ტაფა თუჯის უნდა იყოს ‒ ეს აუცილებელი პირობაა. დანარჩენი ყველაფერი თანამშრომლობაზეა დამოკიდებული, ერთობლივი პროდუქტის წარმატებაც და წარუმატებლობაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

საშინაო დავალება ყველამ შევასრულეთ: ნაყიდია ღია ფერის თაფლი, ნიგოზი წვრილადაა დაჭრილი და გასუფთავებული. მე, დედა და დიდედა სამზარეულოში გოზინაყს ვაკეთებთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სამი თაობის ქალი 8 კვადრატულ მეტრ სივრცეში რამდენიმე საათი ერთად ვართ. მაშინ არჩევანი რომ მქონოდა, სიამოვნებით გავექცეოდი ამ რიტუალს და თავს მეგობრებს შევაფარებდი, ახლა კი ის დრო მენატრება, ის ჯადოსნური მომენტი, როდესაც დიდედა ცხელ თაფლს ცივ წყალში აწვეთებს და წვეთი კენჭივით ვარდება ჭიქის ფსკერზე – მზადაა!

მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულ ახალ წელს ბუნების ციკლურ განახლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაინც ერთ-ერთი განსაკუთრებული დღეა წელიწადში. ამ დღეს მზად ვართ, ყველას ყველაფერი გავუყოთ, მომავალს იმედიანად შევცქერით და გვჯერა, რომ მომავალი წელი სხვანაირი იქნება, უკეთესი, ვიდრე წინა. მოგონებაში ამოტივტივებულ სამზარეულოში ერთობისა და საერთო საქმის კეთებით მიღებული სიამოვნების გრძნობა სუფევს: ზუსტად ვიცით, წლევანდელი გოზინაყი ოქროსფერი და კარგად შეკრული გამოვა!

სამზარეულო მიკროკოსმოსია, რომელიც უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული გარესამყაროსთან, მინიატურული სცენაა, სადაც ეკონომიკური, კულტურული და სოციო-პოლიტიკური ეტიუდები თამაშდება. პრინციპში, გლობალური შეგვიძლია სამზარეულომდე დავიყვანოთ და პირიქით, სამზარეულო გავხადოთ გლობალური. და თუკი სამზარეულოში შეიძლება კონკურენციის მაგივრად, თანამშრომლობა, რატომ არ შეიძლება იგივე საზოგადო სივრცეში გადავიტანოთ?

ცხადია, რომ შეგვიძლია. ადამიანები ეძებენ თანამოაზრეებს და ერთად ქმნიან ახალ რეალობებს, რომელთა დაბადებაც ჯგუფური მუშაობის შედეგია, ხოლო რეზულტატი – საჯარო საკუთრება. ვიკიპედია, ღია წყაროს პროგრამები, კოოპერატიული კაფეები – გაყოფის პრინციპზე მდგარი ეკონომიკა, თანამედროვე ცხოვრების ნაწილია.

ასეთი ინიციატივები ზღაპრულ ოაზისებს წააგავს. ამ ოაზისების შემქმნელები არც სუპერგმირები არიან, არც პოლიტიკური ლიდერები და არც ჯადოქრები. ისინი ჩემსავით და შენსავით ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც არავის ელოდებიან და საკუთარ გარემოს თავად ცვლიან. 

 

ენერგეტიკული ამბოხი

ჩემი ყმაწვილქალობის სახლს, ჩვიდმეტსართულიან, ორსადარბაზოიან კორპუსს უზარმაზარი, სრულიად უსარგებლო სახურავი აქვს. ეს სივრცე ერთხელ ვერტმფრენის დასაჯდომად გამოიყენეს, ერთხელ მზის ამოსვლის გადასაღებად ავიდა ახალბედა ოპერატორი, მეც ვარ ნამყოფი რამდენჯერმე: თუკი გვერდით სადარბაზოში ლიფტი არ მუშაობდა, სახურავიდან გადავდიოდი ქართულის მასწავლებელთან, რომელიც მეთხუთმეტე სართულზე ცხოვრობდა. ეს არის და ეს. არადა, სახურავები გვიხმობენ, გვეძახიან, უფრო ხშირად მივაკითხოთ და მათზე გადმოსხმული მზე არა მარტო გასარუჯად, არამედ ენერგიის გენერაციისათვისაც გამოვიყენოთ.

