"ეს ყველაფერი თქვენი სახლების გვერდით ხდება, იქ, სადაც თქვენი ბავშვები თამაშობენ"

ფეისკონტროლში ცუდი არაფერია, ისევე როგორც ჰუმანიზმში - ჰიტლერსაც ჰქონდა თავისი, სტალინსაც და მაჰათმა განდისაც.

მაგალითად, რუსული ანტიფაშისტური მოძრაობა ფეისკონტროლის საჭიროებამ შექმნა, რადგან მიწისქვეშა პანკურ კონცერტებს ფაშისტური ჯგუფებისგან დაცვა სჭირდებოდა. ფეისკონტროლზე ყოველთვის მისი სპეციფიკით უნდა ვიმსჯელოთ - რა თავისებურებები აქვს ქართულ ფეისკონტროლს, სად გადის ხაზი "შემოსაშვებ" და "არშემოსაშვებ" ადამიანებს შორის, რა კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ამაგრებს ამ ხაზებს? გამოცდების მსგავსად, აქაც ხომ არ შეგვიძლია რაღაც ერთიან ეროვნულზე საუბარი? არის ჩვენს უიკენდებში რაღაც ძალიან უხერხული.

ყველანი ვმდგარვართ კლუბის რიგში. „კლუბში არასდროს არ მიჩხუბია და რატომ შემცეს?“ – წუწუნებს ერთი, „იმ დღეს ვიღაც საყურიანი ტიპი იარაღით გაიჩითა და ესენი ჩვენ არ გვიშვებენ“, – ამბობს მეორე, „ეხლა ლევანა გამოვა და ჩემთან ვინც ხართ, ყველას შეგვიყვანს“, – გვპირდება მესამე, „ევროპაშიც ასეა, რა გიკვირთ?! მიეჩვიეთ კულტურულ ცხოვრებას, არ გიშვებენ?! ადექი და წადი“, – გვასწავლის მეოთხე. ასეც შეიძლება: ყველანი ვმდგარვართ კლუბის რიგში. ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც უარის მიუხედავად მაინც რჩებიან კლუბის კართან, დგანან და საათობით ითხოვენ შეშვებას, რეკავენ ნაცნობებთან, იგინებიან – რა უნდათ ჩვენგან? რას გვერჩიან? ფსიქოტროპული ტაბლეტებით ჯიბეში, ვივუსის დასაფარი სესხებით და სახის შეშლილი გამომეტყველებით. იქნებ ცოტა გაიღიმონ, სწორად ჩაიცვან, რატომ არ აქვთ ცვლილების ნება? ან რატომ იღებენ ამ სესხებს უსასრულოდ?

„ყველას შეუძლია, შეიცვალოს!“ – უყვიროდა როკი ბალბოა კომპარტიის ელიტას ივან დრაგოს დამარცხების შემდეგ, ყვიროდა და აშველებდნენ, ხმა ეხლიჩებოდა, მისი მოღრეცილი პირი ჭეშმარიტებას ღაღადებდა, რომელსაც არანაირი ემპირიული დადასტურება არ სჭირდება, ბერძნულ ფილოსოფიაში ამგვარ მეტყველებას პარესიას ეძახდნენ. ასე ყვირიან ხოლმე კრივის ხელთათმანებით ხელებზე, საყვარელი ადამიანით იღლიაში, გაოფლილ მხრებზე შემოხვეული ამერიკის დროშით, ჟურნალისტებით გარშემორტყმულები – ხალხი უნდა შეიცვალოს! პრობლემა მენტალიტეტშია! ეს უკვე აუტანელია! მეტი პოზიტივი! მეტი გართობა! – ეს სოციალური მოძრაობაა, მოძრაობა სიტყვიდან „მოძრაობა“ იწარმოება, ანუ ის მოძრაობს, შეიძლება „დვიჟენიობს“ კიდეც.

კლუბები საქართველოში არ გართობენ, ისინი სწორად გართობას გასწავლიან, ამიტომაც არის მათში რაღაც მოძრაობისეული და განმანათლებლობისეულიც.

