იანვარში კალიფორნიის საგამოძიებო ორგანომ დააკავა ცოლ-ქმარი ტურპინები, რომლებსაც ბრალი 13 შვილის წამებაში ედებათ. დედ-მამა მათ წლების განმავლობაში არაადამიანურად ექცეოდა: უკრძალავდა ჭამას, ღამით ძილს, ბანაობას, სხვა ბავშვებთან თამაშს, მეზობლებთან გამოლაპარაკებას და, საერთოდ, სახლიდან გასვლას. დასჯის მიზნით, მშობლები მათ ჯაჭვებით საწოლებზე სისტემატურად აბამდნენ, ბანაობის უფლებას კი წელიწადში ორჯერ აძლევდნენ, არ დაჰყავდათ სკოლაში და აცხადებდნენ, რომ ფორმალურ განათლებას სახლში აძლევდნენ – თავიანთი სახლის მისამართზე ოფიციალურად რეგისტრირებულ საშინაო სკოლაში. შინ განათლებას ამერიკაში მილიონობით ბავშვი იღებს. ეს ამერიკელი მშობლების კონსტიტუციური უფლებაა ჯერ კიდევ 1923 წლიდან. თუმცა კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით, არავის ევალება, შეამოწმოს საშინაო სკოლების მდგომარეობა – მოსწავლეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ანდა საგანმანათლებლო პროცესი.

ტურპინების შესახებ ონლაინ გამოქვეყნებული სტატიების ქვეშ ათასობით კომენტარი გროვდება, ყველა თავის მოსაზრებას გამოთქვამს, ანდა დაბნეული სვამს კითხვებს: რატომ შეიძლება მშობლები შვილებს ექცეოდნენ ასე სასტიკად? როგორ შეიძლება, რომ სოციუმმა – ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა, განათლების ორგანოებმა – წლების განმავლობაში ვერ შეამჩნიონ კარგ და მშვიდ უბანში, ერთ ლამაზ სახლში მცხოვრები ცამეტი ადამიანის გადამალვის და ყოველდღიური წამების ფაქტი? კომენტატორების ნაწილი მსჯელობს იმაზეც, რომ განათლების სისტემის ხარვეზთან გვაქვს საქმე – არ შეიძლება, საშინაო სკოლად რეგისტრირებულ სახლებს ასე შეუმოწმებლად ტოვებდეს სისტემა.

ბავშვთა მიმართ ძალადობა ყველაზე ძნელად აღმოსაჩენი ფორმიდან იწყება. ესაა ბავშვის უგულებელყოფა, რაც, პირველ რიგში, ისეთი გარემოებების იგნორირებას ნიშნავს, ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას პირდაპირ რომ განაპირობებს. ბავშვის უგულებელყოფა იგივე ბავშვის ვერდანახვაა; იმის არ ან ვერ შემჩნევა, თუ რა სჭირდება ბავშვს. რას შვრება სახელმწიფო, რას ვშვრებით ჩვენ, მოქალაქეები, მეზობლები, ნათესავები, მეგობრები, ვინც მართალია ვხედავთ და შესაძლოა ვწუხვართ კიდეც მსხვერპლი ბავშვების გამო, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ?

ამ დროს იმ 13 ბავშვის წამების უნებლიე თუ სრულიად გააზრებული მონაწილეები ვხდებით. შეიძლებოდა თუ არა, მინიმუმ ერთ ადამიანს მიემართა ბავშვზე ზრუნვის სამსახურისთვის, მით უფრო, როცა თითქმის ყველა უცნაურად და ეჭვის თვალით უყურებდა ბავშვების უჩვეულო ქცევებს?

ქართული საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ტურპინების საქმე სახასიათოდ ამერიკული შემთხვევაა; რომ ვრცელი ამერიკული შტატების მხოლოდ დაფარულ კუნჭულებში შეიძლება მსგავსი შემთხვევები მოხდეს. თუმცა, ტურპინების მსგავსი ერთ-ერთი ქართული ისტორიის შესახებ, მედიის საშუალებით, სულ ახლახან გავიგეთ. ტელევიზიით გვაჩვენეს სვანეთში მცხოვრები მამა, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი 8 ბავშვი სახლში წლების მანძილზე გამოეკეტა, რადგან მიაჩნდა, რომ საზოგადოებისგან მისი შვილები მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ. დევნოზაშვილების ამ გადაწყვეტილების გამო, 8 არასრულწლოვანს არც ბაღში უვლია, არც სკოლაში; მათ ეკრძალებათ ჭიშკრის გარეთ გასვლა, მეზობლებთან ურთიერთობა და ევალებათ, მთელი დრო გაატარონ სახლში, სადაც მამის ნაამბობიდან სწავლობენ იმას, თუ რა არის ცხოვრება, რა ხდება „გარეთ“.

