პოსტმოდერნული ღამის რაინდები: კრუიზები პოლისის ქუჩებში

„ჰეი, თქვენ, ბიტებზე მოცეკვავე მშვენიერო ახალგაზრდებო, ყურადღებით მომისმინეთ, მე გასწავლით ერთმანეთთან შეხვედრის ახალ გზას. სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ სხეულის სითბოს შესაგრძნობად, უბრალოდ დაიცადეთ შუაღამემდე, და მერე გადით ქალაქში სახეტიალოდ“.

Boys Town Gang

„შესაძლოა [კაცობრიობის] ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება ისაა, რომ სივრცე შეიძლება გამოისახოს ზედაპირზე, წერტილებისა და ხაზების მეშვეობით“, – ამბობს თანამედროვე კარტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორეტიკოსი, ამერიკელი გეოგრაფი ჯონ რაითი. დაახლოებით იმავეს იმეორებს მწერალი ბერილ მარკჰეიმი და აღნიშნავს, რომ თუ ერთ დღეს რომელიმე არაკეთილმოსურნე ყველა რუკას გაანადგურებს, ადამიანი დაბრმავდება, ქალაქები ერთმანეთისგან გაუცხოვდება და ყველა საგზაო ნიშანი აზრს დაკარგავს.

რუკის მნიშვნელობა ბევრად აღემატება მის ნაივურ გაგებას. აი, თუნდაც, ჰოლივუდურ ფილმებში მოგზაურები თუ განძის მაძიებლები, რუკისთვის, როგორც ცოდნისთვის და, მაშასადამე, ძალაუფლებისთვის იბრძვიან.

თუმცა ტექნოლოგიების განვითარება რუკას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. დღეს რუკა უფრო მეტ და უფრო ინტიმურ ინფორმაციას გვაძლევს, ვიდრე მარტივად – გზის გაკვლევაა. დღეს მას შეუძლია, ისიც კი გვაჩვენოს, თუ სად არის იმ მომენტში ჩვენი ახლობელი, ან ჩვენთვის საინტერესო იდენტობა.

1980-იან წლებში პოპულარული იყო ტერმინი „გეი ხეტიალი“ [gay cruising]. ასე ეძახდნენ გეების გასვლას ქალაქში სასურველი პარტნიორის საპოვნელად, რაც იმ დროს ადვილი საქმე სულაც არ გახლდათ. დღეს ეს ალალბედზე ხეტიალი ქუჩებში უფრო მარტივია: მობილური აპლიკაცია, რადარულ პრინციპზე დაფუძნებული გეიჩატი, გიჩვენებს, თუ რა მანძილზეა შენგან პოტენციური პარტნიორი. ქალაქში მოხეტიალეებს საკუთარი რუკები აქვთ. მათი ბოდიალი დაგეგმილი და უსაფრთხოა.

სიახლეები მხოლოდ LGBT თემს არ ეხება, იგივე ითქმის მაგალითად იმ ჰეტეროზეც, რომელიც რუსეთში პოპულარული აპლიკაციით საქართველოში რუს ტურისტებს დაეძებს, რათა „მამის“ ისტორია გაიმეოროს.

შესაძლოა ჯერ ჩვენთვის ინდივიდუალურად შესაფერისი აპლიკაციისთვის ყველას არ მიგვიგნია, მაგრამ ქალაქში სიარულისას საკუთარი მენტალური რუკებით მაინც ყველა ვხელმძღვანელობთ – ტურისტიც, ჟურნალისტიც, პოლიტიკოსიც, ტერორისტიც, სპეცრაზმელიც, მეც და თქვენც. უცნაური ისაა, რომ ეს რუკები შესაძლოა სულაც არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ბიზნესმენი თემურ ჭყონია Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საკუთარი აქტივობების დაგეგმვისას მაკდონალდსისა და კოკა-კოლას ობიექტების რუკებს იყენებს. ასეთივე სუბიექტური მარშრუტებით მოძრაობენ ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებიც. ეს სუბიექტური რუკები ერთ ქალაქს მოიცავს, თუმცა მის სხვადასხვა ნიშნებს ხედავს. ასეთ რუკებზე თბილისი ფრაგმენტულია, ერთიანი ქალაქი აღარაა. მასშტაბები მორღვეულია, ზოგზე მაკდონალდსის ნიშანია მსხვილად, ზოგზე – პოტენციური გეი პარტნიორის, ზოგზეც – რუსი ტურისტის.

