„მონსტრები და მოჩვენებები რეალურები არიან, ისინი ჩვენში ცხოვრობენ და ხანდახან იმარჯვებენ“.  სტივენ კინგი

„ბექა ფერაძე, იურისტი, ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი: დღეს ქვეყანაში 287 ათასი იპოთეკით დატვირთული ქონებაა რეგისტრირებული და აქედან დაახლოებით 70% გაპრობლემებულია, ანუ ადამიანები ვერ იხდიან აღებულ ფინანსურ ვალდებულებას და ემუქრებათ საფრთხე, რომ გარანტიად ჩადებული ქონება დაკარგონ. ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 25%-ია დღეს ასეთ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. 2006 წელს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული საკანონმდებლო ბალანსი მნიშვნელოვნად გადაიხარა კრედიტორების სასარგებლოდ და დღეს მოვალე, ფაქტობრივად, დაუცველია. კანონი შესაძლებლობას აძლევს კრედიტორს, რაც შეიძლება მარტივად ჩაიგდოს ხელში მოვალის ქონება. ეს მხოლოდ ბანკებს არ ეხება. მეტსაც გეტყვით, არსებული 287 ათასი იპოთეკური სესხიდან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაახლოებით 42 ათასია საბანკო ორგანიზაციების მიერ გაცემული იპოთეკური კრედიტი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არა აქვთ ვალდებულება, აღრიცხონ და სებ-ს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, მაგრამ ყველა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, იმაზე მეტი იპოთეკური სესხი ვერ ექნებათ, ვიდრე ბანკებს აქვთ გაცემული. შესაბამისად, გვრჩება დაახლოებით 200 ათასი იპოთეკა, რომელიც კერძო მევახშეების ხელშია. სულ ცოტა, 10 ათასი დოლარი რომ ვიანგარიშოთ თითოეულ სესხზე, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ვალი აქვთ მოქალაქეებს კერძო მევახშეების მიმართ. აღარაფერს ვამბობ იმ კაბალურ პირობებსა და მაღალ პროცენტებზე, რის გამოც ხშირად აღებული სესხის სანაცვლოდ ადამიანებს ორჯერ, სამჯერ და კიდევ მეტის გადახდა უწევთ“,  commersant.ge

„ირინე მღვდელაძე, იპოთეკით დაზარალებულთა კავშირის ხელმძღვანელი: მე ის ქალი ვარ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ბენზინი რომ გადაისხა და თავის დაწვა სცადა. სიკვდილის არც ახლა მეშინია, მინდა, ყველას მივაწვდინო ხმა, რომ ჩვენ, ათასობით ადამიანი, მევახშეების, საშუამავლო ფირმების, ნოტარიუსებისა და მათი მფარველი ჩინოვნიკების დანაშაულებრივ სქემებს ვეწირებით. წინა ხელისუფლების დროს ვანო მერაბიშვილის მამიდა, მზია ნათენაძე, მევახშეობდა. ახლა იმავეს ამჟამინდელი ჩინოვნიკების დედები ან სიდედრები აგრძელებენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ მევახშეს 300-400 ბინა ჰქონია გადაფორმებული და არც მოგების გადასახადი გადაუხდია და არც ჩვენ მიერ გადახდილი პროცენტებიდან შემატებია რამე ბიუჯეტს“,  bpn.ge

საქართველომ ბანკის მიმართ ვალების რაოდენობით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. ვალებზე საუბარი ყველამ დაიწყო, მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთს მკაცრ გამონათქვამებში ეჯიბრებიან, საეჭვო სიჩუმე ამ ბაზრის ყველაზე დიდ სეგმენტს სდევს – იპოთეკური ბაზრის თითქმის ¾, მისი ყველაზე ბნელი და დაურეგულირებელი ნაწილი, – კერძო იპოთეკარებზე, ე.წ. მევახშეებზე მოდის. მევახშეების ვალი 5 მილიარდ ლარზე ოდნავ მეტი ან ოდნავ ნაკლებია, რაც საქართველოს ბიუჯეტის თითქმის ნახევარი და მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მეოთხედია. ვალი 200 000 ერთეული კერძო ქონებით არის გამყარებული, შედარებისთვის, საქართველოს საგარეო ვალი მსოფლიო ბანკის (IDA) მიმართ 1.16 მილიარდი დოლარია, სახელგანთქმული „იბიარდისთვის“ (IBRD) 682 მილიონი დოლარი გვაქვს დასაბრუნებელი.

