ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დაკითხვა | ალიხან ხურიევი, დმენისიდან

ალიხან ხურიევი, 49 წლის, დმენისიდან. ჰყვება აგვისტოს ომზე, 2008.

ჯარიდან ცხინვალში 1989 წელს დავბრუნდი. ჩემთვის ომი მაშინ უკვე დაწყებული იყო. არც დამთავრებულა 2008 წლამდე. რუს სამშვიდობოებთან ვმუშაობდი, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში მოხალისეებში ვიყავი. 

დმენისში 7 აგვისტოს ჩავედი. მშენებლობაზე ვმუშაობდი ცხინვალში. პირდაპირი გზა ქალაქამდე უკვე დაკეტილი იყო, ქართული სოფლებიდან გასვლა საშიში იყო. 

ღამე მაგარი სროლა დაიწყო ცხინვალთან და ჩვენთანაც ისმოდა. მთელი ღამე არ გაჩერებულა არტილერია. მართალი გითხრა, ვერც ვიფიქრებდი ქალაქში ქვა-ქვაზე თუ დარჩებოდა. 

დილამდე სახლში დავრჩი. იარაღი არ მქონდა. გათენდა თუ არა, წავედი ბატალიონში, სოფლიდან ხალხი უკვე ტყეში გარბოდა. სოფლის შესასვლელებთან ჩვენი მოხალისეები იდგნენ. მეც მაგათთან ვიდექი. ვხედავდი, როგორ გვიახლოვდებოდნენ ქართული საბრძოლო მანქანები. მეგობარი მედგა გვერდზე, იმას ვაჩვენებდი, მიდი, იმათ ესროლე-მეთქი. თქმაც ვერ მოვასწარი, სნაიპერის ნასროლი რო მომხვდა. 

ეგ სნაიპერი თურმე ჩვენს წინ, სკოლის შენობაში იჯდა. ტყვია გვერდში მომხვდა. ძალიან მალე ქართველებმა მოგვაგნეს, ხელები ზურგსუკან შემიკრეს და ბეემპეში ჩამაგდეს [BMP]. 

დაიწყო დაკითხვა. ვუთხარი 80-იანების ბოლოდან აქ ვცხოვრობდი, მაგრამ მერე ჩრდილოეთ ოსეთში წავედი დევნილად და დღემდე იქ ვცხოვრობ, შემთხვევით მოვხვდი აქეთ-მეთქი. სამოქალაქო ტანსაცმელში ვიყავი, არც იარაღი მქონდა, არც საბუთები. ცოტა ხნით ადრე ძმა დამეღუპა, ვგლოვობდი, მაგრამ ეს ფოტომიკრული შავი პერანგი მაინცდამაინც მაშინ არ მეცვა. ნეტა მცმოდა, ეგრე გამეტებით ხო აღარ მცემდნენ, ჩვენში იციან ჭირისუფლების პატივისცემა. 

ძალიან მაგრად მცემდნენ. მაგრამ თან ვიაზრებდი, რამეს თუ დამაცდენინებდნენ, კიდევ უფრო სასტიკი დაკითხვები წავიდოდა. ამიტომ, არაფერი ვიცი-თქო, გავიძახოდი, ისიც არ ვიცი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ვინ არის, დიდი ხანი აქ აღარ ვცხოვრობ და არავის ვიცნობ-მეთქი. 

ტყვედ კიდევ ორი ჩემი თანასოფლელი აიყვანეს. რვაში, საღამოს თვალები აგვიხვიეს, ხელები შეგვიკრეს და გორში გადაგვიყვანეს. ციხეში ჩაგვაგდეს. ისე, რა ვიცი, იქნებ არც იყო ციხე, მაგრამ საკანივით იყო. იმდენი სისხლი დავკარგე. ბინტი მომცეს მარტო. ჭრილობას საკუთარი შარდით ვიბანდი და ისე ვიხვევდი. რაღაც აბები მომცეს, მაგრამ არ დამილევია. რა ვიცოდი, რას მიზამდა! გრძელდებოდა დაკითხვები, ცემა. ყველაფერს მეკითხებოდნენ, მე ჯიუტად ვამბობდი, არაფერი ვიცი-მეთქი. ქართულიც მესმის ცოტა, მაგრამ არ მითქვამს. ორი, თუ სამი დღის მერე ახალციხეში გადაგვიყვანეს.  

არაფერი ვიცოდით, რა ხდებოდა. გადაგვიფრენდა ხოლმე თავზე და ქართველები გარეთ გარბოდნენ, ალბათ ბომბსაფარში. ეგრე ვხვდებოდით, რო ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. 

რამდენჯერმე გამოგვიყვანეს, ვითომ სადღაც მივყავდით. მე სულ ვფიქრობდი, ალბათ სიკვდილით გვსჯიან-მეთქი.

მერე რაღაცეებს მოილაპარაკებდნენ, ალბათ ახალ ბრძანებებს მიიღებდნენ და უკან გვაბრუნებდნენ. 

ერთხელაც ჩაგვსხეს ავტობუსში და გორში წაგვიყვანეს. გზაში გააჩერეს, ისევ რაღაცას არჩევდნენ. მერე ავტობუსში ვიღაცამ თავი შემოყო და ჩემზე ანიშნა, ეს დაჭრილია, მოკვდება, გაუშვითო. მართალი გითხრათ, ვერ ვიცანი ის ადგილი, სადაც ტყვეებში გაგვცვალეს. 

მახსოვს, ჩვენი ომბუდსმენიც იქ იყო.  კიდევ ორზე უთხრეს და სამნი ჩამოვედით ავტობუსიდან. დანარჩენები ისევ უკან წაიყვანეს. ჩვენ მეორე ავტობუსში გადაგვსვეს, ჩვენებთან. მძღოლსაც ვიცნობდი, სარაბუკიდან იყო. „რომ იცოდეთ, რამდენ ქართველში გადაგცვალესო!“ - გვეუბნებოდა. 

მერე გავიგე, რო 16 დღე იყო უკვე გასული. მეტი არაფერი მახსოვს, არც სხვებისთვის მიკითხავს რამე.

ვიჯექი და ვეწეოდი გაუჩერებლად. როგორც იქნა, უკვე მქონდა სიგარეტი. 


______________________________________________________________

1. დმენისი 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში, შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შედის ცხინვალის რაიონში. 2008 წლიდან სოფელს აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება.

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ზარინა სანაკოევა
ფოტო: ელა ავაგიმოვა