მაგალითად, გერმანიაში, განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის 50%-ზე მეტი თანამეგობრობებს ეკუთვნით, დიდ ბრიტანეთში 5 ათასამდე საზოგადოებრივი გაერთიანება საკუთარ (ძირითადად, მზისა და ქარის) ენერგიას გამოიმუშავებს.

ეს ენერგოამბოხია, კლიმატური კრიზისის პირობებში მწვანე ენერგია ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება. თუკი ნავთობი და გაზი ვეება კორპორაციების ხელშია თავმოყრილი, განახლებადი ენერგია დეცენტრალიზებულია ათასობით პატარა კომპანიებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, სამეზობლოებსა თუ თანასოფლელებს შორის.

სულ რამდენიმე წლის წინ საკუთარი ენერგიის წარმოება შეიძლება უტოპიურად მოგვჩვენებოდა, თუმცა დღეს, მზის პანელებზე ფასის დაცემის შემდეგ, მსგავსი ინიციატივები იოლად მრავლდება. მთავარია, ინიციატივის ნაპერწკალი გაჩნდეს, ინფორმაცია და გამოცდილება უკვე იოლად ხელმისაწვდომია!

 

გადაადგილება სხვაგვარად

ოჰ, რამდენ დროს ვატარებთ თბილისის სახელგანთქმულ საცობებში! მანქანები გზებზე, ტროტუარებზე, ზოგს აივნებზეც კი გვახსოვს. შერყეული ჯანმრთელობა, დაზიანებული ეკოლოგია, გახშირებული ავარიები, საჯარო სივრცის არარსებობა და დაბინძურებული ჰაერი, რომელიც საერთოა.

საავტომობილო გზების გაფართოებით და ახალი პარკინგების შენებით ქალაქს ვერ განვტვირთავთ. კომპლექსური მიდგომა: მანქანით სიარულზე გადასახადის დაწესება, ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება პოლიტიკურ ნება-სურვილზეცაა დამოკიდებული. მე და თქვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს გადაადგილების ახლებური ფორმების წარმოდგენაა.

გაზიარება ფლობის ახალი ფორმაა, რაც გარემოსაც ზოგავს და ჩვენს ფინანსებსაც. წარმოიდგინეთ, მეზობელ ქუჩაზე მცხოვრებ თანამშრომელთან ერთად, ერთი მანქანით დადიხართ სამსახურში ანდა ქალაქგარეთ, თან ორი მეგობარიც მიგყავთ. რა სასიამოვნოა, საწვავის ფასს იყოფთ, მგზავრობისას დამლაპარაკებელი გყავთ, გზაზე მანქანების რაოდენობას ამცირებთ და საერთო კეთილ საქმესაც აკეთებთ.

გადაადგილების ეს ალტერნატიული ფორმები შეიძლება სპონტანურ ინიციატივებად დარჩეს, ანდა უფრო მოწესრიგებული სისტემა შეიქმნას. მაგალითად, ბელგიაში ერთ-ერთ ასეთ სერვისს, რომელიც საზოგადოებრივი გაერთიანებაა – აუტოპია ჰქვია. მანქანის გაყოფის სისტემა ქირაობისაგან განსხვავდება და არა ერთჯერად, არამედ ხანგრძლივ ურთიერთობას აყალიბებს ასოციაციასა და მომხმარებელს შორის. ზედმეტი მანქანებისგან გათავისუფლებული გარემო საჯარო სივრცედ იქცევა ხოლმე: ავტოსადგომები შეხვედრის ადგილებად, ხეხილის ხეივნებად და ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა კუნძულებად ტრანსფორმირდება.

თანამედროვე სამყაროში მანქანის ქონა აღარაა სტატუსის ნიშანი. აშშ-ში, ევროპასა და ავსტრალიაში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდები სულ უფრო ნაკლებად იღებენ მართვის მოწმობას და აღარ ყიდულობენ მანქანებს. ახალი ურბანული თაობა სხვანაირ ქალაქზე ოცნებობს, ქალაქზე, საიდანაც ველოსიპედით 30 წუთში ტყეში აღმოჩნდები.

