„...მარცხენა საფეთქელზე დასმული ყაყაჩოსფერი წითელი ლაქით
იწვა ოთხფუტიან ყუთში, როგორც – აკვანში.
ერთი იაფფასიანი იარაც არ ჰქონდა, ბამპერმა უშეცდომოდ დაანარცხა ძირს.
ოთხფუტიანი ყუთი იყო. თითო ფუტი – თითო წლისთვის“.
შეიმას ჰინი, „შუასემესტრული არდადეგები“

ამ ქვეყნად ცხოვრობენ ტიპები, რომლებიც ადამიანებს შორის ყველაზე მჭახედ კივიან, მაგრამ ისტორია არ ცნობს მათ ხმებს. არც კულტურა. არც პოლიტიკა. ყოველდღე მათი 16 000-იანი არმია უხმოდ ტოვებს დედამიწას, ძირითადად შიმშილის, განკურნებადი დაავადებების და ძალადობის გამო. სამხრეთსა და ჩრდილოეთში, დასავლეთსა და აღმოსავლეთში – სადაც არ უნდა ვიყოთ – ერთადერთი პოლიტიკურად „გამართლებული“ უთანასწორობა მძვინვარებს და ესაა ძალაუფლებრივი უფსკრული ორ სოციალურ ჯგუფს, ბავშვებსა და უფროსებს შორის.

ბავშვობასთან დაკავშირებული გლობალური, ან გლობალურად დომინანტური ენა, რომელიც ძირითადად რუსოსი და ლოკისეულია, რომანტიკულად მეტყველებს მათზე: ბავშვობა – უმანკოების, თამაშის, გულწრფელობის ხანა; ბავშვები ზედმეტად მიმნდობნი, ჯერ კიდევ გონებრივად და მორალურად ჩამოუყალიბებელნი არიან, მათ სჭირდებათ დაცვა, ზრუნვა იმისათვის, რომ სასურველ ზრდასრულებად ჩამოყალიბდნენ. ასეთი დამოკიდებულება ბავშვებზე განსაკუთრებული ზრუნვის საფუძველს ქმნის და შესაძლოა უკანასკნელი რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში კაცობრიობის ყველაზე ჰუმანურ მიღწევად ჩაითვალოს.

მაგრამ ამ იდეალისტურ წარმოდგენას ორი პრობლემა აქვს: პირველი, რომ ბავშვების უმრავლესობის ცხოვრება სულაც არ ჯდება ამ ხატში, და მეორე, ზედმეტად ბევრი ზრდასრული ბოროტად იყენებს ძალაუფლებას.

თუკი ბავშვობას Google-ის სურათების თვალით შევხედავთ, ბავშვები არიან: ქერათმიანები და ბუნჩულები, ცისფერთვალება და ფითქინები; ხტუნაობენ და კისკისებენ; კამერას უშვერენ ფერად საღებავში გასვრილ ხელისგულებს; ლამაზად აცვიათ, წიგნებს ინტერესით ათვალიერებენ, ეხუტებიან მშობლებს.

ამავდროულად, ისევ Google-ის მიხედვით, „სიღარიბეს“ და „შიმშილსაც“ ბავშვის სახე აქვს, ოღონდ ამჯერად უკვე: ცრემლიანი, დატანჯული, კახექსიური, მუქი კანის ფერით. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბავშვების უმრავლესობის რეალობები ამ იმიჯებს უფრო ჰგავს, ისინი რაღაცნაირად მაინც „არაბავშვურები“ გვეჩვენება, რატომ? იმიტომ, რომ საერთოდ ვერ ჯდებიან ბავშვობის შესახებ ჩვენს წარმოდგენებში.

ხალისიანად არ თამაშობენ ჭრელი სათამაშოებით; არ უკითხავენ ძილის წინ წიგნებს; არ სეირნობენ კოხტად მოწყობილ პარკებში; არ იციან, ვინ არის სპანჯბობი, დარტ ვეიდერი და ტოპო-ტიპი...

ბავშვების შესახებ სწორედ ასეთი წარმოდგენების გამო, საზოგადოება განსაკუთრებულად მძვინვარებს ბრაზით არა უფროსების, არამედ ბავშვების მიერ ჩადენილ პერვერსიაზე: ბევრად უარესია, როდესაც ბავშვები კლავენ ძაღლს, ვიდრე დიდები როცა კლავენ; ბევრად საზარელია, როცა 10 წლის ბავშვები აწამებენ და კლავენ 2 წლის ჯეიმს ბალგერს, ვიდრე – ათასობით ჰომიციდი, რომელიც ყოველდღიურად ხდება დიდების წყალობით.

