1970 წლის 22 აპრილს 20 მილიონი ამერიკელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გამოვიდა და ინდუსტრიული განვითარებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი გააპროტესტა.
ასე დაიბადა თანამედროვე ეკოლოგიური მოძრაობა.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა.

2018 წლის თემაა გარემოს დაბინძურება პოლიეთილენით.

გიფიქრიათ, რომ ყოველდღიური, თითქოს უმნიშვნელო ჩვევების შეცვლით, შესაძლებელია ჩვენს გარშემო ძალიან სასიკეთო ცვლილებები დავიწყოთ?

აი, მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია:

1. ვთხოვოთ ოფიციანტს სასმელი საწრუპის გარეშე მოგვიტანოს

2. სამსახურში ლანჩი მხოლოდ მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერით ვატაროთ

პოლიეთილენი ნავთობპროდუქტია, ისევე, როგორც რაფინირებული ბენზინი. მისგან დამზადებული კონტეინერების უმეტესობა შეიცავს ფტალატებს (DEHP) და ბისფენოლ A-ს (BPA). ორივე ნივთიერება პოტენციურად საშიშია ადამიანის ჰორმონებისთვის და რეპროდუქციული სისტემისთვის. დაუშვებელია მიკროტალღურ ღუმელში კონტეინერით საკვების გაცხელება, მითუმეტეს თუ მას აქვს კოდი 5 ან 7.  ზოგადად, ქრომოსომული და რეპროდუქციული სისტემების ანომალია, ტვინის ფუნქციის მოშლა, ნევროლოგიური დაავადებები, სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, რეზისტენტულობა ქიმიოთერაპიის მიმართ, დიაბეტი ზრდასრულ ასაკში  ამ და სხვა დაავადებათა კორელაცია იმ ქიმიურ ნივთიერებებთან, რომლებსაც წყლის და საკვების შესანახი პოლიეთილენი გამოყოფს, დადასტურებულია.

3. დავუბრუნდეთ საყიდლებზე მოჩითული, დაწნული ჩანთებით სიარულის ტრადიციას და უარი ვთქვათ პოლიეთილენის პარკებზე

გარემოს დაბინძურების დიდი წილი სწორედ პოლიეთილენის პარკებზე მოდის. შეგიმჩნევიათ, რომ ნაგავი, რომელიც სახლიდნ გაგვაქვს ძირითადად ძალიან მოკლე სასიცოცხლო ციკლის მქონე ნივთებისგან შედგება, რომელთაც ხშირად უფასოდ ვიღებთ. მათგან, როგორც წესი, სახლში მისვლისთანავე ვთავისუფლდებით: მარკეტში მზა საჭმელს ჯერ ერთჯერად კონტეინერში ათავსებენ, შემდეგ წებოვან ცელოფანს სქელ ფენად ახვევენ, სალაროსთან პარკში დებენ, მერე თხელ პარკებში გადანაწილებულ სხვადასხვა პროდუქტს ერთ დიდ, ბრენდირებულ პარკში გვიდებენ და ასე გვისტუმრებენ. ამ მრავალჯერადი შეფუთვიდან რა გვჭირდება რეალურად, თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიეთილენს ასწლეულობით ვტოვებთ დედამიწაზე? ხშირად ეს პარკები დიდი ფრინველების და ზღვის ბინადრების სიკვდილის მიზეზი ხდება, რომელთაც ხაფანგივით ითრევს. კიდევ ერთი  ნარჩენი პოლიეთილენის 54% შეფუთვაზე მოდის (2015, New York Times).

4. არ დავტოვოთ ნაგავი ბუნებაში, განსაკუთრებით  გაშლილ სივრცეში და წყალთან ახლოს

5. ავკრიფოთ ნაგავი, სადაც წავაწყდებით  მითუმეტეს პლასტმასი და მითუმეტეს მდინარის, ზღვის, ოკეანის სანაპიროებზე

ოკეანის დაბინძურება ცალკე თემაა:
წყლის ბინადრები ვერ ასხვავებენ პოლიეთილენის ნივთებს საკვებისგან.
ბევრი მათგანი იღუპება შიმშილით, ვინაიდან პლასტიკატის ნივთებით გავსებულ კუჭზე ბუნებრივ საკვებს ვეღარ იღებს!
პოლიეთილენი არ დეგრადირდება. უმცირეს ნაწილაკებად დაშლის შემდეგ ის აღწევს წყლის ბინადართა სისხლში. ვინაიდან ორგანიზმს არ შეუძლია მისი გადამუშავება და მონელება, შანსი იმისა, რომ ზღვის პროდუქტების დაგემოვნებისას, წყლის მიღებისას, ან მარილით საჭმლის შეზავების შემდეგ ის თქვენს ორგანიზმშიც მოხვდება, რეალური და ძალიან დიდია!

