირდება, კითხვას არ დამისვამს, ისე ესმის ყველაფერი. მაგიტომ წავედი მაგასთან, თან ფიზიკურად რო დავიხარჯებოდი, ფიქრის დრო აღარ მექნებოდა. 

პატარა მეურნეობა აქვს და იქ ვეხმარებოდი. საღამოს ვიჯექი სახლში. მეზობელი თუ გადმოვიდოდა, ოთახში შევიდოდი. არავისთან არ მინდოდა ლაპარაკი. ვიხუთებოდი, სარკეშიც არ ვიხედებოდი, მეზიზღებოდა ჩემი თავი, კინაღამ გავგიჟდი ბოლოს. რვა თვე გავჩერდი და წამოვედი.

დედაჩემის გამო ვიყავი იქ.

მამაჩემი რო გარდაიცვალა დედა სულ ახალგაზრდა იყო, მე რვის და ჩემი ძმა - ექვსის. მერე აღარ გათხოვდა. ძალიან ლამაზი ქალია დედა. პატრონი მე არ მყავდა და იმ ქმარს ისე რო ეთქვა რამე, ან ხელი აეწია თქვენზე, ხო თავი უნდა მომეკლაო. შეუძლებელზე უფრო შეუძლებელი იყო, რაც მაგან ჩვენთვის გააკეთა. მე კიდე სადაც ჩემი იმედი ქონდა, ასი პროცენტით გავუცრუე. ახლა იმის უფლებაც აქვს, რო მითხრას, როგორიც მე მინდა ისეთი იყავიო.

სახლში პირველად ქალური ტანსაცმლით რო ჩავედი, თავიდან ისე იქცეოდა, ვითომ ვერაფერს მამჩნევდა. ისე არ უნდოდა დაჯერება. მერე უცებ კივილი მორთო. ტიროდა ისე, ბღაოდა, სულ შემომახია ტანზე ყველაფერი. ნახევრად შიშველი წამოვედი და ვაგზალზე გავათიე ღამე.

მეგონა ვეღარ შევრიგდებოდით. მე დედაჩემის გარეშე არ შემიძლია. ყოველ დღე ველაპარაკები ტელეფონით. რამდენჯერ უთქვამს, ეს ჩემთვის  არაა მიუღებელიო. სხვების გამო აკეთებს ამას, ვიცი. მეზობლები რას იტყვიან, ნათესავები რას იტყვიან - ეგაა მისი ცხოვრება. ერთხელ ისიც მითხრა, წადი საქართველოდან და იქ რაც გინდა, ის გააკეთეო.

მესმის, რთულია. ჩემი ბრალი კი არ არის, მარა არც მისი ბრალია. იდეალური დედა იყო. დევნილის შემწეობით გაგვზარდა, მარა ჩვენ ეს არასდროს გვიგრძვნია. არ ვიცი როგორ ახერხებდა. სულ იმას მაკეთებინებდა, რაც მინდოდა, უბრალოდ სხვებთან მალავდა. თოჯინებს ჩუმად მყიდულობდა. მაძლევდა ნაჭერებს რო კაბები შემეკერა. იცოდა მაგის პარფიუმერიას რო ვხმარობდი და არაფერს არ მეუბნებოდა. გაფრთხილებული ვყავდი, მეზობელი რო მოვა, აიღე და გაიტანე იქით შენი თოჯინა, არ დაანახოო.

კაი დიდი ვიყავი უკვე, პირველად რო მეჩხუბა. თოჯინით აღარ ითამაშო, წადი ბურთი გააგორე, ბიჭი ხარ, ბიჭიო, - მიყვიროდა. მერე სპორტზე შემიყვანა. მაგრამ არ მივლია. ნეკა გაშვერილი ნუ გაქვს, წესიერად დაიჭირე ჩანგალიო. რო დავჯდებოდი, ფეხები გაშალე, კაცი ხარ, გაშლილი ფეხებით უნდა იჯდეო. რო დარბიხარ ხელები ესე ნუ გაქო, მეჩხუბებოდა და მერე ტიროდა ხოლმე.

ერთხელ, საპირფარეშოდან ვბრუნდებოდი კლასში და გავიგონე მასწავლებელი ბავშვებს ეუბნებოდა: ეს ქალოია ნახეთ, თავი თქვენზე დიდი ვინმე გონია, ამასთან გვერდზე გავლილი არ დაგინახოთო. გამოვიქეცი სახლში. დედაჩემის წამლები რაც ვიპოვნე, ყველაფერი დავლიე. ღებინება რო დამეწყო, დედამ სასწრაფო გამოიძახა. მთელი დღეები ტიროდა მერე.

