ვისი ბრალია ურბანული ქაოსი, ბეტონის ჯუნგლები თუ არქიტექტურული ჯოჯოხეთი, რაზეც დღეს გამუდმებით ვწუხვართ? – მერიის, კულტურის სამინისტროსი, ინვესტორის, დეველოპერის, მენაშენის, მოქალაქეების? – ყველასი ერთად. არქიტექტურა სარკეა, კონკრეტულ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ჩვევების, საჭიროებების, წარმოდგენების, მსოფლმხედველობის. ადრე ეს სარკე სხვა რამეს ირეკლავდა.

და მაინც, რა და როგორ მოხდა?

XX საუკუნეში, ზოგადად, მთელი მსოფლიო შევიდა ახალ, მოდერნისტულ ეპოქაში, რომლის ერთ-ერთი თავისებურება სწორედ წარსული გამოცდილების და ფასეულობების უარყოფა იყო. ამ მიდგომამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა ხელოვნებაზე და, მათ შორის, არქიტექტურაზე. გააქტიურებული ურბანიზაციის პირობებში გაიზარდა მოთხოვნა იაფ, მარტივ და სწრაფ მშენებლობაზე. ხოლო, მეორე მხრივ, მუდმივად ცვალებად, სიახლეებით გადატვირთულ და არასტაბილურ სამყაროში გაჩნდა მოთხოვნა იოლად აღქმად არქიტექტურაზე, ფუნქციურ და სერიულ, ზედმეტი დეტალებისგან გათავისუფლებულ შენობებზე, რომელთა ესთეტიკური დეკორი კონსტრუქციის სიშიშვლე იყო.

საქართველოში ავანგარდული არქიტექტურა რუსეთიდან შემოვიდა და საკმაოდ სწრაფად გავრცელდა. თავიდანვე გაჩნდა ტენდენცია, რომ ეს თვისობრივად ახალი არქიტექტურა ეროვნული ელემენტებით გაჯერებულიყო, რაც არა მარტო სახელოვნებო წრეების მოთხოვნა, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებში შემუშავებული დირექტივაც იყო. ამას ადასტურებს 1926 წელს თბილისის აღმასკომის მიერ მიღებული დადგენილება, რომელშიც წერია, რომ „ამიერიდან ქალაქში ყოველგვარი შენობა შესრულებული და აგებული უნდა იქნას ქართული სამოქალაქო ხუროთმოძღვრების სტილზე... ქალაქის ამ დადგენილებას აზრად აქვს, ქალაქს მისცეს ეროვნული ელფერი და აღადგინოს ქართული ხუროთმოძღვრების სტილი“.

ეროვნული ელფერის თემა აქტუალურია სხვა საბჭოთა რესპუბლიკებშიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტენდენცია ცენტრალიზებული გადაწყვეტილების შედეგია. მართალია, სოციალიზმის საბოლოო გამარჯვებას ლენინი პროლეტარიატის მსოფლიო დიქტატურაში ხედავს – ერების ნებაყოფლობითი ასიმილაციითა და ერთიანი, უკლასო, თანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნით, მაგრამ პირველ, გარდამავალ, ეტაპზე დათმობაზე მიდის – სისტემა რესპუბლიკების საზღვრებს და მათ ენებსა და კულტურას არ ეხება, შესაბამისად, დროებით ითავისებს მათ ეროვნულ არქიტექტურასაც კი. პრაქტიკულად, ესაა დამოუკიდებლობადაკარგული ხალხების ეროვნული ღირსებისა თუ ამბიციების დროებით დასაშოშმინებელი ხერხი.

თუმცა, ეროვნული არქიტექტურის ნიშნების გადმოტანა თანამედროვე გარემოში არაა იოლი. საქართველოში მოღვაწე არქიტექტორები გამოწვევის წინაშე დგანან: მათ იდეურად, თემატურად, ფუნქციურად, სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ხედვებისა და მიდგომების სინთეზი უნდა მოახერხონ. ისინი ცდილობენ, სტრუქტურული მსგავსებები მოძებნონ ტრადიციულ არქიტექტურასთან – მემკვიდრეობის გააზრებით, ტრადიციების ტრანსფორმირებით შექმნან ახალი.

