"ფაქტები არ წყვეტენ არსებობას, რადგან იგნორირებულნი არიან“.

ოლდოს ჰაქსლი,  ესეები, 1926-29

"მთელი მორალი დაყვანილ იქნა იქამდე, რომ მან, ვისაც არ აქვს, უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა გამოიმუშაოს; ხოლო მან, ვისაც აქვს, ყველა საშუალებით დაიცვას და გაზარდოს თავისი საკუთრება. ადამიანი... გახდა საკუთრების საკუთრება. სიცოცხლე დაყვანილ იქნა უწყვეტ ბრძოლაზე საკუთრებისათვის“.

ალექსანდრ გერცენი, წერილები საფრანგეთიდან და იტალიიდან, 1847 -1852

"შუშის ზარის ქვეშ მოქცეული ადამიანისთვის, რომელიც ცარიელია და დადუმებულია მკვდარი ბავშვივით, თავად სამყარო წარმოადგენს ცუდ სიზმარს“.

სილვია პლათი, ზარხუფი, 1963

 1995 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „სიღარიბის კლასობრივი ანალიზი“, სოციალური სტრატიფიკაციის ანალიტიკოსი ერიკ ოლინ რაიტი განიხილავს სიღარიბის აღქმის ტიპოლოგიას აკადემიურ ლიტერატურასა და ადამიანთა ცნობიერებაში და აღწერს სიღარიბის აღქმის ერთ-ერთ ყველაზე არაპოპულარულ  ვერსიას1 – „სიღარიბე, როგორც სოციალური სისტემის შინაგანი მახასიათებლების შედეგი“.

სიღარიბის ახსნის ამ ვერსიის დასაბუთებისას, რაიტი წერს: „სიღარიბე არ არის შემთხვევითი, ის არ არის პროდუქტი. ის არის შინაგანი, განუყოფელი და გადამწყვეტი მახასიათებელი საზოგადოებისა, რომლის ეკონომიკური სტრუქტურაც დაშენებულია კლასსა და ექსპლუატაციაზე. ცენტრალური იდეა იმაში მდგომარეობს, რომ არსებობენ ძალაუფლების მქონე, პრივილეგირებული აქტორები, რომელთაც აქტიური ინტერესი აქვთ, შეინარჩუნონ სიღარიბე2. ეს უბრალოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ სიღარიბე მათი მატერიალური ინტერესების თანმდევი სამწუხარო შედეგია, არამედ იმას, რომ ის არსებითი წინაპირობაა მათი ინტერესების რეალიზებისათვის. პირდაპირ რომ ვთქვათ, ისინი სარგებელს იღებენ სიღარიბისაგან“.

აღსაქმელად და გასააზრებლად, ერთი შეხედვით, შაბლონური ეს მარქსისტული ფორმულა, სინამდვილეში, საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც წინააღმდეგობაზე გვსურს საუბარი: ღარიბთა მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, სცადონ სიღარიბიდან ამოსვლა. აქ წინააღმდეგობა და პროტესტი განსხვავდება ერთმანეთისაგან: პროტესტი – რეაქციაა, წინააღმდეგობა არის რეაქციაში შესვლა3. სპონტანური იქნება ეს პროცესი თუ დაგეგმილი, ორგანიზებული თუ ქაოტური, წარმატებული თუ წარუმატებელი, ეს განსხვავება მნიშვნელოვანია. რეაქცია ყოველთვის რაღაცას მოჰყვება: რაღაც ხდება, რამაც ის უნდა გამოიწვიოს.

თუმცა ღარიბებისთვის ეს „რაღაც“ თავად რეალობაა, რომელიც ხდომილებითი არ არის, ანუ, სულ ხდება. თუ რაიტის მიერ მოკლედ და გასაგებად ჩამოყალიბებულ, თუმცა, რეალურად, საკმაოდ კომპლექსურ, ძველ და ნაცნობ თეორიას დავუბრუნდებით, თუ რაიმე – რაიმეს შინაგანი მახასიათებელია, მასთან აღარაფერი ესაქმება გაუთვალისწინებელ ხდომილებებსა და მათზე რეაქციებს. საქმე გვაქვს ისტორიულ დაპირისპირებასთან და ამ ისტორიული დაპირისპირების ცალკეულ გამოვლინებებთან ყოველ ცალკეულ კონტექსტში.

