რაც უფრო მოუწესრიგებელი, მტვრიანი, პრობლემურია ქალაქი, მით უფრო მკაფიოდ ხედავენ ადამიანები გზის პირზე გაწოლილ გამონაბოლქვის შავ ზოლს; მაგრამ, რაც უფრო მწვანეა ქალაქი, რაც უფრო ნაკლებია ურბანული სტრესი, მით უფრო მეტად უჭირთ მოქალაქეებს შავი გამონაბოლქვის შემჩნევა და მერე იმის დაჯერება, რომ ეს გამონაბოლქვი სადმე, მესამე სამყაროს მრავალმილიონიან ქალაქში კი არ წამლავს ჰაერს, არამედ წამლავს მათ კუთვნილ გარემოს, საიდანაც, ეგონათ, რომ მსგავსი საფრთხეები დიდი ხნის წინ განდევნეს.

სწორედ ამიტომ გერმანული ჟურნალის „შპიგელის“ 22 ივლისის გარეკანი, რომლის უკუნ სიშავეშიც ანათებდა მანქანის ორად-ორი ფარი, ყველას მოხვდა თვალში. ეს იყო იმ მდგომარეობის ყველაზე მძაფრი და დაუნდობელი ილუსტრაცია, რაშიც ევროპა გერმანელმა ავტომწარმოებლებმა ჩააგდეს – მათ პირი შეკრეს და ათწლეულების განმავლობაში ავრცელებდნენ მცდარ ინფორმაციას, თითქოსდა, დიზელისსაწვავიანი მანქანები სხვა საწვავთან შედარებით ნაკლებ ზიანს აყენებდნენ გარემოს, გარდა იმისა, რომ ზოგავდნენ მანქანის შენახვის ხარჯებს.

დიზელის შესახებ სკანდალი ორი წლის წინ დაიწყო. 2015 წელს გერმანულმა ავტომწარმოებელმა „ფოლკსვაგენმა“ აღიარა, რომ საკუთარი ინიციატივით დაამზადებინეს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, ჩაუყენეს მანქანებს და მათი საშუალებით მცდარ დასკვნებს აკეთებინებდნენ იმ ოფიციალურ ორგანოებს, რომლებიც საწვავის ხარისხსა და შემცველობას ამოწმებენ. სწორედ ამ საიდუმლო დეტალის წყალობით, დიზელის გამონაბოლქვის განსაზღვრისას ისინი ასკვნიდნენ, რომ ეს მანქანები სუფთა სინდისით შეგვიძლია ვმართოთ – გარემოს არ ვწამლავთ. წლების განმავლობაში „ფოლკსვაგენმა“ ასეთი ჩიპით 11 მილიონი ავტომობილი ჩაუშვა გასაყიდად.

თუმცა, ნელ-ნელა გამოძიების დეტალების დადგენის შემდეგ, დიზელის მავნებლობა საბოლოოდ დადასტურდა. კომპანიას უკვე თვეზე მეტია უწევს, თავისი მანქანები მფლობელებისგან თვითონვე შეისყიდოს, ჯარიმები გადაიხადოს, რაც 24 მილიარდ დოლარამდე ზრდის მის ზარალს. სექტემბრის ბოლოდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება „ფოლკსვაგენის“ ძრავების მთავარი ინჟინერი, რომელსაც ბრალად ხსენებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში მონაწილეობა ედება. კომპანია დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამოსყიდვას იწყებს ბრიტანეთშიც. „ნიუ იორკ ტაიმსი“ კი მთელ ამ პროცესს „მომხმარებელთა ამბოხს“ არქმევს, ხოლო თვითონ დიზელს ევროპის ყოფილ არჩევანს უწოდებს – ნახევარ სიმართლეს, რომლის მეორე ნახევარიც ტყუილი აღმოჩნდა.

დიახ, დიზელზე მომუშავე ძრავა უფრო ეფექტურად წვავს საწვავს, ვიდრე ძრავა, რომელიც გაზზე მუშაობს და შედეგად მართლაც გამოჰყოფს ნაკლებ ნახშირორჟანგს.

თუმცა დიზელს სხვა გვერდითი ეფექტი აქვს – ის გამოყოფს შეუდარებლად მეტ აზოტის ოქსიდს, რომელიც ჰაერში წარმოქმნის ჭვარტლის ციცქნა ნაწილაკებსა და ოზონს, ამ ყველაფრის ჩასუნთქვას კი უკავშირებენ გულისა და სასუნთქი გზების დაავადებებს, რაც თავის მხრივ ადამიანების ნაადრევ სიკვდილს იწვევს.

