ან დღეს მოხვდები ასეთ ვითარებაში ან ხვალ. მაგრამ, აუცილებლად მოხვდები. მანქანა სანაპიროდან საბურთალოსკენ აუხვევს და ზოოპარკამდე არმისული გაჩერდება. მერე, სამ წუთში დაიძვრება, ნახევარ მეტრს გაივლის და ისევ გაჩერდება. ორ წუთში კიდევ რამდენიმე დეციმეტრის მანძილს დაფარავს და ასე, 10-15 წუთში მიჩოჩდება "აჭარამდე".

ამ დროს ტაქსისტი თავის ვერსიებს გაგაცნობს, თუ რატომაა ყველგან საცობები. ეს ვერსიები ყველამ ზეპირად იცის – ზოგი ჭკუასთან ახლოსაა, ზოგიც – ძალიან შორს.

იქნებ, ყველაფერი სოფლიდან ჩამოთრეულების ბრალია? ან მთავრობის, თავი რომ ვერ მოაბეს გზებს კი არა, საერთოდ ვერაფერს? შეიძლება დამნაშავე ქართული მენტალიტეტია, რომელიც უბიძგებს 20 მეტრით წინ მოძრავი, შელახული „მერსედესის“ მძღოლს, მოულოდნელად მეორე ზოლში გადავიდეს, რადგან იქ, როგორც პირველი ზოლიდან ჩანს, მანქანები ოდნავ უფრო სწრაფად მოძრაობენ, და ამ მანევრისას უკან ყველა კიდევ უფრო ჩახერგოს? ვინძლო დამნაშავე ქალები იყვნენ, რომელთა პატარა ტვინები არაა მოწყობილი მანქანის სამართავად და ახლა, იმის ნაცვლად, რომ სამზარეულოში ცომს ზელდნენ, მოძრაობას აფერხებენ?

ავტობუსით მხოლოდ საწყალი ხალხი მგზავრობს. იმიტომ კი არა, რომ ფული არა აქვთ. უბრალოდ, შეუძლებელია, იქ ახვიდე და არ გასაწყლდე. განა სხვებზე დაკვირვების შედეგებს გიზიარებთ. საკუთარ თავზე ვლაპარაკობ.

შეიძლება ტაქსიში არც იჯდე. როდესაც საცობში ხარ და მანქანაში სხვაც გიზის, სხვაზე ვერაფერზე ლაპარაკობ. დაახლოებით ისეა, თინეიჯერები რომ მოწევენ და მერე მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, როგორი დაბოლილები ვართო. აქაც, ზიხარ და საუბრის თემაც სავარაუდოდ მარტო ეგ გაქვს – აუ, როგორ საცობში ვართ! რატომ ვართ ასეთ საცობში?

ყველა ამაზე ლაპარაკობს.

იმას კი არავინ განიხილავს, რაც ამ საცობებს ცოტათი მაინც უშველიდა. რომ თბილისში მოძრავი ავტობუსები ადამიანების გადასაყვანად ალბათ არაა შექმნილი. რომ არავის მოსვლია აზრად, მგზავრის ელემენტარულ საჭიროებაზე მაინც ეზრუნა. რომ, თუ სკამი დაკავებულია (და სკამი, რა თქმა უნდა, დაკავებულია), ადამიანს ნორმალურად დგომა მაინც უნდა შეეძლოს.

არც იმის განხილვა მომისმენია, რომ ავტობუსების განრიგი ალბათ ბოროტი და გულგრილი ადამიანის შედგენილია. არავინ დაჰკვირვებია, სად, როგორ და როდის მოძრაობს ხალხის ნაკადი. ამიტომაც, ზოგი ნომერი ავტობუსი სულ ცარიელი მოდის, ზოგიც კი – სულ გაძეძგილი.

ავტობუსით მხოლოდ საწყალი ხალხი მგზავრობს. იმიტომ კი არა, რომ ფული არა აქვთ. უბრალოდ, შეუძლებელია, იქ ახვიდე და არ გასაწყლდე. განა სხვებზე დაკვირვების შედეგებს გიზიარებთ. საკუთარ თავზე ვლაპარაკობ. აი, მივდივარ ქუჩაში, ყურსასმენებში უდერსკესი მუსიკა ჩამირთავს, მოვსეირნობ, როგორც დოქტორ დრე 90-იანების კომპტონში და თავი განგსტერულად მიჭირავს. ავახტები ავტობუსს და ხუთ წუთში გადავიქცევი 90-იანი წლების სტერეოტიპულ პროფესორად, რომელსაც მანეთები გაუკუპონდა და წინდა გამოეხა. ბრედბერის მრავალტომეული ორ კილო კარტოფილში გადაცვალა. ვაგზალთან მიდის, რომ რაიონიდან მოკითხული ერთი თავი ყველი წამოიღოს. საკუთარი თავი სძულს, რომ ყველი უხარია, მაგრამ რა ქნას, რომ უხარია.