ეს ყურადსაღებია, რადგან ყოველთვის, როცა მშრომელთა პროტესტს შევეხებით, მოკრძალება გვმართებს, ამ დაუსრულებელ ომში მათი ხელახლა გამოჩენა არ მოვნათლოთ რეაქციად, ანუ ერთ-ერთ პროტესტად და ამით თავად მოვლენას მისი რეალური მნიშვნელობა არ დავუკარგოთ.

რეალური მნიშვნელობა კი ისაა, რომ ამ დროს შემსწრენი ვართ ისტორიული მომენტისა, როცა დღის შუქზე გამოდის არა რაიმე სახის პიროვნული, დროებითი და უშინაარსო დაპირისპირებანი, არამედ ისტორიულად ჩამოყალიბებული რეალობის შემადგენელი ორი პოლუსის შეუთავსებლობა, მოქმედი სუპერსტრუქტურის ნამდვილი შინაგანი ბზარი.

ვინ ვართ ჩვენ?

რა იგულისხმება ნაცვალსახელში, რომელსაც საკუთარი აზრების საჯაროდ გამოხატვისას ვიყენებთ, რათა ხაზი გავუსვათ, რომ მხოლოდ საკუთარი ინტერესი არ გვალაპარაკებს? თუ ეს მხოლოდ თავაზიანობის ფორმაა, აკადემიური წერის სტანდარტი ან მსჯელობისას, პოზიციისათვის მეტი რეპრეზენტატულობის შესაძენად მსმენელით მანიპულაციის მცდელობა?

თუ ჩვენ არ ვართ ისინი, ვისი პრივილეგიის წყაროც სიღარიბის შენარჩუნებაა, ვისი წარმატებაც სხვათა დეჰუმანიზაციით მიიღწევა, ვინც სხვისი ტალახის ფონზე ბრწყინავს [მათ შორის ისე, რომ შესაძლოა, ეს თავადაც არ იცოდეს], მაშინ ჩვენ გვაქვს სახელი, მაგალითად, ჩვენ ვართ მაღაროელები4.

ჩვენ ვცხოვრობთ ყველგან, ლათინურ ამერიკასა და რუსეთში, აზიასა და ბრიტანეთში, ყაზახეთსა და ჭიათურაში. ზოგჯერ სირიელი ბავშვების შიმშილისგან გალეული თხელი კანის ფენა გვფარავს, ზოგჯერ კი ბანგლადეშის რომელიმე შარაგზასავით გადაჭიმული სამკერვალოს ერთ-ერთ სექტორში, საკერავ მანქანაზე იხლიჩება ჩვენი ქალური თითები. წინააღმდეგობების სხვადასხვა საშუალება გვაქვს, წინააღმდეგობა კი არ დასრულდება, სანამ ვარსებობთ. უკიდურესად კონცენტრირებული სიმდიდრე, აი, რა იკვებება ჩვენი სისხლით –  დაგროვების ინტენსივობისაგან გასულიერებული, ხორცშესხმული კაპიტალი – თავში შესეული ტილებივით პატარა ადამიანების, მისი მესაკუთრეების დაფჩენილი პირების გავლით.

ვინ ცდილობს, წარმოადგინოს სიმრავლე, რომელსაც ჩვენ შევადგენთ?

აი, ამოვედით მიწიდან და ვდგავართ გარეთ, რათა სიღარიბეს შევეწინააღმდეგოთ. ფეხის მოცვლა არ გვინდა. უცებ, მოდის ახალი არმია. სუფთად ჩაცმულები და უსქესოდ ცნობისმოყვარეები. გამართულად მეტყველებენ, ჩანთებში ძვირადღირებული ტექნიკა უწყვიათ. შუბლზე აწერიათ რაღაც დემონური, უკონტროლო შინაგანი ვნება, ჩაიდინონ რაიმე მახვილგონივრული. ზოგს განსაკუთრებული კეთილშობილებისგან ზედმეტად ფაიფურისმაგვარი სახე აქვს – გგონია, რომ მოულოდნელად ქანდაკებასავით დაიმსხვრევა; ზოგს აქ დგომა თავის ნამდვილ ფესვებთან აბრუნებს, რაც ოდესღაც მის ცნობიერებაში ზედმეტად სქელ ძარღვებად დაიტოტა. რამდენიმე გაუგებრობაშია, შემთხვევით აღმოჩნდა აქ: რამდენიმე წლის შემდეგ, საკუთარ ფრონტს გახსნის: ვის წინააღმდეგ, ზუსტად არ ეცოდინება.