ესაა ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე დაწყებული პროცესი, რომელიც გულმოდგინედ რომ წარმართულიყო, გაგრძელდებოდა კიდეც ახალი ქართული არქიტექტურის შექმნით – არქიტექტურისა, რომელიც გაითვალისწინებდა თანამედროვე ტენდენციებს, არ დაკარგავდა ძირითად ნაციონალურ თავისებურებებს, სტრუქტურაში, მასშტაბში, ლანდშაფტთან ურთიერთობაში გამოხატავდა მათ და არა მხოლოდ აივნის რიკულებსა და ჩუქურთმაში. თუმცა, სამწუხაროდ, ძიების პროცესი საწყის ეტაპზევე შეწყდა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, ვივარაუდოთ, რა მოხდებოდა შემდეგ.

1932 წლიდან, ერთ დროს საბჭოთა იდეოლოგიის ამსახველი არქიტექტურული სტილი შეცდომად მონათლეს და მის წინააღმდეგ ფართო კამპანია გააჩაღეს. დაგმეს ეროვნული ფორმების „კოპირების მცდელობაც“. განადგურდა, შეიცვალა, გადაკეთდა მრავალი ობიექტი. საგაზეთო სტატიებსა და იდეოლოგიურ ნარატივებში გაჩნდა ფრაზა „წინათ“, რომელიც გულისხმობდა არა ქვეყნის რევოლუციამდელ ეპოქას, არამედ საბჭოთა კავშირის არსებობის პირველ ათწლეულს. შემოქმედებით კრებებზე „მძაფრი კრიტიკა“ დაუპირისპირეს ფორმალიზმსა და გამარტივებას, არქიტექტურულ „უზნეობასა“ და „უპრინციპობას“. მკაცრად განსაზღვრეს ის, თუ რა იყო მიუღებელი ახალი საბჭოთა არქიტექტურისთვის: პრიმიტიული ასკეტიზმი, არასწორად გაგებული მომჭირნეობა, აბსტრაქტულობა, გამარტივება, კოპირება, „რეალობისგან განყენებული არქიტექტურული ფანტაზიორობა“.

1930-იან წლებში საბჭოთა ხელოვნებაში მიმდინარე მოვლენები, უპირველეს ყოვლისა, ხასიათდება არა სტილების, არამედ მიდგომების დაპირისპირებით. ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი რადიკალურად განსხვავებული მიდგომა: რაციონალური და ირაციონალური, აზრისმიერი და გრძნობისმიერი.

„ფორმალისტები“ (მოგვიანებით ასე მონათლავენ ავანგარდული მოძრაობების – კონსტრუქტივიზმისა და რაციონალიზმის – მიმდევრებს) ერთგვარი სამეცნიერო-ანალიტიკური მიდგომის მომხრეები იყვნენ, როგორც შემეცნების, ასევე შექმნის პროცესში. ისინი ცდილობდნენ, გაეანალიზებინათ ფორმის წარმოქმნისა და ურთიერთკავშირის სისტემები და მხოლოდ ამის შემდეგ შეექმნათ თანამედროვე მოთხოვნებისა და ფუნქციის შესაბამისი არქიტექტურა. უპირველეს ყოვლისა, ზუსტად ეს ანალიტიკური, რაციონალური, მეთოდი იყო მიუღებელი „მეორე ხუთწლედის“ საბჭოთა იდეოლოგიისთვის. „სტალინურ ეპოქას“ სჭირდებოდა ნაკლები რაციო და მეტი გრძნობა. ზუსტად მაშინ გაწყდა კავშირი ქართულ ხუროთმოძღვრებასთან და დარჩა მხოლოდ ზედაპირული მსგავსებები, რაც სხვა არაფერია, თუ არა ბუტაფორია, ქართული ხუროთმოძღვრების კარიკატურა.

ვითარება არც საბჭოეთის დაშლის შემდეგ შეცვლილა. ძუნწად დეკორირებულ საბჭოთა „ასანთის კოლოფებს“ დღესაც მარტივად ვწირავთ ისე, როგორც ყველაფერ დანარჩენს. რეალურად კი, ჩვენ ვებრძვით ქალაქს, რომელიც გარკვეული ლოგიკური პროცესის შედეგია. და ვებრძვით ისე, რომ გააზრებული არც ეს რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი გვაქვს და არც დღევანდელი ქალაქი – როგორც ამ პროცესის შედეგი.

ჩვენ ვიბრძვით ქალაქისთვის, ვიბრძვით ინტერესების შესაბამისად, თუმცა ეს ინტერესები სხვადასხვაა. ხშირად არ გვესმის დანარჩენების, დანარჩენებს კი – ჩვენი და ამ ქაოსში ვკარგავთ ქალაქს, ვკარგავთ, რადგან არ ვსვამთ მთავარ კითხვას: რა ისტორიულ პროცესებს ასახავდა ჩვენი ქალაქი, რას ასახავს დღეს და რა კვალს დაიტოვებს ჩვენგან მომავალში. 

