ყველაზე უცნაურ არჩევანს გაზაფხულზე ვაკეთებ. 

უკვე ერთი სემესტრი ბარდის უნივერსიტეტში ვსწავლობ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის თავია. შესვენებაზე ჩემი კურსელები რუსული კულინარიის „ვორკშოპზე“ მეპატიჟებიან. ჯერ ვიბნევი, მერე ვბრაზობ. ომიდან ათი წლის თავზე, რუსული ბორშის საღამო, რა უხერხულია. ვტრიალდები და სახლისკენ მივდივარ. მაგრამ გზაში ეჭვი მღრღნის, ბორშის და ტოლმის რუსებთან ერთად გაკეთება შეიძლება იყოს ქვეყნის ღალატი? როგორც ჩანს, ასეა, რადგან ქართველი მომღერლების კონცერტი მოსკოვში, დღესაც ღალატი მგონია. ნამდვილად ასეა, ვფიქრობ ჩემთვის, მერე მეგობრებს ვურეკავ და ვორკშოპზე მივდივარ. მაინტერესებს, რა განცდაა, ბორშის კეთებას რუსი ექთნებისგან რომ სწავლობ, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ტოლმას მიირთმევ და საკუთარ ქვეყანას ღალატობ.  

ზაფხულში უკვე სადიპლომო თეზისზე ვიწყებ ფიქრს. მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მოსახლეობის 6% დევნილია, ორასწლიანი ბატონობა გრძელდება – ისევ აქ ვტრიალებ. მაინტერესებს ახალი ეროვნული სიმბოლოები, რომლებიც ამ პოსტულატების ფონზე იქმნება: ვკითხავ ჩემს პროფესორს, გამოდგება თუ არა თეზისის თემად. 

სარა შულმანი, წიგნში „კონფლიქტი არ ნიშნავს ჩაგვრას“, წერს, თუკი ადამიანების, ჯგუფების, ქვეყნების კონფლიქტში ერთ-ერთს ჩაგრულის როლს ვარგებთ, მისთვის პრობლემის გადაჭრის ყველა გზა იკეტება. მსხვერპლის როლის შეცვლის ერთადერთი შანსი სამართლიანობის აღდგენაა – მჩაგვრელმა პასუხი უნდა აგოს, ან მოინანიოს. 

მახსენდება წესი გრამატიკიდან: პასიური ზმნა გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოქმედებაა მთავარი. პასიური ზმნა სუბიექტს აქრობს. 

ომიდან 10 წლის თავზე, მეოთხედ თუ მეხუთედ მხვდება: Georgia is Occupied by Russia! 20% of my country is Occupied! ამ გზავნილებში პასიურ ზმნას, მოგვიანებით, ვამჩნევ. მოქმედი პირი ყოველთვის რუსეთია, საქართველო – ობიექტი, რომელიც მხოლოდ რუსული ოკუპაციის ფონზე არსებობს. აზრს ბლოკნოტში ვინიშნავ. 

თუ სადიპლომო თეზისს ახალ ეროვნულ სიმბოლოებზე ვწერ, ოთხმოცდაათიანების და ეთნიკური კონფლიქტების გამოკვლევა დამჭირდება. რონალდ სუნით ვიწყებ, პოსტსაბჭოთა ევრაზიის ნაციონალიზმის მკვლევრით, რომელიც თავის წიგნში რამდენჯერმე იმეორებს ერთსა და იმავე ფრაზას: „რაც გვგონია რომ გვჭირდება, უშუალო კავშირშია იმასთან, რაც გვგონია რომ ვართ”. ჩემი მთავარი კითხვაც ესაა: როგორ აღვიქვამთ თავს, ვინ ვართ იმ მომენტში, როცა ვამბობთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა?

***

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ამბავს 23 თებერვალს, დილით ვიგებ. ყოფილ ჯარისკაცს იტაცებენ და აწამებენ, მერე კლავენ. ოჯახს გლოვასაც არ აცლიან, მოკლულის სხეულის გადმოსვენებაზე არ თანხმდებიან. ბრაზი მახრჩობს და სხვაგანაც ვეძებ ამ მკვლელობის ამბებს. „გლობალური მშვიდობის დამცველი“, „ოკუპანტების კიდევ ერთი მსხვერპლი“, ბლოკნოტში ვიწერ ციტატებს ახალი ამბებიდან და ჯუდით ბატლერის სიტყვებსაც ქვემოთ ვუწერ: „ნეკროლოგს შეუძლია, ადამიანი საზოგადო გლოვის ობიექტად და ეროვნული თვითშეგნების ხატად აქციოს“. 

სამხრეთ ოსეთიდან სხეულის გადმოსვენების უფლებას ოჯახს, 20 მარტს, მოლაპარაკების შემდეგ აძლევენ. მოლაპარაკება შვილის სხეულის გადმოსვენებაზე – რა შეიძლება ამაზე აბსურდული და სასტიკი იყოს. 20 მარტი, ვინიშნავ ბლოკნოტში. ჩემი დაბადების დღე.

გადმოსვენებამდე ორი დღით ადრე რაგბის მატჩია, საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს ხვდება. 

გვიან მეგობარი მირეკავს და აჟიტირებული მიყვება, როგორ იმღერეს მორაგბეებმა ჰიმნი გულზე დაწერილი ტატუნაშვილის გვარით. მეც გული მიჩქარდება, ვთიშავ ტელეფონს და ონლაინთამაშის სრულ ვიდეოს ვპოულობ. მორაგბეები მოედანზე თეთრი მაისურებით გამოდიან. ბორჯღალის თავზე ყველას აწერია – ტატუნაშვილი. გულშემატკივარი დიდხანს უკრავს ტაშს. ჰიმნის დასრულების შემდეგ მორაგბეები თეთრ მაისურებს იხდიან და თამაშს ეროვნული ნაკრების ბორდოსფერი ფორმით იწყებენ. 

და უკვე ვიცი: ჩემი თეზისის კვანძს ეს თამაში შეკრავს. 

ამ თამაშშია ის, რაც სხვაგან ჯერ არ შემხვედრია. იქ როლი იცვლება. მორაგბეები პატივს მიაგებენ ეროვნულ გმირს, და მეტიც, ერთ სიკვდილს ისტორიულ ტრაგედიად აქცევენ. მაგრამ, ბორჯღალოსნები თან გამარჯვებისთვის იბრძვიან და თამაშს არა მსხვერპლის პერანგით, არამედ საბრძოლო შემართებით იწყებენ. ეს, მგონი, ერთადერთი მომენტია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როცა მსხვერპლის როლი ფერმკრთალდება და ჰორიზონტზე რაღაც გზა ჩნდება – ამას უკვე აღარ ვინიშნავ, ისედაც არ დამავიწყდება. 

P.S. არადა, სულ მინდოდა მეთქვა, რომ ბავშვობიდან მძულს ბორში. ტოლმაც. და ვარენიკებიც.