ისინი ხარბად წოვენ ჩვენი თვალებიდან თავიანთ წილ სიღარიბეს, აგროვებენ და მერე ერთმანეთში ანაწილებენ. საკმაოდ მალე იწყებენ საუბარს. განსაკუთრებული იდეალიზმით ტექნიკის წინ საუბრობენ, თითქოს ავი წინათგრძნობასავით იციან, რომ სჯობს, ისევ მანქანას ენდონ, ვიდრე ერთმანეთს. ერთმანეთში რაღაცას ვერ არკვევენ. ერთმანეთში ბევრ რამეს ვერ არკვევენ. დაუსრულებლად ლაპარაკობენ იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ და ვინ არიან ჩვენი მტრები. რამდენიმე თვეში, ჩვენ არ ვიცით, ვახსოვართ თუ არა მათ, არ გვესმის, რაზე ლაპარაკობენ თავიანთ უცნაურ ოფისებში, კონკრეტულად რას საქმიანობენ და როგორია მათი ყოველდღიურობა, როგორი დედები და მამები ჰყავთ. ეს ნისლითაა მოცული, იქამდე, სანამ მიწიდან კიდევ ერთხელ არ ამოვალთ და ისევ არ გამოჩნდებიან, როგორც სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილეები უცხო პლანეტაზე.

საიდან გვახსოვს თავი?

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მძლავრი მახასიათებელი, უტყუარი ათვლის წერტილი, რომელიც ყველას გამოგვრჩა თვალთახედვიდან, არის მომენტი, როცა გარკვეულ ასაკობრივ ნიშნულს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს, გამოცხადდა სოციალურად, პოლიტიკურად და საზოგადოებრივად ლიკვიდირებულად5. ქვეყნის „ვესტერნიზაციის“ ისტერიულმა პროექტმა გადასამუშავებელ ნაგვად დაახარისხა მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი.

ყველა მოვლენა თუ პროცესი, რაც ქვეყანაში ამის შემდგომ წარმართულა, ექსკლუზიურად ამ ადამიანების მონაწილეობის ავტომატური გამორიცხვის ფონზე განხორციელდა. ყველა პროცესისას იკვეთებოდა მონაწილეთა „მოდერნული“ და „პრემოდერნული“ მხარეები, ყოველი დაძაბული წამი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დღესაც [როგორც არასდროს] წარმოადგენს მათთვის წართმეული, ადამიანად ყოფნის ლეგიტიმაციის ხელახლა მოპოვების უსუსურ მცდელობას.

მაგრამ საქართველოს უახლეს ისტორიაში ასევე არსებობს ხდომილებები, როცა ამ მხარეებს შორის კედელი ოდნავ გაიბზარა ან შეირყა, და თუკი არსებობს ერთი მომენტი მაინც, რომელიც ამ დაუსრულებელი ცუდი სიზმრიდან თვითგამორკვევის წინაპირობად შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო, ეს იყო პრეცედენტები, როცა საზოგადოების ყველაზე უხმო და ყველაზე გარიყული ნაწილის გვერდით დგომა, ახალგაზრდების მცირე ჯგუფებმა იქამდე შეუვალი „მოდერნულების“ ცხოვრების წესისათვის დასაშვებად აქციეს.

ესაა მომენტი, როცა „მოდერნულსა“ და „პრემოდერნულს“ მიღმა დამდგარი ექსპედიცია ჩადის მაღაროელებთან. ეს ცოტა წარმოუდგენელია, რადგან არავითარი ობიექტური მიზეზი ან წინაპირობა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო, არ არსებობდა – არც ტრადიცია. თუმცა, როგორც ჩანს, გლობალური სიღარიბის ფენომენოლოგია თავისით პოულობს ადგილს განსაკუთრებით ცნობისმოყვარეთა გულებში.