ახლაც ასეა. არ მაჩვენებს, მარა რო დავილაპარაკებთ, შევა აბაზანაში, იტირებს და გამოვა. ვითომ ვერ ვხვდები.

მარტოა სულ სახლში. ჩემი ძმა სამუშაოდ წავიდა საზღვარგარეთ. ბაზარში თუ გავა ხოლმე. ძირითადად ტელევიზორს უყურებს. ნათესავებთან არ დადის. სულ ეკითხებიან ისინი ჩვენზე. რა მნიშვნელობა აქვს, რაც მისთვის კომფორტულია, ის უთხრას, მთავარია თვითონ იყოს კარგად, მარა უჭირს ეტყობა.

ნათესავებიდან მარტო დეიდა მყავს. ესე ვთვლი. ერთი ჩემი ნათესავი სროკზეც გავუშვი. ჯერ მემუქრებოდა. რო გაიგო ჩემი მისამართი, დანით მომივარდა. მთვრალი. გადავალეწე თავზე გრაფინი. მარტო ვცხოვრობდი მაშინ. ფიზიკურად მოვერიე, სახლიდან გავაგდე და გამოვიძახე პატრული. ახლა იყო აპელაცია, ორი წელია ზის. ალბათ მალე გამოუშვებენ. იქიდანაც მითვლის, მარა არ მეშინია.

დედაჩემთან არაფერი არ მითქვამს. არ აქვს იმ ოჯახთან ურთიერთობა. არც იმას აქვს თავის ოჯახთან. თავისი გაგების გამო. შეიძლება არც იციან რო დაჭერილია. როგორც მე არ მკითხულობენ ნათესავები, ისე იმის ამბავი არ იცის არავინ. მამაჩემის ძმის შვილია.

მე თექვსმეტი წლიდან ვმუშაობდი, ტელევიზაშიც ვმუშაობდი, მერე მარკეტებში, კიდევ საქველმოქმედო ფონდში. კონსულტანტობით დავიწყე და ბოლოს ადმინობამდე მივედი. ბიჭის ფორმით. ახლა ძნელია. შეიძლება მენეჯერს თვითონ ძალიანაც უნდოდეს ჩემი აყვანა, თემის წევრიც იყოს, მარა უშუალო კონტაქტი რო გაქვს მომხმარებელთან, არ გამოდის, იმათ არ სიამოვნებთ და ბიზნესი ზარალდებაო. მართლა ეგრეა, მეც ასე ვფიქრობ.

მარა ახლა როგორიც ვარ, მაგას მარტო ძილის წინ ვოცნებობდი. ადამიანი რეალობას და ფიზიკურობას რო ვერ აკავშირებ, უკვე ილუზიაა. არ მინდა ეგრე ვიცხოვრო. ზოგჯერ ისე მეზიზღება საკუთარი თავი. ვიღაცასთან დავწოლილვარ და მერე მიტირია. რო შეხედავ და რო გბურძლავს ისე არ გსიამოვნებს ადამიანი. მარა იძულებული ხარ სექსი გქონდეს, იმიტო რო ხვალ ბინის ქირა უნდა გადაიხადო, საჭმელი ჭამო, ან ეპილაცია გაიკეთო. ცუდია ალბათ, ამას რო ვამბობ, მარა უმრავლესობა მეზიზღება ხოლმე. ასე მგონია ძალადობენ ჩემზე. ისინი კი არა, მეთვითონ ვძალადობ ჩემ თავზე. ადამიანთან სექსი, გრძნობა თუ არ გაქ, ცხოველები ხო არ ვართ.

მაგიტომ არ მყავს ბოიფრენდი. არ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, ვიღაცა შემიყვარდეს ან სიმპატია გამიჩნდეს, იმიტო რო არასწორად მიმაჩნია, თუ ადამიანს არ შეგიძლია ერთგულება შესთავაზო, მაშინ არც იმისგან უნდა მოითხოვო. თუ ერთგული არ ხარ კიდე, რაღა ურთიერთობაა.

ადრე მყავდა ბოიფრენდი, ათი თვე ვცხოვრობდით ერთად. იმდენად ახლობელი იყო უკვე, მინდოდა ბოლომდე გახსნილი ვყოფლიყავი. უბრალოდ, რო ვუთხარი შინაგანად ქალი ვარ-მეთქი, ვერ გამიგო და გავუშვი. გასაშვები სისხლი უნდა გამოუშვა, თორე როგორ არ გამიჭირდა. რო გეტყვის: მე ვარ გეი. მე მომწონს ბიჭი. მე მჭირდება გვერდზე ბიჭი. შენ კიდე ხარ ქალი.