6. გამოვიყენოთ ბუნებრივი ინგრედიენტები დასუფთავებისას ან პირადი ჰიგიენისას  კანის გაწმენდა/დატენიანებისთვის

7. მოვერიდოთ სინთეტიკურ ქსოვილს

რატომ უნდა გამოვიყენოთ დასახეხ-დასასუფთავებელ საშუალებებად სოდა, ლიმონი ან ძმარი და რატომ უნდა დავიტენიანოთ სახის კანი კიტრის ნათალით ჩვენი ბებოებივით? შეიძლება ვერც იფიქროთ, რომ უმცირეს ნაწილაკებად დაშლილი პოლიეთილენი შესაძლებელია თქვენს საპონში, კანის სკრაბში, კბილის პასტაში, დეოდორანტში, ან იმ სარეცხ საშუალებაში იყოს, რომელიც თქვენს სამზაეულოს ნიჟარას სიქათქათეს და კეთილსურნელებას ერთდროულად ანიჭებს („სისუფთავის სუნი“  ასე ეძახის ამას დედაჩემი). ზუსტად ასევე შესაძლებელია თქვენი საყვარელი ნეილონის გადასაფარებლის სარეცხის მანქანაში დარჩენილმა მიკრობოჭკომ, წყლის ტრაპიდან მსოფლიო ოკეანის გავლით თქვენს სუფრაზე ამოყოს თავი (იხ. ზემოთ). 

8. გამოვიყენოთ მრავალჯერადი ნივთები, თუნდაც მათი თან ტარება გვიწევდეს, ზოგჯერ ცოტა ვიჩხერკედელაოთ და ნივთებს ახალი დანიშნულება მოვუძებნოთ

9. ვიჩუქოთ ნივთები, რომლებიც გვჭირდება და გავაჩუქოთ ჩვენთვის უსარგებლო, მაგრამ სხვებისთვის საჭირო ტანსაცმელი, საბავშვო სათამაშოები, ელექტრონივთები, ავეჯი...

10. როცა რაღაც ახლის შეძენას გადავწყვეტთ, დავუსვათ ჩვენს თავს ორი მარტივი კითხვა: მჭირდება ეს? შემიძლია რამე სხვა გამოვიყენო?

ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ჩვენ მიერ გამოყენებული პოლიეთილენის რაოდენობის შემცირებაა. შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ ან გავიმართლოთ იმით, რომ პოლიეთილენის გადამუშავება შესაძლებელია, მაგრამ ძალიანაც ნუ გაგვიტაცებს ეს აზრი: 6,3 მილიარდი ტონა პოლიეთილენის ნარჩენიდან, მხოლოდ 9% დაექვემდებარა გადამუშავებას (BBC). ნარჩენების ეფექტური მართვა პირველ რიგში მის მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. 10 ჩამოთვლილი აქტივობისთვის მოტივაცია რომ მოგცეთ, ბარემ გეტყვით, რომ მეცნიერების ვარაუდით, თუ პოლიეთილენის გამოყენების ჩვევები არ შეიცვალა, 2050 წლისთვის მსოფლიო ოკეანეში წონის მიხედვით ნარჩენი უფრო მეტი იქნება, ვიდრე თევზი!

P.S. აქ მოყვანილი რიცხვებიდან ყველაზე მეტად 20 მილიონი მაოცებს ან აღმაფრთოვანებს  20 მილიონი მოქალაქე, რომელმაც არ თქვა  რა დროს ეგაა, როცა ქვეყანა უკვე მერამდენე წელიწადია საომარ მდგომარეობაშია  და ქუჩაში გამოვიდა.