ტურპინების საქმისგან განსხვავებით, ამ შემთხვევის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტომ 8 წლის წინ შეიტყო, თუმცა ბავშვების ძალადობისგან დაცვა ვერ შეძლეს, ვერც მოძალადე მშობლებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოახერხეს. უფრო საგანგაშო კი ის არის, რომ ოფიციალურად დედ-მამას მშობლის უფლებები შეუზღუდეს, მაგრამ სახელმწიფომ ვერ მოახერხა, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებულიყო. ბავშვები დღესაც ჩაკეტილები არიან, ეკრძალებათ თანატოლებთან ლაპარაკი, ხოლო ის, თუ რა ხდება დევნოზაშვილების სახლის დახურულ კარს მიღმა, ბოლომდე არავინ იცის.

ტურპინების საქმემ აჩვენა საზოგადოების გულგრილობის შედეგები, ასევე გამოაჩინა სახელმწიფო სისტემის სისუსტე, საქართველოში მომხდარმა შემთხვევამ კი სახელმწიფო უწყებების სრულ არაეფექტურობაში დაგვარწმუნა. დაგვანახა, რომ ბავშვთა დაცვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს.

ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ბოლო კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბავშვთა მიმართ ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას მოსახლეობის სამოცი პროცენტი ამართლებს და როდესაც საქმე ბავშვის აღზრდას ეხება, ძალადობას იწონებს კიდეც – ანუ, ეს ცნება რომ ჩავშალოთ და განვავრცოთ, გამოდის, რომ იწონებს ბავშვის ცემას, ძალდატანებას, მუქარას, ჩაგვრას, საკუთარი პრობლემების ბავშვზე მოხვევას, საკუთარი კომპლექსების ბავშვზე გადატანას, გულგრილობას, ბავშვის არსებობის – მისი სურვილების, ფიქრების, ოცნებების ვერდანახვას და ასე შემდეგ – უგულებელყოფისა და ძალადობის ცნებები კომპლექსურია.

ჩვენთან, ტურპინების საქმის მსგავსად, პრობლემაა ისიც, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა არ არის დაბალი, ამავდროულად, ზუსტად არავინ იცის, სად არიან ბავშვები, რომლებიც სკოლაში არ დადიან. გოგონები, როგორც წესი, ქორწინდებიან, ზოგი სახლშია, სოციალურ სიდუხჭირეში, ზოგიც ქუჩაში ცხოვრობს, ნაწილი კი, მშობლის გადაწყვეტილებით, შინამეურნეობაში შრომობს. განათლების სამინისტროს არ აქვს ამ ბავშვთა რაოდენობის და მათი მდგომარეობის ამსახველი ზუსტი მონაცემები.

ტურპინებისა და დევნოზაშვილების შემთხვევებს შორის მკვეთრი პარალელის გავლება, პრინციპში, შესაძლებელია. ორივე საქმე არსობრივად ერთგვაროვანია, რაც განგაშის სიგნალს უნდა რთავდეს საზოგადოებაში, რადგან სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ გვერდით, იმ ასეულობით ბავშვთაგან, რომლებიც განათლებას არ იღებენ, ან ქუჩაში ცხოვრობენ, შეგვხვდნენ „ტურპინები“ ან „დევნოზაშვილები“, ბავშვზე ზრუნვის სამსახური კი ვერაფერს იზამს მათ დასახმარებლად, რადგან ის უბრალოდ ჩვენი, ვითომ მზრუნველი საზოგადოებისთვის თავის მოსატყუებლად არსებობს და სინამდვილეში ვერაფერს აკეთებს. მშობლის ძალადობრივი ქმედება და სახელმწიფოს უუნარობა ერთად ვერ იცავს მსხვერპლებს და ასაზრდოებს მომავალ ძალადობასა და თვითნებობას სახელმწიფოში. როცა არავინ წუხს, შეიძლება ყველაფერი მოხდეს!