ინტერვიუ ნატა ფერაძესთან

ინდიგო: გახსოვთ პროტესტი გუდიაშვილის მოედნის შესანარჩუნებლად, რა იყო ეს თქვენთვის? იყო პირველი დათმობა, მთავრობის პირველი კომპრომისი ქალაქში?  

ნატა: გუდიაშვილზე არც კი ვყოფილვარ ჩართული. კერძო გამწვანების სამსახურში, „გრინსერვისში“ ვმუშაობდი და შორიდან ვადევნებდი თვალს. არც „იმელთან“ მივსულვარ, არც „მზიურში“. არც იმაზე ვდარდობდი, რომ საბჭოთა მემკვიდრეობას ანადგურებდნენ.

უბრალოდ, ერთ დღეს, „იმელთან“, შემთხვევით, ჩემი ხელოვნებათმცოდნეობის ლექტორი, არაჩვეულებრივი ქალი, ცისია მიქაშავიძე დავინახე. ლომებით ანგრევდნენ უკვე ბარელიეფებს, ცისია კიდევ იდგა იქვე და ტიროდა. მაშინ მივხვდი, რომ იქ რაღაც ხდება ისეთი, რაც მე არ მესმის. და გავერკვიე. ვუსმინე სხვებს, ვიკითხე და გავაცნობიერე, რომ – არ ვიცი, ვერ ვხედავ ქალაქს მთლიანობაში. საკუთარი პოზიციების, დამოკიდებულებების ცვლილება იყო ჩემთვის გუდიაშვილი.

ინდიგო: რა მიზანი ჰქონდათ პარტიზან მებაღეებს თავიდან, ფიქრობდით, რომ საპროტესტო მოძრაობას უყრიდით საფუძველს?

ნატა: არა, ცხადია. უბრალოდ, მივხვდი, რომ მარტო მერია ქალაქს ვერ ააბიბინებს. ამიტომ, წავიღე ჩემს პატარა მინისანერგეში გამოყვანილი ნერგები და წავედი. 2013 წელი იყო. მახსოვს, წინა დღით, ფეისბუკზე დავდე პოსტი, რომ აი, ხვალ, სანაპიროზე ვრგავ ხეებს. მეთქი, ვიღაც ნაცნობები მოვლენ.

ოცდახუთამდე მოგროვდნენ, იქიდან ნახევარს არც ვიცნობდი. მეორედ ბევრად მეტი მოვიდა. მაშინ გავაცნობიერე პირველად, რომ ეს ადამიანის მოთხოვნილებაა, ხალხს რაღაცის შექმნა, რამე სასარგებლოს კეთება უნდა. დავდეთ ფოტოები ფეისბუკზე. ყოველ წუთს მწერდნენ და მეკითხებოდნენ, კიდევ როდის გადიხართ, ჩვენც მოვალთო. ჩემი ხეები რომ ამოიწურა, თანხის შეგროვება დავიწყეთ, სანერგეებში ახალი ნერგები რომ გვეყიდა. ეგრეა, როცა პროცესში ერთვები, მერე ხვდები, რომ რაღაც შენც შეგიძლია და ვეღარ ჩერდები.

ჩვენ ვრგავდით ნერგებს და გვქონდა განცდა, რომ მართლა ვცვლიდით რაღაცას ქალაქში. ნელ-ნელა შემოგვიერთდნენ სხვები, იყვნენ დენდროლოგებიც, არტიტექტორებიც, ქალაქმგეგმარებლებიც. და უცბად ფეისბუკზე ჩნდება პოსტი, რომ მოიჭრა ასწლოვანი, ოთხმოცწლოვანი ხეები ვაკის პარკის ტერიტორიაზე. ნორჩი ნერგებით სირბილი, როცა უკან ნაჯახით მოგდევენ, ძალიან სასაცილო იყო. კუს ტბის გზაზე, ციყვებს ეძახიან იმ ადგილს, სადაც ახლა რესტორანი ოტიუმი დგას. პირდაპირ, შიშველი ხელებით შევცვივდით. ეს იყო ჩვენი პირველი პროტესტი. არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით, რა და რა ფორმით მოგვეთხოვა, რა დაგვეგეგმა. უბრალოდ შევვარდით და იქაურობა დავიკავეთ. ამიტომ დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო –  ციყვები წავაგეთ, მაგრამ სამაგიეროდ იქაური გამოცდილებით მოვიგეთ ვაკის პარკი. ციყვებში, ამ შეხვედრების, მსჯელობების დროს, ერთმანეთი გავიცანით და ორგანიზება დავიწყეთ. თვის ბოლოს უკვე ჩამოყალიბდა „მწვანე მუშტი“. ანა გაბრიაძის ორგანიზაციამ სასამართლოში ციყვებში მშენებლობის ნებართვა გაასაჩივრა და, დაუჯერებელია, მაგრამ სამი წლის მერე მოიგო პროცესი. დღეს, ჩვენ გვაქვს სრულიად აბსურდული დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ ოტიუმის შენობა იქ არ უნდა იდგეს. თუმცა, ქართული კანონმდებლობა მის დემონტაჟს არ ითვალისწინებს. მხოლოდ საბუთებში უწერიათ, რომ შენობა იქ უკანონოდ დგას. და მორჩა.  