ეროვნული სამევახშეო ბაზრის და მისი ანომალიური სიდიდის მიზეზებისა და ისტორიის აღწერა 2006 წლით უნდა დავიწყოთ. მაშინდელი ინიციატივის მიხედვით, გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გამარტივდა და გადაწყვეტილების მიღების უფლება სასამართლოს ნაცვლად ნოტარიუსებს გადაეცათ. კანონმდებლობით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის ზღვრული დონე კი საერთოდ გაუქმდა და პროცენტის ოდენობა მხოლოდ ორ ადამიანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე გახდა დამოკიდებული – განაკვეთი ჯერ რამდენიმეჯერ გაიზარდა, ხოლო შემდეგ 10- და 20-პროცენტიან ნიშნულებს შორის ტივტივი დაიწყო. მაგალითისთვის, მეზობელ სომხეთში, ისევე როგორც განვითარებული, განვითარებადი და განუვითარებელი ქვეყნების დიდ ნაწილში, პროცენტის ზედა ზღვარი მკაცრად რეგულირდება. სასამართლოს გარეშე კი გამოსახლების გადაწყვეტილებას ვერცერთი უწყება ვერ იღებს. ასე გაიხსნა კერძო საკუთრებაზე ნადირობის დიდი სეზონი საქართველოში, რომელმაც მივიწყებული ჯიხურებისა და სანოტარო ბიუროების, პროცენტების, ნულოვანი აუქციონების, მეტრებისა და სანტიმეტრების ზომვის და იურიდიული ლაბირინთების მიწისქვეშა იმპერია ააშენა.

თუ ინფორმაციის მოძიებას გადაწყვეტთ, უამრავი შემზარავი კადრის ნახვა შეგიძლიათ, სადაც სახლებიდან მრავალშვილიან ოჯახებს, პენსიონერებს, ომის ვეტერანებს და ლოგინად ჩავარდნილ ადამიანებს ასახლებენ, მათი დიდი ნაწილი თითს მაღალჩინოსნებისკენ იშვერს. რთულია ამბის ამ კადრებზე უკეთ მოყოლა, თუმცა კამერის გამოჩენისას ბევრი რამ იცვლება და დემონებიც სხვაგვარად ცდილობენ საკუთარი სახის გამოჩენას, ეშმაკი კი ყოველთვის დეტალებშია.

ბურუსით მოცული სამევახშეო ბაზრის გაშუქებას შევეცდები – მითების, ექსპერტული დისკუსიების, ტრაგედიების და ჭორების მიღმა, ნისლით დაფარული უზარმაზარი ფინანსური პირამიდა იმალება, რომლის ფუნდამენტიც ჩვენი, ჩვენი მეგობრებისა და მეზობლების ყოველდღიურობაშია ჩადებული, ხოლო კენწერო ღრუბლებს მიღმა, საქართველოს პარლამენტსა და სხვადასხვა ბიზნეს- და საბანკო ასოციაციებში იმალება.

სტატიის თანამგზავრი სხვადასხვა წყაროდან მოძიებული კადრებისა და ციტატების ნაწილი იქნება, იმედი მაქვს, ახალი ინფორმაციის დამატების, გადამოწმებისა და უკეთ შესწავლის შრომას, საკითხით დაინტერესებული ადამიანები გადაინაწილებენ.

მთლიანი სურათის აღსაქმელად სპირალს პარლამენტიდან კახეთში და უკან უნდა გავყვეთ – რას შეიძლება გადააწყდეს რიგითი კახელი, რომელიც „ვივუსმა“ გააშავა და მიწის დასამუშავებლად სამი ათასი დოლარი მევახშისგან ისესხა. ამისთვის ცხოვრებაზე, როგორც ცხოვრებაზე საუბარი მოგვიწევს აბსტრაქტული თეორიებისა და „ფისკალური განაკვეთის“ გარეშე – ასე ვთქვათ, ისე, როგორც ხდება, როგორც კეთდება ხოლმე.

„აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში (2008-2012) საცხოვრებლისა და პირადი ქონების გარეშე 172 293 ოჯახი დარჩა. კონკრეტულად, 2008 წელს ბინა დაკარგა 35 728 ოჯახმა, 2009 წელს 38 799 ოჯახმა, 2010 წელს 47 889 ოჯახმა, 2011 წლის 9 თვის მანძილზე 28738 ოჯახმა. 2012 წლის 6 თვის მანძილზე კი ბინის გარეშე 21 139 ოჯახი აღმოჩნდა“,  for.ge

„"სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად (2008-2012), თბილისის მოსახლეობის 30%-მა სესხი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აიღო, სხვადასხვა ოპერაციისთვის, 40%-მა საპროცესო გარიგებებისთვის – დაუჭირეს ოჯახის წევრი, 20%-მა ბიზნესისთვის, ხოლო 10% ამბობს, რომ ოჯახის წევრი საზღვარგარეთ გაუშვა სამუშაოდ“,  newpress.ge

