„შეუძლია თუ არა პეპელას, ბრაზილიაში ფრთების ერთი დაქნევით ტექსასში ტორნადო გამოიწვიოს?“ – კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაშიც კი ძალიან პოპულარული გახდა ისეთი სიუჟეტების გამოყენება, რომელთა საკვანძო დეტალები წინასწარ განსაზღვრული არ არის და მოთამაშეს თავად შეუძლია მოვლენების განვითარება. თამაშის – Life Is Strange -ის დეველოპერებიც თავიდანვე გვაფრთხილებენ, რომ ნარატივი დაფუძნებულია მოთამაშის არჩევანზე და გადაწყვეტილებებზე და ის ყველაფერს შეცვლის.

თამაშის მთავარი გმირია მაქს კოლფილდი, 18 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც წლების შემდეგ მშობლიურ ქალაქს უბრუნდება და ბლექველის აკადემიაში იწყებს ფოტოგრაფიის შესწავლას. მაქსი მორცხვი და გაუბედავი სტუდენტია, თუმცა მალე აღმოაჩენს, რომ უნიკალური უნარი აქვს – შეუძლია დროის უკან გადახვევა. მაგრამ მალევე ხვდება იმასაც, რომ ეს უნარი მას სულაც არ აქცევს სუპერგმირად, უფრო პირიქით, ადამიანურ საწყისებთან აბრუნებს და ხშირად იმაზე უმწეოდ წარმოაჩენს, როგორიც დაბადების პირველ წუთებში იყო.

რა თქმა უნდა, ვიდეოთამაშების ისტორიას ბევრი მდედრობითი სქესის გმირი ახსოვს, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ან კუნგ ფუს ოსტატია, ან კარგი მსროლელი, ან ორივე ერთად. ჩვენი გმირი კი, ჭვავის ყანაში მოთამაშე ჰოლდენის მსგავსად, ცდილობს, თავისი ზებუნებრივი ნიჭის წყალობით ადამიანები კლდიდან გადაჩეხვას გადაარჩინოს, თუმცა მალევე ხვდება, რომ ყველა მოქმედებას თავისი ფასი აქვს. სწორედ ამიტომ, ყოველ წვრილმანზე დროის უკან გადახვევის ნაცვლად, დაკარგული ლაურა პალმერის მოძებნას ცდილობს.

დიახ, თამაშის მეორე გმირი – რეიჩელ ემბერი ძალიან ჰგავს ლაურას და, ზოგადად, Life Is Strange ძალიან კარგად იყენებს „ტვინ პიკსის“ ფორმულას. დევიდ ლინჩის ლეგენდარული სერიების მსგავსად, თამაშის მსვლელობის დროსაც ვხედავთ, რომ დაკარგული გოგო უფრო დიდი ამბის პატარა ნაწილია. Arcadia Bay -ც, ტვინ პიკსის მსგავსად, პატარა ქალაქია, სადაც ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას რაღაცას უმალავს.

რაც შეეხება არქეტიპებს, სცენარის ავტორებმა საკმაოდ კარგად გაითვალისწინეს ის პრობლემები, რომელთა წინაშეც შეიძლება თინეიჯერები იდგნენ. სწორედ ამიტომ გმირების უმეტესობა საკმაოდ ბუნებრივი და ნაცნობია ისევე, როგორც მათი ყოველდღიური პრობლემები. სიუჟეტის ხაზში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოზარდებში ბულინგის ფენომენს, სასწავლო დაწესებულებებში კორუფციის პრობლემას, თაობებს შორის კონფლიქტურ ურთიერთობებს და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საკითხებს. ძალიან საინტერესოა სექსუალური თვითგამორკვევის თემაც.

მთლიანობაში, Life Is Strange თინეიჯერული დრამაა დეტექტივისა და მისტიკის ელემენტებით, რომელიც გვეუბნება, რომ ფრთხილად უნდა ვიოცნებოთ; ხოლო როცა თამაშის დასასრულს ტორნადოს გამომწვევ პეპელას ვიპოვით, მივხვდებით, რა საერთო აქვს დონი დარკოს ბოცვერს ალფრედ ჰიჩკოკთან, ლაურა პალმერს რეიჩელ ემბერთან, რეი ბრედბერის იუჯინ სმიტთან და ენი ლეიბოვიცთან, ბლექვილში სწავლას კი – ჭვავის ყანაში თამაშთან.