ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ძარი - დინა ალბოროვა

დინა ალბოროვა, პოლიტოლოგი

იმ დღეს ქალაქი ძაღლების ყეფამ გააღვიძა. ხალხი გარეთ გამოვიდა, ქუჩები სავსე იყო მილიციით, რატომღაც მილიციონერებს თან ძაღლები ჰყავდათ. ხალხი ერთმანეთს ურეკავდა, ვინ არიან ესენი, რამე საფრთხე ხომ არ გვემუქრება, ხომ არ წავიდეთო, ეკითხებოდა. არავინ არაფერი იცოდა. ამ დროს ქალაქი უკვე ალყაში იყო. გზები გადაკეტილი – იქ არ წახვიდეთ, აქეთ არ შეიძლება. მერე დავაკვირდით, რომ ხანდახან ეს სამხრეები სხვადასხვა ჩინის ეკეთათ, ერთ მხარეს შეიძლება მაიორის ყოფილიყო, მეორე მხარეს – ლეიტენანტის. დაიყარა ხმები, თითქოს, ყველა მილიციონერები კი არ იყვნენ, არამედ მათთან ერთად რეციდივისტებიც შემოუშვეს, რომლებიც სპეციალურად გამოუშვეს ციხიდან. ეს ამბები ოჯახებიდან გამოდიოდა. შემოსული მილიცია ხომ ოჯახებში გადაანაწილეს. მახსოვს, ჰყვებოდნენ, თვითონ ეს ფორმიანი ხალხიც შფოთავდა, არაფერი იცოდნენ, რა ევალებოდათო. იყო შემთხვევები, თავი რომ მოიწამლეს, საპონი შეჭამეს, რომ ცხინვალიდან გაეყვანათო. 

კიდევ ვიცოდით, რომ იყვნენ საშიში ქვედანაყოფებიც და მათ არ უნდა გადავყროდით.

ნელ-ნელა იძაბებოდა სიტუაცია, მაგრამ მაინც ვერავინ იფიქრებდა, ვერც 23 ნოემბრის მიტინგის მერე, რომ ამდენი წლის თანაცხოვრებას ეს მოჰყვებოდა.

დედაჩემი იყო იქ, როდესაც პირველი ადამიანი მოკლეს. ამ მკვლელობის შემდეგ ქალაქიდან ქართველების გაძევება დაიწყეს, ახალგაზრდები გაერთიანდნენ, მილიციას დაუპირისპირდნენ.

დედაჩემი ჰყვება, რომ იმ დღეს, გზაჯვარედინზე, გმირთა ქუჩის კუთხეში მილიციის ავტობუსები იდგა. ხალხი მიდიოდა მათთან თურმე, ამბის გასაგებად. იქამდე ყოფილა შემთხვევები, რომ დაუვლიათ ხელი და შეუთრევიათ ავტობუსში კაცები, ალბათ დასაშინებლად. იმ დღეს ახალგაზრდა ბიჭი მივიდა: აქ რა გინდათ, წადით, თავი დაგვანებეთო. ჩვენი ფანჯარა ზუსტად იმ გზაჯვარედინს უყურებს. ეს ბიჭი, თუ სწორედ მახსოვს, კოჩიევი იყო გვარად, მილიციაში მუშაობდა. ავტობუსისკენ რომ წავიდა, დედაჩემმა ზემოდან დაუძახა, – რას აკეთებ, ახლოს არ მიხვიდე, გაჩერდიო. ესროლეს და იქვე მოკლეს. ამ დღეს ქალაქი ორად გაიყო.

ცხინვალში შეიარაღებული ახალგაზრდები დადგნენ. უცნაური იყო ისიც, რომ მილიცია ცხინვალში რომ შემოვიდა, ადგილობრივი მილიცია განაიარაღა. მანამდე გასცეს ბრძანება, რომ იარაღი ჩაებარებინათ. პირველივე დღეებში, მთელი სამართალდამცავები განაიარაღეს.

მერე მიჰყვა და მიჰყვა. ჯერ მანქანა ჩაცხრილეს, დაიღუპნენ ახალგაზრდები, ერთი ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსი იყო. მერე სასწრაფო მანქანა დაცხრილეს და ექიმი მოკლეს.

