ენთუზიასტთა პატარა ჯგუფი აჭარაში 5 თებერვალს, მას შემდეგ  გავემგზავრეთ, რაც ბუნების დამცველთა აქტივისტების დახმარებით საზოგადოებამ შეიტყო, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ეზოსთვის ურეკში, ასწლოვან ხეებს ეძებდა. 

შერჩეული უნიკალური მცენარეების ძიებისა და აღრიცხვის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურები და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეცნიერებიც ჩაერთნენ. მათი დახმარებით შედგა აჭარის სანაპიროს პირველადი  რუკა, რომელზეც ოცდაათზე მეტი უნიკალური ხე-მცენარეა დატანილი.

ვარჯის ესთეტიკური მონაცემებითა და ზომებით ამ ხეების უმეტესობა ერთგვარი ლენდმარკია ციხისძირი-ჩაქვის ტრასის მონაკვეთზე.

ხეტიტა (Lepidodendron tulipifera) - ჩრდილოამერიკული სახეობაა. ამ დეკორატიული ეგზემპლარის სიმაღლე 50-60 მეტრია. ხეტიტა საქართველოში პირველად მე-19 საუკუნეში ფრანგმა ბოტანიკოსმა დ’ალფონსმა ჩამოიტანა. ცნობილი მებაღე  ჩაქვი-ციხისძირის მონაკვეთზე ბულვარის გაშენებას გეგმავდა. ხეტიტა, რომელიც კარგად შეეგუა ციხისძირის წითელმიწა ნიადაგს, ურეკში გადარგვის გამო, დიდი ალბათობით, დაიღუპება. ამოსაღებად გამზადებული მცენარე, ნიადაგიანად 450 ტონაზე მეტს იწონის.   

ჭაობის კვიპაროსი (Taxodium distichum) ჩრდილოამერიკული, ლუიზიანის ჭაობებში გავრცელებული დეკორატიული სახეობაა. კვიპაროსი 36 მეტრამდე სიმაღლისაა. ხარობს ძლიერ დაჭაობებულ წითელმიწა ნიადაგში, რომელიც ურეკში არ გვხდება.  

ევკალიპტი (Eucaliptus globulus) ავსტრალიის და ტასმანიის სახეობა. აქვს ჭაობების დამშრობი თვისება. მისი ფოთლები და ქერქი  მრავალი სახის სამედიცინო პრეპარატის დასამზადებლად გამოიყენება. აკლიმატიზირებულია როგორც მალარიასთან ბრძოლის საშუალება. სიმაღლე - 100 მეტრამდე. სწრაფმზარდია, დეკორატიული. კარგად ხარობს წითელმიწა, დაჭაობებულ ნიადაგებზე.

მაგნოლია (Magnolia grandiflora) ჩრდილოამერიკული სახეობა. სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრი. დეკორატიული მცენარეა.

ვორონოვის ენძელა (Galathus woronowii) - ენდემური სახეობაა. შეტანილია CITES-ის კატალოგის მე-2 დამატებაში, როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა. როგორ წესი, გადატანის დროს ნადგურდება.

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩისთვის გამზადებულ ამ ფილებს, რომელებიც გამგეობამ გადამზიდავ კომპანიას უსასყიდლოდ გადასცა დროებითი გზის დასაგებად იყენებენ. ხეებით დატვირთული მძიმე ტექნიკა ზღამდე ამ გზით მივა, სანაპიროსთან კი მცენარეებს ბარჟაზე დააწყობენ და ურეკში გაუშვებენ.

ეს ფოტოგალერეა ნაწილობრივ  წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რამდენად უნიკალური მცენარები შეირჩა ურეკში გადასატანად და როგორ ირღვევა გიგანტური ხეების ამოღებით ციხისძირის ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული ეკოსისტემა.