ნეოფაშიზმი დღევანდელი დღის ნაყოფია და მისი საფუძვლები ისევ თანამედროვეობაში უნდა ვეძებოთ. ნეოფაშიზმს, ან მემარჯვენე ექსტრემიზმს, რომელიც სამყაროს ეპიდემიასავით მოედო, არანაირი ბმა ისტორიულ ფაშიზმთან არ აქვს. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მისი მამოძრავებელი მუხტი ერთგვარი პროტესტიცაა მსოფლიოს დომინანტი პოლიტიკური სისტემის მიმართ, რომელსაც ლიბერალური დემოკრატიის სახელით ვიცნობთ. 

თუმცა, ისტორიულ ფაშიზმსაც და თანამედროვე ნეოფაშიზმსაც ხშირად იდენტური სოციალური, ასევე ფსიქოლოგიური და კულტურულ-იდეოლოგიური საფუძვლები და „იდეალები“ აქვთ: ფაშიზმი მაშინ იკრებს ძალებს, როდესაც მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ყოფას ადამიანები სასოწარკვეთამდე მიჰყავს. ფაშიზმი/ნეოფაშიზმი სოციალურ უკმაყოფილებას უსაგნო და უპერსპექტივო ნაციონალიზმად გარდაქმნის, ჩაგვრითა და უსამართლობით გამოწვეულ სიბრაზეს კი – ეროვნულ, რელიგიურ შუღლად. ფაშიზმი მოსახლეობას სოციალური სიდუხჭირის სანაცვლოდ სთავაზობს ეთნოცენტრიზმს, რასიზმს, სექსიზმს, ჰომოფობიას, აგრესიას ემიგრანტებისა თუ ლტოლვილების მიმართ. ნაციონალიზმი, ეროვნული სიამაყე, დიადი წარსულის მითები და საკუთარი გვარტომობის სხვებზე აღმატებულება, არარსებული „საყოველთაო კეთილდღეობის“ ფსიქოლოგიური კომპენსაციაა: ვართ ღატაკი, ჩაგრული, მაგრამ სამაგიეროდ ვართ ამაყები, წინაპრების წარსული გმირობებით სხვა ხალხებზე აღმატებულები. განსაკუთრებულობის განცდა ტკივილგამაყუჩებელია, რომელმაც სასოწარკვეთის განცდა უნდა დააცხროს. ნეოფაშიზმი სოციალური უსამართლობით გამოწვეულ ბრაზს მიმართულებას უცვლის და სამიზნედ „უცხოებს“, „გადაგვარებულ“ თანამოქალაქეებს არჩევს. ჩაგვრისა და უსამართლობის სისტემა უცვლელი რჩება, მთელი საპროტესტო ენერგია კი თავის რეალურ მიზანს სცდება და იმავე ჩაგრულ ხალხს ყოფა კიდევ უფრო უმძიმდება. ასეთია ყველა ისტორიული ფაშიზმის შედეგი – საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად ისინი იჩაგრებიან, ვინც პოლიტიკურ დემაგოგთა ცდუნებაზე წამოეგო.

 