თუმცა კაცობრიობა ყოველთვის და ყველგან როდი ფიქრობდა ასე. ბავშვობა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ვაღიარებთ და ველტვით, სულ რაღაც რამდენიმე ასეული წლის წინ იშვა ევროპაში, საშუალო და მაღალ სოციალურ კლასებში და დაახლოებით 200 წელი დასჭირდა, რომ დასავლეთში საყოველთაოდ მიღებულ, „ბუნებრივ“ მდგომარეობად აღიარებულიყო. იქამდე კი, ბავშვობის იდეა, ბავშვები (და, შესაბამისად, ზრდასრულები), როგორც განსხვავებული სოციალური კლასი, უბრალოდ არ არსებობდა დასავლურ ცივილიზაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკურ პერიოდში ბავშვობის შესახებ თანამედროვესთან მიახლოებული ჩანასახოვანი წარმოდგენები უკვე არსებობდა (და, ბოლოსდაბოლოს, ახალგაზრდების, უფრო ზუსტად – მამრი ახალგაზრდების განათლებაში ბერძნებს ჭიპი ჰქონდათ მოჭრილი), ეს წარმოდგენები მაინც მყიფე იყო. მაგალითად, ანტიკურ საბერძნეთში ინფანტიციდისთვის სასჯელი არ არსებობდა არისტოტელეს დრომდე. ბავშვისა და ზრდასრულად გარდაქმნის აღქმა შედარებით უკეთ ჩანს ძველ რომში (მაგალითად, ბავშვთა ქანდაკებები, რიტორთა ჩანაწერები და სხვა). შემდეგ კი, დაახლოებით ათასი წლით, ბავშვობა საერთოდ ქრება ევროპელთა ყოფიდან. რჩება მხოლოდ „ჩვილობა“, ცხოვრების პირველი 6-7 წელი, სანამ ბავშვი სრულად ეუფლება მეტყველებას. ამის შემდეგ ის უბრალოდ პატარა ზომის ზრდასრულია, რომლის ცხოვრებას არაფერი ჰყოფს ზრდასრულის ცხოვრებისგან. ბავშვის ამ დროინდელი ვიზუალური გამოსახულებები (ძირითადად რელიგიური ხასიათის) გამოხატავს არა ბავშვებს, არამედ ზრდასრულის ნაკვთებისა და აგებულების მქონე მცირე ზომის ადამიანებს.

სავარაუდოდ, ბავშვობის გაქრობა შუა საუკუნეების ევროპაში განაპირობა სამმა ურთიერთდამოკიდებულმა გარემოებამ: სახალხო წიგნიერების გაქრობა, თანმიმდევრული და ეტაპობრივი განათლების საჭიროების გაქრობა, და სირცხვილის, როგორც სოციალური ფენომენის გაქრობა. წიგნიერება შუა საუკუნეებში ძირითადად სამღვდელოების ელიტური „კომპეტენცია“ გახდა, და ისიც ამ ძალაუფლებას კარგად აცნობიერებდა და იყენებდა. წერა-კითხვა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისგან შორს იყო. ადამიანთა შორის კომუნიკაციამ მთლიანად სამეტყველო ველში გადაინაცვლა და სწორედ ამიტომ, ამეტყველებულ ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის პრაქტიკულად განსხვავება აღარ დარჩა: ის, რაც ითქმოდა, ყველას ესმოდა და ცოდნის ამ მწირმა არეალმა გააქრო სკოლის, თანმიმდევრული განათლების მიღების საჭიროებაც.

შუა საუკუნეებში არსებული სკოლები არაფრით ჰგავდა იმას, რასაც ჩვენ ვიცნობთ: არ იყო ასაკობრივად დაყოფილი, არ ეფუძნებოდა ეტაპობრივი სწავლების იდეას და ძირითადად ემსახურებოდა მუშაობისთვის საჭირო მინიმალური ცოდნის მიღებას მეტყველების გზით.

ამასთან ერთად, შუა საუკუნეების ბავშვის ცხოვრება არ იყო იზოლირებული ზრდასრულებისგან, მათი ცხოვრების „ბნელი“ კუნჭულები, როგორიცაა სექსი, სიკვდილი და სხვა „უბედურებები“, ღია და დაუფარავი იყო ბავშვების თვალისთვის.

ზოგადად, საკუთარი თავის აღქმა და მიმართება სხვა ადამიანებთან ისეთი იყო, ახლა რომ წარმოუდგენლად მოგვეჩვენება. სირცხვილის განცდა და მანერები უცხო იყო; სხვის სხეულზე შეხება – ჩვეულებრივი ამბავი. შუა საუკუნეებში არათუ არ ჰქონდათ სექსუალური საიდუმლოებები უფროსებს, არამედ ბავშვების სასქესო ორგანოებთან თამაში გართობის გავრცელებულ ტრადიციას წარმოადგენდა. დღევანდელი გადასახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-18 საუკუნემდე ბავშვების უმრავლესობა ძირითადად დასახიჩრებული იყო. ბავშვობის ისტორია გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ზრდასრულებს ამ დრომდე უბრალოდ არ ჰქონდათ ემპათიისა და ზრუნვის ფსიქოლოგიური მექანიზმი ბავშვების მიმართ (ანუ ის, რაც ბევრს დღესაც არ აქვს). იმდენად ბევრი ბავშვი კვდებოდა, იმდენად ადრე, რომ ადამიანებს არ ჰქონდათ შვილებზე ემოციურად მიჯაჭვის ფუფუნება.

