ესპანეთში ჩემი მოგზაურობა 25 თებერვალს დაიწყო და 9 მარტს დასრულდა. რამდენიმე დღით ავცდი კორონავირუსის აფეთქებას და მას მოყოლებულ მკაცრ რეგულაციებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში შევძელი ამ დღეებზე დამეწერა.

ფემინიზმი, როგორც ზღვის ტალღა

7 საათზე ავდექი. მზე ჯერ კიდევ ვერ წვდება ფრიატორების ვიწრო ქუჩის ფანჯრებს. გარეთ ანდალუზიაა, მალაგა.

დილით იოგას ვვარჯიშობ, ასე თავს უფრო მყარად ვგრძნობ. ლეილაც იღვიძებს, ჩემი აზერბაიჯანელი მეგობარი. ანდალუზიური პომიდვრით და მარწყვით ვსაუზმობთ და გარეთ ვიწრო, დახვეული კიბით გავდივართ. მერსედის მოედანთან როსიოს და მის დას ვხვდებით და ნომერ 1 ავტობუსით გარეუბანში ქალთა ფედერაცია, „აგორასთან“ შესახვედრად მივდივართ.

აგორა საჯარო ბიბლიოთეკის შენობის ერთ ოთახს იკავებს. შუა ხნის ქალები გვხვდებიან. მაგიდის ირგვლივ ვსხდებით, ვსაუბრობთ ქალებზე და აქტივიზმზე საქართველოში, აზერბაიჯანში. არ ვმალავ, რომ საქართველოში ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია, რომ ბოლო 5 წელიწადში 130-ზე მეტი ქალი მოკლეს; რომ დეკრეტული შვებულებას არ გვინაზღაურებენ - ამის გამო ბევრი ქალი სამსახურს ჰკარგავს. საქმიანად ეღიმებათ. ვამბობ, რომ ქალები სოფლად ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ - არ აქვთ საბავშვო ბაღები, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ქალები ამზადებენ საჭმელს, მაგრამ კაცებზე ცუდად იკვებებიან.

ლეილა აზერბაიჯანზე თითქმის იგივეს ჰყვება. ეკითხებიან თუ აპროტესტებს ამ ყოფას აზერბაიჯანელი ხალხი. ლეილა ამბობს, რომ ვერა და იხსენებს წინა წლის 8 მარტის გაფიცვას, რომლის ნებართვაც ჯერ არ გასცა ბაქოს მერიამ, შემდეგ კი გაფიცულები დაშალა. როსიოს სმენია ამ ფაქტზე და თხრობას ესპანურად განაგრძობს. ინგლისურად არ ლაპარაკობენ. აზერბაიჯანზე მეტი მინდა იცოდნენ,  მახსენდება „5 კაპიკის კამპანია“ და ვუყვები აზერბაიჯანელი ხალხის თანადგომის ამ შესანიშნავ ამბავზე, როცა ერთ-ერთი აქციისას, გარეთ ჯგროდ გამოსული ხალხი პოლიციამ მასობრივად დააჯარიმა, ნაწილი დააპატიმრა და აქცია დაშალა, იმავე საღამოს აქციის მონაწილეებმა დაჯარიმებულებისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს და 5-5 კაპიკით გადაიხადეს აქციის ყველა მონაწილის ჯარიმა. დარჩენილი თანხით კი ფონდი შექმნეს დემონსტრანტებისთვის, გავიფიცოთ და ჯარიმებს ფონდი გადაიხდისო - ამ ამბავმა ძალიან მოხიბლა ფედერაციის წევრები - ბავშვებივით ახარებთ სოლიდარობის და გამარჯვების ისტორიები.

გვიყვებიან აგორაზეც. 1992 წელს დაარსდა  ფედერაცია, პირველი იყო მალაგას რაიონში და 72 ფემინისტურ ასოციაციას აერთიანებდა. 1992 წელს მალაგაში უკვე არსებობდა ქალთა ძლიერი მოძრაობა. ფედერაცია სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს ქალებს. სერვისები უფასოა, შემოსავლის ძირითადი წყარო - მუნიციპალური დაფინანსება.

