ჰიუსტონის პირველმა ღიად ლესბოსელმა მერმა, ენის პარკერმა, „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ ბლოკნოტს, რომელშიც ის ამ პოსტზე ყოფნისას თავის ისტორიებს იწერდა, სახელი რომ ჰქონოდა, ასეთი იქნებოდა: „Would This Have Happened to Another Mayor?“  („გადახდებოდა თუ არა ეს ამბავი სხვა მერს?“)

საქართველოში, არჩევნებში პირველად იღებს მონაწილეობას ღიად ლესბოსელი კანდიდატი ნინო ბოლქვაძე. მისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის თვალის შევლებაც საკმარისია, რომ დავასკვნათ: ეს ამბავი ნამდვილად არ გადახდებოდა სხვა კანდიდატს.

ნინო ბოლქვაძის არჩევნებში მონაწილეობა ისტორიულია: ეს მისი პირადი მსხვერპლია იმისთვის, რომ ადამიანებმა ირწმუნონ – საკუთარი ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ეს ნინო ბოლქვაძის პირადი წვლილია იმაში, რომ ლესბოსელი, გეი, ტრანსგენდერი და ბისექსუალი მოქალაქეები სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობამდე არ დააკნინონ; რომ სახელმწიფომ და საზოგადოებამ პატივი სცეს მათ ადამიანურ ღირსებას და მოქალაქეობრივ სტატუსს; ეს მისი პირადი ბრძოლაა იმისთვის, რომ, თუკი ხელისუფლების წყარო ხალხია, ხალხმავე მიაკუთვნოს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები საზოგადოებას.

ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიული მმართველობის ყველაზე დაბალი საფეხურია და, წესით, ადგილობრივ საკრებულოებში მოხვედრა ნებისმიერი მოქალაქისთვის იოლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში, ადგილობრივი დემოკრატიის ნაცვლად, ცენტრალურ ხელისუფლებაზე პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად მკაცრად დაქვემდებარებული სისტემა მივიღეთ.

ნინო ბოლქვაძის მონაწილეობა არჩევნებში სწორედ ერთ-ერთი მთავარი პრინციპის – თანასწორობის – ტესტია. ქართული პარტიების უმრავლესობა პოლიტიკური მონაწილეობის იდეას ყოველთვის აუფასურებდა, ჰომოფობიურ გზავნილებს კი, ლამის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად იყენებდა. საკუთარი კანდიდატურის დაყენება დედაქალაქის საკრებულოს წევრად, ნინო ბოლქვაძისგან არა მხოლოდ წარმოუდგენელი გამბედაობაა, არამედ – თავგანწირვაცაა რაღაც უფრო მეტისთვის.

რასაკვირველია, ჰომოფობიურ გარემოში ღიად ლესბოსელი კანდიდატი დამარცხებისთვისაა განწირული. პოლიტიკურად და სოციალურად მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ვერცერთი ლოგიკით ვერ მოიგებს არჩევნებს. მაშინ რატომ მიდიან დამარცხებულ ბრძოლაში ადამიანები? რა უნდა ნინო ბოლქვაძეს? თუ არა უფრო მეტი, ვიდრე არჩევნებია?!

ის, რასაც ნინო ბოლქვაძე და ჩვენ ყველანი ამ არჩევნებიდან მივიღებთ, არის:

ნინო ბოლქვაძე ღიად ლესბოსელი კანდიდატიცაა და ქალიც. ამომრჩეველთა ერთიან სიაში უმრავლესობა, 53.76%, ქალია. თუმცა, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატებიდან 63.12% კაცია, 36.88% კი – ქალი. ხოლო მაჟორიტარული სისტემით წარდგენილი კანდიდატებიდან 83.70% კაცია, 16.30% – ქალი. როგორც ვხედავთ, ქალების უფლებრივი მდგომარეობის გარდა, სერიოზული პრობლემა სწორედ მათი პოლიტიკური რეპრეზენტაცია და მათ მიმართ მტრული პოლიტიკური გარემოა. ნინო ბოლქვაძე ლესბოსელი, გეი, ტრანსგენდერი და ბისექსუალი ადამიანების თემიდან მოდის. ის მათ უფლებებს და ინტერესებს წლებია იცავს. დღეს, ნინოს პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა აქვს და მისთვის კამპანიის საწარმოებლად პარტიული ინფრასტრუქტურაც ხელმისაწვდომია. მას ოჯახი და მეგობრებიც ღიად უჭერენ მხარს, რაც საჯარო გაკიცხვის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ემოციური დასაყრდენია.

ნინო ბოლქვაძეს შეუძლია, საკუთარი სექსუალური ორიენტაციიდან ყურადღება იმ საკითხებზე გადაიტანოს, რაზეც ღელავს. მართალია, მედიამ ის უკვე ლესბოსელ კანდიდატად შერაცხა და მისი მნიშვნელობა სექსუალურ ორიენტაციამდე დაიყვანა, მაგრამ დასაწყისისთვის ეს ალბათ მნიშვნელოვანიც იყო. მიუხედავად ამისა, ნინო ბოლქვაძე ახერხებს, კამპანიის დროს მნიშვნელოვანი აქცენტები გამოკვეთოს, საკუთარ წრეში არ ჩაიკეტოს და ყველა თბილისელ ამომრჩეველს გასაგებ ენაზე ესაუბროს;

ნინო ბოლქვაძე ცდილობს, პოლიტიკაში ლესბოსელი ქალის უნიკალური გამოცდილება, სრულიად უნიკალური პერსპექტივა შემოიტანოს. მას ბევრი სათქმელი აქვს მუნიციპალური სერვისების, ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხო საჯარო სივრცეების შესახებ. თუმცა, მთავარ როლს მაინც სხვა კანდიდატების წინასაარჩევნო ჰომოფობიის გამოვლენაში თამაშობს.

ღიად ლესბოსელი ქალისთვის საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ახლა ძალიან ცუდი დროა, მაგრამ ამისთვის ხელსაყრელი მომენტი თავისით არასდროს დადგება. ნამდვილი არჩევნების ბუნებაც ეს არის: არაფერი გეძლევა თავისთავად და წინასწარ თითქმის არასდროს იცი, რა შედეგი მოჰყვება შენს ძალისხმევას. ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე არაპროგნოზირებად და უცნაურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ჰილარი კლინტონმა თავის ახალ წიგნს, სახელწოდებით „რა მოხდა“, მონათა გამათავისუფლებელი ქალის, ჰარიეტ ტაბმანის ეს სიტყვები წაუმძღვარა:

„If you are tired, keep going.

If you are scared, keep going.

If you are hungry, keep going.

If you want to taste freedom, keep going.“

კლინტონი ამბობს, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რასაც ჰარიეტ ტაბმანი ხვდებოდა, ის არასდროს ნებდებოდა და ბრძოლას მაინც აგრძელებდა. ამიტომაც აირჩია ნინო ბოლქვაძემ დამარცხებულ ბრძოლაში არდანებება. მე კი იმედი მაქვს, ისიც, ჰარიეტ ტაბმანივით, სხვებსაც მოუტანს თავისუფლებას.