„ფაშიზმი ჩვენს თავებში“

ისტორიულ ფაშიზმში, უპირველეს ყოვლისა, მუსოლინის იტალიური ფაშიზმი და გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი იგულისხმება, თავისი ტოტალიტარული, გასამხედროებული სახელმწიფო სისტემით, დემოკრატიული ინსტიტუციების მოშლით, არჩევნების გაუქმებით, ბელადის (ფიურერის) კულტით, იმპერიალიზმით, მსოფლიო ომით, საკონცენტრაციო ბანაკებით და ჰოლოკოსტით, რომელმაც 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად, არსებობა შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულმა ფაშისტურმა დიქტატურებმა (ფრანკო – ესპანეთში, სალაზარი – პორტუგალიაში, პინოჩეტი – ჩილეში) XX საუკუნის მეორე ნახევრამდე იარსება, ფაშიზმი, როგორც პოლიტიკური სისტემა, ისტორიას ჩაბარდა. შემდეგ იყო ნიურნბერგის სასამართლო პროცესი, სადაც გერმანული ნაციზმი კაცობრიობის – ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეფასდა, ათეულობით ათასი სამეცნიერო გამოკვლევა, ლიტერატურული, სახელოვნებო, საგანმანათლებლო თუ ფილოსოფიური გააზრება მოჰყვა, თუმცა ფაშიზმის სრული აღმოფხვრა მაინც ვერ მოხერხდა, რადგან არსად გამქრალა თავად ფაშისტური აზროვნების სტილი, „ფაშიზმია ჩვენში, ჩვენს თავებში, ჩვენს ყოველდღიურ ქცევაში“, – როგორც ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო წერდა: – „ფაშიზმი გვაიძულებს, ვესწრაფოდეთ იმას, რაც ჩვენვე დაგვიმორჩილებს და გაგვყვლეფს“. 

ფაშიზმის დამანგრეველი ძალის გააქტიურება, კოლექტიური ერთობის შექმნის მოთხოვნაში გადადის, რომელიც „უცხოებისგან“ თავდაცვის მიზნით, „თავისიანების“ შემოკრებას და გამთლიანებას გულისხმობს. უცხოსგან, „სხვებისგან“ გაწმენდილი ეს კოლექტიური სხეული არ არის საზოგადოება, ის ჯერ თემია.

გერმანელი სოციოლოგი ფერდინანდ თიონისი (1855-1936) „თემს“ (Gემეინსცჰაფტ) „საზოგადოებისგან“ (Gესელლსცჰაფტ) მიჯნავს. ის ამბობს, რომ თემი კოლექტიური ერთობის უძველესი ფორმაა, რომელიც პირვანდელი სახით სისხლით მონათესავეებს აერთიანებს („სისხლის ერთობა“). ის „ადგილის ერთობად“, ანუ ერთი მიწის მკვიდრთა კავშირად ვითარდება და ბოლოს „სულიერ ერთობად“ გვირგვინდება (თანამოაზრე). თემში ყოველი ინდივიდი საკუთარ თავს ერთი დიდი კოლექტიური სხეულის ნაწილად განიცდის და თავის აზროვნებას და ქმედებებს საყოველთაო წესებს უქვემდებარებს. თემისგან განსხვავებით, საზოგადოება ჰეტეროგენული წარმონაქმნია და მხოლოდ ქალაქურ გარემოში არსებობს. ის ადამიანთა პრაგმატული კავშირებისგან იქმნება, როცა გადამწყვეტია ინტერესთა თანხვედრა. 

ერთ აზრზე მყოფი თემის საპირისპიროდ, საზოგადოება მრავალი ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთში კენჭისყრით, რეფერენდუმებით თანხმდება. დემოკრატიული მმართველობაც შესაძლებელია მხოლოდ „საზოგადოებრივი დაკვეთით“ და არა თემური ერთსულოვნებით, რომელიც ავტორიტარულ სისტემას ბადებს.

თანამედროვე თემურობა საზოგადოების მოშლის ფონზე ჩნდება. როგორც სისხლის და მიწის ერთობა, თემი თანამედროვე სამყაროში ფაშიზმის პროტოტიპად ბრუნდება. ესაა კოლექტიური იდენტობის ჰიპერტროფია, გაზვიადებული ერთობის ძალა. რასობრივი თუ ეთნიკური „სისუფთავე“ ერის ეთნოსამდე და გვარტომობამდე, ანუ სისხლით ერთობამდე შეკუმშვაა. ეს „სუფთა სისხლის“ ერთობაც განაგრძობს ფილტრაციას, – „ჭეშმარიტი“ თვისტომის „არაჭეშმარიტისგან“, „ნორმალურის“ „არანორმალურისგან“, „ჯანსაღის“ „არაჯანსაღისგან“  გამიჯვნას. ამ დაუსრულებელ პარანოიას კი ისედაც დავიწროებული ერთობა, საბოლოო ჯამში, სრულ თვითგანადგურებამდე მიჰყავს. 

