მოგესალმებით, მშობლებო და კენიონის კოლეჯის 2005 წლის კურსდამთავრებულებო. ხდება ისე, რომ ორი ახალგაზრდა თევზი საპირისპირო მიმართულებით მცურავ ხანდაზმულ თევზს შეხვდება. მოხუცი თავს დაუკრავს და ეკითხება, „დილა მშვიდობისა, ბიჭებო, როგორ მოგწონთ წყალი?“ ახალგაზრდები ცოტას კიდევ გაცურავენ, ბოლოს ერთი მიუტრიალდება მეორეს: „რა ჯანდაბაა წყალი?“

გამოსაშვები დღის სიტყვა მოითხოვს, რომ იგავის მსგავს ამბავს მოგიყვეთ, რომლითაც ავხსნი ჩემს დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რის თქმასაც თქვენ წინაშე ვაპირებ. ზოგადად რომ ვთქვათ, ეს ერთ-ერთი ნაკლებუაზრო ჟანრია. თუმცა, თქვენ თუ იმან აგაღელვათ, რომ მე ვარ ხანდაზმული, ბრძენი თევზი, რომელმაც უნდა აგიხსნათ, რა არის წყალი, არ ღირს. მსგავსიც არაფერი. ამბის იდეა ის გახლავთ, რომ ხშირად ყველაზე ნათელი, გავრცელებული და მნიშვნელოვანი რეალობა ყველაზე ძნელად შესამჩნევია. მარტივად რომ განვსაზღვროთ, ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, ბანალურია. ფაქტი ერთია: ზრდასრული ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ბანალურ უგვანობასაც შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს. ან მე ვცდილობ ამ მშვენიერ დილას ამის ასე წარმოჩენას.

ცხადია, ჩემი ამ სიტყვის აუცილებელი მოთხოვნაა, ვისაუბრო თავისუფალი მეცნიერებების არსზე. შევეცადო, ავხსნა, რა ადამიანური და მატერიალური ღირებულება აქვს თქვენს ხარისხს. მოდი, საუბარი დავიწყოთ ყველაზე ცნობილ კლიშეზე იმის შესახებ, რომ თავისუფალი მეცნიერებების იდეა ცოდნის გადმოცემა კი არ არის, არამედ „სწავლება იმისა, თუ როგორ უნდა იფიქროთ“. თუ თქვენც ჩემნაირი სტუდენტი იყავით, ყელში გექნებათ ამოსული იმის მოსმენა, თუ როგორ გჭირდებათ სხვა ადამიანები იმისთვის, რომ გასწავლონ აზროვნება. ფაქტია, რომ თქვენ მიგიღეს კოლეჯში და ეს უკვე იმის დასტურია, რომ იცით, როგორ იფიქროთ. მე ვეცდები, ეს კლიშე ისეთი კუთხით დაგანახოთ, რომ გაჩვენოთ განათლების რეალური არსი – ჩვენ არ გვჭირდება ადგილი, სადაც გვასწავლიან, თუ როგორ უნდა ვიაზროვნოთ, არამედ ავირჩიოთ, თუ რაზე უნდა ვიფიქროთ. თუ თქვენთვის არჩევნის თავისუფლება დისკუსიებში დროის კარგვასთანაა გაიგივებული, გთხოვთ, გაიხსენოთ თევზი და წყალი, შეეცადეთ რამდენიმე წუთით შეიკავოთ სკეპტიციზმი იმის თაობაზე, თუ როგორი გასაგებია ყველაფერი.