კახეთში გამოსახლებების წინააღმდეგ მებრძოლ პატარა თვითორგანიზებულ ჯგუფთან ერთად აღმოვჩნდი, რომელსაც „სახალხო ტრიბუნებს“ უწოდებენ, მათი ლიდერი მამისა ჯაფარაშვილი ამ ბნელ ლაბირინთში ჩემს გიდობას ენთუზიაზმით დათანხმდა. სოფლის გზას რამდენიმე ადამიანთან ერთად მივუყვებოდი, იქ იყო ორი ბიჭი კუკავას ახალგაზრდულიდან და იპოთეკით დაზარალებული რამდენიმე ძველი ყაიდის პატრიოტი, რომლებმაც უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტეს. ჩვენ წინააღმდეგ მოხუცი ქალი იდგა, თბილისის ცენტრიდან, რომელიც ყველაზე ეჭვიანი კაცის ნდობასაც დაიმსახურებდა, მგზავრობისას ასეთებს ადგილებს უთმობენ ხოლმე, ის იმ შვილიშვილებს იფიცებოდა, რომლებიც, როგორც შემდეგ გაირკვა, არასდროს ჰყოლია, ამ მოხუცმა პედაგოგმა უსახლკაროდ სამოცდაათ ოჯახზე მეტის დატოვება მოახერხა. ამბობენ, რომ ღარიბულად ცხოვრობს, მისი და მის უკან მყოფი ფულის წარმომავლობა თანაბარი ბურუსით არის მოცული, სხვა შემთხვევებშიც ასე ხდება ხოლმე.

„287 თანამდებობის პირიდან 78% ქონებრივ დეკლარაციას სრულყოფილად ვერ ავსებს - ეს შედეგი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მომზადებულმა მონიტორინგმა აჩვენა. ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას გამოვლენილი დარღვევების გამო, 7 დეკლარაცია სამართალდამცავ უწყებებს გაეგზავნა. (...) საბოლოო ჯამში 1 000 ლარით დაჯარიმდა 224 თანამდებობის პირი“, – netgazeti.ge

„საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა (ქართული ოცნება), რომელიც გურჯაანის საარჩევნო ოლქიდან არის არჩეული, 2016 წელს 201 300 აშშ დოლარი და 641 890 ევრო გაასესხა, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით 122 000 ლარზე მეტი მიიღო“,  reginfo.ge

კახელი გლეხის ოჯახში აღმოვჩნდი, ეზოში საბჭოთა სკოლის სკამები და მერხები იდგა. სოფლის უხუცესები ჭირისუფლებივით ისხდნენ ასეთ სკამებზე, ყველას ჩვენი აზრი აინტერესებდა – რა უნდა მოუხერხონ მევახშეს, რომელმაც ერთი პატარა რაიონიდან თოთხმეტი ოჯახი გაასახლა. ერთი მათგანი გაუჩერებლად ტირის, დაკეტილი სახლების ნახვას მთავაზობენ, სახლების წინ პატარა ბანერებია, წარწერით – „იყიდება“, მათზე მევახშის ტელეფონის ნომერი წერია. – „სულ ვტირი, გვერდზე რო ვუვლი, მაგრამ რა ვქნა... არ არის ამ ქვეყანაში სამართალი... ამას ხო ხედავ? არც იცოდა, რომ სახლი გაუყიდეს, უცებ შეუვარდა ოცი კაცი, ნახევარ საათში დაცალეს და დაკეტეს, მეუღლე გადაყვა ამ ამბავს...“ აქ იყო სასწრაფო, რომელიც შეუძლოდ გამხდარ დიასახლისს ემსახურებოდა, ქალი ტახტზე იწვა და ტიროდა, მის ტირილზე ყველა მოხუცი მოთქმას და მევახშეების წყევლას იწყებდა.

საშუალო ხნის მამაკაცი სესხის ისტორიას ჰყვება. მის ეზოში შრომის ხელსაწყოები ერთად აწყვია, რამდენიმე დაზგას ჟანგი აქვს მოდებული. ხელებს თავში იცემს – ირკვევა, რომ სამი ათასი დოლარი ისესხა. ხუთი უკვე გადახდილი ჰქონდა, როდესაც გამოცდილმა მევახშემ, ოჯახს პროცენტების გადახდის შეწყვეტა შესთავაზა – „ვიცი, რომ გიჭირთ, მე მოხუცი ქალი ვარ, ამდენ ფულს სად წავიღებო, მოკლედ, არ გადამიხადოთ, არ არის საჭიროო...“ – ამ საუბარს ორწლიანი სიჩუმე მოჰყვა, ოჯახი ცხოვრებას აგრძელებდა – ლოგინში ჩავარდნილი ბებია, გამგეობის ნაჩუქარი წამლები, რამდენიმე შვილიშვილი და კახეთის მადლიანი მიწა, დაბადების დღეები და ახალი წლები, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ პატარა ტელევიზორში, ვიზალიბერალიზაცია, სტუმრობები მეზობლებთან, ტანინიანი ღვინო, ასი გრამი ჭაჭა ვენახში გასვლამდე და ა.შ. და ა.შ. ორი წლის თავზე კი მევახშე ისევ გამოჩნდა, უფრო სწორად, მისი ადვოკატი, მის მარცხნივ ახალგაზრდა ასისტენტი იდგა, მარჯვნივ კი პოლიციელი, უცნაური ნევროზით, სახლში თვალების ცეცებით და სამხრეებით – მათ უკან კი სახელმწიფო ბიუროკრატია იყო, შეთქმულების თეორიები, ჯაზი და თანამედროვე ხელოვნება, შავი კოსტიუმები, უცნობი წარმომავლობის ფული, რომლითაც სქემები მარაგდება, და გილიოტინასავით გამართული კანონმდებლობა.