ონლაინგამოცემები ავრცელებენ სოლიდური სამეცნიერო ჟურნალის ახალ კვლევასაც, რომლის ფარგლებშიც მკვლევრებმა 2013 წლის მონაცემები შეისწავლეს და გამოაქვეყნეს დასკვნა, რომ იმ ერთ წელიწადს დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამო დაბინძურებულმა ჰაერმა ევროკავშირის 28 ქვეყანაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია, მათ შორისაა ფატალური შემთხვევები ნორვეგიასა და შვეიცარიაში. კვლევაში წერია, რომ ამ შემთხვევების ნახევარი მაინც არ გვექნებოდა, ავტომობილებში გამონაბოლქვის სტანდარტები დაცული რომ ყოფილიყო.

არადა, სულ რამდენიმე თვის წინაც კი, ევროპაში გაყიდული მანქანების ნახევარზე მეტი დიზელზე მუშაობდა. დღემდე, ევროპაში 100 მილიონზე მეტი მანქანა მუშაობს დიზელზე – ორჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ბენზინიდან დიზელზე გადასვლა ევროპის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. საგადასახადო შეღავათებიც განზრახ ხელს უწყობდა მის პოპულარიზაციას. და ამ პროცესს მეთოდურად და მიზანმიმართულად ლობირებდნენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. მათ შესაბამისი კანონმდებლობა მიიღეს და იზრუნეს იმაზე, რომ დიზელის ფასი უფრო დაბალი ყოფილიყო, ვიდრე – სხვა საწვავის.

2017 წლის სექტემბერში კი გაირკვა, რომ გერმანიაში, ვოლფსბურგში, არსებობდა სასტიკად გასაიდუმლოებული ადგილი, სადაც დიზელზე ატარებდნენ ტესტირებებს და ფიქრობდნენ, რა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა შეექმნათ და როგორ დაემალათ საზოგადოებისათვის ამ საწვავის მავნე მხარე. ცხადია, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების გადაწყვეტილებით, რუტინულად ზომავენ დამაბინძურებლების ხარისხს დიზელზე მომუშავე ავტომობილებში.

თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ლაბორატორიული ტესტები რეალურისგან განსხვავებულ სურათს გვაძლევს. როცა დიზელზე მომუშავე მანქანები ნამდვილ გზებზე დადიან, ჰაერში 4-7-ჯერ უფრო მეტ აზოტის ოქსიდს აფრქვევენ, ვიდრე – ლაბორატორიული ტესტირებისას.

„გრინფისიც“ აქტიურობს. სექტემბერში მისმა წევრებმა ნავებით მოაწყვეს საზღვაო შტურმი სატვირთო გემზე, რომლითაც ბრიტანეთში „ფოლკსვაგენის“ დიზელზე მომუშავე მანქანები შეჰქონდათ. ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ არ დანებდებიან, სანამ კომპანია თავის „მომწამვლელ მანქანებს“ უკან არ გააბრუნებს.

ავტომწარმოებლების შესახებ გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა, ზოგადად, დიზელის სკანდალი ევროპაში გარემოსდაცვითი შეხედულებების ძირეული ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს. „ფოლკსვაგენი“ მილიარდობით დოლარის ოდენობის ჯარიმას იხდის, „ბეემვე“ კი ამბობს, რომ 2019 წელს გამოუშვებს თავისი პოპულარული „მინის“ ახალ ვერსიას, რომელიც მხოლოდ მზის ელემენტზე იმუშავებს. ხოლო „ვოლვოში“ აცხადებენ, რომ კონვენციურ შიდაწვის ძრავებს აღარ გამოუშვებენ.

მიუნხენი დიზელის აკრძალვას ახლავე აპირებს – რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან „ბეემვეს“ მთავარი ოფისი სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს.

ნორვეგია აპირებს, რომ 2025 წლიდან მხოლოდ ელექტრომანქანები გაყიდოს, იგივე განზრახვა აქვს ინდოეთსაც, მხოლოდ – 2030 წლისთვის. ამ ფონზე, გარემოს დამცველები საფრანგეთს აკრიტიკებენ, რომელიც დიზელისა და ბენზინის ხმარებიდან ამოღების ბოლო ვადად შორეულ 2040 წელს ასახელებს. მსგავს აკრძალვას გეგმავენ მადრიდში, პარიზსა და შტუტგარტშიც.

პარალელურად, საქართველოში საჯარო ავტოტრანსპორტის აბსოლუტური უმრავლესობა – თითოეული ყვითელი ავტობუსი და „მარშრუტკა“ დიზელს მოიხმარს.

ამიტომაა, მათი შავი ბოლი განსაკუთრებით რომ გვხვდება თვალში. საქართველოში ბოლო დრომდე დიზელი მიიჩნევა, გაზთან ერთად, ყველაზე პოპულარულ საწვავად კერძო ავტომფლობელებს შორის. 2016 წელს იმპორტირებული მანქანების 18 პროცენტი იყო დიზელისძრავიანი –თითქმის ყოველი მეხუთე მანქანა ჩვენთან დიზელით დადის.