დამარცხებულს ტყიბულში იმ ადამიანებზე ამბობენ, რომლებიც შახტაში შრომის სახიფათო პირობების გამო დაზიანდნენ და ახლა ან ეტლს არიან მიჯაჭვულები, ან ვერც ეტლით ვერ გადაადგილდებიან. ასეთი მეშახტეები ჩვენ ვნახეთ ტყიბულში, ზოგიერთი მათგანი საპროტესტო აქციებზე სიტყვითაც გამოვიდა.

ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე ჩვენ მოწმენი გავხდით სახელმწიფოს გულგრილობის, კაპიტალის სისასტიკის და ისიც იყო, რომ ისინი ერთი პირით ლაპარაკობდნენ, მეტიც, მეშახტეების წინ მდგომი სახელმწიფოს წარმომადგენელი უტიფრად საუბრობდა კომპანიის „კეთილშობილურ ნებაზე“.

ამ პირობებში მეშახტეების ერთადერთ იმედად მზარდი საზოგადოებრივი სოლიდარობა რჩებოდა და მედიის დიდმა ნაწილმა სწორედ ამ სოლიდარობას დაარტყა – ტელევიზორთან მსხდომნი უნდა დაეჭვებულიყვნენ მეშახტეების მოთხოვნებისა და იქ მათ მხარდასაჭერად ჩასული ადამიანების სისწორეში. ამაზე ცალკე ღირს გამოთქმა, სხვა დროს.

საგაფიცვო კომიტეტის წევრი თუ არაწევრი მეშახტეების გამძლეობა მხოლოდ აღფრთოვანებას იმსახურებს.

ყოველგვარი რომანტიზაციის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მათმა ერთსულოვნებამ და სიმამაცემ, კომპანიას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ამოწმებდა პროტესტის სიმყარეს, ცოტათი, მაგრამ უკან დაახევინა.

ამ უკანდახევაში ბევრი რომ არ მოსვლოდა, სახელმწიფომ ბიზნესომბუდსმენი ბ-ნი  გახარია მოუვლინა. ეს სახელი და გვარი კიდევ არაერთხელ შეგვხვდება, დამახსოვრება უნდა.

რა არის ამ დროისთვის მეშახტეების მონაგარი?:

7%-იანი ზრდა, ხოლო ოპტიმიზაციის შემდგომ (რომელიც რატომღაც 2 თვეს გასტანს) – კიდევ 3%.

შრომის პირობების გაუმჯობესების დაპირება (ხელშეკრულებით გამყარებული).

სახელმწიფოს მხრიდან დაპირებული კანონი, რომელიც მეშახტეების მცირე ნაწილს საშემოსავლოს მხოლოდ 10%-ით დაუქვითავს.

და პროფკავშირების დაგვიანებული, მაგრამ მაინც შეპირება, რომ 2011 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას კომპანიას სასამართლო დაავალებს. თუმცა, რამდენიმე კვალიფიციური იურისტი ამ ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადაგასულობაზე საუბრობს.

მეშახტეებმა იციან, რომ აღსრულებას შეიძლება ცალკე ბრძოლა დასჭირდეს.

არის ეს გამარჯვება? არ ვიცი.

მაგრამ დამარცხება ეს არ არის. მეტიც – მეჩვენება, რომ ტყიბულელი მეშახტეების ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის სწორედ ახლა დადგა ფეხზე. კაპიტალისა და სახელმწიფოს მიერ მისთვის გამზადებული ეტლიდან ახლა წამოდგა, საკუთარი და სოლიდარობის ძალა ირწმუნა.

ტყიბულიდან წამოსვლამდე სადგურზე მეშახტე გამოგვეცნაურა. ლუდზე დაგვპატიჟა და არცთუ სხვათაშორის თქვა, რომ დღეს დილით ბიჭები თავაწეულები ჩავიდნენ შახტაში. „ამ ნა----ებს რაღაც ხომ გავაგდებინეთ“ – დამარცხებულები ასე არ ლაპარაკობენ.

ასე მგონია.