„იცით, ჩვენი პრობლემა რაშია? მთელი საზოგადოების...“ – ამბობს ადვოკატი, ივანე ჯავახიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან, საშუალო სიმაღლის ქუსლებზე და უზარმაზარი საყურეებით, – „ვერ ვისწავლეთ, რომ ვალს გადახდა უნდა, პასუხისმგებლობის საკითხია, ამდენი წელი უყურადღებოთ გყავდათ ქალბატონი, რა იცის, რომ იმავეს არ გაიმეორებთ, ბინა დღესვე უნდა დაცალოთ“, – გვერდით აღსრულების პოლიცია უდგას, გლდანის ციხის ჩამოქვეითებული ბადრაგი და ორი ჩუმი, მაგრამ პრინციპული ბიჭი. ახსნა გვიანია, ყველაფერი კონტრაქტის მიხედვით გვარდება, შედავებას და ქართველობის გახსენებას მკაცრი პასუხი მოჰყვა – „თუ არ ესმით, ნუ ელაპარაკები, ჩაყარე ნივთები, დაცლა დაიწყეთ. არ უნდათ ამათ ნორმალური ლაპარაკი, კანონს ვასრულებთ, რა საჭიროა ეს მორალის კითხვა და პანიკები, ჩვენც ქართველები ვართ“, – მისი სახე მტკიცე და თავდაჯერებული იყო, როდესაც პროფესიონალი აღმასრულებლების ჯგუფმა ქალების კივილის ფონზე მაგიდის წონისა და სიმყარის მოსინჯვა დაიწყო.

რთულია აღსრულებაში მუშაობა, ერთი „ბრიგადა“ დღეში ხუთ ობიექტზე მიდის, სხვა ჯგუფები სხვა რაიონებში მუშაობენ. პენსიონერები სახლებიდან უნდა გამოასახლო, თან „ქართველად“ დარჩენა მოახერხო, მეგობრებსა და ნათესავებთან მართალ კაცად.

ახალგაზრდები ჩვენს დანახვას არ ელოდნენ, მათ სახეზე მსუბუქი აღელვება იკითხება, ხელის ყველა მოძრაობას მზერით იჭერენ, ერიდებათ, ვინმემ სცენის გადაღება არ დაიწყოს. უფროსებს უკვე „გაუტრუხდათ“, აქ მუშაობის შემდეგ კანი „შკურკას“ ემსგავსება, სიჩუმეში თუ დაგაყენეს, თელასის ჯიხურივით ზუზუნებ. სახელმწიფომ პოლიციური გამოსახლებები 2016 წელს შეწყვიტა. სანამ აღმასრულებლები საქმეს აკეთებენ, პოლიცია იქვე დგას და მზესუმზირას ჭამს, ან სიგარეტს ეწევა, თუ დახმარება გახდა საჭირო, არც ეგ იქნება პრობლემა. პოლიციური გამოსახლებების სტატისტიკა შემცირებულია, რეალურად კი ქურთუკის ფერი შეიცვალა, ოპერების შავი მოსასხამი ლურჯით ჩანაცვლდა, რომელსაც ამაყად „აღსრულების პოლიცია“ აწერია.

„[ბექა ოდიშარიამ (ქართული ოცნება)](...) სესხად გასცა 170 000 აშშ დოლარი, საიდანაც პროცენტის სახით წლის განმავლობაში მიიღო 24 724 აშშ დოლარის სარგებელი. 2017 წლის 1 იანვარს კი ბექა ოდიშარიამ 2 წლის ვადით – 2018 წლის 1 იანვრამდე, – გაასესხა 270 000 აშშ დოლარი“,  reginfo.ge