უბრალოდ, „ვარდების რევოლუციის“ რამდენიმე უძღებმა შვილმა გაიფიქრა – ნუთუ ასეთი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება? რაიმეს გაკეთების ერთადერთი შანსი მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივ „ინტელექტუალთან“ დაახლოება და მათ სატელიტებში მუშაობაა. სინამდვილეში, ჩვენ არ გვაქვს არავითარი მომავალი, რადგან კი გვქონდა იმის პრივილეგია, თავი გვეგრძნო საზოგადოების „პროგრესულ“ ნაწილად, მაგრამ საკმაოდ ამაყები ვართ საიმისოდ, რომ ამან სიამოვნება მოგვანიჭოს. ჩვენ არ გვაქვს პერსპექტივა ნამდვილი, ადამიანური ცხოვრებისა, კარგი და ხარისხიანი განათლებისა, ჩვენი მშობლების ნაგავსაყრელებიდან ხსნისა, ადგილობრივ „ინტელექტუალთა“ წრე კი იმდენად ღარიბი და გულისამრევია, რომ მათთან ინტეგრირების არავითარი შინაგანი სურვილი არ გაგვაჩნია. ისინი მხოლოდ კინოსა და საბჭოთა კავშირზე ლაპარაკობენ, სინამდვილეში სძულთ ხალხი და ვერაფრით შეელიენ ევროპულ კაფეებში ღვინის წრუპვისაგან მოგვრილი პროვინციული აღფრთოვანებით ტკბობას.

ჩვენ ჩაკეტილ წრეზე დავდივართ, სადაც ყველაფერი სიმულაციურია, ამ ჰალუცინაციის მიღმა კი ინგრევა ნამდვილი ცხოვრება. ყოველი გარემონტებული ოფისის, სუფთა აეროპორტისა და ძვირადღირებული რესტორნის უკან, მათ სარდაფებში, სამზარეულოებსა და საწყობებში ჭუჭყი, პირუტყვული გარემო და ანტისანიტარიაა. საშუალო რგოლის მენეჯერთა ქვემოთ მდგარი ყოველი ადამიანი მხოლოდ სხვისი კუჭის, გართობისა და პირადი ინტერესებისათვის გამავალ სადინარს წარმოადგენს, ამასთან გამკლავების ერთადერთ გზად კი ადამიანებს ისევ იმ კიბეზე აბობღება წარმოუდგენიათ, სადაც თავად გახდებიან წარმატებული მენეჯერები.

ამის აღსაწერად ადგილობრივი ინტელექტუალების მიერ შემოთავაზებული ღარიბი ნარატივები არ კმარა. ეს პრობლემები არ მოდის იმ მიზეზებიდან, რასაც წლების განმავლობაში თავზე გვახვევდნენ. ლპება კაპიტალიზმი, როგორც ზოგადი სოციალური, ისტორიული და ეკონომიკური კონტექსტი და არა რომელიმე პარტია ან კულტურული ღირებულება, ან პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ეს პროცესი კი, თავის მხრივ, მჭიდროდაა დაკავშირებული ზოგად ისტორიულ კონტექსტთან, ძალაუფლების გლობალურ სტრატეგიასთან. თუ ეს გავაცნობიერეთ, აღარაფერი გვესაქმება აქ – წავედით მათთან. წავედით „მაღაროელებთან“.

რამდენიმე წლის შემდეგ:

2016 წლის თებერვალში საქართველოს რამდენიმე ინსდუსტრიულ დასახლებაში აქციები და გაფიცვები ერთმანეთს დაემთხვა, რასაც გაზაფხულზე, სტუდენტთა ფართომასშტაბიანი პროტესტი და უნივერსიტეტის ერთ-ერთი აუდიტორიის რამდენიმე თვით დაკავება მოჰყვა, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების მოთხოვნით. გაფიცვებს ფონად გასდევდა „მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი“. ყველა კომპანია ასახელებდა ერთსა და იმავე არგუმენტს, რომ მოგება არ არის საკმარისი  სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ან ხელფასების გასაზრდელად. შახტის გაფიცვა ყველაზე რეზონანსული იყო. მეშახტეებთან მემარცხენე ახალგაზრდული ორგანიზაციები და სხვა ინდუსტრიული ქალაქებისა და დასახლებების მუშები თანამშრომლობდნენ. 21-დღიანი გაფიცვის განმავლობაში, ერთმანეთთან თანამშრომლობით, ამ ქსელებმა შეძლეს მთელი ქალაქის აჯანყება და შახტის ადმინისტრაციის შენობის ოკუპაცია. თუმცა, გაფიცვა მაინც რიგითი პირობითი მოლაპარაკებით დასრულდა. ამ შედეგს ტყიბულისათვის არაფერი მოუტანია. ამის შემდეგ, სულ რაღაც 1 წლის განმავლობაში, შახტაში მუშაობისას, სხვადასხვა დროს, 11 ადამიანი დაიღუპა.

რა იყო საქართველოში მშრომელთა წინააღმდეგობის პრეცედენტთა სევდიანი დასასრულების მიზეზი – კერძო სექტორთან აბსოლუტურად უუნარო სახელმწიფო, არასოლიდარული საზოგადოება, დოგმატური მიდგომები და არასაკმარისი ძალისხმევა მემარცხენე ჯგუფებისაგან, არაორგანიზებულობა და საერთო სტრატეგიის არქონა თავად მუშების მხრიდან, მედიის სიყვითლე, არაეფექტური პროფკავშირები თუ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიერ დღის წესრიგის მონოპოლიზებით გამოწვეული აშკარა, შეუწყნარებელი კლასობრივი გულგრილობა? – კითხვა, რომელიც წერილის თავში უნდა დაგვესვა, ინაცვლებს წერილის ბოლოს, რათა მასზე შეგნებულად არ გასცეს ერთი ან რამდენიმე პასუხი.

წინააღმდეგობის შემდეგ

„მაღაროელები“ კიდევ ერთხელ რჩებიან შეუბრალებელ თანამედროვე სამყაროსთან პირისპირ: ათასი უცნობი ტექნოლოგია, ენა, რომელიც მუშათა კლასმა არ იცის. ეს ენა დამყოფია, დამანაწევრებელია. ეს გადახდის აპარატების, ბანკის რობოტი ოპერატორის ენაა6. მშრომელებმა უკვე იციან, რომ კიდევ ერთი წინააღმდეგობის შემთხვევაში, ამ დამღლელ და გაუგებარ ენაზე მათ ადმინისტრატორები და კომპანიის მენეჯერები დაელაპარაკებიან: ეტყვიან ათასგვარ უცხო ტერმინს, დიდხანს და დამაჯერებლად ისაუბრებენ საერთაშორისო ბიუროკრატიის, ახალი ტექნოკრატიის სინტაქსით, რომელიც სრულიად უცხოა დეინდუსტრიალიზებული ქვეყნის ინდუსტრიული მუშებისათვის. ეს მუდმივი მანიპულაცია ციფრებითა და ტერმინებით, მოლაპარაკებას შეუძლებელს ხდის, გზას უკეტავს გაფიცვის მოგების სტრატეგიულ ფორმას – რაც ნიშნავს იმას, რომ ცლის ღირებულებისგან ასევე მოლაპარაკების ძალას, პროფკავშირების ისტორიულ როლს, სტუდენტების ამპარტავან სოლიდარობას.

ზარხუფი არის შუშის ზარი, რომელსაც სილვია პლათი თავის უკანასკნელ ნაშრომში – ამავე სახელწოდების, ფსევდონიმით გამოქვეყნებულ რომანში აღწერდა. ზარხუფი უზარმაზარია და თავზე გემხობა, ქმნის ვაკუუმს და შიგნით გაქცევს. ის გამჭვირვალეა: გარედან ჩანს, მასში რა ხდება, მაგრამ ხმა აქედან, გარეთ არ აღწევს. ეს ხმა ყრუა, შუშის კედლები კი დამახინჯებულ გამოსახულებებს გაჩვენებს. როგორც თევზს ეშინია საკუთარი არარეალური ანარეკლის მრგვალი აკვარიუმის კედლებში, ზარხუფში მყოფი, ნელ-ნელა ეჩვევი შენს ახალ, დეფორმირებულ სახეს, არაადამიანურ თვითცნობიერებას, უიოგო ყელს და უსუსურად დაფჩენილ პირს.