დღეს სხვადასხვა ჯგუფს სივრცის აღქმის აბსოლუტურად განსხვავებული პერსპექტივები და აპლიკაციები აქვს. რუკის ინტერპრეტაცია შეიძლება კარგი საშუალება იყოს იმის გასარკვევად, თუ რა განასხვავებს ჯგუფებს ერთმანეთისგან. ასეთი გახლეჩა მოდერნული პერსპექტივიდან დანახული ერთიანი რუკისთვის ადგილს აღარ ტოვებს. ეს სუბიექტური და იდენტობებზე მიბმული – პარტიზანული რუკებია, მათი შესწავლა კი, ჩვენი საზოგადოების უკეთ გაგების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეთოდი.

 

1991-2003 წლები: ახალი სადემარკაციო ხაზები

ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ვარდების რევოლუციამდე ნაციონალიზმის დრაივით წარიმართა, ამ დროს ჩვენ ქართველი ერის ხელახალი დაბადების მოწმენი ვხდებით. ოთხმოცდაათიანების გაჭირვების, ომების, სერვისების კოლაფსისა და ნეგატიური დისკურსის ფონზე, მე-20 საუკუნის მიწურულს ჩვენს ქვეყანაში ფუნდამენტური სამუშაო ჩატარდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ეტაპზე რუკის განახლება აუცილებელი იყო – უნდა გავლებულიყო ახალი სადემარკაციო ხაზები, გაჩენილიყო ეროვნული სიმბოლიკა – როგორც დამოუკიდებელი ერთეულის აუცილებელი ატრიბუტი. რუსული ოკუპაციის მიუხედავად, ეს მისია მეტ-ნაკლებად წარმატებით დასრულდა – დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია.

 

2003-2012: დეცენტრალიზაცია

2003 წელს სააკაშვილს ხვდება სახელმწიფო განახლებული ეროვნული ნარატივით, თუმცა, დემოკრატიული ინსტიტუციების გარეშე. სამოქალაქო საზოგადოება, მედია და სახელმწიფო ინსტიტუტები ჩანასახის მდგომარეობაშია.

ვარდების რევოლუციის შემდეგ რუკამ ტოპოგრაფიული სიზუსტეები მოითხოვა. გრძედებს და განედებს შიგნით სხვადასხვა სერვისი და მათი მდებარეობა მოინიშნა: რუკაზე მომრავლდა სამოქალაქო ორგანიზაციები, სოლიდარობის ცენტრები, სამლოცველოები, ყავახანები, მედიაორგანიზაციები. ეს ძალაუფლების ცენტრების დაფანტვაა – დეცენტრალიზაცია.

ყოველი სერვისი ერთგვარი მანქანაა, იმ რეალობების ლეგიტიმაციისთვის, რომლებითაც მათთან დაკავშირებული ინდივიდები საკუთარ ცხოვრებას წარმართავენ. ამ მედიუმების გავლით, სხვადასხვა უმცირესობას დამოუკიდებელი თვითპრეზენტაციის შესაძლებლობა უნდა მიეღო. მაგალითად, გეის უნდა შესძლებოდა, თავისი სათქმელი ღიად ეთქვა და არა LGBT თემის დამცველთა ორგანიზაციების გავლით.

ამ პერიოდში მოქალაქის რეალობის კონსტრუირების ფუძეები გაიშალა. ცხადია, პრობლემებითა და ხარვეზებით, თუმცა, მთლიანობაში, ჩვენმა საზოგადოებამ გრანდნარატივის დიქტატი მოიშორა და მრავალფეროვანი „კუნძულები“ შექმნა – ანუ გამოათავისუფლა სივრცე სხვადასხვა უმცირესობისთვისაც.

 

2012 ‒ დღემდე: ინდივიდების კარტოგრაფია

სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ გადაცემა „ანარეკლებში“ სტუმრობისას ივარაუდა, რომ „როცა არსებობდა ერთი დიდი სიგიჟე ერთი დიდი იდეოლოგიის სახით, რომელსაც ერქვა კომუნისტური იდეოლოგია... მაშინ ჩვენი ინდივიდუალური სიგიჟეები არ ჩანდა... როცა ტოტალიტარული დისკურსული შიზოფრენია წავიდა, აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ყველა ადამიანი პრობლემურია, რომ არ არსებობს ნორმის კატეგორია, რომ ყველას აქვს ფსიქიკური პრობლემები“. 2003 წლიდან დაწყებულმა დეცენტრალიზაციამ პლურალიზმის აფეთქება, ე.წ. ინდივიდუალური სიგიჟეების გამოვლენა გამოიწვია, რაც დღეს ისეთი შესამჩნევია, როგორც არასდროს.

