ვისაც ამ ქვეყნად იმედის თვალი თუნდაც შემთხვევით
მიუპყრია ლიბერალიზმისთვის, მას ღმერთები იმქვეყნად სასჯელად ნეოლიბერალიზმს მოუვლენენ.

დანტე ალიგიერი, „ღვთაებრივი კომედია“, ჯოჯოხეთი

Up is down, ამიტომაც იმისათვის, რომ იპოვო, ჯერ უნდა დაიკარგო. არა დაკარგო, როგორც ამას გამოცდილება გვკარნახობს, არა მისგან დისტანცირდე, როგორც ეს აზროვნების ტრადიციულ მოდელშია, არა დაივიწყო, როგორც ამას ძველი ამბები გვიყვებიან, არამედ პირიქით, მასში აღმოჩნდე, მისით იყო მოცული, საითაც  მიბრუნდები, მას ხედავდე. ამბობენ, მოგზაურობა მხოლოდ ნაცნობ გარემოშია შესაძლებელიო. იქ, სადაც თითქოს უკვე ყველაფერი ნანახია, სადაც თითქოს ახალი არაფერი ხდება, სადაც ყურადღებას არ გიფანტავს არიფი მომლოცველისთვის წინდაწინვე გამზადებული პეიზაჟები. ასეთების გამოა – რომ მოიგო, უნდა გადაფხიკო, შენად უნდა იგრძნო. მაგრამ, ვის ხელეწიფება შეუტრიალოს სიტყვებს მნიშვნელობა, ვის შეუძლია სახელდება იმისა, რაც უკვე მონათლულია.

ვიჯექი სადმე ხის სახლში, ფარდული რომ უფრო ეთქმის და კვამლისგან ცრემლი მდიოდა, ბუხარს კი ცნობილი თვისება აქვს, თვალს იტყუებს და ძნელია მერე ცეცხლისგან დახსნა. ახლა ამას რომ ვიხსენებ, მიჭირს იმ წამის დაჭერა, როდის მოხდა, სხვები რომ დავკარგე. აი, ამ მომენტის მოხელთებას ვცდილობ. თითქოს ყველაფერი ზუსტია, თითქოს აგერ შევდივარ, ნება-ნება სვამენ და ნება-ნება ჭამენ, მეც მივუჯდები, ერთს დამისხამენ, მერე მეორეს, მესამეს, მერე კუჭში ჩხვლეტას ვიგრძნობ, მერე კიდევ დამისხამენ და მერე ალი წამართმევს მზერას. ჰოდა, მე სხვაგან ვარ, ესენი კიდე სხვაგან, და ერთი ამ დროს ამბობს:

– დღეს ქალი მოკვდა, ტრანსგენდერი. სცემეს ქუჩაში, სახის ძვლები დაუმტვრიეს, ყელი გამოჭრეს და ასე დააგდეს. მერე ბევრმა დღემ გაიარა, ბევრმა ღამემ გაიარა. სიბრაზემ და თანაგრძნობამაც გაიარა. სასიცოცხლო რესურსებმაც გაიარა. მოკვდა და ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რა შეიძლება გავაკეთოთ დაჩაგრული ჯგუფების ემანსიპაციისთვის, როგორ დავსახოთ სტრატეგიაო. მაგრამ – არა, ეს სხვაგან იყო. აქ ყველა იმას ამბობდა, რომ კრიტიკა ეთიკურად უნდა მივიღოთ, ის კრიტიკა, რომ ამბობს – გართობის ინდუსტრია აქტივიზმს ახშობსო.

მეორე, თითქოს ამ პირველმა გაახსენაო და იწყებს:

– დღეს კიდევ, კაცი დაიღუპა, მშენებლობაზე. მაღლა ასულაო მუშა, ზედა სართულზე და აგურს დებდა, თუ რაღაცას. ჰოდა, გადმოვარდა ეს აგური და ქვევით მოხვდა მეორეს, ხომ გახსოვთ ეგ გამოთქმა – რა ვიცი, რა მოხდება ხვალ, იქნებ და აგური უნდა დამეცეს დღეს თავშიო... ჰოდა, მოკვდა ის კაცი და ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ საშოვარზე გასული კაცი შინ ცოცხალი ბრუნდებოდეს, როგორი სტრატეგია უნდა დავსახოთ ამისთვისო. მაგრამ – არა, ეს სხვაგან იყო. აქ ყველა იმას ამბობდა – სწრაფი ეკონომიკური ზრდა სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალებააო, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო დერეგულაციაა, ყველას გვახსოვს, როგორ აღმოჩნდა შრომის კანონმდებლობა სამოქმედო გეგმაშიო, გაკვირვებულები იყვნენ.

მესამე ჯერ ჩუმად იტყვის, ძვლივსგასაგონად და მერე ნელ-ნელა გასაგები ხდება მისი სიტყვები, წამოშლილი ყვავების გუნდივით, ჯერ ერთი, მერე ორი-სამი წყვილში, მერე ყველა ერთად:

– დღესაც ისე მოხდა, როგორც აქამდე. ჩვენი მეგობრები მოატყუეს კიდევ ერთხელ, ადრევე ვიცოდით, რომ მოატყუეს, კიდევ უფრო იქამდე ვიცოდით, რომ მოატყუებდნენ. ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ესენი ამბობდნენ, უსამართლობაა ყველაფერი, უფრო მეტი თანასწორობა გვინდაო, ნუ შევქმნით იერარქიებს, ნურც სტუდენტებში და ნურც ცოდნაშიო. ისინიც დათანხმდნენ – ეგრე იყოსო. მაშინვე მივხვდით, – მოატყუეს. ამათ კიდევ, შესაფერისი დრო შეარჩიეს, შენობა დაიკავეს, კენჭისყრის პიკეტირებაო, აიჩემეს. ჰოდა, ახლა ყველა იმაზე ლაპარაკობს, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ელიტური სტრუქტურების აღმოსაფხვრელად, როგორი სტრატეგია უნდა დაგვესახა. მაგრამ – არა, ეს სხვაგან იყო. აქ ყველა იმას ამბობდა, რომ ამათ კანონის ჩარჩოებში მოქმედებისკენ უნდა მოვუწოდოთ, უფლებადამცველებიც, მათი თანატოლები თითქმის.

ბოლოს მეოთხე იტყვის, ოღონდ ჯერ დამისხამს და ისე:

– დღეს აგერ, გვერდით სოფელში გოგო გაუთხოვებია იმას. უტირია დედას. მაგრამ ბიჭი კარგიაო, ამბობენ მისიანები, არაფერს გაუჭირვებსო ეგ ოჯახი მაგ ბავშვს. ჰოდა, ახლა ყველა იმაზე ლაპარაკობს, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამ პედოფილიის აღმოსაფხვრელად, როგორი სტრატეგია მოეხაზათ. მაგრამ – არა, ეს სხვაგან იყო. აქ ყველა იმას ამბობდა, რომ სტატისტიკა შეშფოთების საფუძველს იძლევა. მერე დაღლილები, გამოღამებული თვალებით და გასავათებული კიდურებით მიემართებოდნენ აქვე ახლოს, ძალების აღსადგენად, გულის გადასაყოლებლად, მეგობართან სამასლაათოდ. დღისით ნაადრევ ქორწინებას გააპროტესტებენ, ღამით „ლოლიტაში“ ჩამოსხდებიან, დაისვენებენ.