„გახსენებების მომძახოდა მტანჯველი ლანდი:

შენ და მოსკოვი, პეტროგრადი, ლენინი, კრემლი!“

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლენინის მოედანი

ჩემი ადრეული ბავშვობიდან, რომელიც სოლოლაკში, დადიანის ქუჩაზე გავატარე, ყველაზე ამაღლებული მოგონება ლენინის მოედანს, უფრო ზუსტად, მოედნის ცენტრში აღმართულ ლენინის გიგანტურ ძეგლს უკავშირდება, რომლის ყოველი დანახვაც ჩემში აღტაცებას და სიხარულს იწვევდა. ყოველთვის, როცა სახლიდან გამიყვანდნენ, ვითხოვდი, რომ ლენინის მოედანზე გავეტარებინე. თუ ვინმე სხვა გზით შეეცდებოდა ჩემს წაყვანას, ხმამაღლა ვტიროდი. იმ დროს მხოლოდ ის ვიცოდი, რომ წითელი მარმარილოს კვარცხლბეკზე მდგარი კაცის სახელი ლენინი იყო და შეიძლება მას დიდ თოჯინადაც აღვიქვამდი.

მალე ლენინი ჩემთვის იმდენად ყველგანმსუფევად იქცა, რომ მას, როგორც ჰაერს და მიწას, ვეღარც კი ვამჩნევდი. ძეგლები, ბიუსტები, პორტრეტები, გამონათქვამები თუ წიგნის სქოლიოებში მისი სახელის მოხსენიებები ლენინს პირობით ნიშნად აქცევდა, რომელიც საბჭოთა სისტემის აღმნიშვნელი, მისი სამარკო ნიშანიღა იყო. არადა, თავად ლენინი, სანამ ცოცხალი იყო, თავისი პორტრეტების სახელმწიფო დაწესებულებებში ჩამოკიდებასაც კი ეწინააღმდეგებოდა. ოქტომბრის რევოლუციის მეთაური და საბჭოთა სახელმწიფოს ფუძემდებელი თავის შექმნილ წყობილებას მიიჩნევდა თავის ერთადერთ ძეგლად. როდესაც გარდაცვლილი ლენინის ჯერ დროებით, ხოლო შემდეგ უკვე სამუდამოდ, მავზოლეუმში, მინის კუბოში მოთავსება გადაწყდა, ლევ ტროცკის უთქვამს, ასე ლენინს ქრისტიან წმინდანს ვამსგავსებთო. ამიერიდან, გარდაცვლილ ლენინს ბელადად მოიხსენიებდნენ, მისი საკულტო თაყვანისცემა, მავზოლეუმთან უწყვეტი რიგებითა და პილიგრიმობით, სახალხო რელიგიურ რიტუალად გადაიქცა. ლენინის მავზოლეუმი, რომლის ტრიბუნიდანაც მთავარი სახელმწიფო რიტუალები – 7 ნოემბრისა და 1 მაისის აღლუმები იმართებოდა, სოციალისტური სამყაროს ცენტრი იყო. ლენინის ძეგლებით, მოედნებითა თუ გამზირებით საბჭოთა ქალაქების ცენტრები აღინიშნებოდა. ლენინის სიტყვებით, გამოსახულებებითა და სახელით ათეისტურ საბჭოთა კავშირში ახალი მსოფლიო რელიგიის ლიტურგიები სრულდებოდა. საბჭოთა კავშირი, როგორც ადრექრისტიანული იმპერიები, ამ რელიგიის მიწიერი განსხეულება იყო.

1990 წელს, თბილისში, ლენინის მოედანზე კიდევ ერთხელ მივედი ლენინის ძეგლის, ამჯერად უკვე ბოლოჯერ სანახავად, როცა გავიგე, რომ მისი დემონტაჟი იწყებოდა. ქანდაკება იმდენად მყარად იდგა, რომ ის ამწეონკანიანი მანქანით ვერ დაძრეს და მხოლოდ რამდენიმესაათიანი ჭიდილის შემდეგ გადმოაგდეს კვარცხლბეკიდან, რასაც სანახაობაზე მისული ხალხი ოვაციებით შეხვდა. ლენინის ძეგლის დამხობა საბჭოთა სისტემის აღსასრულს ნიშნავდა.