საუკეთესო ქართულ კლუბებში ფეისკონტროლი ავლებს ზღვარს სინათლესა და სიბნელეს, სიგოიმესა და „პრადვინუტობას“ შორის, იმათ შორის, ვინც გართობა იცის, ვისაც ჯერ კიდევ სწავლა შეუძლია და ვინც ვერასდროს გაერთობა. კრიზისულ მომენტში, როდესაც გაშავებული ადამიანების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს სცდება, დაცვის კორდონი ხდება საჭირო – „შეგვიშვით, თქვენი დედა მოვტყან!“ – ყვირიან ისინი, – „ესენი გამოატარეთ, თქვენ არ გიშვებენ“, – ყვირის დაცვა და ბიჭებს ეჯიკავება, ჩვენ შექმნილ კორდონში შევდივართ, „მაინცდამაინც პიდარასტები უნდა ვიყოთ, რომ შეგვიშვათ?!“ – ყვირიან ისინი. ასეთ მომენტში ფეისკონტროლი შეიძლება წამით შიშმაც შეიპყროს, რადგან სინათლესა და სიბნელეს შორის არსებულ კარში დგომა დიდი პასუხისმგებლობაა.

ცხადია, იმაზე არ ვსაუბრობ, რომ ფეისკონტროლი მოსახსნელია, როგორც იტყოდნენ - "ნი მი ტაკიე, ჟიზნ ტაკაია", მესმის ყველაფერი. უფრო მეტად ის მაინტერესებს, როგორ საუბრობს ნეოლიბერალური ექსპერიმენტის შედეგად შექმნილი კულტურული და პოლიტიკური ელიტა ე.წ. ბნელების შესახებ? იმათ შესახებ, ვინც ამ ელიტის "ფეისკონტროლის" გარეთ რჩება, როგორ ესაუბრება მათ? ან რას სთავაზობს?


არის ერთი ისტორია, რომელიც შეიძლება გამოგონილი იყოს – დიდი ხნის წინ, ჩემს უბნელებს ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლებთან ჩხუბი მოუვიდათ. ისინი უნდა მოსულიყვნენ, გარეუბნელი „შპანა“, რომელსაც პრინციპში ბევრი არაფრის დაშავება შეეძლო, მაგრამ მაინც რთული იყო მათთან საუბარი. ასეთია „შპანას“ ადგილი ქუჩაში, ვერც თმობს და ვერც გერევა, დაჭინთული კონვულსიები, საკუთარი მნიშვნელობის მტკიცება და გულზე მუშტის ცემა.

კოლონა ოთხი მანქანისგან შედგებოდა, პირველი ნეონის განათებებიანი ჟიგული იყო, აწეული „პასადკით“ და „ბეემვეს“ დისკებით. ბევრნი იყვნენ, ერთმანეთს კალთებში ესხდნენ, ხელში ბეისბოლის ბიტები, ჯაჭვები, ნუნჩაკები და უბრალოდ გათლილი ჯოხები ეჭირათ, სახეზე ნაიარევი და არადამაჯერებელი გამომეტყველება ჰქონდათ, მათი სხეულები კუსტარული ნარკოტიკებისგან იყო გაუბედურებული. სკოლის ეზოში ჯაჭვებისა და ნუნჩაკების ჩხრიალის ფონზე შევედით. საუბრის დაწყების შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა გადატენილი იარაღი განმუხტა, მეგობრობის ნიშნად მჭიდი ამოიღო და სხვა ჯიბეში ჩაიდო, რასაც ჩვენი მხრიდან ანალოგიური მეგობრული ჟესტი მოჰყვა, ამ ჟესტს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა – საკუთარი ძალის დემონსტრირება და მისივე უარყოფა. უკვე თითქმის ძმები ვიყავით. შპანამ ყველაფერი მოისმინა, ხელი ჩამოგვართვა და წავიდა. სად წავიდნენ ისინი? ან საიდან მოვიდნენ? იქნებ ბასიანის რიგში არიან გაჭედილები? იქნებ ნაციონალებს არბევენ სამეგრელოს მიყრუებულ სოფლებში? იქნებ პოლიცია საკუთარი მეგობრების ჩაშვებას აიძულებს? იქნებ ციხეში? ან იქნებ სილქნეტის დირექტორის კაბინეტში?