სადღაც კაბინეტებსა და კომიტეტებში პარალელური დისკუსია მიმდინარეობს – ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას შეფასებით, საპოლიციო გამოსახლების გაუქმება უარყოფით გავლენას მოახდენს ბიზნესსა და სამოქალაქო სექტორზე. იმავეს იმეორებს „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა და ამატებს, რომ კანონპროექტის მიღება ნეგატიურად საბანკო სისტემაზეც აისახება. „იბერიას“ სიუჟეტი ასე იწყება: „ოჯახი, რომელიც საკუთარი სახლიდან გამოასახლეს, ბრალდებას უმრავლესობის დეპუტატს უყენებს – მოქალაქე ირწმუნება, რომ იპოთეკარს, რომელმაც ის ხუთ შვილთან ერთად ქუჩაში დატოვა, მაღალჩინოსნები მფარველობენ“. მარტოხელა დედას, რომელსაც ავადმყოფი მშობელი და ხუთი შვილი ჰყავს, სახლიდან ასახლებენ, ოჯახს ცხოვრების გაგრძელება საკუთარი სახლის სარდაფში უწევს. ატირებული, სამთავრობო ელიტარულ მაფიაზე საუბრობს და ხელს გია ვოლსკის ადებს, ვოლსკისთან კითხვებით მისული ჟურნალისტები გასაუბრებაზე მტკიცე უარს იღებენ. პორტალი კომერსანტი ვოლსკის მიერ ინიცირებულ ასეთი შინაარსის კანონპროექტზე გვიყვება – თუ ფინანსური ინსტიტუტი სახლს ისევ დაზარალებულზე გაყიდის, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება. საკითხავი ის არის, რამდენად შესაძლებელია, რომ ადამიანმა, რომელსაც სახლი ვალის გადაუხდელობისა და ფულის არქონის გამო გაუყიდეს, ეს სახლი ისევ თვითონ შეიძინოს. ამ ცვლილებას მოსახლეობისთვის საკრედიტო ტვირთის შემცირების მოტივით ხსნიდნენ, სინამდვილეში ეს კოსმეტიკური ცვლილებაც კი არ არის, რეალური შეღავათი მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუტებსა და მევახშეებს მიეცათ. ვოლსკის ინიციატივას უკვე ნახსენები „ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი“ ზურაბ გვასალია იწონებდა.

ილია წულაია ჩემი უბნის დეპუტატია. მისი ინტერვიუდან ვიგებთ, რომ ოცი წლიდან უძრავი ქონების ბიზნესშია. ამომრჩევლებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე პარტიის ფერებში, მოლურჯო პიჯაკით, ჯინსებით და ბასრი მანჟეტებით მოვიდა. დეპუტატმა შემდეგი სიტყვებით მოგვმართა: – „ყველა თქვენგანის სატკივარს გულთან ახლოს მივიტანთ, ჩვენ თქვენს გვერდში ოთხი წლის განმავლობაში ვიდექით და მერწმუნეთ (პაუზა, მიკროფონს ორივე ხელით იჭერს და ომახიანად აგრძელებს), შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც იგივეს კეთებას ვაპირებთ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ! ყველანი მიყვარხართ, ქართულ ოცნებას გაუმარ.... არ მესმის თქვენი ხმა.... კიდევ ომახიანად“, – თქვა და კორომში გაუჩინარდა. მას შემდეგ წულაია მხოლოდ ტელევიზორში ვნახე, ისიც ერთხელ, არჩევიდან ერთ კვირაში, როდესაც პირველი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა:

„2015 წელს პარლამენტის მიერ საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება სწორი ნაბიჯი არ იყო და მას სავარაუდოდ ახალი მოწვევის პარლამენტი გადახედავს, ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ილია წულაიამ განუცხადა: „ყველაზე საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში მოგების გადასახადის გაუქმება იყო. რაც შეეხება უარყოფითს, ყველა შემთხვევაში ხდება რაღაც შეცდომების დაშვება. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება ჩემი აზრით არ იყო სწორი გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, ახალი პარლამენტი გადახედავს ამ ინიციატივას, რომ უფრო მეტად მოქნილი გახდეს საქართველოში ბიზნესის კეთება“,  bm.ge

„[ივლიანე (ილია) წულაიას (ქართული ოცნება)](...) 2007 წლიდან სხვადასხვა კომპანიებსა და კერძო პირებზე სესხის სახით 9 600 000 აშშ დოლარი აქვს გაცემული“,  reginfo.ge

„რამდენს ითხოვთ?“ – კითხულობს ჩვენი მხრიდან მოსული ადვოკატი, ოთახში ყველა ჩუმდება. „ორი წლის განმავლობაში დაგროვებულ პროცენტებს თუ დავითვლით, ცხრამეტ ათასამდეა ასული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კრედიტის მომსახურების ხარჯებს და იმ ფაქტს, რომ სახლი უკვე კრედიტორს ეკუთვნის, თანხა ოცდაოთხ ათასამდე იზრდება“, – ამბობს ადვოკატი.