„უკანასკნელნი იქნებიან პირველები“

„ჩვენ ჩვენს ქვეყანას შევქმნით ახალს,

დაჩაგრულს გავხდით სვიანად“.

ეჟენ პოტიე, „ინტერნაციონალი“

ალენ ბადიუ თავის წიგნში „წმინდა პავლე – უნივერსალიზმის დაფუძნება“ პავლე მოციქულს ლენინს ადარებს. მისი აზრით, პავლემ ისევე გამოიყენა ქრისტე ახალი მსოფლიო რელიგიის შესაქმნელად და განსახორციელებლად, როგორც ლენინმა მარქსი ახალი, უკლასო საზოგადოების პრინციპზე დაფუძნებული სისტემის შესაქმნელად. პავლე მოციქულსა და ლენინს შორის სხვა მსგავსებების მოძიებაცაა შესაძლებელი: ორივე საშუალო, გარკვეულწილად, პრივილეგირებული ფენის წამომადგენელი იყო, ორივე, თუმცა პროვინციული, მაგრამ მაინც ქალაქის მკვიდრი იყო. ბიოგრაფიულზე მეტად, ამ ორ პიროვნებას შორის უფრო მეტი მსოფლმხედველობრივი და პრაქტიკულ-პოლიტიკური ანალოგიაცაა. პავლეც და ლენინიც უნივერსალისტები არიან, მათთვის არ არსებობს არც კლასობრივი, არც სქესობრივი, არც ეთნიკური ნიშნით სხვაობები, ორივეს ადრესატი არა ერთი რომელიმე კონკრეტული ეთნოსი თუ ნაციაა, არამედ მთელი კაცობრიობა, მისი ჩაგრული უმრავლესობა. როგორც პავლესთვის ქრისტეს სხეულში ყველა პარტიკულარული ნიშანი წაშლილია („რადგან ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“, – გალატეთა მიმართ 3, 28), ასევე ლენინის გეგმითა და იმედით საბჭოთა სისტემაში ადამიანთა შორის ყველა ერთმანეთისგან გამაუცხოებელი ნიშანი უნდა გამქრალიყო.

მთავარი თანხვედრა პირველქრისტიანობასა და კომუნისტურ იდეოლოგიას შორის, ამ რადიკალურ რევოლუციურ მოძრაობათა სუბიექტია, ვისი ხსნა და გათავისუფლებაც მათი პირველი მიზანი, „პროგრამა მინიმუმია“: ესაა საზოგადოების ყველაზე დაბალი, უხმო და უუფლებო ფენები. რომის იმპერიაში ესენია მონები და პლებეები, რომლებიც იმპერიის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ, – XIX საუკუნის ევროპასა თუ რუსეთის იმპერიაში კი, პროლეტარიატი და ნაწილობრივ ისევ ბატონყმურ ურთიერთობებში მყოფი გლეხობა. ახალი აღთქმის და „კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ პათოსი ხშირად თითქმის ერთი-ერთზე იდენტურია: „ასე იქნებიან უკანასკნელნი – პირველნი, და პირველნი – უკანასკნელნი“, – წერია მათეს სახარებაში (20, 16). „კომუნისტური პარტიის მანიფესტს“ კი მარქსი და ენგელსი ასეთი სიტყვებით ამთავრებენ: „დაე, გაბატონებული კლასები ძრწოდნენ კომუნისტური რევოლუციის შიშით. მასში პროლეტარებს დასაკარგი არაფერი აქვთ, გარდა თავიანთი ბორკილებისა, შეიძენენ კი მთელ ქვეყნიერებას“.