აგორას ფსიქოლოგი ამბობს, რომ ქალები ხშირად ტიპიური ოჯახური ძალადობის ისტორიას ყვებიან, ისე რომ ამას ძალადობას არ არქმევენ. „ხომ იცით, ძალადობა ხშირად ფიზიკური არ არის და ამიტომ ვერ აანალიზებენ რა ხდება“.

ფემინიზმზე ვილაპარაკეთ. ესპანური ფემინისტური მოძრაობა ზღვის ტალღას ჰგავს - ამბობს აგორას პრეზიდენტი - ყოველ ჯერზე ნაპირზე გადმოშლის შემდეგ, ზღვის ფსკერს უკიდურეს წერტილში უბრუნდება და მერე ისევ ნაპირზე ამოდის.  სიმშვიდის პერიოდებს მრისხანე დემონსტრაციები ცვლის.

ზღვის ნაპირით ვბრუნდებით ეგერიას ოფისში. ეგერია, ერთ-ერთი პირველი მოგზაური, პილიგრიმი ქალია. მარტომ იმოგზაურა და ამ მოგზაურობაზე წიგნი დაწერა. ჩვენი მასპინძელი ორგანიზაცია მის სახელს სოლიდარობის ნიშნად ატარებს. ეგერია დესაროლო სოციალ როსიომ და ესტერმა რამდენიმე წლის წინ დააარსეს, როგორც ფემინისტური ასოციაცია. არაოფიციალურ ფემინისტურ განათლებას აძლევენ ახალგაზრდებს. როსიო და ესტერი დები არიან, ანდალუზიელი ფემინისტი დები და საუკეთესო მასპინძლები.

ოფისთან პირველ სართულზე ზღვის პროდუქტების ბაზარია. იქვე შუა ბაზარში მაღალი მაგიდები დგას, ქაღალდის სუფრით დაფარული. ტრადიციული ხმელთაშუაზღვის უძვლო თევზი ბოკერონე შევუკვეთეთ და ცოცხალი ზღვის პროდუქტების სალათი ლიმონის სოუსით. ყველაფერი არანორმალურად გემრიელი გვეჩვენა.

ლანჩის შემდეგ ფორუმის წევრები გვიერთდებიან - ფემინისტური ასოციაციაა, ქალების და ჯანდაცვის თემებზე მუშაობენ. ესპანეთში ჯანდაცვის სისტემა საჯაროა, მაგრამ თვლიან, რომ სერვისი დღითიდღე უარესდება. ეჭვობენ, რომ ეს გამიზნულად ხდება, რომ ერთ დღეს ჯანდაცვა კერძო სექტორს გადააბარონ. აკვირდებიან გენდერული სტერეოტიპის გავლენებს მკურნალობის პროცესზე. ჰყვებიან, რომ სტერეოტიპის გავლენა საზიანოდ მოქმედებს ქალებზე. ერთნაირი ჩივილით ექიმთან მისულ ქალს და კაცს სხვადასხვა გაიდლაინით უტარდებათ მკურნალობა. მაგალითად გულის არეში ჭვალს ქალების შემთხვევაში ანტიდეპრესანტით მკურნალობენ, კაცს კი ექოსკოპიას უღებენ, ინფარქტის გამოსარიცხად. ამ მოვლენას ასე ხსნიან - ჩვენ სხვადასხვა ფსიქოტიპი ვართ და ექიმთან მისული ქალი გულის ტკივილს სხვა გულისტკივილებსაც აყოლებს, კაცები კიდე, მოგეხსენება გულს არავის გადაუშლიანო.

იასამნისფერი

ანდალუზიელ ფემინისტთა უმრავლესობა შუა ხნისაა. ფემინისტურ მოძრაობას, რომელმაც წინა წელს 50 000 ქალი გამოიყვანა მალაგაში 8 მარტის მარშზე, სათავეში 50 წელს გადაცირებული ქალები უდგანან. ახალგაზრდები თითქმის არ ჩანან. ეს ამბავი მიკვირს და თან მხიბლავს. როცა მიზეზს ვკითხულობ, მპასუხობენ, რომ ახალგაზრდა ქალების უმრავლესობას ფემინისტურ საკითხებზე მგრძნობელობა არ აქვს; რომ ქალთა მოძრაობა, დიდწილად ისევ ძველი აქტივისტების მხრებზე დგას. ისინი არ თმობენ პოზიციებს, რადგან ეშინიათ დიდი ბრძოლის ფასად მოპოვებულის დაკარგვის.

