2017 წლის 3 ივლისს გაქურდეს ბარი „Success“

„Sucker“. მზერა ნეონზე მიშტერდება. შუაზე გაპობილი გულის ფორმის საწუწნი კანფეტი. დაბურული წითელი შუქი ადამიანებს თვალის გუგებს უნათებს. ღვთაებრივად ლამაზი ბიჭი, ვერცხლისფერ კაბასა და ქუსლიან ფეხსაცმელში, ხმამაღლა იცინის და ელაპარაკება შუახნის კაცს. იქვე, გოგონა დგას, კისერზე მძიმე ჯაჭვი უკეთია, ოფლისა და ბრჭყვიალა ფხვნილისაგან კანი უბზინავს. სარკეში სელფის იღებს და კადრში ღიმილით მახვედრებს. არ ვიცი, როდის გამოვფხიზლდები და ოდნავი გაუცხოება მაქვს. კედელს ვეყრდნობი, რბილი პლუშის ზედაპირი აქვს, კანს სიამოვნებს, მეღიმება. Sucker – მას, ვინც კიჩამდე სენტიმენტალური და მოწყვლადია, შეუძლია ღიად და დაუფარავად იყოს მელოდრამატული, აგეწებოს კანფეტივით და ბავშვივით გთხოვოს სიყვარული, გამოგწოვოს სიტყვები, თამამად იყოს დაუცველი. გულის გატეხა გარისკოს.

„მე ასე არ შემიძლია, – ვფიქრობ, – ტკბილ კოქტეილებს ყველაზე მძიმე პახმელია აქვს!“. უცბად მეგობარს სახე მოაქვს ახლოს და ჩემი სასმელიდან წრუპავს, ყურადღებას არ ვაქცევ. საპნის ბუშტები დისკოს ბურთის შუქს ირეკლავს... ჩემი გეი მეგობრის სტატუსი მახსენდება – გიორგი 17 მაისს coming-out-ზე წერდა:

„სინამდვილეში ჩვენ ვართ უფრო მამაცები და ძლიერები. ჩვენ გვეყო ძალა, გული გადაგვეშალა სამყაროსთვის და საკუთარ თავთან გულწრფელები ვყოფილიყავით“.

„უფრო სწორად, გული გაგვეტეხა“, – ვამატებ გონებაში და შუაზე გაპობილი გულის ნეონს ვუყურებ – ბზარის გარეშე შუქი არ შემოვა.

Sucker. შუაზე გადახსნილი გულის ფორმის საწუწნი კანფეტი. როდესაც თბილისის ერთადერთი ოფიციალური გეი-ბარის, Success-ის გაქურდვის შესახებ გავიგე, კიდევ უფრო ირონიულად მეჩვენა ის, რომ ყველაზე სასტიკ კრიმინალებს, „ვაჟკაცური“ აგრესიულობისა და ჰომოფობიის ფონზე, თვითონ აქვთ ხოლმე ასეთივე ტატუები, საღეჭი რეზინის სტიკერებივით, კიჩური ილუსტრაციითა და ხმამაღალი განაცხადებით იმედგაცრუებაზე, სიყვარულსა და ერთგულებაზე. იმ პატარა ბიჭებსაც უყვართ ასეთი ტატუები, ბართან ახლოს, ქუჩაზე, გამურული სახეებით წითელ ვარდებს რომ ყიდიან. სანამ რეზინის სიტკბო ყელს დაწვავთ, ქაღალდს ენას აუსვამენ ხოლმე და კუნთზე იკრავენ – მერე ამაყად გთხოვენ სიგარეტს და ცუდი ბიჭებივით აბოლებენ.

ემბლემა იქნება ეს თუ ხასიათი, გულის გადაშლის აქტი მაინც მოხდება და კატეგორიებს მაინც გასცდება. გულთან მიმართებით ყოველთვის ქაოსი იმარჯვებს. ბარის დამაარსებელს, ნია გვათუას ძალიან დასცხა და კაბა გაიხადა, ღვინის ჭიქა შემივსო და დაახლოებით იგივე თქვა, როდესაც ბარის კონცეფციაზე ვკითხე. ველაპარაკებოდი გეი-ბარების ისტორიულ ავტონომიურობაზე და მიწისქვეშა ბუნებაზე – თავშესაფარსა და ოჯახის არსებობაზე, ამ წიაღებში განუმეორებელი კულტურული მიმდინარეობებისა და პოლიტიკური აქტების წარმოშობაზე, რამაც საკაცობრიო ცვლილებებიც მოიტანა, ბოლოს და ბოლოს ერთადერთ დაცულ ადგილზე, სადაც შეგიძლია „საკუთარი თავი იყო“. ნიამ კი „Success”-ის ციცქნა ოთახის დაარსების ბევრად უფრო მასშტაბური იდეა გამიზიარა: „ეს არაა მიწისქვეშა ბარი. დროა, გაიხსნას ფარდა და ადამიანებმა ერთმანეთი ნახონ. უნდა იარსებოს ადგილმა, რომელიც ოფიციალურად გააღებს კარს და ჰომოფობებსა და ლგბტ ადამიანებს ერთმანეთს შეაჩვევს, გააცნობს და დაამეგობრებს. უფრო ხშირად ამის ძალისხმევაც არ მჭირდება – თითოეული შემომსვლელი მხოლოდ ერთ წესს იცავს: ან პატივისცემა, ან წასვლა. მერე კი თავისით, ნელ-ნელა, მაგრამ საფუძვლიანად ხდება ცვლილებები, რომლის შემყურესაც ადამიანების უზარმაზარი რწმენა მიბრუნდება.

როგორი ადამიანი აღარ შემოსულა აქ, თავიდან იფიქრებ, რომ ისინი ვერასდროს გაიგებენ ერთმანეთის ცხოვრების სტილს, მაგრამ აი, ვუყურებ და ხელს ართმევენ ერთმანეთს, საუბრობენ – უყვებიან ერთმანეთზე, ცეკვავენ.

ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ჩემთვის მთავარი აქ ეს გახსნილობაა. მნიშვნელობა არ აქვს, აგრესიულად განწყობილი ჰომოფობი ქმნის პრობლემას თუ გეი ან ტრანსგენდერი – აქ მათ გათანასწორება უნდა მოახერხონ. აქ ჩვენ ერთად ვსწავლობთ“. „კონფლიქტების არ გეშინია?“ – ვკითხე ნიას. „არა, – ძალიან მშვიდად და მოკლედ მიპასუხა, – ხშირად იმასაც მეუბნებიან, რომ ჩვენი ესთეტიკა ან საკომუნიკაციო დიზაინი ზედმეტად გამომწვევია და ინტიმური, რომ ეს პრობლემებს მოგვიტანს, მაგრამ ხომ უნდა შევძლოთ ოდესმე, რომ სექსუალობის აღარ შეგვრცხვეს, სხვანაირად სინამდვილეს ვერ მივაღწევთ. არც ჰომოფობების მეშინია და არც კონფლიქტების. ეს გაცნობიერებული რისკია“.

„გარისკო გულღიაობა“, – ვფიქრობ და ისევ ნეონს ვუყურებ. ვხვდები, რომ ეს ტექსტი ვერაფრით იქნება კრიმინალური რეპორტაჟი ბარის გაქურდვის შესახებ. ეს იქნება რისკი, დაწერო იმაზე, რომ კაცობრიობის მთელი პრობლემები იწყება მაშინ, როცა ამ გარისკვას შეუძლებლად მივიჩნევთ; როცა მას არ დავუშვებთ. რომ კრიმინალი და აგრესია სწორედ ამ გარისკვის მოთხოვნილებაა, ოღონდ პირუკუღმა ამოტრიალებული. რომ პერფორმანს არტისტის ლი ბაუერის ღია სიშიშვლე 1980-იანების ბრიტანეთში არა ესთეტიკური თამაში, არამედ სწორედ ამ გარისკვისკენ მოწოდება იყო. რომ კაცის ქალად გადაცმა ამ სირბილისა და სისუსტის გაბედვაზე, დაშვებაზე გველაპარაკება. რომ პრაიდის მარშების მთავარი განაცხადია:

„შემომხედე, ნახე, მე ასეთი ვარ და შემიძლია შენ წინაშე სრულიად შიშველი და მოწყვლადი ვიყო – თავი გაგიზიარო, გული გაგიღო და დაველოდო, მიმიღებ თუ არა“.

და რომ ამ ყველაფერს რომელიმე განსაზღვრულ სექსუალობასთანაც კი არ აქვს კავშირი – ეს ყველანაირი ადამიანის გამოწვევაა. და როდესაც ამას ვერ ვახერხებთ, ვერ ვრისკავთ, ნიღაბს ვიკეთებთ, მივდივართ იმასთან, ვინც ამას აკეთებს და რაღაცას ვპარავთ.

2017 წლის 3 ივლისს გაქურდეს ბარი „Success“. ქურდებმა მშვიდად მოხსნეს მათთვის ცნობილი სიგნალიზაციის კოდი, წაიღეს 7000$-მდე ღირებულების სასმელი, ტექნიკური მოწყობილობა და ფული.