კიდევ ერთი მოკლე დიდაქტიკური ამბავი: სადღაც ალასკაზე, ბარში, ორნი სხედან. ერთი მორწმუნეა, ხოლო მეორე ათეისტი. ოთხი ბოთლი ლუდის შემდეგ ღმერთის არსებობის შესახებ კამათობენ. ათეისტი ამბობს: „მე არ მაქვს არანაირი მიზეზი იმისა, რომ ღმერთის არ მწამდეს. უბრალოდ, არ ჩამიტარებია ლოცვისა და მისი დაჯერების ექსპერიმენტები. გასულ თვეში ბანაკიდან სახლში დაბრუნებისას საშინელ ქარბუქში მოვყევი, ვერაფერს ვხედავდი და დავიკარგე. გარეთ მინუს ათი გრადუსი იყო, ყინავდა. თოვლში მუხლებზე დავდექი და ღმერთს შველა შევთხოვე“. საგონებელში ჩავარდნილი მეორე ადამიანი პასუხობს: „წესით, ახლა მორწმუნე უნდა იყო, რადგან ახლა აქ ხარ და გადარჩი“. ათეისტმა თვალები გადაატრიალა და ეუბნება: „არა, ძმაო, რამდენიმე ესკიმოსი მოდიოდა გზაზე და ისინი დამეხმარნენ ბანაკში დაბრუნებაში“.

ადვილია ამ ამბის სტანდარტული თავისუფალი მეცნიერების სტილში ანალიზი. ზუსტად ერთი და იმავე გამოცდილებიდან ორი სრულიად განსხვავებული რწმენის ადამიანი განსხვავებულ დასკვნებს გააკეთებს. ჩვენი სწავლებიდან გამომდინარე ვაფასებთ განსხვავებულობასა და მრავალფეროვნებას, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომელი მათგანის ინტერპრეტაციაა, მართალი და რომლის არა. ესეც არ არის ურიგო, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვერასდროს დავასრულებთ დისკუსიას იმის თაობაზე, თუ საიდან მოდის ამ ინდივიდების მოცემულობა და რწმენა. ვგულისხმობ იმას, თუ საიდან მოდის მათი შინაგანი იდეები. საინტერესო იქნებოდა, სამყაროს მიმართ ადამიანის საბაზისო ორიენტირების გაზომვა რომ შეიძლებოდეს, ისევე, როგორც ვიგებთ წონასა თუ ფეხის ზომას. ან შეგვეძლოს კულტურაში მისი წარმოჩინება, ისე როგორც სალაპარაკო ენა გვაქვს. როგორ ვძენთ ყველაფერს პირად დამოკიდებულებას და ამ ყველაფერს ვამატებთ ჩვენსავე ამპარტავნებასაც. არარელიგიური ბოლომდე დარწმუნებულია, რომ ესკიმოსების გავლასა და მის ლოცვას შორის კავშირი არ არსებობს. აქვე უნდა ვახსენოთ მრავალი მორწმუნე, რომელიც ასევე ქედმაღალია თავის ინტერპრეტაციებში. ისინი ჩვენი ათეისტების უმეტესობაზე გაცილებით საზიზღრები არიან. რელიგიური დოგმატიკოსების პრობლემაც ზუსტად იგივეა, რაც ურწმუნოების – ტვინები დახშული და ვიწრო მიმართულებით კონცენტრირებული აქვთ. ისინი ჰგვანან პატიმარს, რომელმაც არც კი იცის, რომ გამოკეტილია. 

ჩემი აზრით, მთავარია, სწავლების ერთი ნაწილი გვიხსნიდეს, რას ნიშნავს, როგორ ვიფიქროთ. რომ ვიყოთ ნაკლებად ამპარტავანნი. გვქონდეს კრიტიკული შეხედულება საკუთარი თავისა და ფაქტების შესახებ, რადგან იმის უმეტესობას, რასაც ავტომატურად ვიღებთ, შეცდომაში შევყავართ. მე ეს ყველაფერი რთულად ვისწავლე და მგონია, რომ თქვენც ეგრე იქნებით.