ყველა ფაშიზმი თავდაპირველად თვითგადარჩენის ინსტინქტით იწყება, მაგრამ ბოლოს ავტოიმუნურ დაავადებად იქცევა და საკუთარი თავის განადგურებით სრულდება. 

თუმცა ამ სნეულების გააქტიურება დღევანდელ სამყაროში სხვა საფრთხეებზე რეაქციაა.

 

ნეოფაშიზმის გენეალოგია

ნეოფაშისტური გაერთიანებები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 1950-იან წლებშივე გაჩნდა, მაგრამ ცალკეული ძალადობრივი ექსცესების მიუხედავად, XX საუკუნის ბოლო ათწლეულამდე ისინი სრულიად მარგინალურ ჯგუფებად დარჩნენ; ჯგუფებად, რომლებიც ნაცისტურ სიმბოლოებსა და ჟესტებს იმეორებდნენ, მაგრამ არც იდეოლოგია ჰქონდათ, არც ორგანიზების უნარი. ამიტომაც მათ უფრო ჰულიგნებად მიიჩნევდნენ. 

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 1990-იან წლებში, როდესაც „ცივი ომის“ დამთავრებას და სოციალისტური ბანაკის მოშლას ახალი ნაციონალიზმები და რელიგიური კონფლიქტები მოჰყვა. ბალკანეთი, დნესტრისპირეთი, კავკასია, ცენტრალური აზია შეიარაღებული კონფლიქტების, ეთნიკური წმენდების, დეპორტაციებისა თუ მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ასპარეზებად გადაიქცა, რომელთა უკანაც აგრესიული ნაციონალიზმი, ეთნიკური და რელიგიური შუღლი და მესიანისტურ იდეებს ამოფარებული სიძულვილის იდეოლოგიები იდგა. 

კონფლიქტებმა და ეკონომიკურმა კატასტროფებმა, მთელი ყოფილი სოცბანაკის ქვეყნები მოიცვა, დასავლეთ ევროპაში ემიგრანტების ახალი ტალღა წარმოშვა, რასაც აქამდე მარგინალური ნეოფაშისტური დაჯგუფებების გაფართოება და გააგრესიულება მოჰყვა. დაიწყო სისტემატური თავდასხმები ემიგრანტებსა თუ ლტოლვილთა თავშესაფრებზე, რომლებსაც მსხვერპლიც ახლდა. ამ ცალკეულ ექსცესებზე არანაკლებ სახიფათო ევროპის ლიბერალურ საზოგადოებაში უცხოელების მიმართ განწყობის ცვლილებაც იყო. ლიბერალურ დასავლეთში კი ჯერ რეგიონულ, შემდეგ ცენტრალურ პარლამენტებში მემარჯვენე პოპულისტური პარტიები გაჩნდა. XXI საუკუნეს დასავლეთი ორი მთავარი პრობლემით შეხვდა: ემიგრანტები და უცხოელების მიმართ ადგილობრივების მზარდი სიძულვილი. ამ თემებმა უმუშევრობა და ეკონომიკური სტაგნაციებიც კი გადაფარა. თუმცა ახალი საუკუნის დასაწყისშივე განვითარებულმა მოვლენებმა თავისი სისასტიკის მასშტაბებით 90-იანი წლები დავიწყებას მისცა და სამყაროში იდეოლოგიური ვექტორი კიდევ უფრო მკვეთრად მარჯვნივ გადახარა.

