ამას წინათ ჩემი მეგობარი ანტონია ველოსიპედიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. კიდევ კარგი, ჩაჩქანი ეხურა და გადარჩა. ამ ამბის შემდეგ, მთელ სამ დღეს ვერ ვჯდებოდი ველოსიპედზე. მერე ჩაჩქანი მეც ვიყიდე და უმისოდ ახლა „პურზეც არ გავდივარ“.

ასეა. სულ გგონია, რომ შენ არ დაგემართება. სანამ არ დაგემართება.

სანამ შენს ქალაქში ვიღაც გონებაგამორეცხილი ფანატიკოსი აწყვეტილი მანქანით უდანაშაულო ადამიანებს არ მიაკლავს ხიდზე, ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სადღაც შორს ხდება. მიაკლავს და შიში აგიტანს: მიხვდები, რომ შეიძლებოდა ის ადამიანი შენ ყოფილიყავი, ან შენი მეგობარი ტამზინა. იმ გოგოს, წითელი ავტობუსის ქვეშ სავარაუდოდ გარდაცვლილი რომ წევს, სახე არ უჩანს, მაგრამ რომ ვუყურებ, ვფიქრობ – შეიძლება ჩემი ნაცნობიც იყოს. შავი „კალგოტკები“ აცვია.

მერე იმასაც ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო დიდი შანსია, ველოსიპედით მოყვე ავარიაში, ვიდრე უესტმინსტერის ხიდზე ზუსტად იმ დროს იდგე, როცა ხალიდ მასუდი პარლამენტისკენ აწყვეტილი მიქრის და გზად შემხვედრ ადამიანებს ხიდიდან მდინარეში ყრის.

მოგვიანებით შევდივარ ფეისბუკზე და შემოთავაზება მხვდება, აღვნიშნო, რომ ლონდონის ტერაქტის დროს გადავრჩი. ჩემს 30-მდე მეგობარს ეს უკვე გაუკეთებია. მეცინება: რამხელა იყო ალბათობა, რომ 10-მილიონიან ქალაქში მაინცდამაინც მე ვიქნებოდი 50 დაშავებულიდან ერთ-ერთი?! არ ვიღებ შემოთავაზებას. არ ვწერ, რომ „გადავრჩი“.

ტერაქტებმა მოიტანა ეს რეალობა: თუნდაც სრულიად უცხო ადამიანის ტკივილი იყოს, ირიბად და მოჩვენებითად მაინც ხდება ჩვენი. ამიტომ ირიბად და მოჩვენებითად მაინც სულ ველოდებით ვირტუალურ თანაგრძნობას და კეთილ სურვილებს: „თავს გაუფრთხილდი“.

კარგი, ვეცდები: ახლა ჩაჩქანი მაქვს და თავით თუ დავეცი, 40 პროცენტით მეტი მაქვს გადარჩენის შანსი. მაგრამ – ხიდზე? ის, რაც ხიდზე მოხდა? ლონდონში, მშვიდ, გაწონასწორებულ, ფეხის წვერებზე მოსიარულე ქალაქში ხუთი ადამიანის სიკვდილი დიდი ამბავია. რამდენიმე დღით. მერე ისიც საერთო სტატისტიკას შეავსებს. ღეუტერს-ის ახალი ამბების განყოფილებაში, სადაც მე ვმუშაობ, დღეში ასობით მომდის ასეთი ამბავი.

ჩავჯდე-არ ჩავჯდე? – ვყოყმანობ. ტერაქტის საღამოა, თეატრში მივდივარ და გადარჩენის შანსებს ვწონი – რას უფრო ვენდო, საკუთარ ველოსიპედს თუ უსაფრთხოების ნორმებს მეტროში? ბოლოს ველოსიპედს სახლში ვტოვებ და ჯუბილი ლაინზე მეტროში ვჯდები. ვოთერლუზე უნდა ამოვიდე. ერთი გაჩერების შემდეგ ტერაქტის ადგილია. ერთადერთი, რაც მახსენებს, რომ ორიოდე საათის წინ აქ „რაღაც მოხდა“, მეტროს სტანდარტული შეხსენებაა: „უესტმინსტერის გაჩერება დაკეტილია, ადგილზე სამართალდამცველთა საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს“.

„ზაფხულის ღამის სიზმარს“ ვესწრები. რაღაც მომენტში, შუა სპექტაკლზე, განგაშის სიგნალი ხელახლა მესმის. სცენაზე თამაშს არ წყვეტენ. ნეტა რა ხდება, ჩემ გარდა კიდევ ვინმეს ესმის?

 

ავტორი :
  • მარიკა ქოჩიაშვილი