პარლამენტის წინ ან კანცელარიასთან. ასე, 6-7 საათი. შეიძლება წვიმამაც გამოურიოს. განათება ისეთი, როგორიც ჩვენი ბავშვობის გაყინულ სახლებში, როცა მშობლებმა დენის ეკონომიის მიზნით დიდ, ბროლის, თორმეტნათურიან ჭაღებზე მხოლოდ ერთი ნათურა დატოვეს. ახალი მომხდარია რაღაც, რისი შეცვლაც და გამოსწორებაც აღარ შეგვიძლია. ვთქვათ, ყოველგვარი სამხილის გარეშე 8 წელი მიუსჯიათ ადამიანისთვის. ვდგავართ კანტიკუნტად. ასე, ორი საათი ვჩერდებით. შეიძლება სამიც. იმედგაცრუებულები, გაყინული ფეხებით, მივუყვებით გზას სახლისკენ, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, ისევ იმავე ადგილას ვხვდებით. პარლამენტის წინ ან კანცელარიასთან. ასე, 6-7 საათი. შეიძლება წვიმამაც გამოურიოს. ასეთი იქნება ჩემი ჯოჯოხეთი. უეჭველად. კიდევ ის უშნო არწივიანი შენობაც იდგება იქ და „ბარგალკების“ ორკესტრიც მშენებლობაზე.

თუმცა, ხანდახან მგონია, რომ ჯოჯოხეთმა უკვე გამოჟონა. ზედმეტად გავმარტივდით. სილაღე და მოულოდნელობა დავკარგეთ. გამოთაყვანებულ მეცნიერ-დინოზავრებთანაც კი დაგვსვეს საერთო მაგიდაზე. გაცნობიერებული არ გვაქვს, ვის ვებრძვით და რისთვის. ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რა მიზანი გვაქვს და, ზუსტად რა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ წინააღმდეგობის ფორმები, ტექნიკაც შესაცვლელია. თუნდაც მოთხოვნები ავიღოთ. მაგალითად, რომ მოვითხოვოთ:

პარლამენტის შენობის შეღებვა წითლად შავი კოპლებით. თბილისობას LSD უფასოდ. აბანო უფასოდ.

რეიდების დროს ოპერებს შეაბან ეჟვნები.

ივანიშვილის სახლი და ბიტკოინის მწარმოებელი კომპანია გადაეცეს საპატრიარქოს. (მგონი, ჩვენი შაოსანი ძმები არ იტყვიან ამაზე უარს და შემოგვიერთდებიან.)

თბილისის მერმა ყოველ დილით, მთელი თბილისის გასაგონად ჩართოს „როკის“ საუნდტრეკი და დახეული სპორტულებით აირბინოს პანორამის კიბე. დაიჭიროს ქათამი. იხტუნაოს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ბავშვებით გარშემორტყმულმა, მათ შორის ყველაზე მაღლა თვითონ ახტეს და იღრიალოს. „შლაპები“ აქვს.

ხეებს და სოკოებს მიენიჭოთ უფლება, პატივი სცენ მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მათ საცხოვრებელსა და მიმოწერას.

ბავშვებს კი აუცილებლად მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

შედარებით რომ დავსერიოზულდეთ. შეგვიძლია, მწერლებმა (მე კი არ ვთვლი, რომ მწერალი რაიმეთი აღემატება, ვთქვათ, გეოლოგს, მაგრამ თქვენ ხომ თვლით) ბოიკოტი მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს კი არ გამოვუცხადოთ, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. მოდი, უარი ვთქვათ ფრანკფურტის ფესტივალზე გამგზავრებაზე, სანამ არ დაისჯება თუნდაც იმ პოლიციელების შესანიშნავი შვიდეული, ვინც ზვიად რატიანს სცემა. სახელმწიფოს მაშინ მოუწევს თავის მართლება საერთაშორისო საზოგადოებასთან, თუ რატომ ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. აბა, ჩვენთან აღარც იმართლებს თავს, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი გაუვიდა, რაც კი მოისურვა. ჩვენ მათთვის საფრთხეს აღარ წარმოვადგენთ. მხოლოდ ლამაზი ლაპარაკი გვეხერხება და მორჩა. ჰა, შეიძლება მაშხალებიც ავანთოთ.

საჭიროა შეიქმნას პრეცედენტი. საჭიროა გამოვიდეთ კომფორტის ზონებიდან, როგორც დათვები ზამთრის ძილის შემდეგ.

საჭიროა ვთქვათ, რომ არცერთი ქართველი მწერალი ფეხს არ გაადგამს ქვეყნიდან, სანამ სახელმწიფო ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს. მგონი, იძულებულები გახდებიან, რომ შეასრულონ. რომც არ შეასრულონ, წარმოიდგინეთ, ქართველი მწერლები ფრანკფურტის ბაზრობაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე სკაიპით ერთვებიან და ამბობენ, რომ მათთვის სოლიდარობაა მთავარი და ნამდვილი მწერლები პანელებზე კი არა, ბარიკადებზე დგანან. განა ეს ჩვენს ლიტერატურას იმაზე მეტად არ გაუთქვამს სახელს, ვიდრე ნებისმიერი ბაზრობა გაუთქვამდა?!