მე ნატუკა ვარ, 4-წლიანების ჯგუფიდან. ჩვენი ჯგუფის სიაში – ორმოცდამესამე. ჩემ მერე კიდევ ოთხი ბავშვია. მთელი ჯარი ვართ. ბაღს სახელი არ აქვს, არც ჯგუფს – ისიც რიცხვია. ხანდახან მეშინია, რომ მალე ჩვენც ნომრები გავხდებით. ძალიან მაგარი ამბავი გამოაცხადეს ამას წინათ. საბავშვო ბაღებში ტურნიკეტებს დაგიდგამთ და როგორც მეტროში, ისე შეხვალთო. ამით სიის კითხვაზე დრო დაიზოგებაო. მოვკვდით სიცილით. არა, ჩვენ კი გავერთობით ამ წკაპაწკუპში, მაგრამ რომ იცოდეთ მაინც, ბაღში სიას არ ვკითხულობთ. ჯერ ერთი, ისეთი ზედახორაა, რომც მოვინდომოთ, არ გამოვა. მეორეც, ბაღში შესვლისას ჩვენ თვითონ ვდებთ ჩვენს ფოტობარათებს ერთ ადგილზე ისე, რომ მასწავლებლებს ჰყოფნით მიხვედრილობა, გაიგონ, ვინ მოვიდა და ვინ არა. ანუ ვინც არ მოსულა, იმის ფოტო ხელუხლებელი რჩება პირვანდელ ადგილზე. გესმით? თუ არა? ჯგუფში შესვლამდე ამაზე ვხარჯავთ ზუსტად წამ-ნახევარს. მაგრამ თქვენ მაინც დიდი მადლობა, რომ უამრავ ფულს დახარჯავთ ამ წამ-ნახევრის დაზოგვისთვის. ცოტა უხერხულად კი გამომდის, მაგრამ ისეთი დაუჯერებელი იდეაა, მგონია, რომ მალე ტურნიკეტების ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაგაჯილდოებენ. ბარათი თუ დამრჩა, აღარ შემიშვებენ ბაღში? რიგი რომ დადგეს, რა გვეშველება?

საბავშვო ბაღში შეგივლიათ საერთოდ, ბავშვებთან გითამაშიათ? ან საერთოდ ბავშვი გინახავთ? იცით, რამდენი ხელი აქვს, ან რამდენი ენა, ან რამდენი აზრი?

ჩვენი ოთახი ისეთი პატარაა, თითო ბავშვს ნახევარი კვადრატული მეტრი გვეკუთვნის, ერთ დღეს ყველამ ერთად რომ გავშალოთ განზე ფეხები და ხელები, ვეღარ დავეტევით. თან ადგილი მასწავლებლებსაც ხომ უნდათ? ჩვენი ნანუკა მასწავლებელი კეთილია. ჩამეხუტა, როცა ლუკამ დამარტყა. მაგრამ თამაში არ იცის. გული დაგეწვება, ისე იტანჯება: ათასგვარ სისულელეზე ლაპარაკობს და არავინ უსმენს. ცდილობს ხოლმე, გაუგებარი ლექსები დაგვაზეპირებინოს და ჩვენც ვიზეპირებთ იმიტომ, რომ კეთილია და გვეცოდება. არადა, მაგრად გვინდა მაგ დროს თამაში. მაგრამ ვითმენთ. თან სხვანაირად ვერც მოვიქცევით, იმიტომ რომ თინა მასწავლებლის გვეშინია. თინა მასწავლებელი ჩხუბისთავი, ქალაბიჭა და დებილია (ეს სიტყვები მისგან ვისწავლე, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ყველაზე მეტად თვითონ თინა მასწავლებელს უხდება). სულ უკმაყოფილოა და მუდმივ მზადყოფნაში, მოულოდნელად გხიოს კოჟრიანი თითები კეფაზე. თუ გაგიმართლა, მისგან შორს ხარ და ეზარება ბავშვთა ლეგიონის გადალახვა, უბრალოდ შორიდან გადმოგძახებს, რომ ყველაფერი შენი ტუტუცი მშობლების ბრალია; რომ თუ არ გავჩერდებით, დირექტორსა და პატრულს მოუხმობს და ისინი სასწრაფოდ გამოგვასწორებენ – გაგვიშვებენ ბნელ ოთახში ან ციხეში. მე სიბნელის მეშინია და ციხისაც. მათეს მამა ციხეშია და მათემ მითხრა, იქ სულ არ მოსწონს მამასო. მე მით უმეტეს არ მომეწონება. მაგას მირჩევნია, ხათუნას ვუსმინო მთელ დღეს, რაც არც ისე სასიამოვნოა! ხათუნა ჩვენი დამლაგებელია, რომელიც უზრდელობებს გვასწავლის და ძალიან უხარია, როცა ვიმეორებთ. ამ დროს ისე ხარხარებს, ვიძაბები. ამიტომ არასდროს ველაპარაკები მაგას და მუნჯქალას მეძახის. გუშინ მე და ნიკო აღუა თოჯინით ვთამაშობდით და ფლომასტერებით მის სახეზე ინდიელის ტატუები შემთხვევით შემოგვეხატა. ხათუნამ დაგვინახა. ნიკოს უთხრა, „შე გოგოების მაჩალკაო“ და ეგრევე ჩაგვიშვა – თინა მასწავლებელი მოგვიქსია. მართალია, ისე – ძალიან ცოტა სათამაშო გვაქვს, მაგრამ რა გვექნა, რომ ძალიან გვჭირდებოდა მაინცდამაინც ინდიელი თოჯინა? ყველაზე საინტერესო სათამაშოები ათასში ერთხელ შემოაქვთ და მერე ისევ უკან გააქვთ მეთოდკაბინეტში. ჰო, ეგეთი ოთახი კიდევ არსებობს! ხშირად ფანქრებიც არ გვაქვს. ბაღის ფანქრები მალე მთავრდება – როგორც კი გათლი, ეგრევე წვეტი ტყდება, გათლი – ტყდება. ერთი ნახატის დახატვასაც ვერ მოახერხებ. ამიტომ სახლიდან მოგვაქვს. მე და თათა ჩემი ფანქრებით ვხატავთ, იმიტომ რომ თათას არ აქვს ფანქრები, მაგრამ მასწავლებლებს სულ ავიწყდებათ და ყოველდღე თავიდან ეუბნებიან, მოიტანე, მოიტანეო. ამ ყველაფერს კიდევ ავიტანდით, ნორმალურ საჭმელს რომ გვაჭმევდნენ. ჩვენი ბაღის მზარეულებს სპეციალური კურსები აქვთ გავლილი ყველაზე უგემური კერძების მომზადებაში. მოტანაც ისეთი უშნო იციან – დატყეპებულად და არეულ-დარეულად, გული აგერევა.