ავტობუსში ისევ 1996 წელია.

ბრიტანელმა მეცნიერებმა შეისწავლეს, რომ „მარშრუტკით“ 15 წუთი მგზავრობა ადამიანის ღირსებას 3 საათით ლახავს. ხოლო თუ ფეხზე დგახარ მაშინ ღირსება უკვე 9 საათით გელახება.

ღირსების შელახვასთან ერთად ავტობუსი პასუხისმგებლობასაც გაკისრებს. ბილეთების საყიდ ტიპთან თუ დგახარ, ბილეთების დამრიგებლის როლი უნდა მოირგო. თუ გაგიმართლა და ზიხარ და გვერდით ჩანთიანი ვინმე დაგიდგა, მოგიწევს დაფიქრდე – უნდა გამოართვა ეს ჩანთა და დაუჭირო, თუ ეს მხოლოდ მოხუცი ქალების ფუნქციაა? როგორია ამ შემთხვევაში სწორი პროტოკოლი?

თქვენა და, „მარშრუტკები“? სამარშრუტო ტაქსები ხომ საერთოდ ანომალიური რამაა. სკამზე ჯდომისას ტირიონ ლანისტერიც კი ვერ გაშლის ფეხს. ღირსების შელახვა ვახსენეთ და, სხვათა შორის, ბრიტანელმა მეცნიერებმა შეისწავლეს, რომ „მარშრუტკით“ 15 წუთი მგზავრობა ადამიანის ღირსებას 3 საათით ლახავს. ხოლო თუ ფეხზე დგახარ (და თუ 40 წლამდე მამაკაცი ხარ, სავარაუდოდ, დგახარ კიდეც. ან მაგარი შეუვალი ხარ და შეგიძლია უფროსი ასაკის გატანჯული ქალი არ შეიმჩნიო, რომელიც ყოველ მოსახვევში გეხეთქება), მაშინ ღირსება უკვე 9 საათით გელახება.

არადა, ამაზე ლაპარაკი სწორედაც რომ ღირს. უბრალოდ მძღოლის დამუნათება კი არა, ან ფეისბუკზე სტატუსების წერა, რომ ეს საშინელი ქართველები ტანს არ ვიბანთ (არავინ დაიფიცოს, რომ ერთხელ მაინც არ ასვლია სუნი ტრანსპორტში). არა. ამას უნდა მოთხოვნა. მერიისგან. რომ, აი, იცით, საქონელი არა ვარ. ადამიანი ვარ და ვიმსახურებ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას ყოველ ჯერზე მხედრიონის ფლეშბეკები არ დამემართოს.

ითხოვს ვინმე უკეთეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს? არავინ. ყველა მანქანების პრობლემებს უჩივის. („არავინ?“ – გაიფიქრა ერეკლე ურუშაძემ, თავი ასწია და ცარიელ ოთახს თვალი მიმოავლო, თითქოს ამბობდა – ხალხო, გჯერათ ახლა ამისი? „არავინ?!“ – ახლა უკვე ხმამაღლა თქვა და ჩაიცინა. „არა, ჯილდოებს არ ველი, მაგრამ, მაინც… არავინ?“)

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება ნამდვილად უფრო მარტივი საქმე უნდა იყოს, ვიდრე საცობების პრობლემის გადაჭრაა. საკმარისი ხალხი რომ მოითხოვდეს, მერიასაც ვინძლო დაეჩქარებინა ახალი ავტობუსების ყიდვა. ისეთების, როგორიც ადამიანს შეეფერება.

მერე იქნებ უფრო იშვიათად მოგიწიოს კაცს ტაქსიში ჯდომა ზოოპარკამდე არმისულთან და იმაზე ლაპარაკი, აუ, ჩემი, ეს როგორ საცობში მოვყევითო.