ინდიგო: იქაური გამოცდილებით მოვიგეთ ვაკის პარკიო, ამბობთ და რა იყო ციყვების პროტესტიდან მთავარი გაკვეთილი?

ნატა: ბევრი იყო ასეთი. ვისწავლეთ, რომ ყველაფერს მაინც სიმრავლე წყვეტს, რომ ხალხის ნდობა და ადამიანების ჩართვა გვჭირდება. ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას რომ ვაპროტესტებდით, უკვე თვითონ მოდიოდნენ – ზოგი კონცერტის გამართვას გვთავაზობდა, ზოგი პოსტერებს გვიხატავდა, სხვები ლოზუნგებს და მესიჯებს იგონებდნენ, ვიღაცები აქციის მონაწილეებისთვის ხატვის გაკვეთილებს ატარებდნენ. მოდიოდნენ უბრალოდ, გასართობადაც, ხალხის გასაცნობად. ასეთ აქციებს თავისი რომანტიკაც აქვს. ხედავდნენ, კარავი დგას, იქ ვიღაც გიტარაზე უკრავს, ჩაი გვაქვს, ცეცხლი ანთია.

მაგრამ ყველაზე მეტი ხალხი ვაკის პარკში მოვიდა მაშინ, როდესაც პირველი ბულდოზერი უკან გავაბრუნეთ, როცა ნახეს, რომ მოვერიეთ. ესაა ამ პროტესტის კულმინაცია, როცა ჩვენ ვდგავართ, ბულდოზერი კი ტრიალდება და უკან მიდის.

ამ დღის მერე აგორდა, მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ძირითადად ახალგაზრდები, ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია. ვინც არ ატარებს ამ ძველ „სიბრძნეს“, რასაც ყოველდღიურად, ყველგან გვიმეორებდნენ: „ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილია“, „შენ ვერაფერს შეცვლი“. რადგან უკვე გაწყდა ეს ხაზი. ახლა სწორედ ამ ძველი ცოდნის და „სიბრძნეების“ ნგრევა მიდის, უბრალოდ, დროა საჭირო, ვიდრე ახალი თაობა ახალ გამოცდილებას ბოლომდე გაითავისებს. დღეს ლეგენდებს კი აღარ ისმენ, უკვე თვითონ გამოცდი და ხედავ, რომ შენი მისვლით იქ რაღაც გადაწყდა, შეიცვალა. აი, ეს ვისწავლეთ.

ინდიგო: რა ხდება ამ დროს ჯგუფში? სრული თანხვედრა გაქვთ აზრების და დამოკიდებულებების?

ნატა: არა, რა თქმა უნდა. არც კი ვიცნობდით ერთმანეთს. ნელ-ნელა ვარკვევდით, ვინ საიდან მოვდივართ. ახლახან, მაისის აქციებზე, ბარიკადებს იქით იდგნენ ისინი, ვინც ვაკის პარკში ჩვენთან ერთად ათენებდა. და ეს არ იყო მაშინ ჩვენთვის მნიშვნელოვანი. მაშინ სხვა მიზანი გვაერთიანებდა. ვლაპარაკობდით პოლიტიკაზეც, გვქონდა ჩვენ-ჩვენი შეხედულებებიც, მაგრამ ამ განსხვავებულ პოზიციებს ხელი არ შეუშლია. პარკს მაინც ყველა ბოლომდე ვიცავდით.

უბრალოდ, ეს განწყობა ბოლომდე ვერ დავიჭირეთ. ძალა გამოგველია და წავიდა მერე გახლეჩვები. რაც უფრო ღრმად შევედით, მით მეტ უთანხმოებას შევეჩეხეთ. ვიღაცა ამბობდა, თუ რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებთ, რატომ ირანელებისას, რატომ თურქებისას არ აპროტესტებთო. სხვები ამბობდნენ, პანორამის პროექტის წინააღმდეგ აქციას რატომ არ ვიყენებთ და იპოთეკარებზე რატომ არ ვლაპარაკობთო? სხვა სოციალური პრობლემების მიბმა პანორამის პროტესტზე არ გვეგონა სწორი. მიუხედავად იმისა, რომ 100%-ით ვეთანხმებოდი (თითქმის) ყველას. რა თქმა უნდა, ეს პრობლემები არსებობს.  უბრალოდ, ფოკუსს ვკარგავდით. სტრატეგიის შეცვლა იყო მაშინ საჭირო. მგონია, რომ არ ვიყავით ამისთვის მზად. არ ვიცოდით, როგორ უნდა მოგვეცვა პანორამის წინააღმდეგ აქციაზე, ჩამორთმეული მიწების პრობლემა, უსახლკაროების, დევნილების საკითხები. ახლაც ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ერთ აქციას ამდენი პრეტენზია ჰქონდეს. კონცენტრაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ამაზე ვერ შევთანხმდით და დავიშალეთ, დავრჩით ძალიან ცოტანი. „მწვანე მუშტი“ და „პარტიზანები“ თავიანთ გზებზე წავიდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, დავრჩით გულშემატკივრებად.

