1. ღმერთო ჩემო, რომელიც არ არსებობ, როგორ დავიღალე თავისუფლებით. ყველას, ვისაც შენ იცნობ, ყველა მოძრაობას, რომელიც ქალაქშია, ყველას და ყველაფერს უნდა რაღაც უფლება. თავისთვის. რაშიც აუცილებლად რაღაცის კეთების უფლება იგულისხმება. მინდა მარიხუანა მოვწიო. მინდა კლუბში ვიცეკვო. მინდა სექსი მქონდეს მასთან, ვისთანაც მე მინდა. მინდა სახლი ავაშენო, სადაც მინდა. მინდა მთავრობამ დამიფინანსოს ბიზნესი. მინდა ცნობადობა. მინდა მაღიარონ. მინდა, მინდა და მინდა... მე. და ამის საპირისპირო კონცეპტი ყოველთვის მონობაა. შენ არ გინდა? ან მიგაჩნია, რომ ჩემი სურვილი ფარდობითად უმნიშვნელოა? მონა ხარ! საბჭოთა კავშირის მონა ხარ. მიშას მონა ხარ. ბიძინასი. კოლექტივიზმის. და გამოდის ბანალური დიქოტომია და ტავტოლოგია: თავისუფლება კარგია, შესაბამისად, მონობა თავისუფლების საპირისპირო კონცეპტია და, შესაბამისად, ცუდია. არადა, თავისუფლების, როგორც „რასაც მინდა ვაკეთებ, რადგან მე თავისუფალი ვარ“, იდეის საპირისპირო კონცეპტი არ არის მონობა. ასეთი თავისუფლების საპირისპირო კონცეპტი პასუხისმგებლობაა. აბსოლუტურად ყველა შრეში. მეუღლისა მეუღლესთან, მშობლისა შვილთან, მეგობრისა მეგობართან, მძღოლისა მძღოლთან, სახელმწიფოსი მოქალაქესთან და პირიქით და ასე შემდეგ. ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ ერთმანეთთან და ამას ჰქვია საზოგადოება. სწორედ ამ ურთიერთპასუხისმგებლობის დაშლა უნდა ნეოლიბერალურ წესრიგს, სადაც ინდივიდი ხდება ერთადერთი პასუხისმგებელი თავისი ბედის (რაო მეგი თეტჩერმა? რაო და არ არსებობს საზოგადოება, მხოლოდ ინდივიდებიო); და თუ რამე ვერ გამოგივიდა, შენი ბრალია და წადი, დაიკარგე. მე, ჩვენ, მთავრობას არავითარი პასუხისმგებლობა არ გვაქვს შენდამი. ეს არის ინდივიდუალური ნების ფეტიშიზაცია, მისი გაღმერთება და ყველანაირი საზოგადოებრივი სიკეთის ამ ღმერთისთვის შეწირვა. არადა, საქმე ისაა, რომ სწორედ ნების კონცეპტთან მინიმალური შეჭიდებაც კი, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზემოთ ხსენებული დიქოტომია დავარღვიოთ. ნება იმას კი არ ნიშნავს, რომ გააკეთებ, რასაც გინდა; აირჩევ მხოლოდ იმას, რაც გევასება – „კოკა-კოლას“ და „პეპსის, „ვენდისს“ და „მაკდონალდს“ შორის. თუ ნებაზე დაფუძნებული არჩევანი არ გულისხმობს არჩევანის არგაკეთებას, იქ თავისუფლება მხოლოდ ილუზორულია. „ანა კარენინაში“, რომანში, რომელიც არა სიყვარულზე, არამედ სწორედ ნებაზეა, პრიმიტიული თავისუფლების მაგალითად ანას ძმა, სტივა ობლონსკი გვევლინება. ის აკეთებს ყველაფერს, რისკენაც თავისი ფიზიოლოგია ექაჩება, ღალატობს ცოლს, ჭამს, რასაც უნდა. ჰო, და სექსის და ჭამის გადაკვეთაში, რომანში ღალატის და ვნების სიმბოლო ხდება ფუნთუშა, რომელსაც სტივა დიდი ვნებით ეტანება. არადა, ლევინი, რომელიც რომანში ტოლსტოის იდეებს ახმოვანებს (აქედანაც მისი სახელი), ხვდება, რომ თავისუფლება არა ფუნთუშას ჭამაშია, არამედ მასზე უარის თქმაში. თავისუფლება ნეგატიური, პარადოქსულად, შემზღუდავი კონცეპტია, როგორც პასუხისმგებლობა, და მხოლოდ ერთის გავლით მივაღწევთ მეორეს. და მხოლოდ იმის გააზრებით შევდგებით როგორც საზოგადოება, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობაშია. 

