გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დიალოგს ვუყურებ, როგორც პრაგმატულად ფიქრის შესაძლებლობას - ნათია ჭანკვეტაძე

ნათია ჭანკვეტაძე, მკვლევარი

როგორ ჩანს დღევანდელი გადასახედიდან, რა იყო 90-იან წლებში პოლიტიკური ელიტების მთავარი შეცდომა?

მთავარი შეცდომა, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ეთნიკური ნაციონალიზმის გაღვივებისთვის ნიადაგის შექმნა იყო. პრესაში იბეჭდებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის მიმართვები. ქართველები წერდნენ – მაღაზიაში შესულმა ქართულად რომ იკითხო, პასუხს არავინ გაგცემსო. ოსები კი წერდნენ, რომ სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ფსკერზე იყვნენ, ასრულებდნენ დაბალანაზღაურებად საქმეს და მოკლებულნი იყვნენ პოლიტიკურ კარიერაში წინსვლის შესაძლებლობას. 1988 წლის ნოემბერში ცხინვალის ბანკმა, იმ მიზეზით, რომ დოკუმენტები ქართულ ენაზე იყო შედგენილი, ხელფასების გაცემაზე თქვა უარი. წერილს ბანკის ორი ოსი თანამშრომელი აწერდა ხელს.

ეთნონაციონალიზმის გაღვივებამ აფხაზებისა და ოსების ქართველებისგან გაუცხოების პროცესის დაწყებას შეუწყო ხელი. ადამიანებს იმედი გაუცრუვდათ, შეეშინდათ. ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ქართველები და ოსები ერთმანეთში ინტეგრირებული ხალხი იყო, მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთ სივრცეში, მეორე მხრივ კი, 1989 წლის ნოემბერში, ათასობით ქართველი დაიძრა მარშით ცხინვალისკენ.

რატომაა დღესაც ასეთი რთული ნაციონალისტური პოლიტიკის კრიტიკა და შეცდომებზე საუბარი?

ალბათ იმიტომ, რომ ეს არ არის კომფორტული თემა, ბევრი ისეთი საკითხი წამოიწევს წინ, რაზეც საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი. დღეს არ ფიქრობენ ადამიანები, რომ ქართველებმაც დაუშვეს შეცდომები. ვიწრო წრეების მიღმა, ეთნო-ნაციონალისტური პოლიტიკა კრიტიკულად ჯერ არ შეფასებულა.

მართალია, ეთნო-ნაციონალისტური განწყობებიც არ არის ბოლომდე დაძლეული, მაგრამ ახლა მაინც გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. 2003 წლის შემდეგ, სამოქალაქო ცნობიერებამ წამოიწია წინ და ეთნიკურმა კუთვნილებამ თითქოს აქტუალობა დაკარგა. თუმცა, დღესაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები პოლიტიკურ ელიტაში მაინც არ ჩანან.

რაზე მიგვანიშნებს დღეს კონფლიქტის სახელდებიდან სიტყვა – ოსურის – გაქრობა? როგორ აღწერს ეს ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულებას?

უფრო მეტს ვიტყოდი, არა მხოლოდ გავაქრეთ, არამედ „ქართულ-ოსური“ ან ქართულ-აფხაზური“ კონფლიქტის ხსენება ცუდ ტონადაც ვაქციეთ, ამ ტერმინების ხსენება დღეს, სულ მცირე, უხერხულობას ქმნის, ან საერთოდ შეუძლებელია.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომია. „მცოცავი ანექსიის“, გამყოფი ხაზის მუდმივი ცვლილება ჰუმანიტარულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმოშობს და ყურადღებაც მათზე გადადის. თან, როდესაც ოსებიც რუსეთთან (ჩრდილოეთ ოსეთთან) ინტეგრირების სურვილს გამოთქვამენ, რთულია, გამყოფი ხაზის აქეთ მხარეს ვინმეს დააჯერო, რომ ოსებს აქვთ დამოუკიდებლად საუბრის ლეგიტიმაცია, ან რეგიონში რაიმე დღის წესრიგს ქმნიან.

აფხაზებთან ბოლომდე ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს, იმიტომ, რომ აფხაზებს დამოუკიდებლობა სურთ. შესაბამისად, კონფლიქტების დასახელებიდან „აფხაზის“ გაქრობა ალბათ უფრო მწვავეა აფხაზებისთვის, ვიდრე ოსებისთვის. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ჩემთვის ეს რეალობისთვის თვალის არიდების მცდელობაა.

რუსეთის გავლენას და ჩართულობას, ცხადია, ვერ დავაკნინებთ, თუმცა ეთნიკური კომპონენტის გამორიცხვაც არ შეიძლება, რადგან სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას გვართმევს. ისიც ფაქტია, რომ ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტის შემდეგ პირველი შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან მოეწყო და ჩიბიროვი და შევარდნაძე საკმაოდ გვიან შეხვდნენ ერთმანეთს. ისიც ფაქტია, რომ ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები მარტო, პირისპირ არც არასდროს დაუტოვებია რუსეთს. რუსეთის ჩართულობის შინაარსი და ფორმა იცვლებოდა, მაგრამ მისი ინტერესი არასდროს გამქრალა.

კიდევ, თაობაც შეიცვალა. როცა აფხაზებსა და ოსებს ვხვდები, ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც 1993 წლის შემდეგ, დანარჩენ საქართველოსგან მოწყვეტილ რეგიონში დაიბადნენ და გაიზარდნენ, და თუკი ამ კონფლიქტებიდან აფხაზებსა და ოსებს გავაქრობთ, გამოდის, რომ ამ ახალგაზრდებს ჩვენ საერთოდ არ ვცნობთ – ძალიან რთულია იმ ადამიანთან ლაპარაკი, ვის არსებობასაც არ აღიარებ.

საიდან შეიძლება დიალოგის დაწყება?

ამ წლების განმავლობაში დიალოგი სულ იყო. სულ საუბრობდნენ ოსები და ქართველები, აფხაზები და ქართველები. მართალია, მედიატორი სხვადასხვა იყო, მაგრამ ადამიანებს შორის დიალოგი არ შეწყვეტილა.

2008 წლის ომმა ქართულ-ოსური დიალოგი ძალიან შეაფერხა, ოსებს და, შეიძლება, ქართველებსაც გაუჩნდათ განცდა – რაღაზე ვისაუბროთ ახლა. რუსეთის, როგორც პირდაპირი ოკუპანტის გამოჩენამ, აფხაზეთის და ოსეთის აღიარებამ ეს დიალოგი თვისობრივად შეცვლა და ძალიან შეამცირა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიმღებების, პოლიტიკოსების დონეზე, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებას შორის ეს დიალოგი მაინც შენარჩუნდა.

მე ვფიქრობ, რომ დიალოგი წარსულის შესახებაც მნიშვნელოვანია. ასევე მესმის, რომ ძალიან მგრძნობიარე საკითხია ტერიტორიის დაბრუნება, მაგრამ ყურადღების მუდმივად ადგილზე გამახვილება, ვფიქრობ, იმ კონკრეტულ სივრცეში მცხოვრებ ადამიანებს გვაშორებს. ჩვენი მიზანი კი, ამ ტერიტორიაზე მშვიდობიანად თანაცხოვრება უნდა იყოს და არა მხოლოდ მიწის საქართველოს დე ფაქტო კონტროლის ქვეშ დაბრუნება.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა