ტექსტი: ნიკო ნერგაძე (რადიო თავისუფლება, სპეციალურად „ინდიგოსთვის“)

 

კი

● იქნებ მართალი იყოს? ხომ უნდა იცოდეს ყველამ, რომ კბილის პასტა ჩვენს დე-ენ-ემში ლოკოკინის ენზიმებს აჩენს?

● წესით, სიმართლე უნდა იყოს, არა? ნუთუ ვინმე იკადრებდა და ინტერნეტში ტყუილს დაწერდა?

● რომც ცდებოდეს ვინმე, ხომ ვამატებ იქვე – „კი არ ვიცი, მაგრამ, მაინც, იყოს“-მეთქი? ხომ დავწერე – „იცით ვინმემ რამე ამაზე?“ 

● ეს ბმული თუ არ გავაზიარე, სხვა რა გზით შევავსო ის 15 თუ 20 წამი სამსახურში? რა, საქმე ვაკეთო? არ გამაცინოთ.

● რაც მეტ განსხვავებულ ინფორმაციას გავაზიარებთ, მით უკეთესი. ხალხი ნახავს, აწონ-დაწონის და საბოლოოდ უკეთ იქნება ინფორმირებული ყველაფერზე.

 

არა

● კარგი, რა. ხომ იცი, რომ სისულელეს აზიარებ? ემი უაინჰაუსი ნოდარ ნათაძეს ნამდვილად არ მოუკლავს. თუ ძალიან ჰგავს ტყუილს, სავარაუდოდ, ტყუილიცაა.

● არ ჯობია შეეშვა, როცა საგანი საერთოდ არ გესმის? საერთოდ იცი, ენზიმი რა არის და ლოკოკინას სადა აქვს? ან, აქვს თუ არა საერთოდ?

● წყაროსაც შეხედე, რა. გაგიგია ეგეთი სააგენტო? სანდო საიტად გეჩვენება?

● მაგ გაიძვერა საიტს შენი გაზიარების შედეგად სარეკლამო შემოსავალი გაეზრდება. თუ ბინძური პოლიტიკური მიზნები აქვს, მით უარესი! უკეთ მიაღწევს თავის ბინძურ მიზნებს.

● არა, მართლა! ორი წამი უნდა ინფორმაციის გადამოწმებას. ცოტა პასუხისმგებლობა ხომ უნდა იგრძნო, რომ სისულელე მეგობრებმა და ფრენდებმა შენგან არ გაიგონ?