სასწრაფოს მხრიდან ისევ ტირილი ისმის, სახლში ცივა, გლდანის ყოფილი ბადრაგი თეძოებს ათამაშებს, ყველანი მამაკაცს ელოდებიან, რომელიც სკამზე ზის და სიგარეტს ეწევა. სადღაც უკან, სახლის რომელიღაც ოთახში, ოთხმოცს გადაბიჯებული მოხუცი წევს, სახლი მამამისმა ააშენა, ორი წელია, რაც მოხუცი ფეხზე არ ამდგარა.

„თვითონ სად არის?“ – კითხულობს კაცი, სამართლის სკოლის მაგისტრი სხარტად პასუხობს – „მისი აქ ყოფნა საჭირო არ არის, მე ვარ წარმომადგენელი. აგერ საბუთები“, – და ჩანთიდან მაიაკოვსკის წითელი პასპორტივით იღებს ნოტარიულად დამოწმებულ ცნობას, ხელმოწერითა და ბეჭდით, რომლის მიხედვითაც ადვოკატი კრედიტორის ინტერესების ლეგიტიმური დამცველი და წარმომადგენელია. „თქვენი ოჯახები დაწყდეს! რა ოცდაოთხი ათასი... მოკალით ბარემ ქალი!!“ – აპროტესტებდა მოხუცი მეზობელი. პატარა ოთახში, რომელშიც ოცამდე ადამიანია, ყვირილი და გაწევ-გამოწევა დაიწყო, დასახმარებლად რამდენიმე თექვსმეტ წელს მიუღწეველი ბიჭი შემორბის, შუამავლები სიტუაციის დაწყნარებას ცდილობენ, ქალი მევახშის ოჯახს კიდევ რამდენიმე წყევლას უგზავნის და საბედისწერო შეცდომას უშვებს. მეზობლების შეგროვებასთან ერთად ეზოში პოლიციელების რიცხვი მატულობს და ორმოცდაათს აღწევს, სამხარეო სრული შემადგენლობით მობილიზდა. „თანხმდებით თუ არ თანხმდებით? – რამდენიმეჯერ ეკითხება ადვოკატი, – სხვა შემთხვევაში გამოსახლების დაწყება მოგვიწევს“. კაცი მის წინ დალაგებულ ფურცლებს ჩაფიქრებული უყურებს, 10 000-ად შეფასებული სახლის გამოსყიდვას 24 000-ად სთავაზობენ, პირიქითაც ხდება ხოლმე, 30 000-ად შეფასებული ქონება შეიძლება მოულოდნელად, ყოველგვარი ცნობის გარეშე, ორიათასლარიანი ვალის გამო გაყიდონ, ან რვად შეფასებული სახლი უკან თხუთმეტად არ დააბრუნონ. ამ სახლებს აუქციონზე მევახშის თანამზრახველები ან კლიენტები ყიდულობენ. მეზობელი ბოლო განწირულ ძალისხმევას მიმართავს, საბოლოოდ, გაჩუმება და უკანა რიგებში გადასვლა უწევს. მის მოხუც სახეზე ის ბავშვური შიში, აღშფოთება და უძლურებაა, რომელსაც რთულ სიტუაციებში განსაკუთრებით გულუბრყვილო და წესიერი ადამიანები გამოხატავენ.

„"ღორო! მევახშე!" - იპოთეკით დაზარალებულები დეპუტატებს პარლამენტში შეძახილებით აცილებენ (...) უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს მევახშე უწოდეს, ასევე შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეაცილეს უმცირესობის დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი, რომელსაც ღორი უწოდეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია მათ დასახმარებლად, ხოლო „ნაციონალები“ მათ ხარჯზე გამდიდრდნენ“,  gruzinform.ge

თხუთმეტი მაინც იყოსო, აღმოხდა და ფურცელზე ყურება გააგრძელა – „თქვენს შემოთავაზებას კრედიტორს გავაცნობ“, – პასუხობს ადვოკატი და ტელეფონით ხელში სახლის ეზოში გადის, რამდენიმე წუთში ოთახში ბრუნდება და ღიმილით აცხადებს – „გილოცავთ, კრედიტორი ჩვიდმეტზე არის თანახმა და სამ თვეს იძლევა“. გლდანის ყოფილი ბადრაგი ტომარას კეცავს და დოკუმენტების შევსებას იწყებს. სატანის სამოციქულო ეკლესიის მიერ ორგანიზებული რიტუალი ერთ პატარა ოთახში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება, დაძაბულობა ისეთ დონეს აღწევს, რომ თითქოს დრო ჩერდება, ოთახი დაპატარავებას იწყებს –

პროცესში ყველა ხრიკს იყენებენ, ოჯახის ადვოკატი, იურიდიულ პირზე მეტად, ფილმიდან გადმოსული ვამპირებზე მონადირე უნდა იყოს, ნიორით, ჯვრით და ვერცხლის ტყვიებით ჯიბეში – უნდა იცოდეს, როდის მიაწვეს, როდის შეეხვეწოს, როდის მოეფეროს, აღმსრულებლებს ატირებული ბავშვები როდის ანახოს და როდის გაბრაზდეს, ყველაფერი მის იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული.

