„მოდა (ფრანგ. მოდე), კულტურის ან საყოფაცხოვრებო სფეროში მოკლე ხნით გაბატონებული გემოვნება. სტილისაგან განსხვავებით, მ. ხასიათდება ხანმოკლე და ზედაპირული ცვლილებებით. ტერმინი „მ.“ იხმარება აგრეთვე სწრაფწარმავალი პოპულარობის აღსანიშნავად“.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 1984 წელი, მეშვიდე ტომი.

 

„მოდის“ ეს მცირედი ენციკლოპედიური აღწერა საბჭოთა პროპაგანდისტულ სულისკვეთებასაც იტევს. მოდურობა დასაძრახი იყო. ინდივიდუალური სტილი – გასაქრობი. სისტემა მოქალაქეებს უნიფორმიზაციისკენ მოუწოდებდა, თუმცა, ამ დეკლარირებული განწყობის მიღმა, მაინც არსებობდა სულ სხვა დამოკიდებულება მოდის მიმართ. მოქალაქეებს სურდათ, ჩაეცვათ განსხვავებულად, ჰქონოდათ ის, რაც საბჭოთა უნივერმაღებში არ იყიდებოდა, ამიტომ მკერავებთან დადიოდნენ, „პრიმერკებზე“ უამრავ საათს ხარჯავდნენ.

„დომ მოდ“ – ეს იყო ზღაპრული გარემო, სადაც დასველებულ ნაჭრებზე გადასმული გავარვარებული უთო ჯადოსნურ ოხშივარს და ამ ოხშივრის თანმხლებ სპეციფიკურ სუნს აყენებდა, ირგვლივ ათასობით ფერადი ღილი, ღილკილო, ძაფი და ქინძისთავი იყო მიმოფანტული, კედლებზე ნაირ-ნაირი ქსოვილი ეკიდა და გასასვლელები თავმოკვეთილ, კუსტარულ მანეკენებს ჰქონდათ ჩახერგილი. შრომაში გართული მკერავები ოთახიდან გაუსვლელად მიირთმევდნენ საუზმეს, იყო გადაძახილი – „ხლებ ი სირ ბუდეშ?“. აი, ასეთ გარემოში მოდიოდნენ სტუმრებიც, ძირითადად ქალები, რომლებსაც გაპრანჭვა სურდათ და არა ტანსაცმელი, რომელიც მათ გარდა, მათსავე ქალაქში, ათეულათასობით ასევე პატიოსან მოქალაქეს ეცვა.

ასეთ გარემოში ვითარდებოდა მოდის ოფიციალური ინდუსტრია და მისი ვიზუალური აღდგენა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოკოლექციებითაც შეგვიძლია. ფოტოები, რომელთა ნაწილსაც ვბეჭდავთ, გამოირჩევა არა მხოლოდ იმით, რომ ტანსაცმლის მაშინ გავრცელებულ სტილს გვაჩვენებს, არამედ ავლენს მოდელების ხასიათსაც და, თითქოს, საბჭოთა მოქალაქეების მრავალფეროვან პორტრეტებს ქმნის.