გეიმერები სემ ბარლოუს Silent Hill-ის სერიებიდან იცნობენ, თუმცა, ამ თამაშით მან სრულიად განსხვავებული კუთხით დაგვანახა თავისი შესაძლებლობები. Her Story ძალიან მოკლე დროში მოხვდა ყველა დროის საუკეთესო FMV (full motion video) თამაშების სიაში. ბევრმა ის HBO-ს ცნობილ ტელესერიალს, True Detective-საც კი შეადარა.

1994 წელს ახალგაზრდა მამაკაცი, საიმონი სახლში მოკლული იპოვეს. გამოძიებამ ეჭვი მის მეუღლეზე, ჰანაზე მიიტანა და, შესაბამისად, ის რამდენჯერმე დაკითხეს. მოთამაშის მთავარი ამოცანა კი სწორედ ჰანას დაკითხვისას ჩაწერილი ვიდეოების ანალიზია. ვინაიდან ყოველი მოთამაშე განსხვავებული თანმიმდევრობით არჩევს ვიდეოს, ადვილი მისახვედრია, რომ თამაშის სიუჟეტი არასწორხაზოვანია და ზოგჯერ დამაბნეველიც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეს შეუძლია Her Story-ის მთავარი მისია თუნდაც 10 წუთში შეასრულოს, ან – ვერც ვერასდროს. თუმცა, დეტექტიური ჟანრის სხვა ვიდეოთამაშებისგან განსხვავებით, აქ მთავარი უპირატესობა ისაა, რომ საქმის ყველა დეტალი სახეზეა. უბრალოდ მოთამაშემ დედუქციის მეთოდის გამოყენებით უნდა აღადგინოს სურათი და გამოიძიოს, თუ ვინ და რატომ მოკლა საიმონი. საქმის გახსნის შემთხვევაში კი „საჩუქრად“ ვიღებთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სიუჟეტს, რომელიც იმდენი დრამატული და შოკისმომგვრელი დეტალით გამოირჩევა, რომ წამითაც არ ვნანობთ თამაშზე დახარჯულ დროს.

სემ ბარლოუს თურმე სურდა, თამაშის სიუჟეტი მაქსიმალურად რეალური და დამაჯერებელი ყოფილიყო, ამიტომ ანიმატორებს ზურგი აქცია და დახატული გმირის ნაცვლად ჰანას როლი ნამდვილ ადამიანს, ბრიტანელ მუსიკოს Viva Seifert-ს შეასრულებინა. ვინაიდან Seifert-ის პერსონაჟი ერთადერთია, ვისაც თამაშის დროს ვხვდებით, საინტერესოა მისი მიმიკების და მეტყველების შესწავლაც, რაც კიდევ უფრო ამარტივებს საქმის გახსნას.