ოთახის ცენტრში ადვოკატი დგას ტელეფონით ხელში, სადღაც იქ, ყურმილის მეორე მხარეს, მევახშეა, ოცამდე ადამიანი მის ხმას სიჩუმეში ისმენს, კრედიტორს დამატებითი პირობა აქვს – დღევანდელი მომსახურების 150 ლარი ადვოკატს ოჯახმა უნდა გადაუხადოს. ჩახუთული ოთახიდან ალაზნის ჰაერზე გამოვდივართ, თავზე კავკასიონი გვადგას, ისევ საქართველოში ვართ – ეს „ბრიგადა“ ეზოს მშვიდად კვეთს და მოხუცებს თავს ზრდილობიანად უკრავს. უკვე საღამოა, პოლიციელები ადვოკატს ეფლირტავებიან, ყველა იღიმის, თითქოს არაფერი მომხდარა, ეს მათი ყოველდღიური საქმიანობაა – „მომავალ შეხვედრამდე, იმედია, მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილები ხართ, მეტს ვერაფერს ვიზამდი...“ – გვეუბნება ადვოკატი და აღსრულების ფურგონში ჯდება. მეგობრულად განწყობილი აღმსრულებელი მანქანიდან მემშვიდობება, ალბათ მომეჩვენა, ან საქმე მართლაც მისტიკურ ილუზიასთან მქონდა, მაგრამ ბინდიდან, თითქოს, სხეულით მანიშნებდა გაცვეთილ მოწოდებას – ასე გააგრძელეთ ახალგაზრდებმა, მიაწექითო – გვერდზე ადვოკატი ეჯდა, გაღიმებული ნიუსფიდს მიუყვებოდა და უკან მსხდომებს რაღაცას აჩვენებდა. მოხუცი მეზობელი პირჯვარს იწერდა და რაღაცას ბუტბუტებდა, მანქანა ნელი სვლით გაუჩინარდა.

„ცვლილებათა პროექტის თანახმად, ცდილობენ დააკმაყოფილონ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც მოწევა არა მხოლოდ კაზინოებში, არამედ ნებისმიერ სათამაშო სახლში უნდა დაიშვას, ამ მოთხოვნის უკან დეპუტატის მანდატს ამოფარებული მევახშე ისკო დასენი დგას, რომლის ვაჟი კნიაზ დასენი კომპანია „კრისტალბეთის“ სერიოზული წილის მფლობელია“,  bpn.ge

სქემა უზარმაზარი, მარტივი და უხილავია. ვიღაც, ვისაც გამოჩენა არ სურს, საკუთარ კაპიტალს რამდენიმე მევახშეს გასაპროცენტებლად აძლევს, ასე ბანკები და მიკროსაფინანსოებიც იქცევიან, რომლებიც შინაურებს ვალს წლიურ ერთ პროცენტად ურიგებენ. ყველა რეგიონს საკუთარი მონოპოლისტი და ამ მონოპოლისტის „ფეხები“ ჰყავს, ჩვენი ქვეყნის მასშტაბებისთვის ეს უზარმაზარი ბაზარია, რომელშიც დიდ ფულს გარანტირებული მოგება მოაქვს. ყველგან ერთი და იგივე სურათია, ადამიანებს ერთ- ან ორთვიანი გადაუხდელობის გამო ასახლებენ ან მოულოდნელად მთლიანი თანხის დაბრუნებას სთხოვენ. უფრო დახვეწილი სადისტი მსხვერპლს მეგობრულ შეღავათს უკეთებს, რაღაც პერიოდის განმავლობაში არ უკავშირდება და შემდეგ პროცენტებით გამდიდრებულ თანხას ერთიანად ითხოვს. ასეთია იპოთეკური ბაზრის რეალური სახე, ამ ბაზარში რიგითი ქართველების დიდი ნაწილი სადისტებსა და მანიაკებთან ერთად აღმოჩნდა ჩაკეტილი.

ჩვენი პოლიტიკური და ბიზნესელიტის უდიდესი ნაწილი ჯერ 90-იანების დასაწყისში 15 000 საბჭოთა საწარმოს პრივატიზაციითა და ჯართად გაყიდვით გამდიდრდა, ხოლო შემდეგ მოსახლეობის გავალიანებას მიჰყო ხელი და თაობების ცხოვრების წესი და ბედისწერა განსაზღვრა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში ერთი პოლიტიკური კლასის ხელში ძალაუფლებისა და კაპიტალის არნახული კონცენტრაცია მოხდა, არნახული ერთი პატარა ქვეყნის მასშტაბისა და ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის.

