ღამის ცა უამრავ სასწაულს მალავს. შორეული გალაქტიკებიდან გამოსხივებული ფოტონები მილიონობით წლის განმავლობაში მოგზაურობენ დედამიწამდე და თან მოაქვთ სხვა სამყაროს ამბები. კოსმოსი ყოველ ღამით კონტაქტზე გამოდის. ჩაგიფიქრებიათ სურვილი „ვარსკვლავის ჩამოვარდნისას“? იცოდით, რომ ღამით უფრო მეტი „მზის“ დანახვა შეიძლება, ვიდრე დღისით? სხვა, შორეული მზეების, ჩვენს მზეზე უფრო დიდების და უფრო პატარებისაც. მათ თავიანთი დედამიწები, მარსები და იუპიტერები ჰყავთ, მაგრამ თითოეულს ჯერ კარგად არ ვიცნობთ. ამიტომ, ღამე ცაში ვიყურებით, თითქოს მათი გაცნობის სურვილით შეპყრობილები. გავრცელებული სტერეოტიპია, რომ კოსმოსი წარმოუდგენლად შორსაა. სინამდვილეში ხელის გაწვდენაზეა. უფრო მეტიც, კოსმოსი ჩვენშია და ჩვენც კოსმოსის ნაწილი ვართ.

ლაშქრობისას, კარვის წინ წამოწოლილს, არაერთხელ მიფიქრია ‒ ნეტავ, სხვა „დედამიწებიდანაც“ გვიყურებენ? კოსმოსი უამრავ კითხვას გვიჩენს, რაზეც მეცნიერება პასუხის გაცემას ცდილობს. მაგრამ ზოგჯერ კითხვები ხომ სჯობია პასუხებს!

ერთხელაც ამ კითხვების გასაშიფრად ყველანი ასტროგადაღებაზე წავედით. გვინდოდა, ის, რასაც კოსმოსში ვეძებთ, სამ განზომილებაში გადმოგვეტანა და მერე ფოტოების საშუალებით კიდევ უფრო ახლოდან განგვეცადა ცის სიღრმე. ეს ფოტოები ერთი სათაურის ქვეშ ამიტომაც ერთიანდება - ისინი ცასთან კონტაქტის სამზადისს აღწერს. 

 

ჟურნალს მოჰყვება სათვალე, რომლითაც სურათების სამ განზომილებაში დათვალიერება შეგიძლიათ.

დიდი ხნის განმავლობაში სათვალის გამოყენებამ შესაძლოა თავის ტკივილი გამოიწვიოს.