როსიოსთან ერთად, ქალების პლატფორმის კრებაზე მივედით, რომელიც კვირაში ერთხელ იკრიბება, ამჯერად 8 მარტის დემონსტრაციის დასაგეგმად ხვდებიან. სან ხუან ბოსკოს ტროტუარზე, 65 ნომერთან, ეკლესიის გვერდით პატარა კარია, თავზე წარწერით Platforma Violencia Cero. ქალები კართან ეწევიან, ლაპარაკობენ. ვსხდებით დიდი თეთრი მაგიდის ირგვლივ. ვეცნობით, საქართველო, აზერბაიჯანი -  ყოფილი საბჭოთა კავშირიო აზუსტებენ. ინგლისურად თითქმის არ საუბრობენ. შეხვედრაზე სამი ახალგაზრდა ქალია, ყველა დანარჩენი - შუა ხნის. კედლები იასამნისფერია, სხვადასხვა წელს დაბეჭდილი პლაკატებით სავსე. შარფებიც იასამნისფერი უკეთიათ. როსიომ იასამნისფერის ფემინისტური ისტორია მიამბო, მითხრა, რომ ეს გრინვიჩის ტანსაცმლის ქარხანაში მომხდარი ხანძრის იასამნისფერი კვამლის ფერია, რომელმაც 123 ახალგაზრდა მკერავი ქალი და 23 კაცი შეიწირა. მათ შენობის დატოვება ვერ შეძლეს, რადგან 9 საათი ჩაკეტილ კარს მიღმა ამუშავებდნენ. ამბობენ, რომ ცეცხლმოკიდებულ სამკერვალო ქარხანას იისფერი კვამლი ასდიოდა.

შეხვედრაზე მთავარი სადემონსტრაციო ბანერის გზავნილის შეთანხმების შემდეგ, ავტონომიური ფემინისტების ჯგუფის დემონსტრაციაზე გამოსვლის საკითხს განიხილავენ. ავტონომიური ფემინისტების ჯგუფი იდეურად დანარჩენ მოძრაობასთან დაპირისპირებულია. დემონსტრაციულად უარს ამბობენ სახელმწიფო დაფინანსებაზე, რადგან სჯერათ, რომ ასე მეტი წინააღმდეგობის უფლებას მოიპოვებენ. ჯგუფის წარმომადგენელი ამობეჭდილ სიტყვას ხელის კანკალით კითხულობს. წერილში ჩამოთვლილია ყველა ის საკითხი, რაშიც მოძრაობას არ ეთანხმებიან და ამიტომ არ უერთდებიან მსვლელობას წინა რიგებში, როგორც წესია. მსვლელობას ფემინისტური მოძრაობის კრიტიკით უერთდებიან და უკანა რიგებში დგებიან. მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას სხვა ჯგუფების პროტესტი მოჰყვება, მაგრამ მცირედი დაძაბულობა მყისიერად გადაივლის. მოდით, 8 მარტის შემდეგ, ყავაზე შევიკრიბოთ და ვისაუბროთ, ბევრი სალაპარაკო დაგვიგროვდაო - გამოსავალს მშვიდად სთავაზობს ერთ-ერთი წევრი. ასე მარტივად წყდება ყველაფერი.

სახლში მოვდივართ ფეხით. გარეთ თბილი ქარია, მალაგაში თხელი შარფი  საკმარისია, საღამოს ნიავთან გასამკლავებლად. 

ანდალუსია - ესპანეთის დამოუკიდებელი საზოგადოება

დღეს ანდალუსიას დღეა, საჯარო დღესასწაული. 1980 წელს რეფერენდუმმა მხარი დაუჭირა, ანდალუზიას ავტონომიურ ერთეულად გამოცხადებას. ყველა ისვენებს, უამრავი ადამიანია ქუჩებში. პიკასოს სახლმუზეუში უფასო ბილეთს გვაწვდიან. პიკასო მალაგაში დაიბადა. მამას English man-ს ეძახდნენ, იმ თეთრი პერანგის და ჟილეტის გამო, რომელსაც ატარებდა. ხატავდა, ძირითადად საოჯახო პორტრეტებს. სახლმუზეუმში გამოფენილი დაგვხვდა მისი მთავარი ტილო, დაახლოებით 2 მეტრიან ფორმატზე გამოსახული მტრედების ბუდე. პიკასო მამის  ნახატზე ასე წერს: „ერთხელ უზარმაზარი ნახატი დახატა. მტრედები, უამრავი მტრედი იყო გალიაში, ათასობით, მილიონობით მტრედი“.

