მიშელ ფუკოს აზრით, არსებობს სტრატეგიები, სტრატეგების გარეშე. შესაბამისად, ძალაუფლება ანონიმურია და, ამდენად, არც იმას უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ვინ იმყოფება მის სათავეში. პიროვნებები, ძალაუფლების მპყრობელებად რომ წარმოაჩენენ თავს, მხოლოდ სახელებია იმ სიმპტომის, რომელსაც ძალაუფლების ისტორიის აქტუალური სტადია განასახიერებს. ანონიმური ძალაუფლება ადამიანის ფიგურად გადაიქცევა და, როგორც ბერძნულ თეატრში ჩნდებოდა მექანიკური მოწყობილობის მეშვეობით რომელიმე ღმერთის გამოსახულება, ისე ჩნდება აქაც ძალაუფლების მპყრობელი, რათა ადამიანებს შორის მოუგვარებელ კონფლიქტებს წერტილი დაუსვას და სცენაზე გათამაშებული ტრაგიკული ისტორია ლოგიკური დასასრულისკენ წარმართოს.

კლასიკურ საბერძნეთში ტრაგედიები ერთჯერადი შესრულებისათვის იწერებოდა. ყველა ბერძნული ტრაგედია – „მიჯაჭვული პრომეთე“, „მეფე ოიდიპოსი“, „ელექტრა“ თუ „მედეა“ – მათი შექმნის ეპოქაში მხოლოდ ერთხელ სრულდებოდა. როდესაც ტრაგედიების განმეორებით თუ სერიულ შესრულებაზე გადავიდნენ, ტრაგიკული ხელოვნება უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო. შეიძლება ამაში ის აზრიც იყო, რომ ტრაგედია ერთჯერადია, ის ერთხელ ხდება და მისი განმეორება, ან თუნდაც მცდელობაც კი, მის არსობრივ ცვლილებას იწვევს.

„ჰეგელმა სადღაც შენიშნა: ყველა დიდი მსოფლიო-ისტორიული ფაქტი და პიროვნება, ასე ვთქვათ, ორჯერ მოევლინებაო. მას დაავიწყდა დაემატებინა: პირველად – როგორც ტრაგედია, მეორედ – როგორც ფარსი“, – ამ სიტყვებით იწყება კარლ მარქსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომი „ლუი ბონაპარტის 18 ბრიუმერი“, რომელიც მარქსმა 1852 წელს საფრანგეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას მიუძღვნა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა ლუი ბონაპარტმა თავი იმპერატორ ნაპოლეონ III-დ გამოაცხადა. ნაპოლეონ III-ს, ზოგჯერ ირონიულად, ზოგჯერ სერიოზულადაც, პირველ ევროპელ ლიბერალ მონარქს უწოდებენ. თუმცა ისტორიკოსთა დიდი ნაწილი მას უბრალო პოპულისტად ახასიათებს, რაც მისი მმართველობის სტილშიც აისახებოდა: ნაპოლეონ III-მ, რომელიც 1848 წლის რევოლუციის წყალობით გახდა რესპუბლიკის პრეზიდენტი, საფრანგეთის იმპერია რეფერენდუმის საფუძველზე აღადგინა. შემდგომ, უკვე იმპერატორობისას, პრესის თავისუფლებაც დაუშვა და არც პროფკავშირების შექმნას შეწინააღმდეგებია. მარქსის აზრით, 1848 წლის რევოლუცია, თავისი შედეგებით, ფარსად გამეორებული საფრანგეთის დიდი რევოლუცია იყო. თუკი პირველი რევოლუცია მსოფლიო ისტორიული ტრაგედიაა, თავისი ტრაგიკული გმირებით, მეორე – მისი პაროდია, რომელშიც გმირების ადგილი კლოუნმა დაიკავა. 1870 წელს პრუსიასთან ომში საფრანგეთის კაპიტულაციას წინ ერთი დეტალიც უსწრებდა: გერმანელების მიერ ალყაშემორტყმულ პარიზში საკვების მარაგები რომ გამოილია და მოსახლეობის უმეტესობა შიმშილობდა, ქალაქის დიდმა ბურჟუაზიამ პარიზის ზოოპარკის ცხოველები დააკვლევინა და მათი ხორცით დელიკატესებს ამზადებინებდა რჩეულთათვის განკუთვნილ ყოველდღიურ წვეულებებზე.

ვალტერ ბენიამინი თავის „ისტორიის ფილოსოფიურ თეზისებში“ წერდა, რომ ისტორიული შემეცნების სუბიექტი მებრძოლი, დაჩაგრული კლასია, რომელიც მარქსის ნააზრევში შურისმაძიებლად გვევლინება და დამარცხებული თაობების სახელით, განთავისუფლების საქმე ბოლომდე მიჰყავს. მაგრამ ამ კლასმა სოციალდემოკრატიული სკოლის გავლით, რომელმაც მას მომავალი თაობების მხსნელის როლი მიუჩინა, ორი მთავარი საბრძოლო თვისება დაკარგა:

„სიძულვილი და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების ნება. რამდენადაც ორივე აახლოებდნენ მას დაყმევებულ წინაპართა სახესთან და არა – გათავისუფლებული შვილიშვილების იდეალთან“.

