ოთხმა მოიფიქრა – თორნიკემ, რომამ, ანანომ და გიორგიმ. არც ინვესტორი ჰყოლიათ და არც გრანტი მიუღიათ. სწორ ადგილას და სწორ დროს შეძლეს, იდეა საკუთარი ძალებით ბოლომდე მიეყვანათ და დასაწყისიდან ბოლომდე ქართული პროდუქტი – გიფერი შეექმნათ. მათი გამოგონება, ასაკის, თანამდებობის, წონისა თუ სიმაღლის მიუხედავად, ყველას ერთნაირად გვამხიარულებს, გვაპოზიორებს და გვაარქივებს კიდეც იქ, სადღაც – სერვერზე, თან უსასრულოდ.

დებიუტი შარშანდელ Open Air-ზე ჰქონდათ და „ტუზის დაცემად“ მიიჩნევენ, რომ რამდენიმე დღეში გიფის მხარდაჭერის ფუნქცია ფაისბუკმაც დაამატა. იმ დროს საქართველოში და კიდევ სხვა მრავალ ქვეყანაში მსგავსი რამ არ არსებობდა. ზუსტად ასეთი ფორმისა და სახის არც დღეს არსებობს. გიფერი მხოლოდ ამ ოთხი ადამიანის გამოგონებული და შესრულებულია.

გარეგნულად თითქოს ჩვეულებრივი, ჩემსიმაღლე ყუთია, თავზე შარავანდედივით სანათი ადგას, ღონისძიების მასპინძლის პატივსაცემად სხვადასხვა „კაბით“ (ანუ ბრენდირებული) გხვდება, მიუახლოვდები და მხიარულებაც იწყება. 1.5-წამიანი მოძრავი ფოტოს გადაღება, რა თქმა უნდა, ბევრ გაჯეტსა თუ აპს შეუძლია, მაგრამ გიფერის „მიხვედი-მოემზადე-გადაიღე-კიდევ სცადე-შეინახე-გააზიარე პაკეტი“ მაინც ყველას უფრო ეხალისება და იზიდავს. ფესტივალზე შეხვდები თუ რომელიმე კერძო წვეულებაზე, მასთან სულ რიგი დგას. 

გიფერი კომპანიებისთვის რეკლამის ახალი და კრეატიული საშუალებაა, ჩემნაირი ადამიანებისთვის კი – მშვენიერი გასართობი და მხიარულების 1.5 წამის შემონახვის შანსი. რეკლამა არც კი დასჭირვებიათ. დაინტერესებული კომპანიები და ადამიანები თავად პოულობენ გიფერს მარტო საქართველოდან კი არა, უკვე მის ფარგლებს გარედანაც.

ჰოდა, ყურადღებით იყავი, ეძებე ფესტივალებზე, კონცერტებზე, კერძო წვეულებებზე, ან თუნდაც გუდაურის გონდოლაში მისი მინივერსია, იტინგიცე მის წინაშე მარტომ ან მეგობრებთან ერთად და შეინახე giffer.ge -ზე შენი 1.5 წამი.