სახლმუზეუმიდან გამოსულებმა ფლამენკოს ბილეთი დავჯავშნეთ. გვითხრეს, რომ ღვინო და ტრადიციული ტაპაც უფასოდ გვეკუთვნის. სუვენირების მაღაზიაში ნაყიდი იასამნისფერი ყვავილი თმაში ჩავიმაგრე და შოუზე წავედით. პირველ სართულზე პატარა კვადრატული მაგიდები დაგვხვდა კუბოკრული სუფრებით. ოთახის კიდეზე ბარი და ვისკის კასრებია. ასაკოვანი მასპინძელი სიგარას აქრობს და ქვედა სართულზე გვაცილებს. სხვა უცხო დამსწრეების გვერდით აღმოვჩნდით მაგიდასთან. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და ღვინო ვსვით. სუფრასთან კანადელი, ფრანგი და ბრიტანელი წყვილები სხედან. აზერბაიჯანზე და საქართველოზე გვეკითხებიან. ჰგონიათ, რომ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, არადა, აზერბაიჯანს ბრიტანეთზე და საფრანგეთზე ცუდად ვიცნობ. ნამყოფიც არ ვარ. ცოტა მრცხვენია.

ფლამენკო სიმღერით და ტაშით დაიწყო. მოცეკვავე ქალი მალევე ადგა და სკამთან ახლოს ფეხი ააყოლა რიტმს და იქვე დატრიალდა ვიწრო მხრებით და ფეხის კაკუნით. მახსენდება ფედერიკო გარსია ლორკა და მისი წერილი დუენდეზე, ვუყურებ ქალს და ცრემლებს ვერ ვიკავებ. წარმოუდგენლად ხელშესახებია განცდა, რომელიც ამ სიმღერას ამოთქვამს, რომელიც ამ ქალს აცეკვებს.

ტიმოთე მიტჩელი ამბობს, რომ ფლამენკო ღრმა სიმღერაა, რომელიც სიღარიბეზე, შიმშილზე, ციხეზე,  საავადმყოფოზე, პროსტიტუციაზე, ალკოჰოლზე, სიგიჟეზე, ძალადობრივ სიკვდილზე, სასტიკი ბედის კაპრიზებზე და მის საპირწონე უშედეგო მცდელობებზე ჰყვება. ეს ანდალუზიელი ღარიბი ხალხის ენაა, ფლამენკო ტკივილის განსახიერება.

მერსედის მოედნის მთელ სიგრძეზე კაფე-რესტორნებია, მოედანის განიერ ტროტუარზე გამოფენილი სკამებით. ერთ-ერთში შევედით. ბრიტანელი მეპატრონე მოგვიჯდა და თავისი რესტორნის ქებას მოჰყვა. ესპანელებმა არც ფიქრი იციან და არც ფულის შოვნაო. ფულის კეთება თუ გინდა, ფასი ზემოთ უნდა ასწიო და რამე  გემრიელი შესთავაზო ხალხსო. მისი ტონი და მჭერმეტყველება მაღიზიანებს, მზერას ვარიდებ. სტაფილოს ნამცხვარში ორჯერ მეტი გადავიხადეთ.

ტანსაცმლის გაცვლა

ლეილა ავად გახდა, სიცხე აქვს. კორონავირუსის ისტერიისას ეს ცოტა მეტად გვაწუხებს. მალაგაში ჩამოსვლის შემდეგ, ქალაქი ძალიან შეუმჩნევლად, მაგრამ შეიცვალა. ნელ-ნელა მაღაზიებში ჩვენსა და გამყიდველებს შორის ცელოფნის კედლები აღიმართა, ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ პანდემია გვიახლოვდება.