 

საერთო ნობათი

Samen kokkerelen – ასეთი გამოთქმა არსებობს ჰოლანდიურში, რაც საჭმლის ერთად მომზადებისა და გაზიარების მთელ სიხარულს იტევს. მართლაც, არაფერი აერთიანებს ადამიანებს ისე, როგორც საკვები, დაწყებული მისი მოყვანიდან, დამთავრებული გემრიელი სადილით. ხალხთა მთელი ფოლკლორიც სწორედ ამ კონტინუუმზე აღმოცენდება.

ინტერესი საკვების მიმართ არასოდეს განელებულა. გლობალიზაციის ეპოქაში გაღვივდა კიდეც. ჯანმრთელი პროდუქტი და ადგილობრივი მცირე თუ საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც მულტინაციონალური კორპორაციები სურსათზე მონოპოლიას იგდებენ ხელში.

მეურნეობის ახალი ფორმა, ე.წ. თემზე დაყრდნობილი მიწათმოქმედება (community supported agriculture) მყარად იკიდებს ფეხს. იდეა ჯერ კიდევ რუდოლფ შტაინერისგან მოდის და ლოკალური, ორგანული სოფლის მეურნეობისა და ალტერნატიული ეკონომიკის მოდელის განვითარებას გულისხმობს. ეს ბიზნესმოდელი მომხმარებელსა და ადგილობრივ ფერმერს ერთმანეთთან აკავშირებს. მყიდველი ეხმარება მწარმოებელს ფინანსური ინვესტიციით (ოჯახის წლიური ინვესტიცია რამდენიმე ასეული ევროა). ამ ფინანსური თანადგომის სანაცვლოდ, იგივე ოჯახი მთელი წლის მანძილზე უზრუნველყოფილია სეზონური, „თავის“ ფერმაში მოყვანილი პროდუქტით და საკმაოდ მოგებიან ფასად – გლეხსა და მყიდველ/ინვესტორს შორის შუამავალი არ არის. ეს სტრუქტურა ასევე საინტერესოა გლეხისთვის, რომელიც საქმის მართვისათვის საჭირო თანხებს არა ბანკისგან, არამედ თემის წევრებისგან იღებს.

კომუნალური მიწათმოქმედება ურბანულ სივრცეებშიც მუშაობს. ასეთია სკოლის ბოსტნები, სადაც სასადილოსთვის საკუთარ ბოსტნეულს მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად ზრდიან.

ყოველწლიურად, საკვების 1/3, დაახლოებით 1,3 მილიარდი ტონა პროდუქტი იკარგება ან იყრება. ამ დანაშაულებრივ ტენდენციას ადამიანები, ბუნებრივია, ეწინააღმდეგებიან და ცვლილების მისაღწევად განსხვავებულ გზებს ეძებენ. „ნარჩენების აგროვების“ რევოლუცია ვირუსივით მოედო ბევრ ქვეყანას. ეს მოძრაობა აკითხავს ფერმებს, სუპერმარკეტებსა და რესტორნებს, გარეგნული ნაკლის გამო გადასაგდებად გამზადებულ პროდუქტებს აგროვებს და იყენებს. მიეცით შანსი „ნარჩენების კაფეებსა და რესტორნებს“ და ნუ შეგაშინებთ მათი სახელწოდება. ეს ის ადგილებია, რომლებისთვისაც ბიზნესიდან გასვლა წარმატების ნიშანია და რომელთა დღიური მენიუ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პროდუქტს გადაყრიან ადგილობრივი მაღაზიები.

* * *

ჩემმა მეგობარმა თბილისში, ერთ სამეზობლო პროექტს მოჰკიდა ხელი: საცხოვრებელი კორპუსის წინ რამდენიმე მანქანის სადგომის გაუქმებას ცდილობს და მათ ადგილზე მწვანე, ბავშვების სათამაშო სივრცის შექმნა უნდა. პროცესი გრძელი, ნელი, თუმცა ძალიან საინტერესოა, ამბობს ჩემი მეგობარი. ის იმასაც ამბობს, რომ საკმარისი იყო მეზობლებთან ორჯერ შეხვედრა და ამ იდეით ყველა აენთო. არ არის საჭირო ველოდოთ სხვებს, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს ნაპერწკალი, დასაწყისი რაღაც ახლის და ძალიან მნიშვნელოვანის!