ჩემი საქმიანობის ის ნაწილი, რომელსაც ავტომატურად ვაკეთებ ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში, აბსოლუტურად არასწორი და თავის მოტყუებაა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რა არასწორად ვფიქრობ იმ საკითხზე, რის სიმართლეშიც ავტომატურად ვარ დარწმუნებული. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მჯერა, რომ მე სამყაროს აბსოლუტური ცენტრი ვარ. მე ვარ ერთადერთი რეალური, ცოცხალი და მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოტას ვსაუბრობთ ამ ბაზისურ, ნატურალურ ეგოცენტრიზმზე, რადგან ეს სოციალურად მიუღებელია, გულის სიღრმეში ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთები ვართ. ეს ჩვენშია დაბადებიდან ჩანერგილი. იფიქრეთ ამაზე: თქვენ არ გაქვთ მიღებული ისეთი გამოცდილება, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ სამყაროს ცენტრი არ ხართ. სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, თქვენ წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ, თქვენს ტელევიზორსა თუ მონიტორშია. სხვა ადამიანების ფიქრები და გრძნობები რაღაცნაირად შემოდის თქვენთან კომუნიკაციაში, მაგრამ საკუთარი მაინც პირდაპირი, გადაუდებელი და ნამდვილია. 

ძალიან გთხოვთ, არ ინერვიულოთ, მე არ ვაპირებ ქადაგებას და ე.წ. სათნოებებზე საუბარს. ეს ღირსების საკითხი არ არის – ესაა მუშაობა იმაზე, რომ რამენაირად გამოვიდეთ საკუთარი ბუნებრივი, ეგოცენტრული მდგომარეობიდან. მოვეშვათ გარშემო ყველაფრის საკუთარი პიროვნების ჭრილიდან ცქერას. ადამიანებს, რომლებმაც ეს ბუნებრივი მდგომარეობა კარგად აითვისეს, „გარემო პირობებს შეჩვეულებს“ უწოდებენ. მე მგონია, რომ ეს შემთხვევითობა ნამდვილად არ არის. 

მოვიყვანოთ აკადემიური არგუმენტები იმის შესახებ და დავსვათ აქტუალური კითხვა, თუ რა დოზის თანამონაწილეობა სჭირდება ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობის რეგულირებას, რაც ნამდვილ ცოდნას თუ ინტელექტს მოითხოვს. ეს ეშმაკური კითხვაა. ჩემს შემთხვევაში, ყველაზე საშიში უმაღლეს განათლებაში ის არის, რომ ყველაფერს გადაჭარბებული ინტელექტუალური კუთხით ვუყურებ; საკუთარ აბსტრაქტულ არგუმენტებში ვიკარგები და ყურადღებას აღარ ვაქცევ იმ მარტივ რაღაცებს, რაც ჩემ წინ ხდება. ჩემი მთელი გონება იქითაა მიმართული, რომ გავიგო, საკუთარ თავში რა ხდება. 

დარწმუნებული ვარ, მეგობრებო, რომ თქვენ უკვე იცით, რა ძნელია ყურადღება გაამახვილო ერთ რამეზე და არ გადაერთო მუდმივ მონოლოგზე, რომელიც გონებაში ჩაგესმით. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ოცი წლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ თავისუფალი მეცნიერების მთავარი კლიშე – „ისწავლო, როგორ უნდა იფიქრო“ – ზედაპირულია; ის არ ითვალისწინებს მთავარ, უფრო სერიოზულ იდეას: „შეიცნო, როგორ უნდა იაზროვნო“ – სწორედ ეს ნიშნავს, რომ ივარჯიშო იმის კონტროლზე, თუ როგორ და რა უნდა იფიქრო. ეს ნიშნავს, გაცნობიერებულად მიაქციო ყურადღება და შექმნა ღირებულება საკუთარი გამოცდილებისგან. ამ ვარჯიშის გარეშე ზრდასრულ ცხოვრებაში ჩვეულებრივ სარწყავ მილად გადაიქცევით. იფიქრეთ ძველ კლიშეზე: „გონება იდეალური მსახურია და საშინელი ბატონი“. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონათქვამი, როგორც ბევრი სხვა კლიშე, ფუჭი და გაცვეთილია, სინამდვილეში, დიდ და საშინელ სიმართლეს გამოხატავს. შემთხვევითობა არ გახლავთ ის, რომ თვითმკვლელთა უმეტესობამ, იარაღი სწორედ თავში ისროლა. სიმართლე ისაა, რომ მათი უმეტესობა მანამდე უკვე მკვდარი იყო, სანამ სასხლეტს თითს გამოჰკრავდა.