დროთა განმავლობაში დაკარგული კლასობრივი სიძულვილის ადგილი უცხოს სიძულვილმა დაიკავა. „უცხო“ ყველაფერ იმის სახელია, რომელიც „სახლში მივარდება“, ანუ ჩემ გვერდითაა, მაგრამ ჩემგან განსხვავებული და რაღაცით ჩემს ისეთ მდგომარეობას მახსენებს, რომლის გახსენებაც არ მსიამოვნებს. ამიტომაც „უცხო“ განტევების ვაცად იქცევა, რომლის განადგურებამ მე უნდა მიხსნას, ის პრობლემები მომიგვაროს, რომლებიც თავისთავად მასთან არანაირ კავშირში არაა. მაგალითად, ჩემს გაჭირვებასთან, და არანაირი კავშირი არ აქვს ვინმეს ებრაელობას, ან ჰომოსექსუალობას, ან ემიგრანტობას თუ ფიზიკურ „ნაკლს“, მაგრამ მათზე ძალადობამ იმისი ილუზია უნდა შემიქმნას, რომ ჩაგრული კი არ ვარ, არამედ მეც ძალა მაქვს და სხვაზე ძალადობით საკუთარ სიძლიერესა და აღმატებულობაში დარწმუნება შემიძლია. ფაშიზმი არშემდგარი თუ გზასაცდენილი სოციალური რევოლუციის შედეგია, როდესაც სამიზნე არა ჩაგვრისა და უთანასწორობის რეალური მიზეზებია, არამედ მათი გვერდის ავლით, გამოგონილი ფანტომების დევნა, რომელსაც, საბოლოო ჯამში, მთელი საზოგადოება სრულ თვითგანადგურებამდე მიჰყავს.

თუმცა არსებობს უკმაყოფილო ადამიანების მოთვინიერების უფრო ეფექტური საშუალებაც, რომელიც მთელი თავისი სიცხადით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა. ესაა კონსუმერიზმი – სამომხმარებლო იდეოლოგია და პრაქტიკა, როცა ყველაფერი ყიდვადი და ინტეგრირებადი ხდება.

მაკდონალდსი, ჯინსები თუ საბანკო სესხებით ნაყიდი ავტომანქანები თანასწორობის იმ ილუზიას ქმნის, რომელსაც კეთილდღეობაში მცხოვრები და ამ კეთილდღეობის ხარჯზე განათლებამიღებული ლიბერალური ელიტები ქადაგებენ.

მაგრამ არც საყოველთაო ტოლერანტობის მქადაგებელი ლიბერალური დემოკრატია არსებობს მტრის ხატების გარეშე. აუცილებელია არსებობდეს „ბოროტების იმპერია“, რომელიც „სიკეთის“ იმპერიულობას და მის ჭეშმარიტებას საფუძველს შეუქმნიდა. ამიტომაც რეიგანისეული „ბოროტების იმპერიად“ წოდებული საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ, აუცილებელი გახდა ჯორჯ ბუშის მიერ ისლამიზმის სახით „ბოროტების ღერძის“ გამოგონება და მასთან ძალისმიერი ჭიდილი, რაც მოუგვარებელი შიდა სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის ნაცადი საშუალება აღმოჩნდა. 2003 წელს ამერიკისა და ბრიტანეთის ერაყში ინტერვენციამ, ახლო აღმოსავლეთის ხალხების ტირანიისგან გათავისუფლების სახელით, ლტოლვილთა და მიგრანტთა ახალი ტალღები წარმოშვა, რომლებიც, როგორც ერთ დროს რომის იმპერიის მიერ შევიწროებული „ბარბაროსები“, ისე დაიძრნენ ლიბერალური დასავლეთისაკენ. ამ ახალ „უცხოთა“ კულტურული სხვაობა, მათი შეუთავსებლობა ლიბერალურ იდეალებთან, შიდა სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის პრობლემებიდან ყურადღების გადატანისა და ახალი ფაშიზმის გაღვივების იდეალური ნიადაგი აღმოჩნდა. დონალდ ტრამპის თუ სხვა აღზევებული მემარჯვენე პოპულისტების ნეოფაშისტური რიტორიკა ისეთივე ფარსია, როგორც ნაპოლეონ III-ის კლოუნადური საფრანგეთის იმპერია.

ამ ტრაგიკომიკურ ფარსში ყველაზე ირონიული ისაა, რომ ტრამპის, ლე პენისა თუ სხვა პატარა კარიკატურული „ნაპოლეონების“ ანტილიბერალიზმი თავად ლიბერალური დასავლეთის აღმატებულობის პრინციპების კონსერვაციის, მათი დაცვისა და გადარჩენის იდეალებს ემსახურება, სადაც მუსლიმი, ლტოლვილი თუ ემიგრანტი ანტილიბერალური ბარბაროსობის სიმბოლოებია.

დონალდ ტრამპი თანამედროვე სამყაროს პაროდიულობის სიმპტომის სახელია, რომელიც საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ის გარკვეულ ისტორიულ კანონზომიერებას ააშკარავებს. შესაბამისად, მასში არაფერი ახალი და განსაკუთრებული არაა. „სამყაროში ყველაფერი ისეა, როგორც არის და ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხდება“, – როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ლუდვიგ ვიტგენშტაინი წერდა.