იმასაც ამბობენ, ხელისუფლება მევახშეების საქმიანობის შეზღუდვას აპირებსო, თუ ასე მოხდა, საინტერესო ის არის, არსებული ვალების, აქამდე გამოსახლებული ადამიანების და სხვისი ქონებით გამდიდრებული ახალი ქართველების მიმართ რა მიდგომა იქნება? ეს კითხვა საკუთარ თავს უნდა გავუმეოროთ – მათი ერთი ნაწილი უსამართლო და ძალადობრივი კანონმდებლობის პირობებში გამდიდრდა, ხოლო მეორე, იმავე კანონმდებლობის პირობებში დარჩა უსახლკაროდ. ეს ამბავი ჯერ ტბაში ყველა თევზის დინამიტით ამოწყვეტას, ხოლო შემდეგ იქ თევზაობის აკრძალვას ჰგავს. საკითხავი ის არის – ეს ვალი რომ არ გადავიხადოთ, ეკონომიკას და ბიუჯეტს რა დააკლდება, და საერთოდ, ვის ვისი ვალი აქვს? ჩვენ ამათი თუ ამათ ჩვენი? ამ ვალსაც გადახდა სჭირდება.

საკითხის ირგვლივ საინფორმაციო ვაკუუმია შექმნილი კარგი იქნებოდა, თუ ის რამდენიმე მედია, რომელიც არც მთავრობისკენ იხრება და არც ოპოზიციისკენ, ამ პრობლემით დაინტერესდება და კოორდინირებულ გადაცემების ციკლს გააკეთებს, რომლებშიც ყველაფერი იქნება: გამოძიება, სიუჟეტები, დისკუსია, ექსპერტები და ა.შ. მაგრამ, რაც მთავარია, თვითონ დაზარალებულებმა ისაუბრონ, გადაცემებსაც თვითონ მისცენ მიმართულება. თქვან, რატომ ადებენ ხელს მაღალჩინოსნებს, მოჰყვნენ საკუთარი ისტორია, მოიტანონ დოკუმენტები, რომლებიც მრავლად აქვთ, ამხილონ ისინი, ვისი მხილებაც აუცილებელია, ხოლო დეპუტატებმა ამ ადამიანების ბრალდებებს უპასუხონ. განსაკუთრებით პროგრესული კი ის იქნება, ამ ადამიანების გვერდში ახალგაზრდობა რომ ვიხილოთ, თაობებს შორის საერთო ინტერესების პოვნას საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნებოდა.

დიდი ხანია, რაც დაზარალებულები გამოსახლებების შეწყვეტას, მევახშეობისთვის საკანონმდებლო შეზღუდვების დაწესებას და სხვა რეგულაციებს ითხოვენ, მსგავსი პრაქტიკა უამრავ ქვეყანაში განხორციელდა. სიტუაციას ორი გაგრძელება აქვს – ან გამოსახლებები უნდა გაჩერდეს, მოხდეს სამევახშეო ბაზრის შეზღუდვა, მისი მონოპოლისტების და კანონმდებლობაზე მათი გავლენის შესწავლა, მათ ნაწილს უსამართლოდ მოპოვებული კერძო საკუთრების კომპენსაცია უნდა დაეკისროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი მთავარი და ყველაზე მტკივნეული ტრადიცია – მკვდრების დამარხვა და დამნაშავეების დაუსჯელად გაშვება – კიდევ ერთხელ განმეორდება.

ჩვენი ახალი სახლი ძვლებზე შენდება, ამჯერად არა გმირი წინაპრების, არამედ სუსტებისა და დაჩაგრულების ძვლებზე, მისი ცემენტი ყოველდღე ძალადობით იზილება.

და მერე, კიდევ ერთ წრეზე, როგორც ცხოვრებამ გვასწავლა ყველას – დილაობით, როდესაც ამ შენობის უსაფრთხო სართულებზე გაიღვიძებ, ჩუსტებს ჩაიცვამ და ჩაიში ლიმონს ჩააწურავ, ქვევით არ ჩაიხედო, წინ იყურე, გაიღიმე ხოლმე. ჩვენი ბრალიც არაფერია და პრინციპში არც არავისი. კანონს ესენიც არ არღვევენ, ისეთ „ხოდზე“ არიან, თან აპროცენტებენ, თან დეკლარაციაში არ მალავენ, თან პარლამენტში პოლიციური გამოსახლების დაბრუნებას ითხოვენ. მთავარია, ქვევით ყურებას შეეშვი, გიჟად არ ჩაგთვალონ, ყვირილი არ აღმოგხდეს.

P.S. „სახალხო ტრიბუნების“ წევრებმა 7 დეკემბერს, პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. ისინი მთავრობისგან იძულებითი გამოსახლებების შეწყვეტას ითხოვენ.