მე მიმაჩნია, რომ თავისუფალი მეცნიერებების მთავარი არსია, თუ როგორ უნდა განვლოთ კომფორტული, წარმატებული და დაფასებული ზრდასრული ცხოვრება, იმის ნაცვლად, რომ მკვდარი, მარტოსული, საკუთარი გონების ტყვეობაში, გაუცნობიერებლად დარჩეთ გარემო პირობებს ადაპტირებულები... და ასე განაგრძოთ ყოველდღიური ცხოვრება. ეს შეიძლება ჰიპერბოლად ან აბსტრაქტულ უაზრობად ჟღერდეს. მოდით, დავკონკრეტდეთ: გეგმა ის გახლავთ, რომ თქვენ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებო, წარმოდგენა არ გაქვთ, რას ნიშნავს ყოველდღიური ცხოვრება. უნივერსიტეტის ხარისხის მინიჭების დღეს ამერიკული „ზრდასრული“ ცხოვრების ფართო სპექტრის შესახებ ძირითადად არ საუბრობენ. ამ ყველაფრის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მოწყენილობა, რუტინა და იმედის გაცრუება. მშობლები და უფროსები, რომლებიც ახლა აქ არიან, ზუსტად მიხვდებიან, რაზეც ვსაუბრობ. 

მაგალითისთვის, ავიღოთ ერთი ჩვეულებრივი დღე. დილით დგებით და მიდიხართ სამუშაოდ. მუშაობთ რვა ან ათ საათს; დღის ბოლოს დაღლილ-დასტრესილი ბრუნდებით სახლში. ერთადერთი სურვილი, რაც გამოძრავებთ, ისაა, რომ დაწოლამდე კარგად ივახშმოთ და ცოტა ხნით ამოისუნთქოთ. მოდუნება დიდი ხნით არ გამოვა, რადგან ხვალაც სამუშაო დღეა და ადრე უნდა ადგეთ. ხვალაც ზუსტად იგივე საქმეა გასაკეთებელი. ამ დროს გახსენდებათ, რომ ზუსტად ამ დატვირთული სამუშაოს გამო სახლში საჭმელი არ გაქვთ. ამიტომ ჯდებით მანქანაში და მიდიხართ სუპერმარკეტში. სამუშაო საათების მერე ქუჩებში საცობია, მარკეტამდე მისვლას იმაზე მეტ დროს ანდომებთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. აი, როდესაც მიაღწევთ დანიშნულების ადგილამდე, დაინახავთ, რომ იქაურობაც გადატენილია. თქვენ გარდა, უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა, ამ დროს შეეძინა პროდუქტები. საზიზღრად გადანათებული, გულის გამაწვრილებელი მუსიკა ან კორპორაციული შეთავაზებები ფონად – ეს არის უკანასკნელი ადგილი, სადაც გინდათ რომ იყოთ. ერთადერთი სურვილი გიპყრობთ – რაც შეიძლება სწრაფად გაეცალოთ იქაურობას. ეს შეუძლებელია. და თქვენ დაათრევთ ურიკას სექციებს შორის, სადაც თქვენსავით დაღლილ ადამიანებს ხვდებით… მათაც ეჩქარებათ. სექციებს შორის გხვდებიან განსაკუთრებულად ზოზინა მოხუცები, ეიფორიაში მყოფი ჩამოუყალიბებელი სუბიექტები და ყურადღების დეფიციტით შეწუხებული ჰიპერაქტიური ბავშვები, რომლებიც გზას კეტავენ. კბილების ღრჭიალით ცდილობთ, შეინარჩუნოთ ზრდილობა და სთხოვთ, რომ გაგატარონ. როგორც იქნა, ვახშმის ყველა ინგრედიენტი გაქვთ. ახლა შემდეგი დაბრკოლებაა წინ: სალაროსთან უზარმაზარი, სულელური, ჩვეული რიგია. ყველამ იცის, რომ დღე სრულდება, ამიტომ მაქსიმალურად ჩქარობენ. რიგის მიზეზი თქვენ ზანტი მოლარე-ოპერატორი გგონიათ, მაგრამ ამ სიბრაზეს ღიად ვერ გამოხატავთ. მას გადატვირთული სამუშაო საათები აქვს, მის უაზრო და არაფრისმომცემ ადგილას მუშაობა კი არცერთ წარმატებულ კოლეჯდამთავრებულს არ წარმოუდგენია.