პლათი ამ მეტაფორით აღწერდა მენტალურ ტკივილს, რომელიც შეიძლებოდა ეგრძნოთ ქალებს, ამერიკის პატრიარქალური საზოგადოების კედლებში – სწორედ მაშინ, როცა „ოქროს ხანა“ და კეთილდღეობის ბუმი იყო, ცათამბჯენები ბრჭყვიალებდნენ და ამერიკული ოცნების მართლა სჯეროდათ.

დღეს, როცა კეთილდღეობის ბუმი ქრონიკულ კრიზისად იქცა, ეკონომიკურ ისტორიაში კი ახალი დიდი დეპრესია დაიწყო, ფინანსური უფსკრულებით, დემოკრატიის კათარზისებითა და სიღარიბის წარმოუდგენელი მასშტაბებით, წინააღმდეგობის შეუძლებლობა გიგანტური ზარხუფის ქვეშ აქცევს მომუშავე ღარიბებს.

ყველაფერი, რაც „მაღაროელებს“ ახსოვთ მატერიალური სახით, აზრობრივ კონცეპტებად ან ფიქციებად გარდაიქმნება, ისინი ვერ ამტკიცებენ საკუთარ ფიზიკურ არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ხედავენ [პირობითად] წიაღისეულს, რომელიც საკუთარი ხელებით ამოაქვთ მიწიდან. მათ ბიბლიაში ერთი და იგივე წინადადება წერია: რომ არ არსებობდეს მოგება, არ იარსებებდა სამუშაო ადგილები. რომ არ იზრდებოდეს მოგება, ვერც უთანასწორობა გაიზრდებოდა.

მათი შვილები კი, შევხედოთ მათ შვილებს, რომლებიც ქალაქში ჩამოვიდნენ, სწავლის მაგივრად კი ხელში მხოლოდ რომელიმე სუპერმარკეტების ქსელის საშინლად უსახური მწვანე უნიფორმა, მოლარის მოუხერხებელი სკამი და სტუდენტური ვალები შერჩათ. მოლარეს შეუძლია დაინახოს დღის ნავაჭრი, თუმცა მუდმივად განმეორებადი ხელის მექანიკური მოძრაობა და გაურკვეველ ციფრებთან სწრაფი ურთიერთობა საკმაოდ ძლიერი ფიქციაა. ასეთ მამებს, დედებსა და შვილებს შორის ჩამოწოლილია საშინელი გაუცხოება, რომელსაც ტრაგიკული გათიშულობაც შეიძლება დაერქვას – თითოეული მათგანი მხოლოდ იმისკენ მიისწრაფვის, კბილებით გაიტანოს საკუთარი პირადი სივრცე, სამსახურიდან ახალმა მოსულმა როგორმე შეძლოს განმარტოება, ჰქონდეს საკუთარი პირადი ზარხუფი7 – რომელიც გამძლე ნაკერებს ადებს წინააღმდეგობის შეუძლებლობას.

„თანამედროვე პროლეტარული კლასი არ იბრძვის გეგმის თანახმად, რომელიც გაწერილია რომელიმე წიგნში ან თეორიაში. თანამედროვე მშრომელების ბრძოლა ისტორიის ნაწილია, ნაწილია სოციალური პროგრესის – და ამ ისტორიის შუაგულში, ამ პროგრესის შიგნით ვსწავლობთ, თუ როგორ ვიბრძოლოთ“8.

როგორც სოციალური სისტემის შინაგანი მახასიათებლების შედეგი, თანამედროვე სიღარიბე იბრძვის ნერვებით, უცნაური მენტალური მუტაციების გავლით, მოშლილი მიმიკებით, დანაწევრებული მეტყველებით და ფსიქოზამდე მისული ანგელოზური მოთმინებით, არაფერი დასცდეს თავზე ჩამომხობილი უშველებელი შუშის ზარის შესახებ.