შუა საუკუნეების მიწურულს, გუტენბერგის სტამბის გაჩენასთან ერთად, იბადება თანამედროვე ბავშვობა. სტამბის გაჩენიდან სულ რაღაც 50-იოდე წელიწადში კი, წინათ უხილავი ბავშვები უკვე წიგნებში გამოჩნდნენ. ათასგვარი წიგნების, პამფლეტების, გაზეთების ბეჭდვამ ხელი შეუწყო წიგნიერების გავრცელებას და სწორედ სოციალური წიგნიერების დაბრუნებამ შექმნა ზღვარი ბავშვობასა და ზრდასრულობას, ანუ, არაკომპეტენტურობასა და კომპეტენტურობას შორის. ნელ-ნელა ბავშვობა გამოიყო, როგორც პერიოდი, რომელიც საჭიროებდა განსაკუთრებულ ზრუნვას, მიდგომას, ეტაპობრივ განათლებას. უფროსთა ცხოვრების გარკვეული სფეროების ბავშვებისგან გარიდება და ბავშვის ზრდასთან ერთად სექსუალობის შესახებ ცოდნის ეტაპობრივად გამხელა, კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ბავშვობის ისტორიის შესახებ ბევრად ნაკლები ვიცით იმ კულტურებში, რომლებშიც დღეს დასავლურისგან სრულიად განსხვავებული წარმოდგენები აქვთ ბავშვობაზე: მათ უმანკოებასა და სექსუალობაზე, მათ სოციალიზაციასა და აკულტურაციაზე, ბავშვობის ხანგრძლივობასა და ზრდასრულად ინიციაციაზე. საქართველოში ბავშვობის ისტორია ჯერ არ გამხდარა კვლევის განსაკუთრებული ობიექტი, მაგრამ ისტორიული და ლიტერატურული ფრაგმენტები გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ბავშვობის სოციალური კონსტრუქცია საქართველოში (და შესაძლოა სხვადასხვა კუთხეშიც) გარდაიქმნებოდა დროსთან ერთად. მაგალითად, ვაჟა-ფშაველა ხევსურების შესახებ წერს:

„მამა თავის დღეში პატარა შვილს ხელს არ დააკარებს, არა სცემს; გაუბამს საუბარს, როგორც დიდს კაცს, მოისმენს იმისგანაც პასუხს და მსჯელობას, როგორც დარბაისელ, გამოცდილ კაცისაგან. როდესაც ბალღი სახლში შედის და იქ თუნდ ორმოცი დროული მოხუცებული კაციც იყოს, ყველანი მაშინვე ფეხზე აუდგებიან და მიესალმებიან“...

როგორ და ვინ უსმენს დღეს საქართველოში ბავშვებს, ესეც სამომავლო კვლევის საკითხია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხმამაღლა ბავშვობის შესახებ საზოგადოება ძირითადად ქველმოქმედების ან მათი უფლებების დარღვევის კონტექსტში საუბრობს. ორივე შემთხვევაში მთავარ როლს ასრულებენ დიდები – როგორც მფარველნი და როგორც მოძალადენი. თითქმის არაფერია თავად ბავშვების შესახებ: როგორ ცხოვრობენ, რა აინტერესებთ, რას აკეთებენ, რას ფიქრობენ.

ბავშვების ცხოვრების მრავალფეროვნება უხილავია არა მხოლოდ საკომუნიკაციო ველზე, არამედ სივრცეშიც, რადგან ძალიან ცოტაა საზოგადოებრივი ადგილი, სადაც მათ სიხარულით იღებენ, სადაც მათთვის რაიმე საინტერესო ხდება.

უცნაურია, რომ ჩვენ მიერ განცდილი ბავშვობა, ბავშვობისეული განწყობები საკმაოდ მალე გვავიწყდება. სხვა შემთხვევაში მეტი თანაგრძნობით მოვექცეოდით ჩვენს შვილებს. ვივიწყებთ ალბათ იმიტომ, რომ ერთი სული გვაქვს უკან მოვიტოვოთ დრო, როდესაც ჩვენს ნებაზე თითქმის არაფერი ხდებოდა, როდესაც თითქმის ყოველთვის ან გვაძალებდნენ, ან გვიკრძალავდნენ, როდესაც, საუკეთესო შემთხვევაში, მოჩვენებითი არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევდნენ წვრილმან ამბებზე, როდესაც ყველა მხრიდან გვესმოდა და ვხედავდით, რომ მაგარია, იყო დიდი. როცა დიდი ხარ, ყველაფერი შეგიძლია. აბა, ერთი კოვზიც და დიდი გაიზრდები. ხომ გინდა, რომ დიდი და ძლიერი გაიზარდო? აბა, აბა, ნუ ტირი, პატარა ხომ არ ხარ?