ქრისტიანობაც და კომუნისტური რევოლუციაც ჩაგრული უმრავლესობის ამბოხია, რომელმაც საკუთარი რაოდენობრივი უპირატესობა თვისობრივში უნდა გადაიყვანოს და ძალაუფლებად გარდაქმნას. ამისათვის კი მათი ზენაციონალური, „ევქარისტიული“ ერთობაა აუცილებელი: „რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე. (...) თქვენ კი ხართ ქრისტეს სხეული, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები“ (1 კორინთელთა მიმართ 12, 25, 27), – წერს პავლე მოციქული. მარქსი და ენგელსი კი „კომუნისტური პარტიის მანიფესტს“ ამ თხზულების ყველაზე ცნობილი ფრაზით ამთავრებენ: „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“. პროლეტარული ინტერნაციონალით ახალი, ზენაციონალური ერთობა იქმნება, რომელიც მსოფლიო რევოლუციით იგდებს ძალაუფლებას და საყოველთაო თანასწორობისა და სამართლიანობის სამყაროს აშენებს.

პირველქრისტიანებს და პირველკომუნისტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთო თვისება აქვთ, რომელიც, შეიძლება ითქვას, საბედისწერო როლს შეასრულებს როგორც ქრისტიანობის, ასევე კომუნისტური მმართველობების ისტორიაში. „კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ წერია, რომ „კომუნისტებს სამარცხვინოდ მიაჩნიათ, დამალონ თავიანთი შეხედულებანი და განზრახვანი“. პირველქრისტიანებისთვისაც მრწამსის თვით საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი დაცვა, ფაქტობრივად, მათი მთავარი საარსებო პრინციპი იყო. რწმენისათვის მოწამეობრივი სიკვდილით ის პირდაპირ სასუფეველში შეაბიჯებდა. ზოგიერთი მათგანის რწმენით, მოწამეობა სასუფეველში მოხვედრის ერთადერთი გზაც იყო. მოწამეობით ქრისტიანი ქრისტეს ემსგავსება და მისი მოწმე ხდება. ბერძნული სიტყვა „მარტირიოს“ მოწამესაც ნიშნავს და მოწმესაც.

ეს მოწამეობრივი პათოსი, მთელი თავისი ფანატიზმითა და რადიკალიზმით ბოლშევიკებში ცოცხლდება. პირველი თაობის ბოლშევიკების ცხოვრება ყველაზე ახლოს ჰაგიოგრაფიულ ჟანრთანაა: პარტიის იდეალებისადმი უსიტყვო და ბრმა ერთგულება, იატაკქვეშა ცხოვრება, გაუტეხელი ბრძოლა და თავგანწირვისათვის მზადყოფნა. საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური აპარატი ისეთივე წარმატებით ქმნის და აფუძნებს მოწამე და თავგანწირული გმირების სახეებს, როგორც ქრისტიანული ეკლესია. კამო, პავლიკ მოროზოვი, ვასილი ჩაპაევი თუ ზოია კოსმოდემიანსკაია საბჭოთა მოწამე წმინდანები არიან. გარდა სტილიზებული მოწამეების კულტისა, ბოლშევიკ ლიდერთა ცხოვრების დასკვნითი სცენებიც მარტიროლოგიური შინაარსისაა. 1930-იანი წლების რეპრესიები, რომელსაც პირველი თაობის ბოლშევიკების უდიდესი ნაწილი შეეწირა, XVI საუკუნის ინკვიზიციას თუ გაუტოლდება, – ყოველმა მათგანმა სიცოცხლე წამებით დაასრულა. დაპატიმრებული ნიკოლაი ბუხარინი თავის გამოსამშვიდობებელ წერილში, რომელშიც მისდამი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს, სტალინს ასეთი სიტყვებით მიმართავს: „გეხვეწები, ისე არ გამიგო, რომ აქ ფარულად რამეში გადანაშაულებდე, თუნდაც საკუთარ თავთან განსჯის დროსაც. (...) მე კარგად მესმის, რომ დიდი გეგმები, დიდი იდეები და დიდი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას და მეწვრილმანეობა იქნებოდა საკუთარი პერსონალური საკითხის მსოფლიო-ისტორიულ ამოცანათა გვერდით დაყენება, რომლებიც შენ გადგას მხრებზე“. ამ დიდი „მსოფლიო-ისტორიული ამოცანების“ უპირატესობის აღიარებით, ბუხარინი საკუთარ უსამართლოდ სიკვდილით დასჯას სამსხვერპლო აქტად აქცევს.