ვურჩევ სახლში დარჩეს და დაიძინოს. ცხელ ჩაის ვუმზადებ. ლოგინში წვება. მარტო მივდივარ მალაგეტას ნაპირზე, თამარას და მარინას ვხვდები. თამარას ლურჯი ქვედაბოლო აცვია. მოკლე წინადადებებით ვლაპარაკობთ ინგლისურად. მარინა მაღაზიაში შედის ტინტო დე ვერანოს საყიდლად. ამ გოგოს დაღლილი თვალები მაწუხებს, თითქოს მუდამ ძალაგამოცლილია. ქვიშაზე ვწვებით. სილა არ არის, წვრილი ქვიშაა. ზღვის ხმაურს მედიტაციური განწყობა მოაქვს. მალე ახალგაზრდა კაცი გვიახლოვდება. თამარა ამბობს, რომ მოსწონს შავკანიანი კაცები. მარინა ეუბნება რასისტი ხარ, კაცებს ფერებით რომ არჩევო. ვიცინით, აშკარად შავი კანი აქვს.

5-ის 25 წუთია, როსიოსთან ერთად 8 მარტის სადემონსტრაციო ბანერების დასახატად ერთ პატარა ქალაქში მივდივართ. როსიო მისი კრემისფერი ფიატით სახლთან გველოდება, ფანჯრიდან ხელს მიქნევს. ლეილაც უკეთაა, ჩამოდის და მანქანაში ვსხდებით. გავდივართ ქალაქის ძველ და ახალ უბნებს, აგარაკებს. წინ ანდალუზიის მთებია, უცნაურად წაწვეტებული ბოლოებით. გიბრალტარს შორიდან გავხედავთ. როსიო მეუბნება, რომ დღემდე ბრიტანეთის კოლონიაა და ბრიტანელებისთვის სტრატეგიული წერტილი ხმელთაშუა ზღვის შემოსასვლელის საკონტროლოდ.

ესტეპონა ანდალუზიური პატარა ქალაქია, ვიწრო ქუჩებით, რომლებსაც თეთრად შეღებილი დაბალი სახლები ქმნიან. ერთ-ერთი ქუჩის ბოლოს, კულტურის სახლში ვხვდებით ახალგაზრდა ფემინისტებს, 18-20 წლის გოგოებს, ოფისი არ აქვთ და საჯარო სივრცეებს იკავებენ. თვეში ორჯერ ხვდებიან, ლაპარაკობენ ფემინიზმზე ისე, როგორც მეგობრები ილაპარაკებდნენ. თემები მრავალფეროვანია, რომანტიული სიყვარული, პორნოგრაფია, ეკოფემინიზმი, კიბერ აქტივიზმი. დემონსტრაციები, სოციალური მედია და ტანსაცმლის გაცვლა, ეს არის მათი ფემინისტური აქტივიზმის ფორმები. ტანსაცმლის გაცვლას ფეისბუკით აორგანიზებენ, ცვლიან, მერე ახალ მეგობრებთან ერთად აგრძელებენ  ბრძოლას. თანამოაზრეების გაჩენის ასე მარტივი და ბუნებრივი ფორმა ბევრი არ მინახავს.

დივა

წითელი ჯვრის ოფისში ადრე მივდივართ. როსიოს, როგორც ყოველთვის, მეგობარი ხვდება - ბელენ დობლას სალსედო. ბელენი ოფისის პირველ სართულს გვათვალიერებინებს. აქ ნავებით მოსულ ლტოლვილებს იფარებენ. კარგ ამინდში, ნაპირთან კვირაში 3-4 ნავი მოდის. მგზავრებს ტანსაცმელს, საჭმელს, დროებით საცხოვრებელს სთავაზობენ. ბელენი ჰყვება, რომ ძირითადად აფრიკიდან ჩამოდიან. მეტი ქალი, ვიდრე კაცი. თუ გაუმართლათ, მუშაობას დამლაგებლებად დაიწყებენ.

ბელენი ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებსაც ეხმარება. ესპანეთი პროსტიტუციის სტატისტიკით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. პროსტიტუცია ალეგალურია, რაც ნიშნავს, რომ ის არც აკრძალულია და არც ნებადართული. გოგოები აქ მოტყუებით ჩამოჰყავთ. როცა ხვდებიან, სად მოხვდნენ, უკვე ძალიან გვიანია - არაფრის შეცვლა შეუძლიათ. მობილურ ტელეფონს ვერ იყენებენ, არც შენობის დატოვების უფლება აქვთ. გაქცეულებს მაფია უსწორდება. საქმე, რომელსაც ნარკოტიკებით ვაჭრობაზე მეტი შემოსავალი მოაქვს, ქალებს არ ამდიდრებს, მათ ნაცვლად ფული ერთეულების ჯიბეში მიდის; და ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება, ევროპაში - ამბობს ბელენი.