ბავშვები ძალიან ადრე ხვდებიან, რომ პატარად ყოფნა არ ფასობს ჩვენს საზოგადოებაში და შემდეგ თვითონაც შესაბამისად ექცევიან მათზე უმცროსებს. დიდობა – ძალაუფლებაა. პატარაობა – ძალაუფლების არქონა.

თანამედროვე წარმოდგენებში უფროსის ძალაუფლება გამართლებულია ბავშვის „უმწიფრობით“, მაგრამ როგორ ფიქრობთ, არ ასუსტებს ჩვენს არგუმენტებს იმის დანახვა, თუ როგორ ავლენს წლინახევრის ბავშვი თანაგრძნობას თანატოლის მიმართ და როგორ უღუღუნებს დასამშვიდებლად, ან უწვდის სათამაშოს?

ანდა არ ასუსტებს ჩვენს არგუმენტებს იმის ცოდნა, რომ პალიატური მზრუნველობის ქვეშ მყოფი 6-7 წლის ბავშვები, რომლებსაც დიდები არ უმხელენ მათი მდგომარეობის მთელ სიმძიმეს, მაინც ხვდებიან, რომ სიკვდილი მოელით, მაგრამ პატიოსნად იცავენ სოციალური თამაშის წესებს და მდუმარედ ინახავენ სიმართლეს?

ბავშვობის ისტორია, მისი გარდაქმნა ერთი მდგომარეობიდან მეორეში და ბავშვობის სოციო-კულტურული მრავალფეროვნება გვაფიქრებინებს, რომ ის, თუ ვინ, როდის და როგორები არიან ბავშვები, ნაკლებად არის განპირობებული რაიმე ბუნებრივი მახასიათებლით და უბრალოდ კონკრეტულ ეპოქას, კონკრეტულ კულტურულ სივრცეს ირეკლავს.

როგორი შეიძლება იყოს ბავშვობა ციფრულ სამყაროში? ბევრი მიიჩნევს, რომ ისეთმა ბავშვობამ, როგორზეც ლოკი (ზრდასრულობისთვის მომწიფება) და რუსო (ბუნებრივი კეთილშობილების საზრდოობა) საუბრობდნენ, დიდი ხანია დაიწყო გაქრობა. ბავშვების სიმბოლური სამყარო, რომელიც შეიქმნა ზრდასრულებისგან გამოყოფის შემდეგ, ციფრულ ეპოქაში ნელ-ნელა სუსტდება: ბავშვების თამაშები, მათი სამოსი, კომუნიკაციის ფორმები და ენა, ქცევა, დამოკიდებულებები სულ უფრო ემსგავსება უფროსებისას. მედია და საინფორმაციო ტექნოლოგიები თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას 5, 15, 45 და 85 წლის ადამიანებისთვის. მისი საშუალებით იქმნება ბავშვობის ახალი ხატები, რომლებიც გვიცვლის ბავშვობის, შესაძლოა, ახლა უკვე ძველმოდურ წარმოდგენებს. საგანგებო ვარცხნილობებით, ტუჩსაცხებით, ფახულა წამწამებითა და ლაკის ჩექმებით, ბავშვების ეროტიზებული გამოსახულებები იშვიათობას არ წარმოადგენს, დახუჭობანა თითქმის რელიკვიად იქცა სიმულირებულ ეკრანულ სამყაროზე შეყვარებული ბავშვებისთვის, ხოლო ახალ ამბებში ცნობები ბავშვი ჯარისკაცების და ბავშვთა შრომის შესახებ, ძველებურად აღარ გვანერვიულებს.

ბავშვობის ამგვარ გარდაქმნას, ან მის ნელ-ნელა გაქრობას, ზოგი დასტირის, სხვები კი იმედით ხვდებიან, როგორც მათი გაძლიერების, როგორც ისტორიაში პირველად რეალური ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების აღების შესაძლებლობებს. ამ გარდაქმნების პროცესში კი, მიუხედავად იმისა, გული გვწყდება თუ გვიხარია, გვეშინია თუ გვეიმედება, უცნაურია, რომ უფრო მაგრად არ ვბრაზდებით ყოველდღიურად ბრძოლის ველზე დაცემული თექვსმეტი ათასის გამო. არცერთი ფუტი არცერთი წლისთვის.