ეს არის ვიდეოთამაში თავსატეხების, სროლის, შეჯიბრებისა და ტრადიციული ხრიკების გარეშე, ექსპერიმენტული ვიზუალური ამბავი, რომელსაც უბრალოდ თამაშის ფორმა აქვს. Dear Esther-ის შთაბეჭდილებას ვერაფერს შეადარებ – ვერც კარგი ფილმის, ვერც საყვარელი ტექსტის წაკითხვისას დაუფლებულ განცდას. Dear Esther დაუვიწყარი ინტერაქტიული დრამაა, რომელშიც მოთამაშე თვითონაა მთავარი მონაწილე, თავგადასავლის მაძიებელი, რომელმაც არ იცის, სად დასრულდება ეს მოგზაურობა.

ვიდეოთამაშების სამყაროში, დეველოპერები დღესაც ცდილობენ, რთული ნარატივის და მინიმალისტური გეიმფლეის ხარჯზე ისეთივე ფასეული რამე შექმნან, როგორც თავის დროზე The Chinese Room-ის Dear Esther იყო. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ჯერ ვერავინ შეძლო.

„ძვირფასო ესთერ, ზოგჯერ მგონია, რომ ამ კუნძულს სიცოცხლე მე ვაჩუქე. თითქოს ჩემ გამო გაჩნდა ეს მიწა. აქ ყოველ წელს დავდივარ და ახალ ნიშნებს ვტოვებ, იმ იმედით, რომ ეს ჩემს უიმედობას გააქარწყლებს. მაგრამ თოლიები უკვე ტოვებენ აქაურობას... ეს ჯერ კიდევ შარშან შევნიშნე“.

კაცი კუნძულზე მიდის და გარდაცვლილ ცოლს მთელი წლის მანძილზე დაგროვილ წერილებს უკითხავს. მოთამაშე ისმენს ისტორიას და კუნძულის ბნელ, უჩვეულოდ ლამაზ და ოდნავ საშიშ რელიეფს ათვალიერებს, მის მობინადრეებს ხვდება და ნელ-ნელა გრძნობს იმას, რასაც ქმარი ცოლის დაღუპვის შემდეგ, ნესტიან მიწაზე ბოდიალისას განიცდის. მთავარია, გარემოს სიჭრელემ თვალი არ მოგჭრას და საკვანძო დეტალები არ გამოგრჩეს. დეტალებს მივყავართ კულმინაციამდე, რომელიც ერთდროულად ყველაფრის პასუხი შეიძლება გახდეს.

„ძვირფასო ესთერ, ერთხელ პოლს შევხვდი. პატარა პილიგრიმივით მოვიქეცი, უბრალოდ ჩემი დამასკი ვულვერჰემპტონი იყო. მასთან, სამზარეულოში ყავას ვსვამდით და ერთმანეთთან რაღაც საერთოს გამონახვას ვცდილობდით. კარგად იცოდა, რომ მისგან ბოდიშს არ ვითხოვდი, მაგრამ მაინც პანიკაში იყო. განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ ის მაშინ არ ყოფილა მთვრალი, უბრალოდ გადაღლილი იყო“...

– იაკობსონი გვიამბობს, რომ კუნძული დონელიმ შექმნა. და აქ, უცნაური თავსატეხები ჩნდება. იაკობსონი ხომ ერთი უბრალო მონადირეა, რომელიც იქ მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა. იქიდან იცის მან დონელის შესახებ, ან ვინ არის თვითონ დონელი, ვის მეხსიერებაში ცხოვრობს? ან ვინ გაიხსენებს ესთერს, ჩვენ ხომ კუნძულზე აღარასოდეს დავბრუნდებით?