2001 წლის 11 სექტმბერს, ნიუ-იორკში ალ-ყაიდას ტერაქტს სამი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამას, პირველ რიგში, აშშ-ში, შემდეგ კი ევროპაშიც ჯერ პატრიოტული ეიფორიის აფეთქება და, მუსლიმების მიმართ, შეიძლება ითქვას, პარანოიული განწყობა მოჰყვა: მუსლიმი ავტომატურად ტერორიზმში ეჭვმიტანილად აღიქმებოდა. ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა ტერორს ომით უპასუხეს, რაც ავღანეთში შეჭრით და თალიბების ისლამისტური რეჟიმის დამხობით დაიწყო და 2003 წელს, გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, აშშ-ისა და ბრიტანეთის ერაყში ინტერვენციით გაგრძელდა. ამან მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა და ახლო აღმოსავლეთის სრული დესტაბილიზაცია გამოიწვია. შემდეგ უკვე, „ისლამური სახალიფო“ შეიქმნა და სირიის კონფლიქტი დაიწყო. უშუალოდ საომარი მოქმედებებისა თუ ტერაქტების დროს უამრავი ადამიანი დაიღუპა, პარალელურად კი, ამ ხანგრძლივი და სისხლიანი დესტაბილიზაციის შედეგად, ევროპას ახლო აღმოსავლეთიდან ემიგრანტთა და ლტოლვილთა წარმოუდგენელი მასშტაბის ნაკადები მოადგა. მიგრაციის თემამ მთელ ევროპაში გზა გაუხსნა მემარჯვენე რადიკალურ ძალებს.  

ერაყში ომს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ერქვა, რომელმაც თავად დემოკრატიული დასავლეთის ფუნდამენტური იდეალები შეარყია. ერაყზე ფრანგი ფილოსოფოსი, ჟაკ დერიდა წერდა, რომ დასავლური დემოკრატია ავტოიმუნური დაავადებითაა დასნეულებული – დემოკრატიული იდეალების მსოფლიოში გასავრცელებლად ბრძოლა ამავე იდეალების განადგურების ხარჯზე ხდება.  

დემოკრატიული და ჰუმანისტური იდეალებისთვის, სადაც ცენტრში ადამიანის  ღირსება და თავისუფლების ხელშეუხებლობა დგას, შემაძრწუნებელი აღმოჩნდა 2003 წელს გუანტანამო ბეიში ტერორიზმში ეჭვმიტანილთა საპყრობილეში, პატიმრებზე სასტიკი ძალადობის ამსახველი მასალა. გუანტანამომ არა მხოლოდ ცალკეულ ინტელექტუალებს, არამედ დასავლეთის საზოგადოების საკმაოდ მრავალრიცხოვან კრიტიკულ ნაწილს ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკები მოაგონა. ეს აზრი კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც უკვე 2005 წელს ზოგიერთი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსი ლიბიის უდაბნოში ლტოლვილთა ბანაკის შექმნის იდეით გამოვიდა, რომ როგორმე ევროპაში ლტოლვილთა ნაკადები შეეჩერებინათ.  

 

ნეოფაშიზმი, როგორც რეაქცია

მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებამ დასავლეთ ევროპის ქვეყნები სოციალური სახელმწიფოს, საყოველთაო კეთილდღეობის იდეისკენ წაიყვანა. სოციალურ უთანასწორობას დამანგრეველი შედეგები მოჰქონდა და ანტიდემოკრატიულ ძალებს უხსნიდა გზას. ფაშიზმი კი, სოციალური უთანასწორობის პირობებში, დემოკრატიას შესაძლებელს ხდიდა. მეორე მხრივ, ცივი ომის დროს, სოციალურ სახელმწიფოს დასავლეთი საბჭოური ყაიდის სოციალიზმისგანაც უნდა დაეცვა და სოციალური საბაზრო ეკონომიკის უპირატესობაც დაემტკიცებინა. სოციალურ სახელმწიფოში სახელმწიფოა თანასწორობის გარანტი. ასეთი სახელმწიფოს ხერხემალი კი სოლიდარობაა – საზოგადოების ყველა წევრი ვალდებულია, გადასახადებით ხელი შეუწყოს სოციალურად დაუცველ, დაბალშემოსავლიან ფენებს, რომ ყველასთვის ისეთი საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სამუშაო პირობები შეიქმნას, სადაც ყველას თვითგანვითარების თანაბარი პირობები ექნება. 