მაგრამ ყველაფერი მაინც ენის საკითხით დაიწყო. საბჭოთა კონსტიტუციის ის მუხლი რომ გამოქვეყნდა, დაიბნა ხალხი. სამხრეთ ოსეთს ეს მანამდეც გამოცდილი ჰქონდა. 40-იან წლებში ოსური ენის დამწერლობა კირილიცის ნაცვლად ქართული ანბანით შეცვალეს. აი, მაშინ დაიწყო დიდი რეგრესი ენის ცოდნის თვალსაზრისით. ჩვენ დღემდე გვიჭირს იმ ლიტერატურულ ოსურთან დაბრუნება, რომელზეც ჩვენი წინაპრები მეტყველებდნენ და წერდნენ.

წარმოიდგინეთ, ხარ მეშვიდე-მერვე კლასში. ცხოვრობთ ისეთ ადგილას, რომ არასდროს ქართულად არ გიწევთ საუბარი. არის ასეთი დასახლებები. კანონი კანონია. ამ ასაკში უკვე შემოდის ქიმია, მათემატიკა და უცბად, უნდა ისწავლო მათემატიკა იმ ენაზე, რომელზეც იქამდე არასდროს გილაპარაკია. ვისაც ეს მოუწევს, ის ბავშვები ხომ დაკარგული თაობაა?! იმ თაობამ, რომელსაც ადრე ეს ცვლილება შეეხო, ენა დაკარგა. არც ოსური იცოდნენ, არც ქართული. საშუალოზე დაბალი განათლება მიიღეს. ეს გადასვლა ერთი ანბანიდან მეორეზე, ძალიან მტკივნეული იყო.

იანვრის დასაწყისში ქართველები მასობრივად გავიდნენ ცხინვალიდან. ზუსტად აღარ მახსოვს თარიღი. მაგრამ ეს იყო ძალიან სწრაფი და ერთიანი გასვლა.

გამსახურდიას დავალება ყოფილა, ყველა ქართველმა ცხინვალი უნდა დატოვოსო. სამი დღით, თითქოს, მერე ისევ უნდა დაბრუნებულიყვნენ. ვინც ამ დავალებას არ შეასრულებს, მოღალატედ ჩაითვლება და დავსჯითო, – ასე ჰყვებოდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ცხინვალში წმენდა იწყებოდა, ოსების.

ჩვენს ხალხებს შორის ყველაზე დიდი წყენა სწორედ ამ ღამის მერე გაჩნდა. ჩვენები დღემდე არ პატიობენ იმას, რომ ქართველებმა ოსები არ გააფრთხილეს, ახლო მეგობრებს, მეზობლებს არ უთხრეს, რომ თვითონაც გარიდებოდნენ, ბავშვები, ოჯახები გაეყვანათ ქალაქიდან. მეტიც, სთხოვდნენ, ამ სამი დღით ჩვენს სახლებს მიხედეთ, ნათესავებთან მივდივართო. სამი დღით გავიდნენ, დიდი ბარგი არ ჰქონიათ.

მაგრამ არასდროს აღარ დაბრუნებულან.

იყვნენ ისეთებიც, ვინც დარჩნენ. და ისინი ჩვენი ქართველები არიან. მერე დაიყო ასე: კარგი იყო, ვინც დარჩა და ცუდი ქართველები, ვინც წავიდნენ.

მახსოვს სნაიპერები. ჩვენი ქალაქი ხო ქვაბულშია. ყველა გზა ქალაქისკენ ზემოდან ჩამოდის. ამიტომ მისი მიზანში ამოღება ადვილია. ყველა ქუჩა ძალიან ადვილად იცხრილებოდა. მახსოვს, ყოველ დილას იწყებოდა შემოვლა: ვინ მოკლეს, ვინ დაჭრეს, დავდიოდით საავადმყოფოში, რომ იქ გვენახა გვარები. ეს ჩვეულებრივი რუტინა გახდა, ბოლოს მექანიკურად ვაკეთებდით.

შემზარავი იყო ძარის (ზარი) ამბავი. მახსოვს, რომ გადავიღეთ, როგორ მოჰყავდათ გვამები სატვირთო მანქანებით, საიდანაც სისხლი წვეთავდა.