2. დღევანდელ ნეოლიბერალური წესრიგის საქართველოში, არა რელიგია, არამედ პირადი თავისუფლებაა მასების ოპიუმი. სისტემა გარკვეული თავისუფლების მინიჭებით აყუჩებს მოსახლეობის სხვადასხვა ფენას, განსაკუთრებით, ამავე სისტემაში გამოზრდილ „პროგრესულ“ ახალგაზრდობას. თან, პირადი, სხეულის უფლებები კი არ რიგდება, როგორც ხელუხვი დილერის პროდუქტი. უფრო მანკიერი რამ ხდება.

სისტემა გაიძულებს, რომ კოკაინზე ანთებულივით, იბრძოლო ოპიუმისებური უფლებებისთვის და მერე, როდესაც გაიმარჯვებ და მოიპოვებ იმას, რაც გინდოდა, დაეგდო დაქანცული და შეირგო „გამარჯვება“ ვითომ კმაყოფილებით აღსავსემ. არადა, სწორედ ამ დროს ხარ ყველაზე დამარცხებული. რა მოხდა სინამდვილეში? იბრძოლე, შეასკდი, დაიქანცე, მაგრამ „გაიმარჯვე“ და ახლა, როგორც გინდოდა, ეწევი, ტყნაურობ, ცეკვავ, ჭამ, აკუებ... შენი სხეული ხომ შენია! მაგრამ თქვი, შეიცვალა რამე?

ციხიდან გამოუშვეს ასობით ადამიანი, რომლებიც უსამართლოდ დაჭერილები იჯდნენ. კარგია ეს! მართლა კარგია. მაგრამ მერე? როგორ ვაგრძელებთ? რა ტრანსპორტით იმოძრაოს იმ ხალხმა? და ხალხმა საერთოდ? ვალები როგორ გადაიხადოს? განათლება როგორ მიიღოს ამ ქვეყნის სასწავლებლებში? ჰაერი როგორ ისუნთქოს ასეთ ქალაქში? ნამდვილ საჯარო სიკეთეებს როგორ მისწვდეს? თავის კლასობრივ კედლებს როგორ დააღწიოს თავი? აჰ, მტკიცე ნებით? – ასე მიპასუხებდა ბევრი „თავისუფალი ბაზროლოგი“: ნუ ზარმაცობ, მოინდომე, გაანძრიე ეგ შენი თავისუფალი სხეული და მოიპოვე ეგ შენი პირადი ოცნება (თითქოს, ეგ ოცნება მართლა შენი იყოს და არა სისტემის მიერ შემოთავაზებული ვიწრო ჩარჩო). ეს ყველაფერი არის იდეის, რომელსაც პირადი ნება ჰქვია, მავნებლურ იარაღად გამოყენება საზოგადოების ატომიზაციისთვის, მისი დაშლა-დაქუცმაცებისთვის. შედეგად დგება მომენტი, როცა საერთოდ ვეღარ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა არის ჩვენი; როცა ვიღებთ სივრცეს, სადაც ლიფტის მოხმარებაც კი „შენს“ 5 თეთრამდე დაიყვანება და საერთო პასუხისმგებლობისთვის ადგილი აღარ რჩება. ეს რომ სიგიჟეა, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებით ყოველდღე ვრწმუნდები. ყოველდღე თავიდან ვიაზრებ, რომ ჩემი სხეული ჩემი არ არის. ის ყველას და ყველაფერს ეკუთვნის, ვის და რის მიმართაც მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას – ჩემს ოჯახს, თანამოქალაქეებს, სტუდენტებს, მეგობრებს, ძაღლებს... და თუ აინ რენდისეული „რაციონალური ეგოიზმის“ იმიტაციაში გადავარდნილი ნეოლიბერალიზმი გვეუბნება, რომ პასუხისმგებლობა არიფებისთვისაა, რადგან უმაღლესი კატეგორია არის „მე“, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ხედვა, რომელიც დღეს პირადი უფლებების დაცვად ითარგმნება, ფსიქოპათიურია, ხოლო ამ ხედვის ყველა გამზიარებელი, უბრალოდ, საკუთარ ფსიქოპათიას ამართლებს.