ინდიგო: დაშლის შემდეგ იყო აპათიური, ნიჰილიზმის პერიოდი?

ნატა: როგორ არა. საშინელი აპათიის მომენტები გვქონდა. ჯერ კიდევ დაშლამდე დაიწყო. ბოლოს ხალხიც გრძნობდა ამ განწყობას და აქციებზეც აღარ მოდიოდა. ამ ინტენსიურ აქციებს და კამპანიას სერიოზული ფიზიკური გამოფიტვა მოსდევს. უბრალოდ, დავიღალეთ. ლოგინიდან ვერ დგები, იმიტომ რომ ენერგია გამოწურული გაქვს. და ზუსტად ასეთ დროს, ბიოლის ფონდმა გამგზავნა პრაღაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების აქტივისტების შეკრებაზე. ნორმალურ ქვეყნებში აქტივისტებს ფსიქოლოგები ეხმარებიან, ტრენინგზე დაჰყავთ, რომ ძალების მობილიზება მალე შეძლონ, ეს ძალიან რთული პროცესია. ამდენი იმედგაცრუების, ამდენი ფეისბუკბულინგის შემდეგ, არ არის ადვილი, ისევ ირწმუნო საკუთარი ძალების და ეს სტრესი გამოცდილებად აქციო. მოკლედ, იქიდან ჩამოვედი ბედნიერი. აღმოვაჩინე, რომ ეს აპათია სულაც არ არის ქართული პრობლემა და რომ სხვაგან შეიძლება გაცილებით რთულადაც კია საქმე. რეალურად, ჩვენ ხუთი, ექვსი წლის წინ დავიწყეთ გამოფხიზლება, როგორც საზოგადოებამ.

და ეს პროცესია, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება. ესაა გასააზრებელი: გავედი აქციაზე, მწვანე საფარი შევინარჩუნე და წავედი სახლში – არ გამოდის. სახელმწიფო ეგრე შენდება. აი, ეს გავაცნობიერე.

კიდევ ბევრჯერ დავრწმუნდი, ბევრი რამე არ ვიცით. და ეს გაუნათლებლობაა მთავარი ტრაგედია ქვეყანაში. მეც ახლახან გავიგე, რომ შემინული შენობები ქალაქში ტემპერატურას 2-3 გრადუსით მაღლა სწევს. ადამიანებს რომ ეცოდინებათ, რომ პანორამის პროექტის გამო ჩემს ქალაქში უფრო დაცხება, კიბო დამემართება, ჰაერი არ იმოძრავებს და ბავშვებს სასეირნო სივრცე აღარ ექნებათ, მერე გამოვლენ აქციაზე.

ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა იყო კიდევ ის, რომ არ გვყავდა ფანდრაიზერი. არ გვქონდა საშუალება, გადაგვეღო ვიდეოები, დაგვებეჭდა ბუკლეტები და ადამიანებისთვის მიგვეწვდინა ხმა. ასეთი ადამიანები გვაკლდა ჯგუფში.

ჩვენი შეცდომა იყო კიდევ თანამებრძოლების იდეალიზაციაც, ვერ გვექნება ყველასთან სრული იდეური ჰარმონია. და ეს ნორმალურია.

შეიძლება, ცოტა მიამიტურად გამომდის, მაგრამ განსხვავებულის სიყვარული უნდა შეგეძლოს, განსხვავებულ ტიპებთან ერთად დგომა უნდა ვისწავლოთ – მაგრამ ერთი იდეისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ეს არის.

თუმცა, მე ვხედავ, რომ ნელ-ნელა მივდივართ იქით, რომ ეს ქვეყანა ჩვენი გახდეს.

მახსოვს, ვაკის პარკის აქციების დროს, გამვლელებს ვუსვამდით ასეთ კითხვას: ვისია ეს ხე? ყველა გვპასუხობდა – არავისიო. გავგიჟდით. პარკში დგას ხეები და ისინი არავისია. ჩემს მეგობარს ვთხოვე, გამოსულიყო ერთ დილას ბერლინში და იგივე ეკითხა ხალხისთვის პარკში. იქ ყველამ უთხრა – ეს ხე ჩემიაო.

მე მგონია, რომ მაქეთ მივდივართ.


ფოტო: „პარტიზანული მებაღეობის“ არქივი