ეს ვითარება თანდათანობით იცვლება 1970-იანი წლებიდან, როდესაც ეკონომიკური თეორიები, რომლებიც „ნეოლიბერალიზმის“ ზოგადი სახელითაა ცნობილი, ახალ პოლიტიკურ იდეოლოგიად და სახელმწიფო პრაქტიკად იწყებს დამკვიდრებას. ნეოლიბერალიზმი, როგორიც ის პოლიტიკურ პრაქტიკაში გამოჩნდა, მდიდარი უმცირესობის იდეოლოგიაა, რომლის ცენტრშიც არარეგულირებადი „თავისუფალი ბაზარი“ დგას. ნეოლიბერალიზმის ამოსავალი წერტილი რწმენაა, რომ მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრება ყველასათვის სასარგებლოა. ყველაფერი, რაც საბაზრო თავისუფლებას და კონკურენციას წინ ეღობება – სახელმწიფო რეგულაციები, პროფკავშირები, შრომის კოდექსები, სოლიდარობა – თავისუფლების მტრობად ცხადდება. „ინდივიდუალიზმი“, რომელსაც ეს იდეოლოგია აღმერთებს, სოციალური დარვინიზმია – „ძლიერი იმარჯვებს სუსტზე“ და, შესაბამისად, „საუკეთესოები“ გადარჩებიან. „უკეთესობა“ სიმდიდრის პროპორციულია, მდიდარი ავტომატურად კარგიცაა, ხოლო ღარიბი მუქთახორად ირაცხება. ამ პოლიტიკის მთავარი მსხვერპლი დასავლური დემოკრატიის ფუნდამენტი – სამოქალაქო საზოგადოებაა. ნეოლიბერალური რეფორმების პიონერმა – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ თეტჩერმა განაცხადა: „არ არსებობს ისეთი რამ, რასაც საზოგადოება ეწოდება. ქალები, მამაკაცები და ოჯახები ინდივიდუალურად არსებობენ. ხალხის გარეშე ვერცერთი მთავრობა ვერაფერს გახდება და, პირველ რიგში, ამ ხალხმა თავადვე უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე“. შესაბამისად, ამგვარი იდეოლოგიის პრაქტიკაში გადატანით, რომელიც ბრიტანეთში თეტჩერმა, აშშ-ში რეიგანმა წამოიწყეს და 90-იანი წლებიდან მთელ მსოფლიოს მოედო, სოციალური სისტემების შეკვეცა-ლიკვიდაცია მოხდა. 

ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მდიდარ უმცირესობას კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე მოუტანა, ტრანსნაციონალურმა კონცერნებმა, ფაქტობრივად, სრული ჰეგემონია მოიპოვეს პოლიტიკაზე. 2003 წელს ერაყში ინტერვენციას აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ „თავდაცვითი ომი“, თავისუფლების და დემოკრატიის გავრცელების მისია უწოდა. ერაყის ნავთობიც, რომელიც ომის შემდეგ ამერიკული და ბრიტანული კონცერნების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, ამ ამაღლებული მიზნის შესახებ პროპაგანდით გადაიფარა. 