ტერორი კომუნიზმის რელიგიური განზომილებაა. როგორც კატაკომბებიდან ამოსული ქრისტიანობა თავადვე ხდება ჯერ წარმართების მდევნელი, ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ, უკვე საკუთარ რიგებში იწყებს მწვალებლებისა თუ ეშმაკთან წილნაყარების ძებნას, ასევე ბოლშევიკები, კლასობრივი მტრების განადგურების შემდეგ, საკუთარ რიგებში ავლენენ და სპობენ სხვადასხვა სახის „უკლონისტებს“.

წამებასა და დევნაში გამოწრთობილი პირველქრისტიანებიც და ბოლშევიკებიც, ძალაუფლების მოპოვებისთანავე თვითონ ქმნიან ერთგვარ მოწამეობრივ სივრცეს, ატმოსფეროს, რომელშიც მოწამეობის რეპროდუქცია მიმდინარეობს.

განკითხვის ჟამი არა ესქატოლოგიური, არამედ მიწიერი რეალობა ხდება. აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე მონოპოლია, რომელიც ბოლშევიზმმა ქრისტიანული ეკლესიისგან იმემკვიდრევა, შეუძლებელს ხდის განსხვავებულ აზრთან თანაარსებობას. ამგვარად, პოლიტიკური იდეოლოგია რელიგიური პათოსით იმუხტება და ერთგვარი თეოკრატიის შექმნას იწყებს. ბოლშევიზმის სახით ქრისტიანული თეოკრატია დაბრუნდა, მხოლოდ თეოკრატიის სეკულარული, მიწიერი ფორმით. ერთადერთი, რაც წარმოსახვის სფეროში დარჩა და განხორციელება არ ეწერა, თავად საბოლოო მიზანი – კომუნიზმი იყო.

 

რევოლუცია – 0 წელი

ჰანა არენდტი ამბობს: „რევოლუციონერები რევოლუციას არ ახდენენ. რევოლუციონერები ამჩნევენ, რომ ძალაუფლება ქუჩაში გდია და იღებენ მას“. მსგავსი ფრაზა – „როცა ძალაუფლება ქუჩაში აგდია, საჭიროა მისი ხელში აღება“ – მიეწერება ლენინს, რომელიც, თითქოს, ამ სიტყვებს 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ამბობდა. ლენინი პეტროგრადში 1917 წლის აპრილში დაბრუნდა შვეიცარიული ემიგრაციიდან და ჩამოსვლისთანავე პეტროგრადის საბჭოს წევრებს ახალი რევოლუციისაკენ მოუწოდა, რაც მის მსმენელთა ნაწილმა ავანტიურად და სიგიჟედ მიიჩნია. რევოლუცია სულ რაღაც თვე-ნახევრის მომხდარი იყო და ქვეყანა ჯერ ისევ რევოლუციურ ეიფორიაში იმყოფებოდა. მაგრამ ლენინმა ის შეამჩნია, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ: რუსეთის დროებითმა მთავრობამ, რომელმაც მრავალპარტიული სათათბირო შექმნა და პრესის თავისუფლება დაუშვა, ვერცერთი დაპირებული რეფორმის გატარება ვერ შეძლო, ვერც მიმდინარე პირველი მსოფლიო ომიდან ქვეყნის გამოყვანა მოახერხა. რუსეთი სრული სამხედრო და ეკონომიკური კოლაფსის პირას იდგა. იმპერია ნაწილებად იშლებოდა, ეკონომიკა ომმა კატასტროფამდე მიიყვანა. 160-მილიონიან იმპერიაში 100 მილიონი გლეხი იყო, რომელიც მიწის რეფორმას ელოდა. უარეს დღეში იყვნენ მუშები, რომლებსაც 12-14-საათიანი სამუშაო დღეები ჰქონდათ, დასვენებებისა და შვებულებების გარეშე. მრავალპარტიული, დროებითი თანხმობით გაერთიანებული რუსეთის დუმაც და მთავრობაც უძლური იყო იმისათვის, რომ თანმიმდევრული პოლიტიკა ეტარებინა. ლენინმა ძალაუფლების ვაკუუმი დაინახა და ძალაუფლების დაუფლებისათვის აქტიურ ქმედებაზე გადავიდა.