რაღაცნაირად მიაღწიეთ სალარომდე; გაატარეთ პროდუქტები, მოათავსეთ საკრედიტო ბარათი ტერმინალში, გადაიხადეთ. ამის შემდეგ გესმით ფრაზა: „წარმატებულ დღეს გისურვებთ“, და სწორედ ეს არის სიკვდილის ხმა. ამის შემდეგ საზიზღარ პლასტიკურ პარკებში მოთავსებულ პროდუქტებს მიაგორებთ პარკინგის ადგილას, სადაც უამრავი ადამიანი ირევა. ცდილობთ, დროულად ჩაალაგოთ ყველაფერი მანქანაში და სახლამდე მიაღწიოთ. გზად კიდევ საცობია, რადგან, ისევ და ისევ, მარტო თქვენ არ ხართ, ვისაც სახლში დროული დაბრუნება სურს. საცობი ნელა მიიწევს, რადგან ტრასები გადატვირთულია უზარმაზარი სპორტული მანქანებით და ა.შ. და ა.შ. ეს ყველას გამოუცდია. თუმცა, ეს მომენტი ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩვენი დამამთავრებელი სტუდენტების რეალურ ცხოვრებაში, მათ სამუშაო დღეების, კვირების, თვეებისა და წლების განმავლობაში.

მაგრამ ეს დროც დადგება. ამის გარდა, ბევრი დარდიანი, შემაწუხებელი, უაზრო რუტინა არსებობს. თუმცა, ეს არ არის მთავარი. აზრი ის გახლავთ, რომ სწორედ ეს უსახური მომენტია, როდესაც არჩევნის დრო დგება. რადგან ამ განუწყვეტელმა საცობმა, სალაროს გრძელმა რიგებმა მომცა იმის დრო, რომ თუ ცნობიერად არ მივიღებ გადაწყვეტილებას, როგორ ვიფიქრო და რას მივაქციო ყურადღება, რამდენჯერაც პროდუქტების საყიდლად გამოვალ, ყოველთვის დამცირებულად და საცოდავად ვიგრძნობ თავს. ჩემი ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მსგავს სიტუაციებს ყოველთვის საკუთარ თავზე ვიღებ. ჩემს შიმშილსა და დაღლილობაზე, ჩემს სურვილზე – მალე სახლში აღმოვჩნდე, და ამის ფონზე მგონია, რომ მთელი სამყარო გზაზე მეღობება. და ვინ არიან ეს ადამიანები? შეხედეთ, უმეტესობა როგორი საზიზღარი, სულელი და ძროხისთვალებაა, როგორ არ ჰგვანან ადამიანებს; როგორი გამაღიზიანებელია რიგში ხმამაღლა ტელეფონზე საუბარი. შეხედეთ, როგორი უსამართლოა ეს ყველაფერი: მე მთელი დღე ვშრომობდი, ვშიმშილობდი და სახლში დროულად მისვლა მხოლოდ და მხოლოდ ამ დებილი, წყეული ადამიანების გამო არ შემიძლია.

