ორშაბათი: კონფერენცია დილის 10 საათზე. საღამოს შეხვედრა სტუმარ არტისტთან. სამშაბათი: კამპანიის კონცეფციის გაცნობა ხუთი სხვადასხვა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან. მერე ფოტოგადაღება. ოთხშაბათი: მეილები, ფოტოები, პოსტები, საღამოს შეხვედრა – მთელი კვირის მანძილზე რომ იგეგმებოდა. ხუთშაბათი: სტატია. პარასკევი: სამინისტრო.

დიდი ამბავი. ეს სამსახურია. დარჩენილ დროში კიდევ რამდენიმე შეხვედრაზე დასწრებას მოახერხებს ადამიანი. აქტივიზმია. საღამოს კიდევ ბევრი დროა დარჩენილი მეგობრებსა და სხვა თანამოაზრეებთან ერთად მილიონი ამბის დასაგეგმად. მეგობრებიცაა, ჰო. ასე ცხოვრობენ ადამიანები გარშემო. სამსახურით, მეგობრებით, საქმეებით.

ასე ცხოვრობ შენც. ერთი განსხვავებით: შენ ყველა ორშაბათს ბოდიშის მოხდით იწყებ.

შენ შვილები გყავს.

ყველაზე დიდ ბოდიშს მათი რაოდენობის გამო იხდი. ტყუპები არიან – შენი სურვილი არ ყოფილა მათი ორობა. შენი ნება რომ ყოფილიყო, მეორეს არ გააჩენდი. არც ერთს გააჩენდი, მაგრამ რას იფიქრებდი? ჰოდა, ორი უბედურება ერთბაშად დაგატყდა თავს: შვილი გააჩინე და შვილის ნაცვლად შვილები შეგრჩა ხელში. მეორედაც რომ იგივე შეცდომა დაგეშვა, მერე უკვე აღარ გექნებოდა გამართლება. კაცმა რომ თქვას, არც ახლა გაქვს, მაგრამ თუ ბევრს ილაპარაკებ, ბოლოს და ბოლოს, მობეზრდებათ და თავს დაგიქნევენ. შეეცოდები.

ამის გარეშე არც ერთი ორშაბათი არ ჩაივლის.

და არც ერთი შაბათი – თუ შემთხვევით, დაძინებული ბავშვების დამტოვებელი ვერავინ იპოვე და მეგობრებს უკვე ყელში ამოუვიდათ შენი „ბავშვ...“ მიზეზების მოსმენა.

ორშაბათს დილით ერთი შვილი სიცხიანი იღვიძებს. კონფერენციას ტოვებ – ექიმს სახლში უნდა დახვდე. სამსახურში უკვე შეატყობინე, რომ ბავშვია სიცხიანი, მაგრამ შუადღით, მას მერე, რაც წამლების გროვა სახლში აზიდე, მაინც გარბიხარ ოფისში – ამ თვეში უკვე მეორედაა, როცა ბავშვი სიცხიანია და არ ხარ დარწმუნებული, რომ ამ ამბავს ვინმე რამე მნიშვნელობას ანიჭებს.

სამშაბათი შედარებით მშვიდია – სამსახურიდან სულ რაღაც ორჯერ გიწევს სახლში ამორბენა – ძიძა რეკავს, რომ პროდუქტები გამოელია; ანტიბიოტიკის მიცემის დროა – აბს ერთი მეოთხედი უნდა ჩამოატეხო. შენ ზუსტად იცი, როგორ გამოიყურება ეს ერთი მეოთხედი. ვერავის ანდობ – ამ წამლის იმედი გაქვს, სამ დღეში უნდა უშველოს.

ოთხშაბათს მეორესაც სიცხე აქვს. ექიმს აღარ იძახებ. ალბათ, იგივე სჭირს, რაც პირველს. სამსახურში მიდიხარ და დღის ბოლოს შეხვედრაზე ბოდიშს იხდი – ბავშვს სიცხე აქვს. მეორესაც, კაცო? აუუუუ... ასე ხშირად რატომ ხდებიან ავად? რამე ვიტამინები სცადეთ? სადმე ჰაერზე წაიყვანე და დაისვენებ.... ცურვამ უშველა ჩემი ბიძაშვილის ბიჭს.

შენს შვილებს არაფერი შველით. ბევრნი არიან და მორიგეობით ავად ხდებიან.

ოთხშაბათ ღამეს ათენებ: პირველს ყური სტკივა. დილით ექიმთან უნდა გააქანო – ვერ მოერია ანტიბიოტიკი. სამსახურში ატყობინებ, რომ ბავშვს ყური სტკივა და დაგაგვიანდება. რომელს და ისევ პირველს. ჰო, იმას, ორი დღის წინ რომ სიცხე ჰქონდა. მეორეს თითქმის გაუარა. პირველს გაურთულდა. ჰყვები და გეშინია, რომ არავის სჯერა. ჰგონიათ, რომ იტყუები? არა, რა თქმა უნდა. აბა? არ იცი. ალბათ, უფრო დაიღალნენ. იქნებ სჯობდა, გეთქვა, რომ ჩაგეძინა? ან სალონში გქონდა ვიზიტი დაგეგმილი? ან ჩამოსული ამანათის წამოღება გეჩქარებოდა? იქნებ, ყველა სხვა მიზეზი სჯობდა იმის მესამედ მოსმენას ამ კვირაში, რომ მეორე ბავშვს მეშვიდედ შეუბრუნდა ავადმყოფობა.

ხუთშაბათს სტატია უნდა ჩააბარო. სამსახურში საქმეები დაგიგროვდა. ღამითაც ვერ იმუშავე – ოთახებს შორის თერმომეტრით ხელში მიმოდიოდი. სტატია მზად არ გაქვს. რა თქმა უნდა, შეგიძლია, რედაქტორს მისწერო, რომ ბავშვები ავად არიან და ვერაფერი დაწერე, მაგრამ გეშინია: მეორედ არავინ მოინდომებს შენთან თანამშრომლობას, თუ ერთი კვირის მანძილზე ბავშვების ავადმყოფობის გამო ერთი გვერდის დაწერაც კი ვერ მოახერხე. კი მაგრამ, ბავშვი ხომ ორია, იქით კიდევ სამსახური გაქვს... ჰოდა, მით უმეტეს. რაც უფრო მეტი ჯოჯოხეთი ტრიალებს შენს თავს, მით უფრო აღარავინ მოინდომებს შენთან თანამშრომლობას. დარდობ. სტატიას მაინც ვერ ასწრებ. მაინც გიწევს ბოდიშის მოხდა – ამჯერად ყურის ტკივილი.

პარასკევს ყველაფერი რიგზეა. მუშაობ. საღამოს სახლში ადრე გამორბიხარ – 6 საათზე ბავშვს ნემსის გაკეთება უწევს.

მობილური სამსახურში გრჩება.

წინ შაბათ-კვირაა.

ორშაბათამდე მიუწვდომელი ხარ.

ამას კი ნამდვილად აღარავინ გაპატიებს:

კი მაგრამ, რაზე ფიქრობდი?

 

ავტორი :
  • მაგდა კალანდაძე