ჯგერენაია ეჭვობს, რომ დღეს საზოგადოების ნაწილს სურს, ისევ არსებობდეს ტოტალიტარული ნორმის დამდგენი, „ისტერიული“ იდეოლოგია, რომელიც ჩვენს სიგიჟეებს დამალავდა... რუკის ფორმირების მე-3 ეტაპი სწორედ ზემოთ ნახსენები „შიზოფრენიული“ იდეოლოგიის, ერთი, საყოველთაო სიგიჟის თავიდან აცილებას უნდა დაეთმოს. ახლა ინდივიდების კარტოგრაფიის დროა – ცენტრებისგან დამოუკიდებლად საკუთარი თავის წარმოჩენის დრო. სწორედ ესაა ეტაპი, როდესაც რუკაზე დატანილი გაყინული შენობების მიღმა სიცოცხლე უნდა გამოჩნდეს. საფოსტო კოდები, გრძედები და განედები – ჩემზე და შენზე უნდა საუბრობდნენ.

10 წლით უკან თუ დავბრუნდებით, ვნახავთ, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა დროს კაფე-ბარებში ატარებს. მათი თავშეყრის ადგილი „ბუდე“ და „სალვეა“, სალაპარაკო თემები – პოლიტიკა და სექსუალობა. აქ ფიქრის ადამიანები იკრიბებიან. გულგრილობა იქნება, თუ ვერ შევამჩნევთ გადასვლას – „ყავახანური“ საჯარო სივრცეებიდან კლუბურ საჯარო სივრცეებზე. დღეს ყველაზე ცხელი წერტილი Bassiani-ა, სადაც აქცენტს მოქმედებაზე აკეთებენ. ვერბალური კომუნიკაცია პერფორმატიულით იცვლება და იდენტობებიც გროტესკულად იკვეთება. კონსერვატორსა და ლიბერალს შორის განსხვავების მკრთალი ხაზი, რის აღმოსაჩენადაც აქტორთან გასაუბრება იყო საჭირო, დღეს ზედაპირზე ციმციმებს და ჩანს მოქმედებებში, ჩაცმულობასა თუ ცხოვრების სტილში. თანამედროვე იდენტობების ფორმა იმდენად მაცდურია და, ზოგჯერ, იმდენად „გიჟურიც“, რომ თავისივე ბრწყინვალებაში აქრობს შინაარსს.

მას შემდეგ, რაც ფიქრის ადამიანებიდან მოქმედების ადამიანებზე გადავდივართ, დაფარული იდენტობები ფერადდება და იქმნება ინდივიდებზე, მიკროჯგუფებზე მორგებული რუკები. სუბიექტური რუკები, კრუიზების ორიენტირი, უსაფრთხო გადაადგილების ტექნო-ფუტურისტული ინსტრუმენტია. მომხმარებლებს თავიანთი რუკები პოლისის გაყინულ ჯუნგლებში გადარჩენაში უნდა დაეხმაროს.

ამ პარტიზანული რუკებით ნეოტომელები, იგივე ურბანული ტომები სარგებლობენ. ურბანული ტომები, ქალაქში მცხოვრები მიკროჯგუფებია, რომლებსაც საერთო ინტერესები, სამყაროს მსგავსი ხედვა, სტილი და მსგავსი ქცევის პატერნები გააჩნიათ.[1] „ურბანული ტომების ცხოვრების წესი აღარაა დაფუძნებული აბსოლუტური თავისუფლების ძიებაზე, არამედ, შედარებით მცირე თავისუფლებებზე, რომელიც არის რელატიური, ემპირიული და ითხოვს დღიდან დღემდე ცხოვრებას“ (მიშელ მაფესოლი, 1988). ურბანული ტომები, თავიანთი ცხოვრების ახალი წესით, არ მიდიან „სამოთხისკენ“, მათ არ აინტერესებთ დიდი ნარატივები-უტოპიები. ესაა „უსასრულო ახალგაზრდობა“, მცდელობა, იცხოვრო მომენტით, იყო თანამედროვე, მაცდური და უბრალოდ Cool. აქ ქრება რადიკალიზმი, რადგან ნეოტომელები ისევე არიან რადიკალები, როგორც კონფორმისტები; აქ ობიექტური შეფასების კრიტერიუმები არ მუშაობს, შეფასება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი რუკიდან [ტერიტორიიდან] უყურებ ნეოტომელების ქცევას. აი, მაგალითად, „თეთრი ხმაური“ რადიკალური მოძრაობაა თუ კონფორმისტული? ერთი რუკიდან ის მოჩანს, როგორც რადიკალი, რადგან სწორედაც რომ რადიკალურ გამოწვევებს უყენებს ქვეყნის ნარკოპოლიტიკას; მეორე რუკიდან, ეს უბრალოდ კონფორმისტული ჯგუფია, რომელიც ვერ/არ ითვალისწინებს „რეალურ პოლიტიკას“ და „პრობლემების რედუცირებას“[2] ახდენს; მესამე რუკიდან ეს „ბოჰემაა“, ერთგვარი ჰედონისტურ/კონფორმისტული ტომი და ა.შ.