რა თქმა უნდა, მე ჩემს ჩვეულ მდგომარეობაში, როგორც სოციალურად ცნობიერმა ფორმამ, შემიძლია მთელი დღე უგრძეს საცობში გავატარო, რომელიც სავსეა უზარმაზარი სპორტული ჯიპებით, ჰამერებითა და V-12 ტიპის პიკაპებით. ამ ორმოცგალონიანი, საწვავით სავსე, რელიგიურ თუ პატრიოტულსტიკერიანი მანქანების მძღოლები ყველაზე მახინჯები, დაუფიქრებელი და აგრესიული მეგონოს, რომლებიც გამუდმებით ტელეფონზე საუბრობენ, სხვებს გზებს უჭრიან იმისთვის, რომ ექვსი სულელური მეტრით წინ წავიდნენ. ასევე შემიძლია ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ შევძულდებით ჩვენი შვილების შვილებს იმიტომ, რომ მთელი საწვავი დავხარჯეთ და, დიდი ალბათობით, კლიმატიც გავანადგურეთ, რა გაფუჭებული, სულელი და საზიზღრები ვართ, როგორი საცოდაობაა ეს ყველაფერი და ა.შ.

მიხვდით იდეას.

შეხედეთ, მე, როგორც ბევრმა სხვა ადამიანმა, ვარჩიე, ასე მეფიქრა. იმ განსხვავებით, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ადვილი და ავტომატურია, ეს არც შეიძლება არჩევანი იყოს. ასე ფიქრი ჩემი ბუნებრივი მოცემულობაა. ეს ავტომატური გზაა ქვეცნობიერისთვის, სადაც ჩემი ცხოვრების მოსაწყენი, დამქანცველი და გადატვირთული ნაწილი ილექება. როდესაც მე ამ გზას ვირჩევ, მწამს, რომ სამყაროს ცენტრი ვარ და მთელი მსოფლიოს სურვილები და მოთხოვნები ჩემი პირადის შემდეგ უნდა განისაზღვროს. 

საქმე ისაა, რომ, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაზე საფიქრად სხვა გზებიც არსებობს. ამ საცობში, რომელშიც ყველა ეს მანქანა გაიჭედა და გზაზე მეღობება, არ არის გამორიცხული, უზარმაზარი ჯიპის მფლობელი ავარიაში მოყოლილიყო და ახლა თერაპიას გადიოდეს. სწორედ იმისთვის, რომ კვლავ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ქუჩაში, ამხელა მანქანა სჭირდება. შეიძლება, იმ ჰამერის მძღოლს, რომელმაც ახლა გზა ჩამიჭრა, ავადმყოფი შვილი მიჰყავს კლინიკაში, მისი ასეთი ქცევა გაცილებით მნიშვნელოვანი და ლეგიტიმურია – შეიძლება, სწორედ მე ვუღობავ მას გზას. 

მე შემიძლია ვიფიქრო იმ კუთხით, რომ ადამიანები, რომლებიც სუპერმარკეტში შემხვდნენ, ჩემსავით მოწყენილები და დაღლილები არიან. ზოგიერთ მათგანს კი, ჩემთან შედარებით, გაცილებით მძიმე, მომაბეზრებელი და მტკივნეული ცხოვრება აქვს.

ძალიან გთხოვთ, არ გეგონოთ, მორალურ რჩევას გაძლევთ ან ვფიქრობ, რომ ასე უნდა მოიქცეთ, ანდაც ვინმე მოელის თქვენგან ამის ავტომატურად შესრულებას. ეს ძალიან რთულია, დიდ მენტალურ ძალისხმევას მოითხოვს. თუ თქვენც ჩემსავით ხართ, მოვა დრო, როდესაც აღარ შეგეძლებათ ან აღარ მოგინდებათ ეს ყველაფერი. 