ნეოლიბერალურ პოლიტიკას ეკონომიკური კრიზისები მოჰყვა. 2007 წლიდან მიგრაციის ახალი დინებები დაიწყო, რამაც თავად ჰეგემონი დასავლური საზოგადოების შინაგან პოლარიზაციას შეუწყო ხელი. მდიდარი და მაღალშემოსავლიანი ელიტები თავიანთი ინტერესებით, პრობლემებით, განათლების დონით უკიდურესად დაშორდნენ დაბალანაზღაურებად უმრავლესობას. შედეგად კი, გულაცრუებისა და ნიჰილიზმის სამიზნე ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემა აღმოჩნდა. ეს ნიჰილიზმი მმართველი მემარცხენე თუ მემარჯვენე ლიბერალური პარტიების რეიტინგებზეც აისახა. სწორედ ასეთ ვითარებაში იწყება მემარჯვენე რადიკალიზმის გააქტიურება, რომლებიც ყველგან მმართველი ლიბერალური ელიტების შესუსტების ხარჯზე იკრებენ ძალას. განსხვავებით ლიბერალური ელიტებისგან, ისინი ენით, მეტყველების მანერით, ლექსიკით ფართო მასებისგან გაუცხოებული არ არიან. მემარჯვენე პოპულისტები თუ ნეოფაშისტები კი მარტივ და გასაგებ ენაზე მეტყველებენ და იოლად ახერხებენ ხალხის აყოლიებას. მათ ბრაზს მიმართულებას უცვლიან და უცხოელებსა და ლტოლვილებზე მიმართავენ, ახალ განტევების ვაცებს აწარმოებენ, სწორედ იმ ღირებულებების საპირისპიროდ, რასაც ლიბერალური ელიტები ბოლო 30 წელია, პრიორიტეტებად აცხადებენ – გენდერული თანასწორუფლებიანობა თუ ლგბტ თემატიკა. 

ნეოლიბერალიზმის გაფეტიშებული „ინდივიდუალიზმი“ მხოლოდ იდეოლოგიური მეტაფორა არ ყოფილა, – ის ახალი სუბიექტის გამოყვანის წარმატებული პროექტი გამოდგა. სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა, უსასრულო პრივატიზაციებმა შეამცირა და შეზღუდა საჯარო სივრცეები, გარდაქმნა სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემები, ფუნდამენტური ცოდნა მენეჯმენტმა შეცვალა. კონკურენციის პარანოიამ საზოგადოების შიგნით სოლიდარობის საყრდენი შეარყია. როდესაც საზოგადოება, როგორც კოლექტიური ერთობის ფორმა, რღვევას იწყებს, მის სანაცვლოდ კოლექტიური იდენტობის ყველაზე არქაული მოდელი – თემი ძლიერდება. სისხლის ერთობა, მიწის საკრალიზაცია და „ტრადიციონალიზმი“ – თემურობის პრინციპის გაცოცხლების ნიშნებია. ესაა, რაც სოციალურად დამარცხებულ უმრავლესობას ღირსების გრძნობას უბრუნებს და სამყაროში იდენტობის დაკარგვისგან მთავარ დამცველად წარმოუდგება. 

ნეოფაშიზმის გააქტიურება პირდაპირპროპორციულია ნეოლიბერალური პოლიტიკისა, რომელიც თავად უწყობს ხელს საზოგადოების პოლარიზაციას. ეს პროცესი უფრო ცხადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩანს, რისი სანიმუშო მაგალითიც საქართველოა. საბჭოთა პერიოდში დაგროვილი სოციალური უკმაყოფილება, რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, ცხოვრების დაბალი სტანდარტები, პროდუქტების დეფიციტი, სიღარიბე, დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების ფაქტობრივი არარსებობა იყო, მეორე მხრივ კი, ტოტალური კორუფცია და პარტიული და კრიმინალური ელიტების აღვირახსნილობა, ადვილად გარდაისახა ეთნონაციონალიზმად. ნაციონალიზმიცა და რელიგიურობაც ერთგვარი თავდაცვა იყო დაშლილი კოლექტიური იდენტობისა და უსაფრთხოების პირობებში. „გენეტიკურად ქართველი“ და „გენეტიკურად მართლმადიდებელი“, როგორც იდენტობის ფორმები, თემური „სისხლის ერთობის“ გამოძახილი იყო. 