ურბანული ტომების მიკროთავისუფლებები მიკროგმირებს ქმნის – პოსტმოდერნული ღამის რაინდებს, რომლებიც საკუთარ სხეულებს რისკავენ თანამედროვედ ცხოვრებისთვის. მიკროგმირები, ტომის ცოცხალი ტოტემები, მიკროტომების ნებელობას ატარებენ და მათ გამოჩენაზე მიუთითებენ.

ნეოტომელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ უსაფრთხო რუკები. ეს რუკები WEB 2:0-ია: ინტერაქციული, ჯიპიესებით აღჭურვილი, მუდმივ რეჟიმში განახლებადი სქემები. როგორც კოლუმბი ხაზავდა საკუთარი ხელით სამოგზაურო რუკებს,3 ასევე დღეს პარტიზანული რუკების დიზაინი რეზიდენტის ხელშია. თითქოს საერთო რუკაზე შეთანხმებულები ვართ და ახალი კონტინენტების აღმოჩენას აღარ ველოდებით, სინამდვილეში კი, ყველა ჩვენი სუბიექტური რუკის, შესაბამისად – აპლიკაციის, ქსელის, მედიუმის ძებნაში ვართ, რამაც ჩვენს სასურველ იდენტობებთან, წრესთან, ურბანულ ტომთან უნდა დაგვაახლოოს. თანამედროვე რუკები კონფიდენციალურია და არგოტის ანტივირუსული სისტემა იცავს. არგოტი საიდუმლო ენაა, რომელსაც ურბანული ტომები იყენებენ, რათა მათი დიალოგი არ გამჟღავნდეს. მისი სისტემა თამამია, იმ გაგებით, რომ ის ყველას ენა არაა, ახალია და ჯერ მკაცრ ეთიკას არ იცნობს. შესაბამისად, არგოტი ინტიმურიცაა. ის ურბანული ტომების იმუნიტეტია, რათა მათ რუკაზე ვირუსები შეამჩნიოს: მაგალითად, გეი რუკაზე – ჰომოფობი და პირიქით.

რუკის მსგავსი ფრაგმენტაციის დროს ულტრაკონსერვატორი თუ ულტრანაციონალისტი ერთიანი რუკის ძიებაში დაიკარგნენ. თუკი ელიტები ვერ მიხვდებიან, რომ დიდი ნარატივები პრაქტიკულად მკვდარია, ალბათ, მოუწევთ, აიძულონ ინდივიდები, იცხოვრონ ისე, როგორც მათ არ სურთ. ჩვენი ენით რომ ვთქვათ, საზოგადოებას მოუწევს, სუბიექტური რუკები ერთმანეთთან მაქსიმალურად დააახლოოს, რის გამოც განსხვავებული, რომელიც რუკის ერთიან ინტერპრეტაციაში არ/ვერ ჩაჯდება, ისევე მოიკვეთება, როგორც „ჯინსების თაობა“ საბჭოთა კავშირის დროს.

ულტრაკონსერვატორის თუ ულტრანაციონალისტის რუკა მხოლოდ ერთიანი ტერიტორიის სიმულაციაა, მაშინ როდესაც მოვლენები ჰიპერგანზომილებებსა და სუბიექტურ რუკებში ვითარდება. ურბანული ტომები საკუთარი რუკების ფრაგმენტაციით დიდი რუკის ფრაგმენტაციას ავტომატურად ახდენენ. ნებისმიერი მესიჯი, რომელიც ერთიან რუკაზე მიუთითებს, ურბანული ტომების უმეტესობისთვის გაუგებარი ან მიუღებელია.

ამგვარად, ვინც დიდი ნარატივის, ანუ ერთიანი რუკის აღდგენას ცდილობს, უტოპიური ინტერესებით ხელმძღვანელობს, რაც არა მხოლოდ არარეალისტური, არამედ სახიფათოცაა. 

 

1 კონცეპტი ფრანგ სოციოლოგს, მიშელ მაფესოლის ეკუთვნის. მაფესოლისეული ხედვა გულისხმობს ფრაგმენტების დანახვას [ურბანული ტომები] მთლიანობის პრიზმაში [მასები]. მსგავსი ჯგუფების ფორმირება საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ [განსაკუთრებით, 2003 წლიდან] ჩვენთანაც ავტომატურად დაიწყო. 

2 ციტატა ეკუთვნის აუდიტორია 115-ს, რომელმაც „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული ბახალას მხარდამჭერი აქცია გააკრიტიკა, 

3 აღსანიშნავია, რომ ამერიკის კონტინენტი მსოფლიო რუკაზე მხოლოდ მე-16 საუკუნეში ჩნდება.