თუმცა, უმეტესად, შეგიძლიათ საკუთარ თავებს არჩევნის საშუალება მისცეთ. თქვენ შეგიძლიათ განსხვავებულად იფიქროთ ამ მსუქან, უსიცოცხლო თვალების მქონე ქალზე, რომელმაც რიგში დგომის დროს შვილს დაუყვირა – ის შეიძლება სულ ასეთი არ არის; მას შეიძლება ბოლო სამი დღეა სიმსივნით მომაკვდავი ქმრის ხელი ეჭირა საავადმყოფოში ან გაყიდვების დაბალანაზღაურებადი აგენტია ავტომაღაზიაში. შეიძლება სწორედ ის არის, ვინც რამდენიმე დღის წინ ჯოჯოხეთურ ბიუროკრატიულ პრობლემას აგარიდათ და მარტივად დაგეხმარათ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ გამორიცხულიც არ არის – თქვენზეა დამოკიდებული, რას იფიქრებთ. თუ თქვენ ავტომატურად დარწმუნებულები ხართ, რომ ესაა რეალობა და ვინ ან რა არის მნიშვნელოვანი, მაშინ შეგიძლიათ, ჩვეულებრივად იმოქმედოთ. მაშინ თქვენ, ჩემი არ იყოს, ვერ გაითვალისწინებთ სხვა შესაძლებლობებს, რომლებიც არაგონებამახვილური და გამაღიზიანებელი სულაც არ გახლავთ. თუ თქვენ ნამდვილად ისწავლით, როგორ იფიქროთ, როგორ გაამახვილოთ ყურადღება, მაშინ აუცილებლად გამოჩნდება სხვადასხვა ვარიანტი. ამის შემდეგ გექნებათ ძალა, რომ განიცადოთ გადატვირთული, მყვირალა, კონსუმერების ჯოჯოხეთური სიტუაცია არა როგორც უაზრობა, არამედ წმინდა, ვარსკვლავური ცეცხლის ძალით ანთებული. შეიგრძნოთ ერთი მთლიანობის თანაგრძნობა და სიყვარული. 

არ არის აუცილებელი, ეს მისტიკური ნაწილი სიმართლე იყოს. ერთადერთი სიმართლე აქ ისაა, რომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორ შეხედავთ ამ ყველაფერს. 

გაცნობიერებულად უნდა გადაწყვიტოთ, რას აქვს აზრი და რას არა. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რას სცეთ თაყვანი… 

არსებობს კიდევ რაღაცები, რაც უცნაურია, მაგრამ სიმართლეა. უფროსების ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურად არ არსებობს ათეიზმის მსგავსი ცნება. ასევე არ არსებობს თაყვანისცემის უარყოფის ცნებაც. ყველა ვიღაცას ან რაღაცას აღმერთებს. ჩვენი მთავარი არჩევანი არის, თუ რას ვცემთ პატივს. გვაქვს დაუოკებელი სურვილი, რაიმე სახის ღმერთს ან სულიერ არსებას ვეთაყვანოთ – ეს შეიძლება იყოს იესო ქრისტე ან ალაჰი; იეჰოვა ან შამანების ქალღმერთი; ბუდიზმის ოთხი ძირითადი პრინციპი ან სხვა ტიპის ეთიკური კრედოები. ეს ყველაფერი, რასაც ეთაყვანებით, ცოცხლად შეგჭამთ. თუ თქვენ თაყვანს სცემთ ფულს და ნივთებს, თუ ეს არის თქვენი ცხოვრების მთავარი აზრი – მაშინ არასდროს გექნებათ საკმარისი. არასდროს გექნებათ შეგრძნება, რომ ეს მოცემულობა მისაღებია. ეს არის სიმართლე. თუ თქვენ სხეულითა და სექსუალობით ხართ დატყვევებულები, თავს ყოველთვის უშნოდ მიიჩნევთ, დროის გასვლასთან ერთად, მილიონობით სიკვდილს გაივლით, სანამ ის თავად არ მოგაკითხავთ. ჩვენ ყველაფერი ეს რაღაც დონეზე ვიცით – ეს ყველაფერი ჩაბეჭდილია მითებში, ანდაზებში, კლიშეებსა და თქმულებებში, ეპიგრაფებსა და იგავებში. ეს არის ყველა დიდი ამბის ჩონჩხი. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, სიმართლე ყოველდღიურობაში გავაცნობიეროთ. 