წლების შემდეგ ერთ-ერთ გარეუბანში „ივენთი“ ტარდებოდა და ფეისკონტროლთან იგივე ხალხი დამხვდა, ბოლოს დაახლოებით ათი წლის წინ მყავდნენ ნანახი. ამჯერად გრძელი შავი ჟაკეტები ეცვათ, ცდილობდნენ სტილისთვის მიებაძათ, მაგრამ მაინც გაიშიფრნენ. ჩაცმა ადვილია, მაგრამ სულის მდგომარეობის სიმულირება – რთული, ფეისკონტროლი ცბიერია, თვალებში გიყურებს, მიგიხვდა და უხარია.

ყველა სხვა „ღირსებასთან“ ერთად, სააკაშვილს ევროპაში ნანახი შენობების კოპირება და ფასადური რემონტები უყვარდა, ჩვენც ასე ვარემონტებთ, როდესაც გემოვნებას და გართობას ვასწავლით. ქართული პროგრესის ავანგარდი ხაზებს ავლებს, თავს იცავს და კომფორტულად კალათდება შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. „პროგრესულმა ახალგაზრდამ“ ერთი შეხედვით უნდა შეატყოს გაფრენილ ძერას, არის თუ არა შემოსაშვები. იღლიაში სუნი თუ აქვს, ფეხებს რა სიხშირით იპარსავს, სექსი თუ ჰქონია, რომელ ტრეკებს უსმენს, კაფკაზე რას ფიქრობს.

ინტელექტუალი მწვრთნელი უნდა იყოს, ტრენერი, სასტვენით პირში და წამზომით ხელში, წინ „ფიშკებს“ გილაგებს, ყველაფერია ამ „ფიშკებში“ – დოსტოევსკი და ანტიკური ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი, ფემინიზმი და ტრიერის ფილმები, შენ დარბიხარ და იწვრთნები, თან გეშინია, რამე არ შეგეშალოს.

არსებობს მეორე საეჭვო ისტორია – ბიჭები ბირჟაზე დგანან, ერთი მათგანი გრძელი შავი ჟაკეტით და უცნაური შარვლით გვევლინება. „რა გაცვია შეჩემა?“ – ეკითხებიან დანარჩენები, „ხო იცი, პიდარასტივით თუ არ გაცვია, არ შეგიშვებენ“, – პასუხობს პირველი, „ბესედკაში“ ღიმილით ჯდება და ფსიქოტროპულ ტაბლეტებს რედბულს აყოლებს – „ბესედკა“ ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა შეღება, ბიჭებისთვის არჩევნების დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობის გადასახდელად, გარშემო ხრეშიც დაყარეს და რამდენიმე „აიწონა-დაიწონაც“ დადგეს, რა შეიძლება იყოს ამაზე გულწრფელი მადლობა – არ გიჭერენ, გიღებავენ ბესედკას, იჯექი და იკაიფე. ირგვლივ ბავშვები დარბიან, ამ დროს გულს უხარია.

როგორც ერთ კარგ ლექსშია, ეს ხალხი „ბეჯითად სწავლობს ჩვენს სიტყვებს და ყველა მიმიკას“, არადა, რა არის ამაში სასწავლი? იქნებ სწორად ცეკვა? ქორწილამდე სექსის ტექნიკები? სურათების გადაღება? სწორი მუსიკის მოსმენა? ვინ დგას სააფთიაქო ნარკომანიის უკან? ვინ შოულობს ფულს ნორმალურებისთვის შეშლილების წამლების გაყიდვით? ჯერ ჟაკეტს იცვლიან, შემდეგ ვარცხნილობას, ბოლოს უახლეს ტრეკებზეც გელაპარაკებიან. იხვეწები, გადიხარ ტრანზიციის რთულ გზას, საბოლოოდ, ოპ! და შიგნითაც აღმოჩნდები. რა ამაღელვებელია ის განცდა, როდესაც შეგიშვებენ, შენ უკან ვაშლიჯვარი და ნახალოვკაა, სკოლის ეზოს მინდორი, „ჩეკუშკები“, მაგიტუსი და გაბაგამა, სამმართველოს პრესი, „ნასედკები“, უბანში დაბოლილზე დგომის „იზმენა“, უბნის გოგოები, რომლებიც სადაქალოებად სეირნობენ; რაც მთავარია, შენი ძმაკაცები, რომლებიც სევდიანი თვალებით უყურებენ შენს აღმასვლას სოციალურ კიბეზე, უყურებენ და ბრაზდებიან, უყურებენ და უხარიათ, უყურებენ და ტაშს უკრავენ, უყურებენ და ტირიან.