1910-იან წლებში ლენინი დიდ დროს უთმობდა რევოლუციის თეორიულ და პრაქტიკულ-საორგანიზაციო თემებზე ფიქრს. მისთვის ეს თემა 1905 წლის რევოლუციის მარცხის მიზეზების ძებნაც იყო და მომავალი რევოლუციის დაგეგმვაც. ლენინის მთავარი გამოწვევა იყო სწორი მომენტის შერჩევა და ისეთი სიტუაციის გამოთვლა, სადაც რევოლუცია შესაძლებელი ხდება. 1913 წელს მან პირველად ჩამოაყალიბა რევოლუციური სიტუაციის განსაზღვრება: „რევოლუციისათვის არასაკმარისია, რომ ქვედა ფენებს აღარ სურდეთ უწინდებურად ცხოვრება. მისთვის საჭიროა, რომ აღარც ზედა ფენებს შეეძლოდ უწინდებურად ბატონპატრონობა და მართვა“. 1920 წელს უკვე წარმატებული რევოლუციის გამოცდილებიანი ლენინი კიდევ ერთხელ დაუბრუნდა ამ თემას და ასე განავრცო: „რევოლუციისთვის, პირველ რიგში, საჭიროა იმის მიღწევა, რომ მუშების უმეტესობამ ირწმუნოს გადატრიალების აუცილებლობა და ამისათვის სიკვდილზე წასვლისთვისაც მზად იყვნენ. მეორეც, აუცილებელია, რომ მმართველი კლასები სამთავრობო კრიზისში იყვნენ, რასაც ყველაზე ჩამორჩენილი მასების პოლიტიკაში ჩართვა შეუძლია“. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ძალაუფლება რეალურად არავის ხელში არ იყო და უმართავ რუსეთს სრული კატასტროფა ემუქრებოდა. ეს იდეალური სიტუაცია იყო ახალი რევოლუციისათვის.

1917 წლის 25 ოქტომბრის რევოლუცია, რომელიც დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის სახელით შევიდა ისტორიაში, საკმაოდ უხმოდ და ყოველგვარი ზალპების გარეშე განხორციელდა: პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარის ლევ ტროცკის გეგმითა და ხელმძღვანელობით ბოლშევიკების მიერ შექმნილმა სამხედრო შენაერთებმა დაიკავეს ჯერ ფოსტა, ვაგზლები, ბანკები და სხვა სტრატეგიული ობიექტები, მოსაღამოებულზე კი, ზამთრის სასახლე და დროებითი მთავრობის წევრების დაპატიმრებას შეუდგნენ. ღამის 2 საათზე ტროცკიმ პეტროგრადის საბჭოს საბჭოთა ხელისუფლების დამყარება აცნობა. ამის შემდეგ, რევოლუციის შტაბში, რომელიც სმოლნის სასახლის შენობაში იყო განთავსებული, დილის 6 საათამდე ლენინი და ტროცკი ჩაიკეტნენ და საუბრობდნენ. 26 ოქტომბერს პირველი დღე თენდებოდა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ქვეყანაზე, აქამდე უანალოგო, უკლასოსაზოგადოებიანი, საყოველთაო თანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფო გაჩნდა. ამ დღიდან ისტორიის მსვლელობა თავის ვექტორს იცვლიდა. სამყარო ისეთი ვეღარ იქნებოდა, როგორც აქამდე.