1 რაიტის სტატიას თან ახლავს ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სიღარიბისადმი დამოკიდებულების ორი კვლევის, 1980 და 1991 წლებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები. ამ კვლევებში გამოყენებულ იქნა შედარებითი კლასობრივი ანალიზის მეთოდი, რამაც კვლევის ავტორებს დაბალი კლასისა და კერძო კაპიტალის მფლობელთა პასუხების ერთმანეთისაგან გარჩევისა და ურთიერთშედარების საშუალება მისცა.

2 ნიშანდობლივია, რომ ავტორი იყენებს სიტყვა სიღარიბეს, და არა ძალაუფლებას: აქტიური ინტერესი მდგომარეობს სიღარიბის, და არა ძალაუფლების შენარჩუნებაში. იმავე ლოგიკით, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ სიღარიბეს, ძალაუფლებას აღარ მოუწევს საკუთარი თავის შესანარჩუნებლად მოქმედება.

3 ალუზია ქიმიურ რეაქციასთან, რომელიც დაკავშირებულია ნივთიერების შემადგენლობის ცვლასთან. ქიმიური რეაქციისას, ნივთიერებები ერთმანეთზე მოქმედებენ და წარმოქმნიან სხვა ნივთიერებებს. ამ დროს მოლეკულები იშლება, ატომები კი უცვლელი რჩება.

4 ტერმინი „მაღაროელები“ მოცემულ წერილში ორმხრივი, თანათავსებადი განსაზღვრებით გამოიყენება: ერთი მხრივ, ის გულისხმობს კონკრეტულად საქართველოს ინდუსტრიულ მუშახელს; მეორე მხრივ კი, წარმოადგენს ერთგვარ გამაერთიანებელ ქოლგას, თანამედროვე ეკლექტური და არაერთგვაროვანი გლობალური მუშათა/უმუშევართა კლასისა, ღარიბთა ყველა კატეგორიის ჩათვლით.

5 „ჩარეცხვის“ პოლიტიკა, რომელსაც „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი ავტორიტარული რეჟიმი ახორციელებდა, რეალურად, პრაქტიკაში, გულისხმობდა არა „ინტელიგენციის“, არამედ სწორედ ღარიბთა, უმუშევართა და პენსიონერთა დეჰუმანიზაციას. აღსანიშნავია, რომ სტრუქტურული ტრანსფორმაციის შემდგომ, დაუძლეველი სოციო-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიზნობრივ ჯგუფში ერთიანდებოდა და დღემდე ერთიანდება.

6 „როცა იყენებ ბანკომატს, ის გთხოვს რეაგირებას მანქანის მოთხოვნებზე, როგორიცაა „ჩაწერე შენი კოდი“; „აირჩიე მომსახურე ანგარიში“ ან „აიღე თანხა“ - ეს ოპერაციები არავითარ ინტელექტუალურ ვირტუოზობას არ მოითხოვს - შენ მხოლოდ ის გევალება, დროზე და ოპერატიულად შეასრულო მოქმედება, მყისიერად ირეაგირო, სწრაფად და შეცდომების გარეშე იმოქმედო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ მომენტალურად გამოვარდები სისტემიდან. აქ არ არსებობს სუბიექტი, რომელიც მოქმედებს, აქ არავინაა ინდივიდი - არამედ „დივიდი“ - დაყოფილი, განცალკევებული, ნაწილი, რომელიც ფუნქციონირებს სოციოტექნიკური აპარატების დამაშინებელი გზით. ბანკომატთან შეხება აქვს არა ინდივიდუალურ სუბიექტს, არამედ „დივიდუალურს“. ჟილ დელიოზი ამ ცნებას იყენებს, რათა გვაჩვენოს, რა ემართება ადამიანურ „მთელს“ სოციოტექნიკური ურთიერთობების პროცესში, როგორ იყოფა ინდივიდი, მასები კი ხდება ნიმუშები, მონაცემები და ბაზრები“. მაურიციო ლაზარატო, გავალიანებული კაცი (The Indebted Man), 2012.

7 გადაძახილი ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახის“ კონცეპტთან.

8 როზა ლუქსემბურგი, „მასობრივი გაფიცვებისა და პროფკავშირების პოლიტიკა“, 1906.