თაყვანი ვცეთ ძალას – ეს ყოველთვის გვაგრძნობინებს თავს უძლურად და მშიშრად, უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ ამ შიშების დასათრგუნად. თაყვანი ვცეთ ჩვენს ინტელექტს, ვიყოთ ჭკვიანები – თქვენი ბოლო შიში ის იქნება, რომ თქვენი უჭკუობის შესახებ სხვებიც გაიგებენ. დააკვირდით, ყველა ამ ფორმის თაყვანისცემა არ ნიშნავს, რომ თავი ეშმაკად და ცოდვილად იგრძნოთ, ეს ყველაფერი გაუცნობიერებელია. ეს ბუნებრივი მოცემულობაა. 

ამ მდგომარეობაში ყოველდღიურად ვართ, ვირჩევთ ჩვენთვის სასურველს – რას შევხედოთ და როგორ გავზომოთ მისი ღირებულება – ისე, რომ ბოლომდე არ გვესმოდეს, რას ვაკეთებთ. 

და სამყარო არ დაგვიშლის ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას, რადგან მსოფლიო, სადაც ადამიანებსა და ფულს ძალა აქვთ, მშვენივრად არსებობს იმის ფონზე, რომ საკუთარ თავს ჩვენივე შიშებითა და სულიერების ჩამოშლით გამოკვებავს. ჩვენი დღევანდელი კულტურა გაჯერებულია იდეებით, რომლებიც მუდმივად გაჰყვირის არაორდინარული სიმდიდრის, კომფორტისა და პირადი თავისუფლების შესახებ. ეს თავისუფლება არის ჩვენივე ღმერთი მცირე, თავის ქალის ოდენა სამეფოში, რომელიც ყოველგვარი ქმნილების ცენტრია. ასეთი ტიპის თავისუფლებას ბევრი შემოთავაზება აქვს. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ტიპის თავისუფლებებიც, ყველა ის სახეობა, რომელიც ძვირფასია, მაგრამ მასზე ვერ მოისმენთ, ვერ გაიგებთ და ვერ დააფასებთ, ის სადღაც გარე სამყაროში იკარგება. ნამდვილი თავისუფლება კი გულისხმობს დაკვირვებას, გაცნობიერებას, დისციპლინასა და ძალისხმევას; ის ჩვენგან მოითხოვს, რეალურად დავეხმაროთ სხვა ადამიანებს და თავი შევწიროთ მათ. ეს განუწყვეტელი, ყოველდღიური და არასექსუალური გზაა.

ეს არის რეალური თავისუფლება. ეს ნიშნავს, გქონდეს ცოდნა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იფიქრო. ქვეცნობიერის ალტერნატივა, ჩვეულებრივი ყოფისგან განსხვავებით, არ არის ვირთხების რბოლა, რომელიც გღრღნის იმით, თითქოს რაღაც გქონდა და სამუდამოდ დაკარგე.

ვიცი, რომ, რაც მოვყევი, არაა მხიარული, მსუბუქი და დიდად შთამაგონებელი. ის, რასაც მე ვხედავ, არის სიმართლე, რომელიც რიტორიკული სისულელისგან შორს დგას. შეგიძლიათ იფიქროთ ამაზე. მაგრამ არ უარყოთ თითის აქნევით, როგორც დოქტორ ლაურას ქადაგება. ეს სიტყვა არ არის მორალსა თუ რელიგიურ დოგმებზე, არც ამ ძვირადღირებულ კითხვაზე – არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. 

მთავარი სიმართლე მაინც არის – სიცოცხლე სიკვდილამდე. 

ეს არის განათლების რეალური ღირებულება, რომელსაც ცოდნასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის უბრალოდ ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ რა არის რეალური და არსებითი. ის, რაც აშკარად გამოხატულია ჩვენ ირგვლივ, რათა განუწყვეტლივ შეგვახსენოს: 

„ეს წყალია“. 

„ეს წყალია“.

ეს შესასრულებლად წარმოუდგენლად რთულია – დარჩე ცნობიერი და ცოცხალი ყოველდღიურად, ზრდასრულების ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი კლიშე აღმოჩნდა სიმართლე: რეალურად განათლებაა ცხოვრების საქმე. და ის ახლა იწყება.

გისურვებთ უფრო მეტს, ვიდრე იღბალს.