მაგრამ ეს ახალი უკლასო წყობილება ჯერ მხოლოდ დეკლარაციებისა და დეკრეტების ფორმით არსებობდა. სამი წლის მანძილზე, ბოლშევიკურმა მთავრობამ, რომელსაც სახალხო კომისარიატთა საბჭო ეწოდებოდა, უსასტიკესი სამოქალაქო ომი გადაიტანა, სულ რაღაც ორ-სამ კვირაში შექმნილმა წითელმა არმიამ იმ დროისათვის საუკეთესოდ შეიარაღებული არმიები დაამარცხა და რევოლუცია 1922 წელს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის შექმნით დააგვირგვინა.

ოქტომბრის რევოლუციამ, თუმცა უზარმაზარი სისხლისღვრითა და ყოველგვარ რაციონალურობას მოკლებული ტერორით, იძულებითა და რეპრესიებით, „რკინის ფარდით“, სიტყვისა და არჩევანის თავისუფლების გაუქმებით, ცენზურითა და ინდოქტრინაციით, მაინც მოახერხა მსოფლიო ისტორიაში უკლასო საზოგადოების პრეცედენტის შექმნა და სოციალური ექსპლუატაციის აღმოფხვრა. საბჭოთა კავშირი პირველი სახელმწიფო იყო უფასო სამედიცინო მომსახურებითა და განათლებით, უფასო ბინებით და მინიმალური გადასახადებით. წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა რევოლუციიდან სულ 20 წელიწადში, მოსახლეობის 12%-დან 96%-მდე გაიზარდა. ჩამორჩენილი აგრარული რუსეთის იმპერია მოწინავე ინდუსტრიულ ქვეყნად იქცა. მეცნიერებისა და სამხედრო თუ საჰაერო ტექნიკის სფეროში მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს უწევდა კონკურენციას; პირველი ადამიანი გაუშვა კოსმოსში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კოსმოსის კვლევაში; შექმნა თვითმყოფადი და მსოფლიო ისტორიული ღირებულების ლიტერატურა, კინო, თეატრი, არქიტექტურა, საოპერო და საშემსრულებლო ხელოვნება. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა კავშირი გადაიქცა „ზესახელმწიფოდ“, რომელსაც ოთხ კონტინენტზე საკუთარი გავლენის სფეროები და მოკავშირე სახელმწიფოები ჰყავდა. როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და „ცივი ომი“ წარსულს ჩაბარდა, დასავლეთის ინტელექტუალებმა იმაზე მსჯელობა დაიწყეს, რომ თავად დასავლური სახელმწიფოების სოციალური დაცვის სისტემები, რომლებიც უკვე მესამე ათწლეული პერმანენტული შეკვეცა-შემცირების პროცესში იმყოფება, საბჭოეთის კონკურენციის შიშით ხომ არ არსებობდა?

ოქტომბრის რევოლუციიდან 74 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. მის ნანგრევებზე აგრესიული ეთნონაციონალიზმები და განმანათლებლობამდელი რელიგიურობა, XIX საუკუნის ტიპის კაპიტალიზმები და ნეოკოლონიალური ეკონომიკური სისტემები, განათლების კატასტროფულად დაბალი დონე, მეცნიერების მოშლა, ავტორიტარული რეჟიმები და ძალოვანთა განუკითხაობები ამოიზარდა. კაპიტალიზმმა კი თანამედროვე სამყაროში თავისი ერთადერთი ალტერნატივა დაკარგა და იდეოლოგიური კონკურენცია ახალი ნაციონალიზმებითა და რელიგიური დაპირისპირებებით შეიცვალა. ამდენად, გასაკვირი არ უნდა იყოს საბჭოთა სისტემისადმი ნოსტალგია არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, არამედ თვით დასავლეთშიც კი.

საბჭოთა კალენდრებში, რომლებიც ყველა საბჭოთა მოქალაქის სახლებში, კედელზე ეკიდა და ყოველდღე თითო ფურცელი უნდა მოხეოდა, ოფიციალური წელთაღრიცხვის პარალელურად, ოქტომბრის რევოლუციის შესაბამისი წლისთავი იყო მითითებული: მაგალითად, 1972 წელი, ოქტომბრის რევოლუციის 55-ე წლისთავი. ასე გადაიქცა 1917 წლის 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი) ახალი წელთაღრიცხვის ნული წლის პირველ დღედ.