ბელენს წითელი ჯვრის მოპირდაპირე ქუჩაზე გავყავართ და გვიჩვენებს უზარმაზარ სასტუმროს, სახელწოდებით დივა. ჟალუზები დაშვებულია. დაწესებულება საღამოს 6 საათზე იღება და გამთენიამდე მუშაობს. თუ აქ ცოტა ხნით დაყოვნდი, აუცილებლად მოგაკითხავენ და შიგნით შეგიპატიჟებენ - მეუბნება ბელენი. დივას კარი იღება და თავჩაქინდრული ახალგაზრდა ქალი, გრძელი და ჯანმრთელი თმით, ჩქარი ნაბიჯებით გამოდის ქუჩაში

8 მარტი

8 მარტის მსვლელობა საღამოს 6 საათზე იწყება. მანუელ აუგუსტინის ქუჩაზე იასამნისფერი დროშები ფრიალებს. ტროტუარზე ქალები ჯგუფებად დგანან. დღის ბოლოს გავიგებთ, რომ აქციაზე 40 ათასი ქალი გამოვიდა.

სარვამარტო მსვლელობას კარმენ მარტინ როდრიგესთან ერთად მივუყვები. მას თხელი ქურთუკი აცვია, სქელ სათვალეს ატარებს და მოკლე ნაბიჯებით დადის. კარმენი საქმიანად მიყვება, რომ ესპანეთის ახალ ფემინისტურ მოძრაობას ბიძგი ანა ორანტესმა მისცა, ქალმა, რომელმაც ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით ყოფილ ქმარს - ძალადობაში, ხოლო პოლიციას უმოქმედობაში დასდო ბრალი. გადაცემის დასრულებიდან 13 დღის შემდეგ, პოლიციამ ანას ცხედარი იპოვა. ყოფილმა ქმარმა ის ცოცხლად დაწვა.

ამ შემზარავმა ამბავმა ესპანელები ქალთა მიმართ ძალადობისკენ მოახედა და სპონტანური და მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები დაიწყო. ამ პერიოდშივე იქმნებდა ქალთა  ასოციაციები და ფედერაციები, რომელთაც შეისწავლეს მკვლელობის ყველა დეტალი, სისტემის ყველა სისუსტე და ხვრელი. იარეს სოფლებში, ქალაქებში. აზრი და გამოცდილება 200 000-მდე ქალს ჰკითხეს და 2004 წელს პარლამენტს ახალი კანონი წარუდგინეს. ეს იყო პირველი კანონი, რომელმაც ესპანეთში გენდერულ ძალადობას უპასუხა. შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - მეუბნება კარმენი - ქალთა საკითხებზე მუშაობა სახელმწიფოს პრიორიტეტად ვაქციეთ და მოვიცავით ყველა მნიშვნელოვანი სფერო - განათლება, ჯანდაცვა.

პალმების ხეივანს შორის ქუჩას ხმაურით მიუყვება ანდალუზიელ ქალთა კოლონა. ცა ღრუბლიანი და წითელია. მე ჩემი სარვამარტო ბანერი გავშალე, ქართული წარწერით -  ვითხოვთ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ყველა სექტორში. ეს ქართველი ფემინისტი ქალების ერთი ჯგუფის წლევანდელი სარვამარტო მოთხოვნაა - მნიშვნელოვანი, მაგრამ დისკრეტული, ჰაერში გამოკიდებული. ქართული ასოები ყურადღებას იქცევს, მეკითხებიან რა წერია, რას ვითხოვ. ვუხსნი. თავს უმწეოდ ვგრძნობ, ვხვდები, რომ არც თავი აქვს ამ ჩემ სათქმელს და არც ბოლო - არსაიდან იწყება და არსად მიდის.  

მადლობას ვუხდი CTC-ის და Egeria Desarrollo Social-ს.