საჭმელზე დიდი ამბები აქვთ ხოლმე დიდებს. ადრე ამბობდნენ, ბაღის თანამშრომლები პროდუქტებს ტეხავენ და სახლში მიაქვთო, ამიტომ მაგათმა უფროსებმა გადაიბარეს საკვების ყიდვის ამბავი, მაგრამ ახლა სხვები ამბობენ, რომ ერთი-ორი კაცი ბევრ ფულს აკეთებს ამ ბევრი საჭმლის ერთბაშად გაყიდვით. მოკლედ, მე ამ ამბისა არაფერი გამეგება, მაგრამ ვხედავ, რომ აქ ერთმანეთს არ ენდობიან. ახლა თქვეს, კამერებს დავაყენებთ ყველა ჯგუფშიო და ჰგონიათ, ამით თინა მასწავლებელი უცებ ანგელოზად გადაიქცევა.

გითხრათ, რა მოხდება? თინა მასწავლებელი ძალიან მალე აღმოაჩენს ოთახის ისეთ კუნჭულებს, რომელთაც კამერა ვერ სწვდება და ვაი, ჩვენ, ვინც თინას ასეთ არასწორ ადგილას არასწორ დროს შევეფეთებით.

მათ, ვინც თინა მასწავლებელს ყველაზე მაგრად აბრაზებს, ზეიმებზე ყველაზე სულელურ როლს აძლევს ხოლმე, ან საერთოდ უზეიმოდ ტოვებს. ვერ ვიტან ზეიმებს, ამიტომ ვცდილობ, თინა მაგრად გავაბრაზო. ეს ზეიმები დაუსრულებელი ტანჯვაა. რაც ბაღი მახსოვს, სულ ზეიმების მზადებაში ვართ. ბოლო ზეიმზე პარტიის წევრები და თანამდებობის პირები დაგვესწრნენ. დირექტორი ადგილს ვერ პოულობდა, ისე უხაროდა. ცქმუტავდა და ტკბილ-ტკბილ სიტყვებს ეუბნებოდა სტუმრებს. მერე ტელევიზორშიც გვანახეს. სასაცილო იყო: ეს სტუმრები ვითომ-ვითომს თამაშობდნენ. ვითომ-ვითომ ძალიან ვუყვარდით და ვითომ-ვითომ ჩვენი მეგობრები იყვნენ და გვეხუტებოდნენ. მძულს ასეთი დღეები, მაგრამ ჩემმა მშობლემაც რა ქნან, უკეთესი ბაღის ფული არ აქვთ. არადა, იქ ალბათ ბევრი სათამაშო და გემრიელი საჭმელია, იმათმა ნანუკა მასწავლებელმა თამაშიც კი იცის. თან როგორი ლამაზი სახელები აქვთ მაგ ბაღებს, სულ ინგლისურები და უცხოურები, „ქიდზ“ და „ლენდი“ რომ ურევია აუცილებლად.

ორ წელიწადში სკოლაში წავალ. ჩემი სკოლა, ალბათ, ისეთივე ძღრენი იქნება, როგორიც ბაღია. სამაგიეროდ, „ქიდზ“-ელები და „ლენდზ“-ელები კარგ სკოლებში წავლენ. ზოგს ისეთი მაგარი დედიკოები და მამიკოები ჰყავს, ამბობენ, ჩვენს ყველაზე მდიდარ, ყველაზე კეთილშობილ და ჭკვიან შვილებს ფინურ სკოლას ავუშენებთო. ფინური სკოლაო. ოღონდ ყველასთვის კი არა, მარტო მდიდრებისთვისო, ხუთი ათას მილიონი ლარი ეღირებაო. ფინეთში ალბათ ყველა ბავშვი ძალიან მაგარ ფინურ სკოლაში დადის, მაგრამ აქაურ ფინურში მე არავინ შემიშვებს. იცით, რა? მე მგონია, რომ ფინური სკოლა უკვე არსებობს საქართველოში, ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათში და ის ბევრად უფრო ფინურია, ვიდრე ხუთიათასმილიონიანი ელიტური სკოლა გამოვა ოდესმე. ფინური რა, უბრალოდ ჩიბათურია, და მაგარია.