თითქმის დამცინავად ჟღერს, მაგრამ იტალიელი რეჟისორის, ელიო პეტრის ფილმის სათაური – „მუშათა კლასი სამოთხეში მიემგზავრება“ (რომელიც, სხვათა შორის, 1972 წელს, კანის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა), ჩვენი სოციალური და პოლიტიკური სისტემიდან ამოშლილ მუშათა კლასს სუფთა სინდისით შეგვიძლია მოვარგოთ. მერე რა, რომ ის, თავის დროზე, საბჭოთა ინდუსტრიის მითების ნაწილად მოიაზრებოდა და მოგვიანებით ამავე მითების პოლიტიკურ ნანგრევებში დაიმარხა.

სამაგიეროდ, ეს ჩვენი მუშათა კლასი დღეს კორპორაციების მიერ იშვიათად გამოყენებულ პატარა ჭანჭიკებად გარდაიქმნა – ჭანჭიკებად, რომელიც გამოყენების შემდეგ აღარაფერში სჭირდებათ. კორპორაციებთან ბრძოლის ნაცვლად კი, მხოლოდ საარსებო მინიმუმისა და შედარებით მორცხვი სოციალური მოთხოვნებით თუ შემოიფარგლება... და თუ ჩვენს მუშათა კლასს სამოთხეში ოდესმე მაინც ეღირსა გამგზავრება, ეს, ალბათ, რეტრო სამკაულით – ავტომობილ „ჟიგულითა“ და „ჟიგულევსკის“ ლუდის თანხლებით მოხერხდება.

ჩვენ საბჭოთა ინდუსტრიული და პოლიტიკური სისტემის კატასტროფის შემდგომ დროში ვცხოვრობთ, როცა კლასობრივი თანასწორობის ზღაპრები უკვე დასრულდა, ხოლო ტოტალიტარული ყოფისა და ჯერ შეუცნობელი ყოფიერების ბნელი გვირაბიდან გამოსვლას ნათელი არ მოჰყოლია.

ეს დრო შინაგან განწმენდასა და მტანჯველ რეფლექსიებსაც რომ მოვანდომოთ, შეუძლებელია, არ ვატარებდეთ იმ სისხლიანი გამოცდილების კვალს, როდესაც თაობები იბადებოდნენ და იზრდებოდნენ სოციალური თანასწორობით შენიღბულ საზოგადოებაში, რომლის სტალინისტური რელიქტები ჯერ კიდევ ცოცხლობს, ხოლო ძალადობის მიზეზები ბოლომდე გაუხსნელია. და განა შეიძლებოდა ასეთ პირობებში ნორმალურ სოციალურ თუ ეგზისტენციალურ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით?! საყოველთაო, ტექნოლოგიური „აღდგომა“ თუ პირიქით, მრისხანე რეაქცია ვერაფერს შეცვლის. მით უმეტეს მაშინ, როცა ახალი პოლიტიკური სისტემა და გლობალიზაციით გამყარებული კაპიტალი ჩვენზე ძალადობს.

პოსტსაბჭოთა კვალი და მისი დრამატიზმი იმაშიც იკითხება, რომ ვერ შევძელით თანამშრომლობაზე და არა შეჯიბრებითობაზე დამყარებული საზოგადოების შექმნა, რომელშიც მმართველი პოლიტიკური კლასი ადამიანისათვის გასაგები, სოციალური ენით ისაუბრებდა. ამის ნაცვლად რას ვხედავთ? პოლიტიკური სისტემის ერთდროულ უუნარობასა და უტიფრობას; დაქირავებულთა უფლებების თითქმის მუდმივ უგულებელყოფას; და დამქირავებელთა ცინიკურ წახალისებას თავად სახელმწიფოსგან, რადგან ისინი „სამუშაო ადგილებს“ ქმნიან.

რამდენ ხანს ეყოფათ დეპრესიულ დაქირავებულებს მოთმინება? სადამდე მიგვიყვანს ეს სოციალურად მავნე და სახიფათო ინფანტილიზმი?

აშკარაა, რომ სახელმწიფომ დაკარგა სოციალურ-პოლიტიკური სისტემის საყრდენისა და ფუნქციის როლი. სტრუქტურა აუცილებელ გარდაქმნებს საჭიროებს, თუმცა ეს შეუძლებელია მნიშვნელოვანი, ზუსტი და აუცილებელი სოციალური გზავნილების გარეშე. სწორედ ასეთი გზავნილები უზრუნველყოფს ადამიანების რეალურ ბმას, ჩართვას, მათ, ასე ვთქვათ, „განსხეულებას“ პოლიტიკურ სისტემასა და არჩევით ორგანოებში. ამ ყველაფერს კი, სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრული სოციალური პოლიტიკის გარეშე ვერ მოახერხებს.

სოციალურ და შრომით უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტიურ-ახალგაზრდული „აუდიტორია 115“, ან თუნდაც, ქვეყნის მთავარი პროფესიული კავშირი მხოლოდ ნაწილობრივ ქმნიან სოციალურ განსხეულებას. ჩვენთან თითქმის ველური ფორმით „წაკითხული“ ნეოლიბერალური პოლიტიკა – ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს – კვლავაც მძვინვარებს. დამოუკიდებლობის შემდგომ, 25 წელი ისეთ არანორმალურ პოლიტიკურ ბრძოლებსა და კინკლაობაში გავატარეთ, რომ აღარ არსებობს კავშირი რეალობასთან, ადამიანებთან, მათ ყოველდღიურ პრობლემებთან.

ამდენად, აუცილებელია, შევძლოთ და დავუბრუნოთ სოციალური უფლებები მათ, ვისაც ეს უფლებები ეკუთვნით.

აუცილებელია, შევცვალოთ ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც ყველა დროში კონფორმისტულია და მეტ-ნაკლებად ავტორიტარული პოლიტიკური გემოვნების მქონე პარტიებსა თუ ლიდერებს მსხვერპლად სწორედ ყველაზე დაუცველებს – ალაგ-ალაგ შემორჩენილ მუშათა კლასს ხალისით სწირავს... ამ მსხვერპლშეწირვას კი, ალბათ, იმის შიში და სურვილი უდევს საფუძვლად, რომ მუშათა კლასი სამოთხეში ამჯერად საბჭოთა „ჟიგულით“ კი არა, მცირელიტრაჟიანი, ნახმარი „ფოლკსვაგენით“ მაინც შეგრიალდეს.