 

კინოსტუდია „ქართული ფილმი"
არქიტექტორი მიხეილ ბუზოღლი
1927-1930 წლები

სიმკაცრე, სისადავე, გეომეტრიულობა, ლაკონიურობა, ასიმეტრია, ვერტიკალური და ჰორიზონალური მოცულობების, კედლის სიბრტყისა და ღიობთა, ფაქტურათა დაპირისპირებაზე კონტრასტი – ასეთია კონსტრუქტივიზმის არქიტექტურული იერი. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ფორმების ერთ არქიტექტურულ ობიექტში გაერთიანება და ვერტიკალური აქცენტით სივრცითი დომინანტის შექმნის ტრადიცია შუა საუკუნეებიდან მოდის – სვანური კოშკი და მაჩუბი, ციხე-სახლი სწორედ ამის მაგალითებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ არქიტექტორების ყურადღების ცენტრში მოექცა სწორედ სვანური საცხოვრებელ-თავდაცვითი კომპლექსი, პრაქტიკულად მოიძებნა ტრადიციული, ეროვნული ფორმა, რომელიც ახალ ტენდენციებს შეესაბამებოდა.

ისტორიისა და ეთნოგრაფიის (ყოფილი ტუბერკულოზის) ინსტიტუტი
არქიტექტორი კ. ლეონტიევი
მელიქიშვილის გამზირი
აშენდა 1927 წელს, დაინგრა 2017 წელს  

აქ გამოკვეთილი იყო შეისრული თაღების აქცენტი, რომელიც ისევე, როგორც სვანური კოშკისა და შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრეების კბილანები, ეროვნულობის ელფერის გამოკვეთას ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული არქიტექტურისთვის ნახევარწრიული თაღი უფრო ტრადიციულია, შეისრული ღიობები ერთ-ერთი ძირითადი და საყვარელი თემაა 1920-30-იანი წლების დასაწყისის არქიტექტორებისათვის.

გაზეთ „ზარია ვოსტოკას" რედაქციის შენობა
(სავაჭრო ცენტრი „მერანი")
არქიტექტორი დ. ჩისლიევი
რუსთაველის გამზირი

შეისრული ფორმის თაღებს იყენებს დავით ჩისლიევი ჰორიზონტალური ლენტური სარკმლებით დასერილ „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის შენობის კოშკურ მოცულობაშიც და ვერტიკალურ სტრუქტურაშიც – ისევ და ისევ ნაციონალური ელფერის ხაზგასასმელად.

ე.წ. ტრამვაელთა დასახლება
არქიტექტორი დ. ჩისლიევი
დავით აღმაშენებლის გამზირი/ცაბაძის ქუჩა
1926 წელი

თბილისური სახლის თემა შემოაქვს ე.წ. ტრამვაელთა დასახლებაში არქიტექტორ დავით ჩისლიევს, რომელიც ეროვნული ნიშნის მინიჭებას ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალ ფასადზე ლოჯიების განთავსებითა და მათთვის თბილისური აივნის იერის მიცემით ცდილობს. ჩისლიევთან პირველად ვხვდებით ხის აივნების ბეტონში გადმოტანის მცდელობას.

კავშირგაბმულობის სახლი
არქიტექტორი კ. სოლომონოვი
რუსთაველის გამზირი
1929 წელი

1932 წლის საბჭოების სასახლის კონკურსი წყალგამყოფი იყო ორ ეპოქას შორის. მაშინ მკაცრად განისაზღვრა ის, რაც დაუშვებელი და მიუღებელი გახდა ახალი საბჭოთა არქიტექტურისთვის: წარსულის არქიტექტურის უპირობო თაყვანისცემა, წარსულის ფორმების პირდაპირ გადმოტანა, რადგან, ერთი მხრივ, აბსტრაქტული, ემოციურად სრულიად შეუფერებელი „ასანთის კოლოფებით“ და, მეორე მხრივ, არქიტექტურული ნიმუშების უპრინციპო, არაკრიტიკული, გაუაზრებელი მიბაძვით შეიქმნებოდა „არქიტექტურული ვინეგრეტი“, რომელიც ვერ წარმოშობდა ჭეშმარიტად საბჭოთა არქიტექტურას. შესაბამისად, დაუშვებლად მიიჩნიეს კავშირგაბმულობის სახლის კონსტრუქტივისტული ფასადი. მისი შეცვლის პროექტი მალევე მომზადდა, თუმცა რეალურად მხოლოდ 1950-იან წლებში შეცვალეს.