2004 წლიდან ხელისუფლებაში მოსულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის მოდერნიზაციისა და „გაევროპულების“ რეცეპტად ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა აირჩია. დაჩქარებულმა პრივატიზაციამ, დაბალმა გადასახადებმა, დასაქმებულთა ინტერესების იგნორირებამ, „ნულოვანი ტოლერანტობისა“ და პოლიციური ძალადობის თანხლებით, მოსახლეობის დიდი ნაწილის ეკონომიკური გაჩანაგება გამოიწვია. სოციალური ემპათიისა და სოლიდარობის არარსებობის პირობებში, რელიგიურობა თემური იდენტობის ერთადერთ თავშესაფრად იქცა, ხოლო დასავლურობა და ლიბერალიზმი – ჩაგვრის და ყვლეფის სიმბოლოებად. 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ მასობრივი უკმაყოფილებისა და აღშფოთების ძალით შეძლო არჩევნების მოგება. მერე კი სრულყოფილებამდე მიიყვანა ბენდუქიძე-სააკაშვილის დროს დაწყებული ნეოლიბერალიზაცია.

არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ საქართველო ნეოლიბერალური პროექტის შეულამაზებელ, კარიკატურულ ილუსტრაციად აქცია: ბრჭყვიალა ფასადებს მიღმა უკიდურესი გაჭირვება და სასოწარკვეთა, პარაზიტული ეკონომიკაა, რომელიც არაფერს არ აწარმოებს და ტურისტების დანატოვარ წყალობაზეა აგებული; გვაქვს აზარტული თამაშების ბიზნესი, რომელიც თაობებს მომავლის პერსპექტივას უკარგავს; ბანკები, რომლებიც არაადეკვატურად მაღალი პროცენტებით ძარცვავენ საკუთარ მოსახლეობას; ბიზნესმენები, რომლებიც კანონმდებლებად არიან მოვლენილი და მხოლოდ საკუთარი ბიზნესინტერესების შესაბამის კანონებს ქმნიან.

ნეოლიბერალიზმს – მდიდარი უმცირესობის ამ „ინდივიდუალისტურ“ იდეოლოგიას, რომლის მედროშეც საქართველოს პოლიტიკური ელიტებია, – არა მხოლოდ თავისი სუბიექტი ჰყავს, ბეჯითი და წარმატებული ადამიანის სახით, რომელსაც „საკუთარი ბედი ხელთ უპყრია“, არამედ „ინდივიდუალისტური“ და ანტისოციალური პოლიტიკის შედეგად განათლებავერმიღებული, კონკურენტუუნარო, უპერსპექტივოდ დარჩენილი, იპოთეკისგან დაზარალებული, ტოტალიზატორებსა და კაზინოებში გაღატაკებული და გაუსახლკაროებული ადამიანთა მთელი ლეგიონები. ისინიც ნეოლიბერალიზმის პროდუქტები არიან, რომლებსაც, როგორც ლამაზი ხედის დამამახინჯებლებს, კულისებში ერეკებიან. მაგრამ სწორედ ამ სოციალური კატეგორიის წარმოებაა აუცილებელი ტურიზმზე ორიენტირებული პარაზიტული ეკონომიკისათვის, ესაა თავისუფალი ბაზრის დაკვეთა – დაბალანაზაურებადი, არაკვალიფიციური მუშახელი, რომელიც ცუდ სამუშაო პირობებზე თანხმდება. 

ეს გარემოებები მოსახლეობაში ბუნებრივად თემურობის აუცილებლობას წარმოქმნის და ნეოფაშიტებისათვის იოლი ნადავლი ხდება. მდიდარი უმცირესობის აღვირახსნილ ჰეგემონიაზე რეაქციას მიმართულება ეცვლება და განტევების ვაცის მიმართ სასტიკ ძალადობად ტრანსფორმირდება. 

ესაა რეალობა, რომლის გაცნობიერებისა და სოციალურისკენ შებრუნების გარეშე, უაზრო წყლის ნაყვა ხდება „ტოლერანტულობის ძირძველ ტრადიციებზე“, მოყვასისა და მტრის სიყვარულზე აპელირება.