გიფიქრიათ, რომ ქალაქსაც აქვს სქესი? ვიცით, დამაბნევლად ჟღერს, მაგრამ ასეა. ბნელი ჩიხები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ავტოსადგომები და ჩაბნელებული სკვერები – ცალსახად მასკულინური ადგილებია. მამაკაცები თითქმის არასდროს იმახსოვრებენ ასეთ ადგილებს და არ გაურბიან მათ სავარაუდო საფრთხის განცდით მაშინ, როდესაც ჩვენ, ქალები, რამდენჯერმე დავფიქრდებით, სანამ ნაბიჯის გადადგმას გავრისკავდეთ. თითქოს გარდაუვალ მოცემულობად დამკვიდრდა, რომ ქალის ადგილი და მოძრაობის ტრაექტორია, სახლშიც და მის გარეთაც, მკაცრად განსაზღვრულია. ჩვენი მობილობა დროში გაწერილი და გეოგრაფიულად შეზღუდულია.

არადა, ეს ბედისწერა სულაც არ არის. ესაა მოცემულობა, რომლის კვლავწარმოებას ყოველდღიურად და სისტემურად უზრუნველყოფენ პატრიარქალური ინსტიტუტები, რათა ქალების დაქვემდებარება ბუნებრივ მდგომარეობად მივიღოთ. ჩვენ, „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრები, მივიჩნევთ, რომ ქალაქში ბედის გაღიმების იმედად არ უნდა დავდიოდეთ; არ უნდა ვიმახსოვრებდეთ მიყრუებულ ადგილებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავი ავარიდოთ; არ უნდა ვამოწმებდეთ საათს ქუჩაში გამოსვლის წინ, რადგან „ამ დროს წესიერი ქალი სახლშია“.

ამ რეალობის გასაპროტესტებლად ღამის მსვლელობის მოწყობა პირველად 2016 წელს გადავწყვიტეთ, როდესაც კანადელი ფემინისტი, დეიზი კლერი გვესაუბრა „Reclaim the Night“/ „Take Back the Night“ მარშების შესახებ(1). ეს გამოსვლები 1970-იანი წლებიდან 30-ზე მეტ ქვეყანაში იმართება და მიზნად სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს. გაგვიჭირდა ამ სახელწოდების ქართული შესატყვისის პოვნა, თუმცა ბოლოს მსვლელობას „არ დავთმოთ ღამე“ ვუწოდეთ და ონლაინკამპანიები წამოვიწყეთ (იხილეთ ჰეშთეგი: #არდავთმოთღამე).

ასე რომ, წელიწადში ერთხელ, ნოემბრის ან დეკემბრის რომელიმე საღამოს, ჩვენს მსვლელობაზე მხოლოდ ქალებს ვეპატიჟებით ხოლმე. მხოლოდ ქალებს იმიტომ, რომ გვინდა, რაც შეიძლება ბევრმა ჩვენგანმა გააკეთოს ის, რაც კაცებს თავისთავად ერგოთ უპირატესობად – ქუჩაში გავიდნენ სიბნელეში ისე, რომ არაფრის შეეშინდეთ. ამ შეკრებაზე ერთმანეთის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ, უარს ვამბობთ გარიყვაზე და მზად ვართ, ერთმანეთს დავეხმაროთ, თუკი ეს საჭირო გახდა.

2017 წლის 10 დეკემბრის მსვლელობის თემად მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების პრობლემა შევარჩიეთ. ეს ის საჯარო ადგილებია, სადაც მოძალადეები განსაკუთრებით თამამდებიან; საიდანაც უსაფრთხოდ გამოსვლა იგივეა, რაც „სამშვიდობოს გასვლა“. მსვლელობამდე ორი კვირით ადრე ონლაინკამპანია წამოვიწყეთ: ჩვენი ფეისბუკ-გვერდის საშუალებით, ქალებს ვთხოვეთ, გამოეგზავნათ ისტორიები, რომლებიც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში გადახდათ(2). აი, ნაწყვეტები ამ ისტორიებიდან:

„კიბის ნახევარი რომ ავიარე, ინსტინქტურად შემოვბრუნდი და დავინახე, როგორ მიყურებდა და ანძრევდა“,

– ანა, 30 წლის.

„გაქცევა გადავწყვიტე, მაგრამ ხელი ჩამავლო და მკითხა, სექსი არ გინდაო? უარი რომ ვუთხარი, მაშინ პირში აიღეო“,

– ანონიმი, 27 წლის.

„უკან გამომყვა შეძახილებით – აბა, რას ჩამოდიოდი...

თუ დაგეწიე, მერე ნახე, როგორ გაკივლებო“,

– მარიამი, 36 წლის.

ამ ისტორიების ფონზე, ვფიქრობთ, თბილისის ხელისუფლების ბოლოდროინდელი ინიციატივა, გადაღებოს და გაანათოს მიწისქვეშა გადასასვლელები, პირველი, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯია ქალებისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ცხადია, შეიძლება შემოდავება, რომ უსაფრთხოება ყველასთვისაა, მაგრამ ქალებზე მახვილის დასმით გვინდა ამ საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობა გამოვკვეთოთ: საფრთხე და საფრთხილო ადგილები ნამდვილად არ არის გენდერისგან დაცლილი.

როცა ვამბობთ, რომ არ დავთმობთ ღამეს, ვგულისხმობთ იმასაც, რომ გვინდა ქალაქი, რომელიც გენდერულად მგრძნობიარეა. ქალაქი, სადაც ადამიანებს საერთოდ არ უწევთ მიწის ქვეშ ჩაძრომა იმისთვის, რომ საავტომობილო გზები გადაჭრან. ვითხოვთ ქალაქს, რომელიც ყველასთვისაა და სადაც ძალადობის პრევენცია გენდერულად მგრძნობიარე ურბანული პოლიტიკის ნაწილია.

10 დეკემბრის ღამეს მსვლელობა გმირთა მოედანზე დავიწყეთ. შეკრების ადგილას მისასვლელად კი მიწისქვეშაში ჩასვლა დაგვჭირდა. ვიცინოდით, რომ ესეც სიმბოლური დამთხვევაა. ჩავდიოდით იქ, სადაც მარტოები, სათითაოდ, სხვა დროს, აუცილებლად დავფიქრდებოდით, გაგვერისკა თუ არა ჩასვლა. ახლა კი მივდიოდით და თან პლაკატებს მივათრევდით:

„ნუ შეგრცხვება – შეარცხვინე!“

„დუმილი ვერ დაგვიცავს!“

და, თითქოს, პასუხი გმირთა მოედნის ახლად შეღებილმა გადასასვლელმა თვითონვე გაგვცა: შენი დუმილი ფუფუნებაა – ეწერა მთელ კედელზე. ზუსტად იმ მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც ქალებს თავს არაერთი ბინძური ისტორია გადაგვხდენია, ქალაქი ორაზროვნად გვეუბნება: შენი დუმილი ფუფუნებაა.

ფუფუნების დრო ნამდვილად არ გვაქვს.

 

1 ამ მარშების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://goo.gl/WBnGMj

2 სულ 7 ისტორია გამოგვიგზავნეს, რომელთა ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე: https://www.facebook.com/pg/independentfeminists/photos/?tab=album&album_id=1537911682912029