რაშია ქართული სოციალური კიბის არსი? ან რა შინაარსს ატარებს? ან რა პროგრესი მოაქვს? რამდენი ფეისკონტროლი უნდა გაიარო ელიტაში მოსახვედრად? შენ რამდენი გაგივლია?


საქართველოში სოციალური აღმასვლის ისტორია კომიკური და დაუნდობელია. მათ რეცეპტი უნდათ, მაგრამ შენ რეცეპტი არ გაქვს. მამარდაშვილი ამბობდა, აზროვნებას აზროვნების ნებით ვერ დაიწყებ, მასში უნდა აღმოჩნდეო, უნდა ჩავარდე აზრის მდგომარეობაში, ალბათ ჰიპსტერობაც ეგეთია – რომ მოინდომო, ვერ გახდები, უნდა გაგიმართლოს.

რა მისცა ამ ადამიანებს მთავრობამ და საზოგადოებამ? არც განათლების სისტემა, არც სოციალური უზრუნველყოფა, არც დასაქმება, არც კულტურული სივრცეების დაგეგმარება რაიონებსა და გარეუბნებში. სამაგიეროდ, ხშირად ასწავლიან, რა ფილმებს უყურონ, რა მუსიკას მოუსმინონ, როგორ ჩაიცვან, რომელ ეკლესიაში იარონ და კლუბში როგორ მოიქცნენ.

ქართული პროგრესის იდეა სამ სვეტზე დგას: თავისუფალ ბაზარზე, ხელკეტსა და „სითესლეზე“.

პარალელურად, ამ ხალხს წარმატებულად იყენებენ სხვადასხვა პარტიის ახალგაზრდული და არაახალგაზრდული ფრთები. ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა კარგად იცის, რომ არჩევნების ბედი ისევ ქუჩაში წყდება, „სასტავების“ მობილიზებით, საარჩევნო უბნებთან ჭიდაობით. ხომ ყველას გვინახავს ჩვენი უბნის ბიჭები არჩევნების დღეს? მხოლოდ გულუბრყვილო იდიოტმა შეიძლება დაიჯეროს, რომ ეს სიტუაცია საარჩევნო დებულების ცვლილებით შეიცვლება. ახალგაზრდებზე ზრუნვა მათი თვითმმართველობაში, ახალგაზრდულ ფრთებსა და ფიქტიურ ენჯეოებში დასაქმებას არ ნიშნავს და არც მათთვის გართობის, სწორად ჩაცმის, მუსიკალური გემოვნების და კლუბში მოქცევის სწავლებას.


რას ვთავაზობთ ამ ადამიანებს, რომლებიც სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროგრესის გარეთ დარჩნენ - უხერხული ხომ არ არის მათი პრობლემების პირად არჩევანამდე ან არასაკმარის გამბედაობამდე დაყვანა? ვითომ, ბნელები რომ არიან, მაგის ბრალია? ასეთი დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი.

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ტრანზიციის აბსურდში აღმოჩენილ მემარცხენეებს, რომლებიც ცხადია ფეისკონტროლის "ნათელ" მხარეზე არიან დაბანაკებულები, მე მგონი, ეს კითხვები ყველაზე უხერხული მათთვის უნდა იყოს. შესაძლებელია, ერთი ხელით ფაშისტურ თავდასხმებს ვიგერიებდეთ და მეორეთი ამ ხალხისთვის შესაქმნელ ალტერნატივაზე ვმუშაობდეთ, ან ამას გავაკეთებთ, ან მომავალი კიდევ უფრო უარესი იქნება, ხოლო პოლიტიკის ბედი ისევ კაპიტალის და პოლიტიკური ელიტების ინტერესებით მოქმედ საძმოებს შორის გარჩევებში გადაწყდება.